განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002675451
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/69-19 07 მაისი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – თამარ ალანია
სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე
აპელანტი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
წარმომადგენელი - მა-----------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „უნ--------–ი“
წარმომადგენელი/დირექტორი - ლე------------ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „უნ--------–ის“ მიმართ სარჩელი აღძრა და 13 724,63 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელის მოთხოვნები არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაასაჩივრა, მისი გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. მიმწოდებელ - შპს „უნ--------–სა“ და შემსყიდველ - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ერთმანეთის მსგავსი შინაარსის მქონე სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებები გაფორმდა და მათ საფუძველზე განვითარებულ ურთიერთობათა ფარგლებში შემდეგი სახის მოქმედებები განხორციელდა:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჩაატარა ტენდერი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის“ დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით, რომლის ფარგლებშიც შპს „უნ--------–ისგან“ 36-ე ლოტზე, მ--------–----- საჯარო სკოლაზე სატენდერო წინადადება მიიღო. აღნიშნულის საფუძველზე 2006 წლის 17 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შპს „უნ--------–ს“ შორის N------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჩაატარა ტენდერი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის“ დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით, რომლის ფარგლებშიც შპს „უნ--------–ისგან“ მე-14 ლოტზე - 2------–---- საჯარო სკოლაზე, სატენდერო წინადადება მიიღო. აღნიშნულის საფუძველზე 2006 წლის 17 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შპს „უნ--------–ს“ შორის N------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჩაატარა ტენდერი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის“ დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით და შპს „უნ--------–ისგან“ მე-7 ლოტზე - გ-------------- საჯარო სკოლაზე, სატენდერო წინადადება მიიღო. აღნიშნულის საფუძველზე 2006 წლის 17 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შპს „უნ--------–ს“ შორის N------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჩაატარა ტენდერი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის“ დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით და შპს „უნ--------–ისგან“ მე-8 ლოტზე - გ---------------------------- საჯარო სკოლებზე, სატენდერო წინადადება მიიღო. აღნიშნულის საფუძველზე 2006 წლის 25 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შპს „უნ--------–ს“ შორის 0------ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჩაატარა ტენდერი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის“ დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით და შპს „უნ--------–ისგან“ მე-7 ლოტზე - ქ---------------------------- საჯარო სკოლებზე სატენდერო წინადადება მიიღო. აღნიშნულის საფუძველზე 2006 წლის 25 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შპს „უნ--------–ს“ შორის N------ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა (ტომი I, ს.ფ. 21-30, 31-40, 41-50, 51-60, 61-70).
6. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით განსაზღვრული იქნა სარემონტო სამუშაოების განხორციელების ვადა სამი თვით, რომელიც მოგვიანებით მხარეთა შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე 2006 წლის 25 მაისის N------- და N0------ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შესრულების ვადა 2007 წლის 15 იანვრამდე, ხოლო, 2006 წლის 17 მაისის N----------------- და N------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შესრულების ვადა 2006 წლის 02 ოქტომბრამდე გაგრძელდა.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, სამუშაოების შესრულების დადასტურების მიზნით მხარეებს შორის სამუშაოს დასრულების აქტები 2006 წლის 13-14 ნოემბერსა და 2007 წლის 15 იანვარს გაფორმდა. სამუშაოს დასრულების აქტებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ფორმა N2 ერთვის (ტომი I, ს.ფ. 21-70, 123-133, 74-122).
7. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში შპს „უნ--------–ი“ ვალდებული იყო სამუშაო მიწოდებული მასალით შეესრულებინა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შპს „უნ--------–ს“ მომსახურების გაწევის მიზნით საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე (უსასყიდლოდ 20 216,23 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა გადასცა, საიდანაც შპს „უნ--------–ის“ მიერ 2007-2008 წლებში ჯამში 993.55 ლარის ღირებულების მასალა იქნა დაბრუნებული (ტომი I, ს.ფ. 71-73).
8. შპს „უნ--------–სა“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ქალაქ გ------------------------------------------------ საჯარო სკოლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები, ასევე ყ------–-----, გ-------------- და მ--------–----- საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „უნ--------–მა“ სრულად შეასრულა, ხოლო შემკვეთმა მიიღო შესრულება და მენარდეს შეთანხმებული საზღაური გადაუხადა (ტომი I, ს.ფ. 74-122, მხარეთა ახსნა-განმარტება).
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლეს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წარმოადგენს (ტომი I, ს.ფ. 282-284).
10. შპს „უნ--------–ის“ მოთხოვნის საფუძველზე შპს „ბი---------------ის“ მიერ შპს „უნ--------–სა“ და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს შორის 2006-2007 წლებში პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი-საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის“ შპს „უნ--------–ის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებთან და მათ შორის მასალების მოძრაობის შესახებ აუდიტორული შემოწმება ჩატარდა.
შპს „ბი---------------ის“ 2018 წლის 26 ოქტომბრის აუდიტორული დასკვნის თანახმად, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „უნ--------–მა“ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროდან სამუშაოების შესასრულებლად სამშენებლო მასალები მიიღო, რაც 2006 წლის 10 სექტემბრის მიღება-ჩაბარების N-- აქტით დასტურდება მათ მთლიან ღირებულებას 20 216,23 ლარი შეადგენდა. აღნიშნული მასალებიდან შპს „უნ--------–მა“ სამშენებლო საქმიანობაში 19 033,47 ლარის მასალები გამოიყენა, რაც დასტურდება მიღებული მასალების ხარჯვის ტექნიკური აქტის მიხედვით, ხოლო 2007 წლის 13 თებერვლის მიღება-ჩაბარების N--ა და 2008 წლის 06 აგვისტოს მიღება-ჩაბარების N--ბ აქტების თანახმად შპს „უნ--------–მა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაუხარჯავი მასალები, მთლიანი ღირებულებით 993,55 ლარი, უკან დაუბრუნა.
მითითებული აუდიტორული დასკვნით, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსათვის დაუბრუნებელი სამშენებლო მასალების ღირებულება 189,21 ლარის ოდენობით განისაზღვრა (ტომი I, 315-321).
10. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით, მოპასუხისთვის საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე, მომსახურების გაწევის მიზნით (უსასყიდლოდ) გადაცემული სამშენებლო მასალის აუთვისებლობის (სასარჩელო მოთხოვნის 13724,63 ლარის ოდენობით) ფაქტობრივი გარემოება არ დასტურდება.
სასამართლო განმარტავს, რომ მისი უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე ას-664-635-2016). განსახილველ შემთხვევაში აპელანტი მხარე მიიჩნევს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი საფუძვლიდან წარმოშობილი ურთიერთობაა სახეზე და აღნიშნულ მოსაზრებას ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხისთვის უსასყიდლოდ გადაცემული, გაუხარჯავი, სამშენებლო მასალების აპელანტისთვის დაუბრუნებლობას ამყარებს.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, აპელანტის მოსაზრება მასზედ, რომ სადავო ურთიერთობა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე უნდა დარეგულირდეს ვერ იქნება გაზიარებული. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. მოცემულ შემთხვევაში, მენარდეს სამშენებლო მასალები კონკრეტული ვალდებულების (სკოლების რეაბილიტაციისთვის) შესასრულებლად გადაეცა, მის მიერ ნაკისრი ვალდებულება კი დროულად და ჯეროვნად იქნა შესრულებული აქედან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზე ბრუნდება და სწორედ მან უნდა ამტკიცოს თუ რაში გამოიხატა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება. მოსარჩელე აღნიშნულის სამტკიცებლად მხოლოდ იმ ფაქტს უთითებს, რომ მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა, თუმცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გადაცემული სამშენებლო მასალები სრულად არ აითვისა. აუთვისებელი სამშენებლო მასალის საერთო ღირებულება კი 13 724,63 ლარს შეადგენდა.
იმისათვის რათა, სასარჩელო მოთხოვნას ჰქონდეს წარმატების პერსპექტივა აუცილებელია ფაქტობრივი გარემოებები ამართლებდნენ ნორმის დისპოზიციით გათვალისწინებულ პირობებს. მოცემულ შემთხვევაში, სადავო სამართალურთიერთობის უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით დაკვალიფიცირების წინაპირობები არ არსებობს, რადგან მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სამშენებლო მასალა არა „ვითომ კრედიტორს“ არამედ, ნამდვილი ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულების მხარეს გადაეცა, ასევე დადგენილია, რომ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულდა და შემკვეთმა მიიღო დროული და ჯეროვანი შესრულება. შესაბამისად, არც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებია სახეზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობის უსაფუძვლოდ გამდიდრების ნორმებით კვალიფიკაციის სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით დადგენილი წინაპირობები არ არსებობს. განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სამართალურთიერთობა, რომლის ძალითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ჩატარებული ტენდერის პირობების თანახმად, კონკრეტული საჯარო სკოლების რეაბილიტაცია განეხორციელებინა და მოსარჩელის მოთხოვნაც სწორედ ამ ვალდებულებიდანაა წარმოებული, ამიტომ მასზე ნარდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები უნდა გავრცელდეს. აქვე, მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების ნამდვილობა საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავო არ გამხდარა რაც კიდევ ერთხელ გამორიცხავს მოცემული დავის კონდიქციური წესებით განხილვისა და გადაწყვეტის შესაძლებლობას.
11. სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო პროცესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი, ვის წინააღმდეგ აღძრას, რა მოითხოვოს, რის საფუძველზე და რით ადასტუროს თავისი მოთხოვნა. სამოქალაქო სამართალწარმოება არ ემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, იგი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, სარჩელი წარდგენილია თუ არა მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია თუ არა მხარის მიერ. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს დიდწილად სამართალწარმოების მოწინააღმდეგე მხარის სათანადოდ შერჩევა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ჯეროვნად დადასტურება განაპირობებს.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
რაც შეეხება მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებათა სტანდარტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს გულისხმობს. შესაპირისპირებელი მტკიცებულებები სანდოობის, სარწმუნოობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, რაც, რა საკვირველია, არა მხოლოდ ამ მტკიცებულების, როგორც ინდივიდუალურად აღებულის, არამედ, მხარეთა შორის უდავო/სადავო ფაქტებისა და მათი განვითარების ქრონოლოგიასთან, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთქმულ შედავებებთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს და ამ გზით უნდა დადგინდეს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-28-25-2017).
იმ გარემოების სამტკიცებლად თუ მოპასუხეს უსასყიდლოდ გადაცემული სამშენებლო მასალებიდან რამდენი არ ჰქონდა ათვისებული, მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს შტატგარეშე მოსამსახურე - ზვ---------–---–ის 2013 წლის 30 დეკემბრის მოხსენებითი ბარათი, წარადგინა რომელიც 2013 წლის ოქტომბერში განხორციელებული შესწავლის შედეგად არის შედგენილი. როგორც მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, აუთვისებელი მატერიალური მარაგების ღირებულება დადგენილი იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შპს „უნ--------–ს“ შორის 2006 წლის 17 მაისს გაფორმებული N-----------------, N-------, ასევე 2006 წლის 25 მაისს გაფორმებული N------- და N0------ ხელშეკრულებების საფუძველზე, ამავე კომპანიისათვის უსასყიდლოდ და მიზნობრივად გადაცემული სამშენებლო მასალების მიღება-ჩაბარების აქტები და კომპანიის მიერ მ--------–-----, ყ-----–-------------------------------------------------- და გ---------------------------- საჯარო სკოლებში შესრულებული სამუშაოების ფორმა N2-ებით.
აღნიშნული მტკიცებულების საპირწონედ მოპასუხემ შპს „ბი---------------ის“ მიერ ჩატარებული აუდიტორული დასკვნა წარადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „უნ--------–მა“ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროდან სამუშაოების შესასრულებლად მიიღო სამშენებლო მასალები, რაც დასტურდება 2006 წლის 10 სექტემბრის მიღება-ჩაბარების N-- აქტით, მთლიანი ღირებულებით 20 216,23 ლარი. აღნიშნული მასალებიდან შპს „უნ--------–მა“ სამშენებლო საქმიანობაში გამოიყენა - 19 033,47 ლარის მასალები, რაც დასტურდება მიღებული მასალების ხარჯვის ტექნიკური აქტის მიხედვით, ხოლო 2007 წლის 13 თებერვლის მიღება-ჩაბარების N--ა და 2008 წლის 06 აგვისტოს მიღება-ჩაბარების N--ბ აქტებით შპს „უნ--------–მა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უკან დაუბრუნა გაუხარჯავი მასალები, მთლიანი ღირებულებით 993,55 ლარი. საბოლოო ჯამში, წარდგენილი აუდიტორული დასკვნით, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსათვის დაუბრუნებელი სამშენებლო მასალების ღირებულება 189,21 ლარის ოდენობით განისაზღვრა.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, რომელიც შედგენილია სამინისტროში დასაქმებული პირის მიერ ვერ ლახავს სანდოობისა და სარწმუნოების ტესტს, ვინაიდან მტკიცებულაბათა ობიექტური შეფასების სტანდარტის გამოყენებისას დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შედგენილი დასკვნა, რომელიც შესაბამისი ცოდნის მქონე კომპეტენტური სპეციალისტის მიერაა შედგენილი ცალსახად აქარწყლებს მოსარჩელის მიერ წარდგენილი ცნობის იურიდიულ ძალას. ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლის თვალში ლოგიკურია, რომ სამინისტროს მიერ გაცემულ ცნობაში მოპასუხის მიერ გაუხარჯავი მასალების ოდენობა მათი მოთხოვნის ოდენობას ემთხვევა, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს სწორედ მოსარჩელის პრეტენზია წარმოადგენს, რომლის თანახმადაც მოპასუხე მხარეს აუთვისებელი დარჩა 13 724,63 ლარის ანაზღაურება. შესაბამისად, ცალსახაა, რომ მათი გამოთვლებითა და რწმენით, მოპასუხის დავალიანებას სწორედ ის თანხა შეადგენს რაც სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც სამინისტროს მიერ გაცემულ ცნობას საქმეში არსებული დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნა უპირისპირდება მას სასამართლოსთვის უფრო სარწმუნო ძალა აქვს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ დასძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი და საკუთარი მოთხოვნის მართებულობა რელევანტური და წონადი მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ დაასაბუთა.
12. სააპელაციო სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხის მიერ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსათვის დაუბრუნებელი სამშენებლო მასალების ღირებულების 189,21 ლარის, ისევე როგორც მოთხოვნის სრული ოდენობით, დაბრუნების წინაპირობები არ არსებობს.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო ზემოაღნიშნულ მსჯელობას მხედველობაში არ მიიღებდა და არ დაასკვნიდა, რომ სასარჩელო მოთხოვნა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს არ ემყარება და დაუსაბუთებელია, სასარჩელო მოთხოვნას არც სრულად და არც ნაწილობრივ (აუდიტორული დასკვნის თანახმად 189,21 ლარის სამშენებლო მასალა მოპასუხეს არ აუთვისებია), მისი ხანდაზმულობის გამო, წარმატების პერსპექტივა არ ექნებოდა. ხანდაზმულობის ვადის განსაზღვარასთან და მისი ათვლის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე მუხლის, 130-ე მუხლების ნორმატიული შინაარსი, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მითითებით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე ას-1342-1380-2014). მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი კვალიფიკაცია, შესაბამისად, მასზე მითითებით სარჩელის უარყოფა მხოლოდ მოვალის (მოპასუხის) უფლებაა, რაც სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, გამორიცხავს ამ საკითხის სასამართლოს ინიციატივით გამოკვლევას. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარე, მიუთითებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის პირველ ნაწილზე, და აღნიშნავდა, რომ მოთხოვნა დაუბრუნებელი სამშენებლო მასალების ნაწილშიც ხანდაზმულია, რადგან კანონით სახელშეკრულებო ურთიერთობებისთვის გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა სარჩელის აღძვრის მომენტისთვის უკვე გასული იყო.
13. წინამდებარე განჩინებით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ვალდებულების წარმოშობის საფუძველს მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება და არა უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი სამართალურთიერთობა წარმოადგენს. სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა კი, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, სამ წელს შეადგენს. დადგენილია, რომ 2006 წლის 13 და 14 ნოემბრისა და 2007 წლის 15 იანვრის სამუშაოს დასრულების აქტებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ფორმა N2 ერთვოდა, რომლითაც აპელანტის მხრიდან აუთვისებელი მასალების ღირებულება განისაზღვრა, შესაბამისად აპელანტ მხარეს სწორედ ამ პერიოდისათვის უნდა გაეგო ან შეიძლებოდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. მიუხედავად ამისა, მას არც 2007 წლის 13 თებერვლისა და 2008 წლის 06 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების შემდგომ განუცხადებია პრეტენზია ხანდაზმულობის ვადაში, რომლის საფუძველზეც მენარდემ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხოლოდ 993,55 ლარის ღირებულების მასალა დაუბრუნა. ზემოაღნიშნულის შესაბამისად პალატა ადგენს, რომ 2008 წლის 06 აგვისტოდან შემკვეთისთვის ცნობილი იყო ან ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ მენარდემ გარკვეული რაოდენობისა და ღირებულების სარემონტო მასალები არ დააბრუნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა 2011 წლის 06 აგვისტოს ამოიწურა, ხოლო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასამართლოს სარჩელით ამ ვადის გასვლის შემდგომ - 2016 წლის 06 დეკემბერს მიმართა, რაც მოპასუხის მართებული შედავების პირობებში, მისი მოთხოვნის, როგორც სრულად ასევე, ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის, „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 386-ე 55-ე და 46-ე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლებით იხელმძღვანელა და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ალანია