განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310116001468207
საქმე №3ბ/438-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - ილონა თოდუა
მოსამართლეები - გიორგი გოგიაშვილი, შოთა გეწაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - შპს ,,ჯ-------------------’’ (ს/ნ----------); შპს „გ---–--------------“ (ს/ნ----------); მ----- დ--–---–---–ი (პ/ნ------------); ა-–---------- ქ---------ე (პ/ნ------------);
დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად აღიარება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი, მოპასუხეების - შპს „ჯ--------------------ის" (ს/ნ----------). შპს „გ---–---------------ს" (ს/ნ----------), მ----- დ--–---–---–ის (პ/ნ------------) და ა-–---------- ქ---------ის (პ/ნ------------) ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 03/02/2016) თანახმად, შპს „ჯ-------------------“-ს (ს/ნ----------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 21.02.2011 წელი. იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ი-------------ის რაიონი, ვ---------–----სა და ვ---------ის საცხოვრებელ რაიონს შორის. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, დირექტორი, პარტნიორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის მ----- დ--–---–---–ი (პ/ნ------------). ვალდებულება, გირავნობა, ყადაღა/აკრძალვა, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლება, მოვალეთა რეესტრი - რეგისტრირებული არ არის. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება - რეგისტრირებულია. საგანი მთელი ქონება. საფუძველი: შეტყობინება, N------, 14.01.2014, შემოსავლების სამსახური..
2.2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 27/01/2014) თანახმად, შპს „გ---–--------------“-ს (ს/ნ----------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 28.10.2010 წელი. იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის ს-------ის რაიონში, ვ---------–---,--- მ/რ, კორპ. N-- ბინა N--. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, დირექტორი, პარტნიორი დ-ა 100%-იანი წილის მფლობელია ა-–---------- ქ---------ე (პ/ნ------------). ვალდებულება, გირავნობა, ყადაღა/აკრძალვა, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლება, მოვალეთა რეესტრი - რეგისტრირებული არ არის. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება - რეგისტრირებულია. საგანი მთელი ქონება. საფუძველი: შეტყობინება, N-------, 19.02..2014, შემოსავლების სამსახური.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი (იხ. ს.ფ. 45-46);
- ამონაწერი (იხ. ს.ფ. 43-44);
2.3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „ჯ--------------------ის" (ს/ნ----------) შედარების აქტის (01.01.2016-19.09.2016) თანახმად, შპს „ჯ--------------------ის“(ს/ნ----------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს ძირითადი: 158632.19 ლარი, ჯარიმა: 19662.35 ლარი, საურავი: 106598.54 ლარი.
2.4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შპს „გ---–--------------“-ს (ს/ნ----------) შედარების აქტის (01.01.2016-13.09.2016) თანახმად, შპს „გ---–--------------“-ს (ს/ნ----------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს ძირითადი: 1136.91ლარი, ჯარიმა: 0 ლარი, საურავი: 616.66 ლარი.
2.5. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 10.05.2016 წლის N------- ბრძანების - ქონებაზე ყადაღუს დადების - თანახმად, ყადაღა დაედო შპს „ჯ-------------------“-ს საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. ბრძანება გადამხდელს ჩაბარდა 24.05.2016 წელს .
2.6. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 10.05.2016 წლის N------- ბრძანების საფუძველზე 31.05.2016 წელს შედგა აქტი N-, აღიწერა და ყადაღა დაედო საკონტროლო სალარო აპარატს --------------. რომლის ჯამური საბაზრო-საორიენტაციო ღირებულება, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განვოფილების N----------- დასკვნის მიხედვით, შეფსების თარიღისათვის შეადგენდა 300 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შედარების აქტი (იხ. ს.ფ. 168);
- შედარების აქტი (იხ. ს.ფ. 164);
- შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის10.05.2016 წლის ბრძანება N-------. (იხ.ს.ფ. 36);
- 31.05.2016 წელს აქტი N- და ექსპერტიზის დასკვნა. (იხ.ს.ფ. 37-42);
2.7. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 10.01.2014 წლის N------ საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, შპს „ჯ--------------------ის" გადასახდელად დაერიცხა დღგ-სულ 58311.15. ლარი. ძირითადი: 38874.1 ლარი, ჯარიმა - 19437.05 ლარი. საფუძველი: ბრძანება N---, თარიღი 09.01.2014 წ.
2.8. შემოსავლების სამსახურის 01.04.2014 წლის N----- ბრძანებით, შპს „ჯ--------------------ის" დირექტორის მ----- დ--–---–---–ის 2014 წლის 23 იანვრის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დავის საგანი: შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 09.01.2014 წლის N--- ბრძანება 10.01.2014 წლის N------ საგადასახადო მოთხოვნა და მათ შესაბამისად დარიცხული თანხების გაუქმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო მოთხოვნა N------ (იხ. ს.ფ. 54);
- შემოსავლების სამსახურის ბრძანება N----- (იხ. ს.ფ.51-53);
2.9. საქმეში წარმოდგენილი 1) 20.01.2014 წლის N---–-------------; 2) 18.01.2014 წლის N---–-------------; 3) 18.01.2014 წლის---–-------------; 4) 19..01.2014 წლის N---–------------- სასაქონლო ზდნადებების მიხედვით, გამყიდველი არის შპს „ჯ-------------------“ (ს/ნ----------), მყიდველი შპს „გ---–--------------“ (ს/ნ----------). საქონლის დასახელება ხელსახოცი. (საქონლის ფასი: 256.20+365.0+400.0.+ 1553.50. = 2574.70 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სასაქონლო ზდნადებები. (იხ.ს.ფ. 169-172).
2.10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 01 ივლისის N--------- წერილობითი ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ა-–---------- ქ---------ე (პ/ნ------------) და მ----- დ--–---–---–ი (პ/ნ------------) არიან დედა-შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ინფორმაცია (იხ. ს.ფ. 34).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.11. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლზე და აღნიშნა, რომ ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. ამ კოდექსის 2.2. მუხლით, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. ამ კოდექსის მე-5 მუხლით, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.
ამ კოდექსის 6.1. მუხლით, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.
ამ კოდექსის 20.1. მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება. სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ვალდებულებაზე მიუთითებს, ასევე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,გ" ქვეპუნქტები, რომლის თანახმადაც: ა) გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;.
ამ კოდექსის 8.24. მუხლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანება არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის. ხოლო, ამავე ნორმის მე-5 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანებაა – საგადასახადო დავალიანება, თუ: პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 19.1. მუხლით, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს. დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.
ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები, ხოლო მე-6 ნაწილით, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.
2.12. თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიუთითა ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 3.6. მუხლზე და აღნიშნა, რომ კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.
,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 2.1. მუხლის თანახმად, მეწარმე სუბიექტები არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, არის იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმო (კომპანია). ამ კანონის 44-ე მუხლით დადგენილია, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც.
2.13. საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს დადსტურებულად მიაჩნია, რომ:
- შპს „ჯ--------------------ის" (ს/ნ----------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 21.02.2011 წელი. 100%-იანი წილის მესაკუთრე, დირექტორი არის მ----- დ--–---–---–ი (პ/ნ------------);
- შპს „გ---–---------------ს" (ს/ნ----------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 28.10.2010 წელი. 100%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორი არის ა-–---------- ქ---------ე (პ/ნ------------);
- შპს „ჯ--------------------ის“ შედარების აქტის (01.01.2016-19.09.2016) თანახმად, შპს „ჯ--------------------ის" აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს - 158632.19 ლარი, ჯარიმა: 19662.35 ლარი, საურავი: 106598.54 ლარი.
- შპს „გ---–--------------“-ს (ს/ნ----------) შედარების აქტის (01.01.2016-13.09.2016) თანახმად, შპს „გ---–--------------“-ს (ს/ნ----------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს ძირითადი: 1136.91ლარი, საურავი: 616.66 ლარი;
- შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 10.05.2016 წლის N------- ბრძანებით, ყადაღა დაედო შპს „ჯ-------------------“-ს საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. ბრძანება გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 24.05.2016 წელს და 31.05.2016 წელს შედგა აქტი N-, აღიწერა და ყადაღა დაედო საკონტროლო სალარო აპარატს --------------;
- შემოსავლების სამსახურის 10.01.2014 წლის N------ საგადასახადო მოთხოვნით შპს „ჯ--------------------ის" გადასახდელად დაერიცხა დღგ-სულ 58311.15. ლარი;
- 18.01.2014 წლიდან 20.01.2014 წლის ჩათვლით, შპს „გ---–---------------მ", შპს „ჯ--------------------ისგან“ შეიძინა საქონელი . საქონლის ფასი , სულ - 2574.70 ლარი;
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ა-–---------- ქ---------ე და მ----- დ--–---–---–ი არიან დედა-შვილი;
2.14. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 4.1. მუხლზე და აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246.1. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირად აღირებისათვის სავალდებულოა არსებობდეს ორი კონკრეტული წინაპირობა, სახელდობრ: პირები ერთიმეორის ცრუმაგიერი პირებად მიიჩნევიან თუ: 1) პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან; 2) ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით.
სასამართლოს მოსაზრებით, არსებული საკანონმდებლო რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს სხვადასხვა პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს ამ პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული ჩანაწერი არ მოიაზრებს პირთა ფიზიოლოგიურ თუ საიდენტიფიკაციო მონაცემთა შორის განსხვავებას (ასეთ შემთხვევაში სადავო გარემოებაც არ იარსებებდა), არამედ, გადასახადის გადამხდელთა განსხვავება შეუძლებელი უნდა იყოს მათი მიზნიდან გამომდინარე. ფაქტობრივად არსებულ ორ ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას. ამრიგად განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია უნდა შეფასდეს, ემსახურება თუ არა იგი საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას. მოცემული სახის რეგულაცია იძლევა ფართო შეფასების არეალს, ვინაიდან არ არის დაკონკრეტებული თუ რა გარემოებათა პირობებში, რომელი ქმედება შეიძლება შეფასდეს უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებად. კანონი არ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს დაინტერესებულ პირთა მიერ კანონისმიერი თუ უკანონო გზებით. ასეთ პირობებში, კი გადამხდელთა მიერ კანონით ნებადართული ქმედება უფლებამოსილ პირთა მიერ შესაძლებელია შეფასდეს, როგორც უკანონო, რაც გადასახადის გადამხდელებს ჩააყენებთ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ, სამართლებრივი რეგულაციის მსგავს პირობებში, პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნეს უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას. ვარაუდის საფუძველზე სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია პირთა ცრუმაგიერად ცნობა, რამაც შედეგობრივად შესაძლებელია გამოიწვიოს პირთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.
2.15. სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შპს „ჯ-------------------“ , შპს „გ---–--------------", მ----- დ--–---–---–ი და ა-–---------- ქ---------ე ითვლებიან ურთიერთდამოკიდებულ პირებად. ამასთან, აღნიშნული გარემოება, იმავდროულად, არ ქმნის შესაბამის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლს მოპასუხედ დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის, რამდენადაც ცრუმაგიერ პირებად აღიარება გავლენას ახდენს ამ პირების მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე (მათი დაბეგვრა მოხდება საერთო ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით და არა იმ პირობების გათვალისწინებით, რაც დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით). ამასთან, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა იმ სხვა პირისაგან, რომელსაც იგი იყენებს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ხოლო ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, ისე რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება, უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება.
2.16. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელის განმარტებით, შპს „ჯ--------------------ის დავალიანება წარმოიშვა 2013 წლის იანვარი-ოქტომბერში, როდესაც გადასახადის გადამხდელის მხრიდან მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება. ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხედ დასახელეებული პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარების შემთხევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246.2. მუხლის საფუძელზე, საგადასახადო ორგანოს მიენიჭება უფლება, გადასახადის გადამხდელის შპს ,,ჯ-------------------ის" აღიარებული საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის, გადახდევინების მიზნით, მოპასუხედ დასახელებული ცრუმაგიერად აღიარებული იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რაც სასამართლოს მოსაზრებით, თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესს, გამოიწევევს, ცრუმაგიერად აღიარებული პირებისათვის, როგორც გადასახადის გადამხდელებისათვის საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის აღდგენასა და ხანდაზმული საგადასახადო ვალდებულების შესრულებისათვის ახალი ვადის განსაზღვრას.
2.17. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შპს „ჯ-------------------“, შპს „გ---–--------------“ , მ----- დ--–---–---–ი და ა-–---------- ქ---------ე წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.
2.18. სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა- არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხე იურიდიული და ფიზიკური პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი, მოპასუხეების - შპს „ჯ--------------------ის", შპს „გ---–---------------ს", მ----- დ--–---–---–ის და ა-–---------- ქ---------ის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
3.1. აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის უკანონო, უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელი, შესაბამისად იგი შეიცავს გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს. აპელანტის მითითებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელი, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებიდან გამომდინარე იგი შეიცავს გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
აპელანტი მიიჩნევს, რომ ფაქტობრივი გარემოებებისა და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, უტყუარად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შევიდა ურთიერთდამოკიდებულ პირებთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირებისაგან, რამდენადაც მათ შორის წარმოშობილი ურთიერთობა მხოლოდ ფორმალურია და ატარებს ფიქტიურ ხასიათს, რაც საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან თავის არიდებას ემსახურება. შესაბამისად აპლანტს მიაჩნია, რომ ადგილი აქვს სსკ 246-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას – ცრუმაგიერ მფლობელობას გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სამართლებრივი დასაბუთება
4.2. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)
4.3. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე; განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირი საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან. მოსარჩელის (აპელანტის) მითითებით, მოპასუხეები არიან ურთიერთდამოკიდებული პირები ამ მუხლის ,,ე” (ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს) და ,,თ” (პირები ნათესავები არიან) ქვეპუნქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას, ხოლო მე-6 ნაწილით, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.
სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხეებს შორის იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები. საქმეზე არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, აღნიშნულს.
დადგენილია, რომ შპს „ჯ-------------------“-ს (ს/ნ----------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 21.02.2011 წელი. იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ი-------------ის რაიონი, ვ---------–----სა და ვ---------ის საცხოვრებელ რაიონს შორის. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, დირექტორი, პარტნიორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის მ----- დ--–---–---–ი (პ/ნ------------). საქმიანობა- საყოფაცხოვრებო ქაღალდის ნაწარმის წარმოება და რეალიზაცია (ს.ფ. 45-46); შპს „გ---–--------------“-ს (ს/ნ----------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 28.10.2010 წელი. იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის ს-------ის რაიონში, ვ---------–---,--- მ/რ, კორპ. N-- ბინა N--. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, დირექტორი, პარტნიორი დ-ა 100%-იანი წილის მფლობელია ა-–---------- ქ---------ე (პ/ნ------------). საქმიანობა- ქაღალდის ნაწარმის შეძენა და რეალიზაცია ს.ფ. 43-44); შემოსავლების სამსახურის 10.01.2014 წლის N------ საგადასახადო მოთხოვნით შპს „ჯ--------------------ის" გადასახდელად დაერიცხა დღგ-სულ 58311.15. ლარი; შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 10.05.2016 წლის N------- ბრძანებით, ყადაღა დაედო შპს „ჯ-------------------“-ს საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. ბრძანება გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 24.05.2016 წელს და 31.05.2016 წელს შედგა აქტი N-, აღიწერა და ყადარა დაედო საკონტროლო სალარო აპარატს --------------; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „ჯ--------------------ის" (ს/ნ----------) შედარების აქტის (01.01.2016-19.09.2016) თანახმად, შპს „ჯ--------------------ის“(ს/ნ----------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს ძირითადი: 158632.19 ლარი, ჯარიმა: 19662.35 ლარი, საურავი: 106598.54 ლარი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „ჯ--------------------ის" (ს/ნ----------) შედარების აქტის (01.01.2016-19.09.2016) თანახმად, შპს „ჯ--------------------ის“(ს/ნ----------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს ძირითადი: 158632.19 ლარი, ჯარიმა: 19662.35 ლარი, საურავი: 106598.54 ლარი.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით, რადგან მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ შპს „ჯ--------------------ის" (ს/ნ----------). შპს „გ---–---------------ს" (ს/ნ----------), მ----- დ--–---–---–ის (პ/ნ------------) და ა-–---------- ქ---------ის (პ/ნ------------) წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.
4.4. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად (ცრუმაგიერი მფლობელობა), თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები; გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი არ არის არც ერთი სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად მიუთითებდა მოპასუხეთა ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობაზე და განზრახ ერთობლივი - გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედებაზე.
4.5. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მოპასუხეებად დასახელებული პირები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე დაყრდნობით, მიაჩნია რა ურთიერთდამოკიდებულ პირებად, აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი იმავდროულად მიაჩნია ცრუმაგიერ პირებად, რაც გაზიარებული ვერ იქნება სააპელაციო სასამართლოს მიერ, ვინაიდან სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები. ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია. უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, წარმოდგენილი მასალების შეფასებით და ანალიზით ვერ დგინდება მოპასუხეთა ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა სამეწარმეო საქმიანობაში, გადასახადის გადამხდელის განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა დანარჩენი სხვა მოპასუხეთაგან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით კი, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სასამართლოში აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ. ამ მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მხოლოდ ერთი მხარის განმარტება უტყუარი მტკიცებულებების გარეშე არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ კი საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. ყოველივე აღნიშნული კი გამორიცხავს იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ მითითებული პირები საერთო ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი ერთმანეთისაგან განსხვავება და წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე ილონა თოდუა
მოსამართლეები გიორგი გოგიაშვილი
შოთა გეწაძე