განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210019002241801
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-202-2019 28 მაისი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები თამარ სვანიძე
ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - დ----- ჯ--------ე
წარმომადგენელი - თ---------ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს ბ---------ი
წარმომადგენელი - თ--------------–--ე
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დ----- ჯ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2017 წლის 19 თებერვალს, ერთის მხრივ სს „ბ---------ს“ და მეორეს მხრივ დ----- ჯ--------ეს, შპს „D------------”-ს და შპს „l---“-ს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება კრედიტებითა და გარანტიებით მომსახურების შესახებ. ხელშეკრულება განსაზღვრავდა იმ საკრედიტო პროდუქტების საბაზისო პირობებს, რომლებითაც კლიენტებს შეეძლოთ ესარგებლად, როგორც სოლიდარულ მოვალეებს ერთად ან ინდივიდუალურად. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 20 წლით, ხოლო ვალდებულების ზღვრული ოდენობა 800 000 აშშ დოლარით. გენერალური ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა უფლება-ვალდებულებების ძირითადი პირობები, რომლის თანახმად: კლიენტი ვალდებულია დანართი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს ბანკთან შეთანხმებული გრაფიკის დაცვით (მუხლი 3.8); დანართი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა/არაჯეროვნად შესრულება, ავტომატურად გულისხმობს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას, რაც წარმოშობს ბანკის უფლებას, უარი უთხრას კლიენტს საკრედიტო პროდუქტებით მომსახურებაზე, შეაჩეროს დაწყებული მომსახურება, მოითხოვოს ყველა ან რამოდენიმე საკრედიტო პროდუქტის დაუყოვნებლივ, ვადამდე დაფარვა და გამოიყენოს წინამდებარე და დანართი ხელშეკრულებებით მისთვის მინიჭებული უფლებები (მუხლი 3.21); კლიენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით და დანართი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ, განსაზღვროს მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებების გამოყენების რიგითობა, გამოიყენოს კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და 5.1 პუნქტში მითითებული ხელშეკრულებებით (უზრუნველყოფა) გათვალისწინებული უფლებამოსილებები და მოახდინოს მიქცევა კლიენტის კუთვნილ ნებისმიერ ნივთსა და არამატერიალურ ქონებაზე (მუხლი 5.3); კლიენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 9.4 პუნქტში მითითებულ ნებისმიერ შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მის ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ან ყველა დანართი ხელშეკრულება, კლიენტისათვის შეტყობინების მიწოდების გზით და მოსთხოვოს მათ ნაკისრი ვალდებულებების დაუყოვნებლივ, ან ნაწილობრივ შესრულება, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მუხლი 9.1); 9.1 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასრულოს ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, ხოლო ბანკი თავისუფლდება წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან (მუხლი 9.2); თუ კლიენტი გადააცილებს დანართი ხელშეკრულების გრაფიკით/ხელშეკრულებით დადგენილ ნაწილ-ნაწილ გადახდის ვადას, ან ამ ვადისათვის, არასრულად დაფარავს შენატანს მინიმუმ ორჯერ და არ გამოასწორებს აღნიშნულ დარღვევას-არ დაფარავს დავალიანებას (კრედიტის ძირი თანხისა და სარგებლის გრაფიკით გათვალისწინებულ ულუფას, მასზე დარიცხულ სხვა გადასახდელებლთან ერთად) მეორე ვადაგადაცილებული ვადიდან მაქსიმუმ 14 კალენდარული დღის განმავლობაში, ბანკს შეუძლია ვალდებულების ვადამდე შესრულების მოთხოვნა და წინამდებარე/დანართი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა (მუხლი 9.4,1). 2.2. 2017 წლის 20 მარტს, გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, სს „ბ---------სა“ და დ----- ჯ--------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება. კრედიტის ხანგრძლივობა განისაზღვრა 20/03/17 წ-დან 05/04/27 წ-მდე პერიოდით, სარგებელი - 0.83%-ით თვეში (წლიური 10%), სესხის აღების მიზანი-რესტრუქტურიზაცია. მსესხებელი ვალდებული იყო კრედიტის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი გადაეხადა ხელშეკრულების დანართის მიხედვით. საკრედიტო ხელშეკრულების 6.1 მუხლის საფუძველზე, 6.3 პუნქტში მითითებულ ნებისმიერ შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ხელშეკრულება მსესხებლისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე და მოეთხოვა მთელი კრედიტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის სრული გადახდა. 6.2 მუხლით მსესხებელი ვალდებული იყო წინამდებარე ხელშეკრულების 6.1 პუნქტში აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდეგ შეტყობინებაში მითითებულ ვადაში დაებრუნებინა კრედიტის ძირითადი თანხა, მასზე დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლო/საკომისიოსთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამავე ხელშეკრულების 6.3.1 მუხლით ბანკს შეეძლო ვალდებულების ვადამდე შესრულების მოთხოვნა და წინამდებარე ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა თუ: წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გადახდილი არ იქნებოდა კრედიტის ძირი თანხის გრაფიკით განსაზღვრული ნაწილი და/ან მასზე დარიცხული სარგებელი და აღნიშნული ხარვეზი არ იქნება გამოსწორებული. 2.3. 2017 წლის 20 თებერვალს, საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ბანკსა და უძრავი ქონების მესაკუთრეებს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულებები: 1. შპს „D------------“-თან, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება ს/კ 0-----------; 2. დ----- ჯ--------ესთან, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება ს/კ 0------------------; 3. ა-–--- ჯ--------ესთან, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება ს/კ 0------------------; 4. ა--–-- ბ---------სთან, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება ს/კ 0------------------. აღნიშნული ხელშეკრულებების 4.2.2. მუხლით იპოთეკარი უფლებამოსილია მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადებით, როგორც ვადადამდგარი ვალდებულების აღსასრულებლად, ისე ვადადაუმდგარი მოთხოვნის ვადამდე დაკმაყოფილებისათვის, თუ კლიენტი დაარღვევს გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და იპოთეკარს წარმოეშვება მოთხოვნის ვადამდე დაკმაყოფილების მოთხოვნა. 2.4. მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის საკრედიტო ხელშეკრულებებით დარიცხული ვალდებულების ოდენობას და ვალდებულების დარღვევის ფაქტს. დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის მართლზომიერება და შესაბამისად, სანოტარო წესით გაცემული სააღსრულებო ფურცლების კანონიერება. ამ თვალსაზრისით მოსარჩელე უთითებს რამდენიმე სადავო ფაქტობრივ გარემოებაზე. მოსარჩელის პოზიციით, საკრედიტო ხელშეკრულების პირობების დარღვევის მიუხედავად, მხარეებს შორის შედგა სიტყვიერი შეთანხმება ხელშეკრულების გაგრძელებაზე, რის გამოც, 2017 წლის 15 ნოემბერს, სს „ბ----------მა“ გამოიხმო მის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელი მოპასუხეების დ----- ჯ--------ის, ა-–--- ბაკურაძის, რომან ზაქარაძის, შპს „N------” -ის, შპს „D--------“- ის და შპს „D------------“-ის, მიმართ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით. სასამართლო იზიარებს მოპასუხის შესაგებელსა და ახსნა-განმარტებაში მითითებულ პოზიციას და დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სს „ბ---------ის“ მიერ 2016 წელს სასამართლოში წარდგენილი სარჩელი არ ეხებოდა 2017 წლის 19 თებერვალს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დაკისრებასა და ამავე კრედიტის ფარგლებში იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციას. აღნიშნული სარჩელით მოთხოვნილი იქნა მხარეებს შორის 2013 წლის 17 მაისს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით გაცემული სესხისა და ამავე სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია. 2013 წლის 17 მაისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების რესტრუქტურიზაციის საფუძველზე, მხარეებს შორის, გაფორმდა ახალი საკრედიტო ხელშეკრულება, ხოლო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი, დავის საგნის არარსებობის გამო გამოთხოვილი იქნა სასამართლოდან. ამდენად, 2016 წელს შეტანილი სარჩელის გამოხმობის ფაქტი არავითარ კავშირში არ არის 2017 წლის 19 თებერვალს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულებისა და საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებასთან. 2.5. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხის მიერ სისტემატურად ირღვეოდა კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია სესხის გადახდის გრაფიკები, რომლის თანახმად, სესხის გაცემისთანავე მოსარჩელის მიერ დაირღვა სესეხის გადახდის ვალდებულება და ვალდებულების შეუსრულებლობა შემდგომშიც გაგრძელდა. 2.6. 2017 წლის 16 ნოემბერს, სს „ბ---------მა“ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს საარსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. განცხადების საფუძველზე 2017 წლის 21 ნოემბერს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცლები N171408654, N171363357, N171362111 და N171363559. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის სააღსრულებო ფურცლებში მითითებულ ვალდებულების ოდენობას ან ვალდებულების წარმოშობის საფუძველს. ამდენად, მოცემულ დავაში აღნიშნული საკითხი ვერ გახდება სასამართლოს მსჯელობის საგანი. მოსარჩელე უთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ არ მიუღია შეტყობინება საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. მხარე მიიჩნევს, რომ ბანკს შეტყობინების გაგზავნამდე ხელშეკრულება არ უნდა შეეწყვიტა, ამით დაირღვა საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცედურა, ვინაიდან, არ მიეცა შესაძლებლობა შეენარჩუნებინა საკრედიტო ურთიერთობა გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეს ეცნობა 2017 წლის 22 ნოემბერს, თუმცა ვერ ჩაბარდა ადრესატის მისამართზე არყოფნის გამო. დადგენილია, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს კერძო აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაიწყო აღსრულების პროცესი და მოსარჩელეს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია. მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2017 წლის 19 თებერვალს სს „ბ----------ს“ და მეორეს მხრივ დ----- ჯ--------ეს, შპს „D------------”-ის და შპს „l---“-ის შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულება კრედიტებითა და გარანტიებით მომსახურების შესახებ და ამავე ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებები. 2.8. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია არა მოთხოვნის უფლების არარსებობის შესახებ, არამედ კრედიტორის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერების შესახებ, პროცედურული დარღვევის საფუძვლით. მოსარჩელის იურიდიული ინტერესი არის არა ვალდებულებიდან განთავისუფლება, არამედ სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენა. ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე პროცესუალური თვალსაზრისით დაამტკიცებდა კრედიტორის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მან დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის გადახდის გრაფიკი და დღემდე ვალდებულება არ შეუსრულებია. ასევე, არ შეცილებია იმ გარემოებას, რომ დარღვევას ჰქონდა სისტემატური და არაერთჯერადი ხასიათი, რაც მოცემულ შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა. სააღსრულებო ფურცლის გაუქმების საფუძვლად მოსარჩელე უთითებს მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტაზე წინასწარი შეტყობინების არარსებობას. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლოს მსჯელობის საგანია მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემა გენერალური ხელშეკრულების 9.1 და 9.4.1 მუხლით დადგენილი პირობების დარღვევით მოხდა. ხელშეკრულების მითითებული მუხლები სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლთან ერთობლიობაში განსაზღვრავს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებს. გენერალური ხელშეკრულების 9.1. მუხლით კლიენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 9.4. პუნქტში მითითებულ ნებისმიერ შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მის ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ან ყველა დანართი ხელშეკრულება, კლიენტისათვის შეტყობინების მიწოდების გზით და მოსთხოვოს მათ ნაკისრი ვალდებულებების დაუყოვნებლივ, ან ნაწილობრივ შესრულება, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ხოლო 9.4.1. მუხლით თუ კლიენტი გადააცილებს დანართი ხელშეკრულების გრაფიკით/ხელშეკრულებით დადგენილ ნაწილ-ნაწილ გადახდის ვადას, ან ამ ვადისათვის, არასრულად დაფარავს შენატანს მინიმუმ ორჯერ და არ გამოასწორებს აღნიშნულ დარღვევას-არ დაფარავს დავალიანებას (კრედიტის ძირი თანხისა და სარგებლის გრაფიკით გათვალისწინებულ ულუფას, მასზე დარიცხულ სხვა გადასახდელებლთან ერთად) მეორე ვადაგადაცილებული ვადიდან მაქსიმუმ 14 კალენდარული დღის განმავლობაში, ბანკს შეუძლია ვალდებულების ვადამდე შესრულების მოთხოვნა და წინამდებარე/დანართი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა. იგივე შინაარსისაა საკრედიტო ხელშეკრულების 6.1 მუხლი, რომლის თანახმად, ამავე ხელშეკრულების 6.3 პუნქტში მითითებულ ნებისმიერ შემთხვევაში (ვალდებულების დარღვევა) ბანკი უფლებამოსილია შეეწყვიტოს ხელშეკრულება მსესხებლისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე და მოითხოვოს მთელი კრედიტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის სრული გადახდა. 6.2 მუხლით მსესხებელი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების 6.1 პუნქტში აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდეგ შეტყობინებაში მითითებულ ვადაში დააბრუნოს კრედიტის ძირითადი თანხა, მასზე დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლო/საკომისიოსთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში. არც სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით და არც ხელშეკრულების ზემოაღნიშნული მუხლებით ხელშეკრულების მართლზომიერი შეწყვეტის სავალდებულო პირობად მითითებული არ არის მხარისათვის წინასწარი შეტყობინება, ხელშეკრულების სავარაუდო შეწყვეტის შესახებ. ხსენებული მუხლების შინაარსიდან გამომდინარეობს არა წინასწარი შეტყობინების, არამედ სათანადო პირობების არსებობისას ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეტყობინების ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში სათანადო პირობები ანუ ვალდებულების დარღვევა სახეზეა და მოსარჩელის მიერ ეს გარემოება შეცილებული არ ყოფილა. 2.9. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. ამავე კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც, განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. ხოლო „სანოტარო მოქმედებათა შესრულების შესახებ“ ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ სანოტარო აქტის აღსასრულებლად, რომლის საფუძველზე დადგენილი ვალდებულების აღსრულება კანონმდებლობის შესაბამისად დაიშვება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და არ არის გასული ვალდებულების შესრულების ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადა. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონმდებლობით დადგენილ რეკვიზიტებს. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სააღსრულებო ფურცლის გაცემისას მოწმდება შემდეგი ფაქტობრივი წინამძღვრების არსებობა: 1) სახეზე უნდა იყოს ვადამოსული მოთხოვნა, 2) უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, 3) სანოტარო აქტში წერილობით უნდა იყოს განმარტებული სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივი შედეგები, 4) არ უნდა იყოს გასული ვალდებულების შესრულების კანონმდებლობით დადგენილი ვადა. მხარეს სადავოდ არ გაუხდია ვადამოსული მოთხოვნის არსებობა; მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებებით დადგენილია მხარეთა ნება ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე; სანოტარო აქტი შეიცავს განმარტებას სააღსრულებო ფურცლის სამართლებრუივი შედეგების შესახებ და შეცილებული არა ხანდაზმულობის ვადა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა დ----- ჯ--------ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლო გადაწყვეტილების 3.1.1. პუნქტში მიუთითებს, რომ ბანკს შეუძლია მეორე ვადაგადაცილებული ვადიდან მაქსიმუმ 14 კალენდარული დღის ვადაში ვალდებულების ვადამდე შესრულების მოთხოვნა და ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა, თუმცა მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული გენერალურ მინდობილობაში გაწერილი პუნქტები _ დ----- ჯ--------ეს არ მიუღია ბანკისგან არანაირი გაფრთხილება, რასაც ითვალისწინებს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების 9.1., 9.4.1, 11.1 პუნქტებით დადგენილი პირობები, რითაც ბანკმა იგი არათანაბარ პირობებში ჩააყენა და დაარღვია დ----- ჯ--------ის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 3.2. სასამართლო გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში მიუთითებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის № 2-2955/16 განჩინებას კავშირი არ აქვს განსახილველ საქმესთან, რაც არასწორია, რადგან სწორედ ამ განჩინების მიღებას უსწრებდა წინ მხარეთა შორის მოლაპარაკება, უფრო მეტიც 2017 წლის 06 და 07 ნოემბერს სესხის ნაწილის გადახდა და 2017 წლის 15 ნოემბერს სესხის პირობების შეცვლა. 3.3. გადაწყვეტილების 3.2.3. პუნქტში სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეს ეცნობა 2017 წლის 22 ნოემბერს, რაც არასწორია, რადგან დ----- ჯ--------ეს შეტყობინება გაეგზავნა 2016 წლის 07 ოქტომბერს და 2017 წლის 31 იანვარს, თუმცა ვერ ჩაბარდა ადრესატის ადგილზე არ ყოფნის გამო, თუმცა იმავე პერიოდში მხარეებს შორის ურთიერთობა გრძელდებოდა და ერთმანეთთან არაერთი კომუნიკაცია ჰქონდათ. უფრო მეტიც 2017 წლის 31 იანვრის - ბოლო გაფრთხილების გაგზავნის შემდეგ მოსარჩელის მიერ არაერთხელ - 32-ჯერ იქნა სესხი დაფარული, რაც კიდევ ერთხელ ცალსახად ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას, სწორედ აღნიშნული გარემოებით დასტურდება მოპასუხის მიერ ხელშეკრულების 9.1., 9.4.1, 11.1 პუნქტებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, რადგან დ----- ჯ--------ე არ იყო გაფრთხილებული ხელშეკრულების მოსალოდნელ შეწყვეტაზე. სს "ბ---------"-ში დ----- ჯ--------ე არაერთხელ იყო მისული მოლაპარაკებაზე, რაც შესაძლებლობას აძლევდა ბანკს ჩაუბარებელი გაფრთხილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ იქვე გადაეცათ მისთვის, რაც მათ არ გააკეთეს, რადგან მხარეებს შორის მიმდინარეობდა შეთანხმება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სასამართლომ არ გაითვალისწინა. სამართლებრივი საფუძვლები 3.4. სკ 8 მე-3-ე ნაწილის მუხლის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თვაიანთი უფლებები და მოვალეობები. 3.5. სკ 115-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო უფლება უნდა განხორცილდეს მართლმზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. 3.6. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, რადგან 2017 წლის 18 ნოემბერს დ----- ჯ--------ის მიერ მოხდა სესხის ნაწილის დაფარვა და მისი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე 3 დღეში 21 ნოემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, უფრო მეტიც, იმდენად ჩასაფრებულად და დაჩქარებულად მოქმედებდა ბანკი, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს ქ. ბათუმში ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი იმავე დღეს 21 ნოემბერს გადაეცა ქ. თბილისში კერძო აღმასრულებელ დ----- ე-–--------–---–ს და თავის მხრივ დ----- ე-–--------–---–მაც იმავე დღეს 21 ნოემბერს დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება და მოამზადა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ გადაუგზავნა მოვალეებს. 3.7. 2017 წლის 19 თებერვლის გენერალური ხელშეკრულბის 3.11 პუნქტის თანახმად ყოველთვიურად გადასახდელი თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია დააკისროს კლიენტს პირგასამტეხლო. 3.21. პუნქტის თანახმად დანართი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება წარმოშობს ბანკის უფლებას, უარი უთხრას კლიენტს საკრედიტო პროდუქტით მომსახურებაზე. შეაჩეროს დაწყებული მომსახურება და გამოიყენოს ხელშეკრულებით მისთვის მინიჭებული უფლება. 5.3 პუნქტის თანახმად კლიენტის მიერ ხელშეკრულებით და დანართი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს თავისი შეხედულებით მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალების გამოყენების რიგითობა, გამოიყენოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები. 8.1. პუნქტის თანახმად თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს გენერალური ხელშეკრულებიდან, დანართი ხელშეკრულებებიდან და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულებათა ჯეროვანი შესრულება. 9.1. ნებისმიერი კლიენტის მიერ, წინამდებარე ხელშეკრულების 9.4 პუნქტში მითითებულ ნებისმიერ შემთხვევაში, ასევე დანართი ხელშეკრულებების პირობების დარღვევის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება კლიენტებისათვის შეტყობინების მიწოდების გზით და მოსთხოვოს მათ ნაკისრი ვალდებულების დაუყოვნებლივ, სრულად შესრულება. 9.4. პუნქტის თანახმად ბანკს შეუძლია ვალდებულების ვადამდე შესრულების მოთხოვნა და ხელშეკრულების შეწყვეტა. 9.4.1. პუნქტის თანახმად დაღვევად ითვლება თუ კლიენტი გადააცილებს გრაფიკით დადგენილ გადახდას ზედიზედ მინიმუმ ორჯერ და არ გამოასწორებს დავალიანებას, მეორე გადაცილებული ვადიდან მაქსიმუმ 14 კალენდარული დღის განმავლობაში. 9.4.5. პუნქტის თანახმად კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაღვევეის შემთხვევაში ყადაღა დაედება კლიენტის კუთვნილ ქონებას, ან მის მიმართ გამოყენებული იქნება სარჩელის, გადაწყვეტილების აღსრულების ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ნებისმიერი ღონისძიება. 11.1. ნებისმიერი შეტყობინება ხორციელდება წერილობით, ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით, წერილობითი შეტყობინება მხარეს უნდა გადაეცეს გამგზავნისათვის ცნობილ ბოლო მისამართზე, ასევე ბანკს შეუძლია გამოIყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც. 12.1. ყველა დავა და უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე წყდება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკება ვერ იქნება მიღწეული დავას განიხილავს სასამართლო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 12.2. წინამდებარე ხელშეკრულება განიხილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით. 12.3. პუნქტის თანახმად მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. 12.4 პუნქტის თანახმად მხარეები თანხმდებიან, რომ ბანკი უფლებამოსილია კლიენტს სასამართლო გზავნილი ჩააბაროს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული წესებით. 13.1.4. იმ შემთხვევაში თუ კლიენტი დაარღვევს ბანკთან დადებული რომელიმე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ბანკს უფლება ექნება სასამართლოს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცეს ინფორმაცია კლიენტის შესახებ. 3.8. სს "ბ---------ის" მიერ ხელშეკლრულების ზემოთ მითითებული არცერთი პუნქტი შესრულებული არ ყოფილა. 3.9. 2017 წლის 20 თებერვალს მხარეებს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტის თანახმად მხარეებს შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დ----- ჯ--------ე იპოთეკით ტვირთავს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას 3.1.3. პუნქტის თანახმად 1.1. პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში წარმოშობილი ყველა დავა მოაგვაროს მოლაპარაკების გზით, მხარეთა შეთანხმებით, შეუთანხმებლობის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო 4.2.2 პუნქტით ბანკი იტოვებს უფლებას მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გასაცემად, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ ნორმებს: - მოპასუხეს ჯერ უნდა გამოეყენებინა ხელშეკრულების 3.1.3. გათვალისწინებული ვალდებულება, უნდა ეწარმოებინა მოლაპარაკება დ----- ჯ--------ესთან /ასევე ყველა იმ პირებთან, რომლეთა უძრავი ქონებებიც დატვირთული იქნა იპოთეკური სესხით/ და თუ ვერ იქნებოდა მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეული მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიემართა ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის გასაცემად. ხელშეკრულებაშიც სწორედ ამიტომ არის რიგით წინ მოლაპარაკება - შეთანხმება 3.1.3 პუნქტით და მხოლოდ ამის შემდეგ არის 4.2.2. პუნქტი. ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტები ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის სიტყვით "და/ან", რითაც დასაშვები იყო ვარაუდი, რომ მოპასუხეს არჩევანის უფლებას მისცემდა, პირიქით ხელშეკრულების ხელმომწერები იმპერატიულად თანხმდებიან მასზედ, სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნას წინ უსწრებს მხარეთა შორის მოლაპარაკებები და მხოლოდ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში უნდა იმოქმედონ 4.2.2. პუნქტით, რაც შეთანხმებულია ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერით, რის გამოც ვიდრე მხარეებს შორის 2017 წლის ნოემბრის მოლაპარაკებებით ზეპირი შეთანხმება არსებობდა, მოპასუხეს უფლება არ ჰქონდა მოეთხოვა სააღსრულებო ფურცლები. 3.10. სკ 319 მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი, რაც მხარეების მიერ 2017 წლის 19 თებერვლის ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნა და შეუძლებელია, რომელიმე ხელშეკრულება, რომელიც გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს ეწინააღმდეგებოდეს გენერალური ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს. სკ 327 მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ. სკ 355 ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე ბანკმა სააღსრულებო ფურცლი აიღო, ივარაუდება, რომ იგი წყვეტს მოსარჩელესთან ხელშეკრულებას ანუ მხარე გადის ხელშეკრულებიდან, ხელშეკრულებიდან მხარის გასვლა კი ხდება მეორე მხარის შეტყობინებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სკ 405 მუხლის თანახმად თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებაზე, მოცემულ შემთხვევაში იმდენად ჩასაფრებული იყო ბანკი, რომ ვალდებულების შესრულებისთვის ვადა კი არ განუსაზღვრა დ----- ჯ--------ეს, პირიქით იმ დროს, როცა ბანკის თანამშრომელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მოპასუხე მოქმედებდა ჩასაფრებულის პოზიციით და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაჩქარებული წესით მოქმედებდა, რაც საფუძვლიან ეჭვს იწვევს მასზედ, რომ მოპასუხე ბანკი მიზანმიმართულად მოქმედებს ქონების ხელში ჩაგდების მიზნით. 3.11. სასამართლომ დაარღვია სსკ 4, 102 მუხლების მოთხოვნები, რითაც მიღებული იქნა დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 19 თებერვალს სს ბ---------ს (მოპასუხე), დ----- ჯ--------ეს (აპელანტი), შპს L----სა და შპს D-------------ს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება კრედიტებით და გარანტიებით მომსახურების შესახებ. 4.2. ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 20 მარტს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც აპელანტმა მოპასუხისაგან ისესხა 390 250 აშშ დოლარი. 4.2.1. ხელშეკრულება დაიდო 10 წლის ვადით და სესხით სარგებლობისათვის აპელანტს უნდა გადაეხადა ყოველთვიური სარგებელი, 0,83%. 4.3. ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა: 4.3.1. შპს D-------------ის კუთვნილი, N0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება; 4.3.2. აპელანტის კუთვნილი N0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება; 4.3.3. ა-–--- ბ--------ის კუთვნილი N0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება; 4.3.4. ა--–-- ბ--------ის კუთვნილი N0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება და 4.3.5. შპს L----ის კუთვნილი 0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება. 4.4. იპოთეკის ხელშეკრულებათა 6.1.1. პუნქტის თანახმად, მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოპასუხე უფლებამოსილი იყო სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიემართა ნოტარიუსისათვის. 4.4.1. სანოტარო აქტით ნოტარიუსმა მხარეებს სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები განუმარტა. 4.5. აპელანტმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა და, ამის გამო, მოპასუხემ ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოსთხოვა. 4.6. განცხადების საფუძველზე, ნოტარიუსმა გასცა რამდენიმე სააღსრულებო ფურცელი, მათ შორის: 4.6.1. N171408654 სააღსრულებო ფურცლით აღსრულება მიექცა N0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ქონებაზე; 4.6.2. N171362111 სააღსრულებო ფურცლით აღსრულება მიექცა N0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ქონებაზე; 4.6.3. N171363357 სააღსრულებო ფურცლით აღსრულება მიექცა N0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ქონებაზე, ხოლო 4.6.4. N171363559 სააღსრულებო ფურცლით აღსრულება მიექცა N0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე. 4.7. გარდა ამისა, ნოტარიუსის მიერ გაცემული იყო სააღსრულებო ფურცლი N17134334, რომლის თაობაზეც დავა მხარეთა შორის აღარ მიმდინარეობს. სამართლებრივი დასაბუთება 4.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.8.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად გადაწყვიტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. 4.9. აპელანტი ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის მართლზომიერებას, სააღსრულებო ფურცელში მითითებული ვალდებულების მოცულობას და მის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტს სადავოდ არ ხდის. 4.9.1. იგი სააღსრულებო ფურცლების გაუქმებას, ე.ი. მათ ბათილად აღიარებას ხელშეკრულების მოშლის თაობაზე წინაწარი შეუტყობინებლობის საფუძვლით ითხოვს. 4.9.2. უფრო ზუტად, მისი პოზიციით სააღსრულებო ფურცლები ბათილია, რადგან მოპასუხემ ვალდებულების დარღვევის გამო ხელშეკრულების მოშლის შესახებ წინასწარ არ გააფრთხილა. 4.10. პალატა არ იზიარებს ამ პოზიციას. 4.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. 4.11.1. პალატის აზრით, ამ ნორმით გათვალისწინებულ ვადაგადაცილებაში, არა მარტო, ვალდებულების სრულად შეუსრულებლობა, ე.ი. ვალის მთლიანად გადაუხდელობა, არამედ მისი არაჯეროვნად შესრულებაც იგულისხმება. 4.11.2. ეს ნიშნავს, რომ კრედიტის გამცემს საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტა შეუძლია მაშინაც, თუ მოვალე სესხს, ზედიზედ, სულ ცოტა ორჯერ მაინც არასრულად გადაიხდის. 4.12. დადგენილია, რომ აპელანტი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს პირველივე პერიოდიდან არაჯეროვნად ასრულებდა. 4.12.1. კერძოდ, 2017 წლის 5 მაისს მას არ გადაუხდია 3600 აშშ დოლარი და ეს ვალდებულება მომდევნო პერიოდში, ნაწილ-ნაწილ, შეასრულა; 2017 წლის 5 ივნისიდან 2017 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით მას ვალდებულება არ შეუსრულებია; შემდეგ კი ვალს მხოლოდ ნაწილობრივ ფარავდა (ს.ფ. 86-87; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის სხდომის ოქმი - 14:49:08-15:05:09). 4.13. ამრიგად, ნათელია, რომ კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ იყო გათვალისწინებული და აპელანტმა ზედიზედ, ორ ვადაზე მეტს გადააცილა. 4.14. ამის შესაბამისად, მოპასუხე უფლებამოსილი იყო აპელანტთან ხელშეკრულება შეეწყვიტა და ვალის დაბრუნება მოეთხოვა. 4.15. უდავოდ არის დადგენილი ისიც: იმის მიუხედავად, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა თაობაზე, აპელანტისათვის, ყოველ შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცლის მიღების შემდეგ მაინც ცნობილი იყო, მას თანხა აღარ გადაუხდია. 4.15.1. ეს ნიშნავს, რომ შეწყვეტა ძალაშია შესული, ე.ი. მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება ნამდვილია და სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობს. 4.16. ასეც რომ არ იყოს, სადავო სააღსრულებო ფურცლებით იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია დადგინდა. 4.16.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4.17. საქმეში არსებული ყველა იპოთეკის ხელშეკრულების 6.1. და 6.1.1. პუნტების თანახმად: „მესაკუთრე ადასტურებს, რომ წინამდებარე და „1.1.“ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების მესაკუთრის/კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, წინამდებარე ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის შესაბამისად იპოთეკარი უფლებამოსილია მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოიყენოს ერთ-ერთი საშუალება: მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადებით“. 4.17.1. როგორც აღინიშნა, აპელანტმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არაერთჯერ დაარღვია. 4.17.2. ამიტომ, მოპასუხე უფლებამოსილი იყო ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოეთხოვა. 4.17.3. ამ ვითარებაში, აპელანტს შეეძლო სააღსრულებო ფურცელში მითითებული ვალდებულების მოცულობა გაეხადა სადავოდ, თუმცა აღნიშნული მას არ განუხორციელებია. 4.18. ეს კი ნიშნავს, რომ მისი მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და საქალაქო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა იგი. 4.19. საქმის მასალებით არ მტკიცდება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების მოშლის ნება, სააღსრულებო ფურცლების გაცემამდე, მოპასუხემ აპელანტს გენერალური ხელშეკრულების 11.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ფორმით მაინც შეატყობინა. 4.19.1. ამის შესაბამისად, დადგენილია, რომ მოპასუხემ გენერალური ხელშეკრულების 9.1 და 9.4.1 ქვეპუნქტებით შეთანხმებული პირობები დაარღვია, თუმცა ეს უკვე გაცემული სააღსრულებო ფურცლების კანონიერებაზე გავლენას ვერ მოახდენს. 4.20. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ----- ჯ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები თამარ სვანიძე
ლაურა მიქავა