განაჩენი

სისხლის სამართლის 03.06.2019
საქმის ნომერი
010142219700081861
ინსტანცია
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142219700081861

საქმე №1/ა.გ- 68-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ვეფხია ლომიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე-----–- ც--–--ის შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მაისის განაჩენით, დაკმაყოფილდა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ი---- ჩ----–---–ის შუამდგომლობა და დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ ე-----–- ც--–--ეს შორის 2016 წლის 26 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ე-----–- ც--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, იმავე, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ე-----–- ც--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ე-----–- ც--–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, იმავე 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ე-----–- ც--–--ეს, საქართველოს 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ე-----–- ც--–--ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 (ათი) წლის ვადით.

 

ე-----–- ც--–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 20 აპრილიდან - 2016 წლის 22 აპრილის ჩათვლით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მაისის განაჩენის თანახმად, ე-----–- ც--–--ემ უკანონოდ შეიძინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ADB-FUBINACA (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს) რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა. მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში : 2015 წლის 5 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით, ე-----–- ც--–--ეს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის დაედო ადმინისტრაციული სახდელი. 2016 წლის 20 აპრილს ქ.თბილისში ე-----–- ც--–--ეს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოს მოხმარების ფაქტი.

 

2019 წლის 02 მაისს მსჯავრდებულმა ე-----–- ც--–--ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ე-----–- ც--–--ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ცვლილებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გ--- შ----ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, (იხ. გადაწყვეტილება) მსჯავრდებული ე-----–- ც--–--ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. რაც შეეხება სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ე-----–- ც--–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით განზაღვრული სასჯელი დღეის მდგომრაობით აღარ არსებობს, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 27 სექტემბრის №27/09/04 განკარგულებით ე-----–- ც--–--ე შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 273-ე მუხლით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

 

მსჯავრდებული ე-----–- ც--–--ე პალატის წინაშე შუამდგომლობს საქართველოს საკონსტიტუცი სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2016 წლის 10 მაისის განაჩენით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენი თაობაზე, პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებული ე-----–- ც--–--ე ზ/აღნიშნული საკონტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში მართალია გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მაისის განაჩენით ე-----–- ც--–--ე ასევე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენასა და შენახვას, იგი წარმოადგენს ნარკოტიკულ დანაშაულს და შესაბამისად ექვემდებარება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე უფლებრივ შეზღუდვას. შესაბამისად პალატა მოკლებულია შესაძლებლობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე იმსჯელოს აღნიშნული შეზღუდვის მოხსნის თაობაზე და მიიჩნევს რომ არ არსებობს უფლებრივი შეზღუდვისაგან მსჯავრდებულის გათავისუფლების საფუძველი.

 

პალატა უთითებს, რომ მსჯავრდებულ ე-----–- ც--–--ისათვის ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადაზე ადრე აღდგენის საკითხზე, მიმართვის არსებობის შემთხვევაში იმსჯელებს პრობაციის ბიუროს მუდმივმოქმედი კომისია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ ე-----–- ც--–--ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ცვლილებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ე-----–- ც--–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ცვლილებით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მაისის განაჩენი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ე-----–- ც--–--ის მსჯავრდების ნაწილში და გათავისუფლდეს გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მაისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში გაუქმდეს მითითება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში ე-----–- ც--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

 

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

 

ვეფხია ლომიძე