განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.06.2019
საქმის ნომერი
010210119002370180
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სერვიტუტი
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210119002370180

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-388-2019 28 მაისი, 2019 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - სსიპ ს----–-–-------------------------–----------ო

წარმომადგენელი - მ-----------------ე

მოწინააღმდეგე მხარე - ს---–--- ნ--------ე

წარმომადგენელი - მ----------------ე

დავის საგანი - აუცილებელი გზის დადგენა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ს---–--- ნ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ს---–--- ნ--------ეს, ქ. ბათუმში ბ----–--ის ქ. №---ში მდებარე, კუთვნილი უძრავი ქონების სარგებლობისათვის, ქ. ბათუმში, კ------ის დასახლებაში (საკადასტრო კოდით 0-----------) მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენებით დაუდგინდა აუცილებელი გზა. აუცილებელი გზა მოეწყო სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 20 დეკემბრის №008738018 ექსპერტიზის დასკვნის და მისი №2 დანართის შესაბამისად. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 20 დეკემბრის №008738018 ექსპერტიზის დასკვნა და №2 დანართი იქცა ამ გადაწყვეტილების შემადგენელ ნაწილად. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. დადგენილია, რომ ს---–--- ნ--------ეს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში ბ----–--ის №---ში. მისი საკადასტრო კოდია №0-----------. 2.2. დადგენილია და სადაო არაა ის გარემოება, რომ ქ. ბათუმში კ------ის დასახლებაში №0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეა სახელმწიფო. მის მიმდებარედ ასევე განლაგებულია დაურეგისტირებელი მიწის ნაკვეთი. 2.3. ასევე სადაო არაა ის გარემოებაც, რომ ს---–--- ნ--------ის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (მდებარე ქ. ბათუმში ბ----–--ის №---ში, საკადასტრო კოდი №0-----------) და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული (ქ. ბათუმი კ------ის დასახლება, ს/კ №0----------- და დაურეგისტრირებელი ნაკვეთი) მიწის ნაკვეთი მდებარეობს ერთმანეთის მეზობლად. 2.4. მოსარჩელემ გზის აუცილებლობის დასამტკიცებლად წარმოადგინა ფოტოსურათები, სიტუაციური გეგმა, აზომვითი ნახაზი, საკადასტრო გეგმა და ექსპერტიზის დასკვნები. ასევე თავისი ზეპირი განმარტება. 2.5. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის, საკადასტრო გეგმის და სიტუაციური გეგმის ანალიზით დგინდება, რომ მხარეთა მიწის ნაკვეთები მდებარეობს ბათუმი-ხულოს საავტომობილო გზის მახლობლად, ფ------------–--–ის გამზირის მიმდებარედ ბ----–--ის ქუჩის კვეთასთან. ამ მონაკვეთში უძრავი ქონება გააჩნია შპს ,,ნ------ს“, ს---–--- ნ--------ეს, სახელმწიფოს, შპს ,,დ--–--------ს“, დ-----------ეს და ჯ--------------ძეს. ს---–--- ნ--------ეს მარცხენა მხრიდან ესაზღვრება შპს ,,ნ------ის“ საკუთრება. ჩრდილოეთის მხრიდან (ფ------------–--–ის გამზირის მხარეს) შპს ,,დ--–--------ი“ და დ-----------ე. სამხრეთის მხრიდან გზა არ არის და იქ ვისი საკუთრებაა საქმისათვის მნიშვნელოვანი არაა. დასავლეთის მხრიდან ესაზღვრება სახელმწიფო მიწის ნაკვეთი, რომელიც ბ----–--ის ქუჩის მიმდებარედაა. 2.6. მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საავტომობილო გზის მოწყობის აუცილებლობის დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ სსიპ ,,ლევენ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ ჩაატარა ექსპერტიზა. საექსპერტო კვლევით ექსპერტმა დაადგინა, რომ ქ. ბათუმში ბ----–--ის №---ში (საკადასტრო კოდი №0-----------) მდებარე, ს---–--- ნ--------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან ბ----–--ის ქუჩის მხრიდან მისასვლელი გზის მოწყობა შესაძლებელია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 809 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №0-----------) და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის გამოყენებით. 2.7. 2018 წლის 20 დეკემბრის №5008083018 ექსპერტიზის დასკვნაშიც ანალოგიურად მითითებულია, რომ ქ. ბათუმში ბ----–--ის №---ში (საკადასტრო კოდი №0-----------) მდებარე, ს---–--- ნ--------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან ბ----–--ის ქუჩის მხრიდან მისასვლელი გზის მოწყობა შესაძლებელია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 809 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №0-----------) და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის გამოყენებით. 2.8. საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის, საკადასტრო გეგმის, ფოტოსუართების, სიტუაციური გეგმის და ექსპერტიზის დასკვნებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა საავტომობილო გზა. მას საჯარო გზასთან დაკავშირება შეეძლო სამი ვარიანტის მიხედვით: · შპს ,,ნ------ის“ მიწის ნაკვეთის გამოყენებით; · შპს დ--–--------ისა და დ-----------ის მიწის ნაკვეთების გამოყენებით · სახელმწიფოს მიწის ნაკვეთის გამოყენებით. 2.9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს ნამდვილად არ აქვს გზა, მას აუცილებლად სჭირდება გზის მოწყობა და ამ გზის მოწყობა შესაძლებელია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოყენებით. სხვა მიწის ნაკვეთების გამოყენება დაკავშირებულია გაცილებით მეტ ხარჯთან, რადგანაც უფრო მეტი მესაკუთრის უფლებები უნდა შეიზღუდოს, უფრო გრძელ მონაკვეთზე უნდა გაკეთდეს გზა და ტექნიკურადაც უფრო რთულია. აღნიშნული დგინდება, როგორც ექსპერტიზის დასკვნით, ასევე საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით, საკადასტრო გეგმით, ფოტოსუართებით და სიტუაციური გეგმით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.10. საქართველოს სკ-ის 180-ე მუხლით, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. 2.11. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით დაწესებულია საკუთრების კანონისმიერი შებოჭვა, რაც გამოწვეულია სამეზობლო სამართლით აღიარებული მეზობელთა ურთიერთპატივისცემისა და სამეზობლო თმენის ვალდებულებით. აუცილებელი გზის კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში აუცილებელი გზის თმენის ვალდებულება დამოკიდებულია არა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სუბიექტურ ნებაზე, არამედ კანონის ნორმატიულ ნებაზე. კანონი ადგენს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის თმენის ვალდებულებას და ზღუდავს მესაკუთრის უფლებას მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. დასახელებული ნორმა ზემოქმედების თმენის ვალდებულებას ადგენს მაშინ, როდესაც მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან. ამდენად, მეზობელი მიწის ნაკვეთის, აუცილებელი გზით დატვირთვა ობიექტური გარემოებით უნდა იყოს გამოწვეული. 2.12. სასამართლომ დაადგინა, რომ ს---–--- ნ--------ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დამაკავშირებელი გზა, არც საცალფეხო ბილიკი და არც საავტომობილო გზა მოწყობილი არ იყო, ანუ ს---–--- ნ--------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთს არ გააჩნდა აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან. 2.13. დადგენილია, რომ მოპასუხე იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა, რომელზეც მოსარჩელე მოითხოვს აუცილებელ სამანქანე გზას. სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება მესამე პირები არ დაუშვას თავის საკუთრებაში, არ მისცეს უფლება გამოიყენონ მისი ქონება და ქონების გამოყენებით მიიღონ გარკვეული სარგებელი. ასეთ პირობას ადგენს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი, მაგრამ დასახელებული ნორმა მესაკუთრეს გარკვეულ შეზღუდვასაც უწესებს. კანონმა მესაკუთრეს მიანიჭა უფლება შეუზღუდავად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებით, მაგრამ საკუთრების ფლობისა და სარგებლობის შეუზღუდავმა თავისუფლებამ არ უნდა შელახოს მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ასევე ეს მოქმედება არ უნდა წარმოადგენდეს უფლების ბოროტად გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრეს კანონმა მიანიჭა სრული ბატონობის უფლება, ამასთან ერთად ამ ბატონობის გამოყენება დააკავშირა უფლების გამოყენების კეთისინდისიერებასთან. მართალია კანონმა მესაკუთრეს მიანიჭა საკუთრებით სარგებლობის აბსულიტური უფლება, მაგრამ რიგ შემთხვევებში დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა. კანონისმიერი შეზღუდვა დაკავშირებულია მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის მიერ კუთვნილი ქონების სარგებლობის უზრუნველყოფით. თუ მეზობელი ნაკვეთის მეზობელს არ აქვს გზა, შეუძლებელია ავტომანქანით ან ქვეითად მივიდეს კუთვნილ ნაკვეთში, დაამონტაჟოს ელექტრო გაყვანილობა ან კუთვნილ ნაკვეთამდე უზრუნველყოს ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელი, ბუნებრივია ის ვერ შეძლებს ქონებით სარგებლობას და ასეთი ქონების ქონა იგივეა რაც საკუთრებაზე უარის თქმა. სწორედ ამ ტიპის მესაკუთრეთა დასაცავად კანონმდებელმა დააწესა მესაკუთრის შეძრუდვა მეზობელმა მისი ნაკვეთით ისარგებლობს. აუცილებელი გზა არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ საავტომობილო გზას. აუცილებელ გზაში მოიაზრება ისეთი შემთხვევა, როდესაც მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან. კანონის ეს დანაწესი გულისხმობს მეზობლის ნივთის აუცილებელი გზით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. ასეთ ობიექტური გარემოება შეიძლება იყოს სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამ ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენება მცირდება ან საერთოდ იკარგება. საქ. სკ-ის 180-ე მუხლით აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევაში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციით და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით. ამასთან შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში. კანონი, მესაკუთრის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შეზღუდვას აწესებს მხოლოდ ნორმაში აღნიშნული წინაპირობათა უტყუარად არსებობისას. ასეთი წინაპირობების არარსებობისას, მეზობელი ნაკვეთის გზად გამოყენების დადგენა პირდაპირ ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას. ანუ თუ მიწის ნაკვეთს აქვს საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზა და ასეთ შემთხვევაში მაინც დადგინდება მეზობელი ნაკვეთის გამოყენებით აუცილებელი გზა, ეს იქნება საკუთრების უფლების ისეთი შეზღუდვა, რომელიც პირდაპირ დაარღვევს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის საკუთრების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა სსიპ ს----–-–-------------------------–-------------მ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლოს მსჯელობა ზედაპირულია. მეზობელი მიწის ნაკვეთის აუცილებელი გზით დატვირთვა ობიექტური გარემოებით უნდა იყოს გამოწვეული, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ არის დადასტურებული. 3.2. ექსპერტის დასკვნა არ წარმოადგენს 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის დადგომის აუცილებელ და ერთადერთ წინაპირობას. ექსპერტიზის დასკვნა არ არის დოკუმენტი, რომელიც იძლევა პასუხს, რამდენად არის სახეზე აუცილებელი გზის საჭიროება. 3.3. მოსარჩელე მისასვლელი გზის გარეშე დარჩა მიწის ნაკვეთის არასწორი გამიჯვნის შედეგად.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ N0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება ეკუთვნის ს---–--- ნ--------ეს. 4.1.1. ეს ნაკვეთი ბათუმში, ბ----–--ის ქ. N---ში მდებარეობს. 4.2. ნაკვეთი მოქცეულია სხვის საკუთრებაში არსებულ რამდენიმე ნაკვეთს შორის და საჯარო გზასთან უშუალო კავშირი არ გააჩნია (ს.ფ. 48; 66; 129). 4.3. ამგვარი კავშირის უზრუნველყოფა სახელმწიფოს კუთვნილი დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთისა და N0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით არის შესაძლებელი. სამართლებრივი დასაბუთება 4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.4.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, აპელანტი ვალდებული იყო მოსარჩელის მიერ მისი მიწით სარგებლობა ეთმინა. 4.4. პალატა აღნიშნავს, რომ აუცილებელი გზის თმენის ვალდებულება მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ მისი საკუთრების შეზღუდვას ნიშნავს. 4.4.1. ამის შესაბამისად, აპელანტის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ აუცილებელი გზის დადგენით მას საკუთრებით სარგებლობის უფლება ეზღუდება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის. 4.5. საქმის მასალებით არ მტკიცდება, რომ მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთიდან საჯარო კომუნიკაციებამდე აუცილებელი გზა მოწყობა სხვა პირთა კუთვნილი ნაკვეთების გავლით უფრო ჯეროვნად მოეწყობა. 4.5.1. საქმეში არსებული „სიტუაციური გეგმის“ (ს.ფ. 66) მიხედვით, საჯარო გზას მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთი შეიძლება დაუკავშირდეს: 4.5.1.1. ან, ერთობლივად, N0----------- და N0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთების გავლით; 4.5.1.2. ან - N0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის გავლით; 4.5.1.3. ან - სახელმწიფოს კუთვნილი ნაკვეთების გავლით. 4.5.2. პალატის აზრით, აუცილებელი გზა უნდა მოეწყოს იმგვარად, რომ იგი, შეძლებისდაგვარად, მეზობელი ნაკვეთების ნაკლებ მესაკუთრეს შეეხოს და მათი ინტერესები, შეძლებისდაგვარად, ნაკლებად დაარღვიოს. 4.5.3. როგორც „სიტუაციური გეგმიდან“ ჩანს, ამ განჩინების 4.5.1.1. პუნქტში გათვალისწინებული წესით აუცილებელი გზის მოწყობის შემთხვევაში, იგი ორი მესაკუთრის ნაკვეთში გაივლის, რაც, როგორც აღინიშნა, მიზანშეუწონელია. მითუმეტეს, რომ N0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნაკვეთზე ნაგებობებიც დგას, რაც როგორც გზის სათანადოდ მოწყობას შეუშლის ხელს, ისე მესაკუთრესაც არათანაზომიერად შეზღუდავს. ამავდროულად, ამ გზით იგი ბ----–--ის ქუჩას ვერ დაუკავშირდება. 4.5.4. განჩინების 4.5.1.1. პუნქტში გათვალისწინებული წესით აუცილებელი გზის მოწყობის შემთხვევაში, მოსარჩელე, უშუალოდ, ბ----–--ის ქუჩას ვერ დაუკავშირდება. მაშინ, როცა, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, მისი ნაკვეთი ამ ქუჩაზე მდებარეობს და, ბუნებრივია, კომუნიკაციისთვის სწორედ იგი უნდა გამოიყენოს. აღსანიშნავია, რომ ამან შეიძლება N0----------- და N0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის არსებულ ტერიტორიასაც დაუკარგოს დანიშნულება, რაც ასევე არ შეიძლება თანაზომიერად ჩაითვალოს. 4.6. ამის შესაბამისად, მიზანშეწონილია, აუცილებელი გზა ექსპერტთა დასკვნებით შემოთავაზებული წესით მოეწყოს. 4.7. აღსანიშნავია, რომ აუცილებელი გზის მოწყობის ამგვარ წესს ქალაქ ბათუმის მერიაც დაეთანხმა (ს.ფ. 36). 4.8. პალატა არ ეთანხმება აპელანტს, რომ მესაკუთრემ საჯარო კომუნიკაციებთან დამაკავშირებელი გზა მიწის ნაკვეთის არასწორი გამიჯვნის შედეგად მოისპო. 4.8.1. პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელემ აღნიშნული ნაკვეთი 2017 წლის 3 ოქტომბერს ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა და მას იგი არ გაუმიჯნავს. 4.8.2. გარდა ამისა, საქმის მასალების თანახმად, N0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთი ადრინდელმა მესაკუთრემ 2016 წლის 5 დეკემბერს გამიჯნა და საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა კიდეც. 4.8.3. გამიჯვნის შედეგად N0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის მისამართად ბ----–--ის ქუჩა განისაზღვრა. ამის შესაბამისად, აშკარაა, რომ ამ ნაკვეთს მისასვლელი სწორედ ამ ქუჩიდან ჰქონდა. 4.9. ამრიგად, მესაკუთრეს არსებული დაკავშირება თვითნებური მოქმედებით არ გაუუქმებია. 4.9.1. პირიქით, ყველა ეს მოქმედება სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან აღიარებული და დადასტურებული იქნა; ამას ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 23 იანვრის წერილიც ამტკიცებს. 4.9.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით. 4.10. რადგან არც თავდაპირველ მესაკუთრეს და არც მოსარჩელეს ქონება თვითნებურად არ გაუმიჯნავთ, აპელანტმა აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად მისი მიწის გამოყენება უნდა ითმინოს. 4.11. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძოსამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან ასევე წესრიგდება სამოქალაქო კანონებით, თუკი ეს ურთიერთობები, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით. 4.11.1. საჯარო სამართალი სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის მოწყობის საკითს არ არეგულირებს, ამიტომ, ეს ურთიერთობა სამოქალაქო კოდექსის ნორმათა საფუძველზე უნდა მოწესრიგდეს. 4.12. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

6. საპროცესო ხარჯები აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა

 

1. სსიპ ს----–-–-------------------------–----------ოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან განჩინების გამოცხადების თარიღი უცნობია, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

5. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

6. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე