განაჩენი

სისხლის სამართლის 04.06.2019
საქმის ნომერი
820100118002624401
ინსტანცია
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002624401

საქმე №1/ბ-759-218 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ა------ რ-----ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------, ბელარუსიის მოქალაქის (პასპორტის ნომერი H--------), დაოჯახებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის ბ--–--------–-----------–------------------------------------------–-, ფატობრივად მცხოვრების ხ--–----------------------------–----–-------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით:

 

ა------ რ----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

ა------ რ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

ნივთიერი მტკიცებულება - მობილური ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა------ რ-----მ ჩაიდინა ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ა------ რ-----მ 2018 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ხ--–----------------------------–----–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, მეუღლეს - ა----- დ-------ეს იატაკზე განზრახ ძლიერად დარტყმით დაუზიანა „HUAVEI“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რამაც ამ უკანასკნელისათვის 180 (ასოთხმოცი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ----- ბ---–----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ა------ რ----- ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენისას ნასამართლევი იყო მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობისათვის და რამდენიმე დღის გამოსული იყო საპატიმრო დაწესებულებიდან. საქმის მასალებით დგინდება, რომ იგი არის აგრესიული პიროვნება, რომელსაც ხშირად უჭირს საკუთარი თავის და ემოციების კონტროლი. დაზარალებულმა განმარტა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა და მსგავს ფაქტებს მსჯავრდებულის მხრიდან წარსულშიც ჰქონდა ადგილი. აქედან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, ა------ რ-----სთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის უსამართლო და ზედმეტად მსუბუქი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ა----- დ-------ის და მოწმეების _ ა-–----- ბ--------ის და თ--------- წ---–-----ის გამოკითხვის ოქმებით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინებით, დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, შემაკავებელი ორდერით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა------ რ-----მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება აპელანტის უშუალო მოთხოვნას ა------ რ-----სთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

მსჯავრდებულ ა------ რ-----სთვის ბრალად შერაცხული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე. შესაბამისად, სასამართლოს დისკრეციაა სასჯელის რომელ სახეს შეარჩევს და რა ზომით. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია სასჯელის სამართლიანობაზე საუბარი, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ა------ რ-----ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში. მან თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, დაზარალებულთან შერიგებულია და ისინი აგრძელებენ ერთად ცხოვრებას. საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 19 ოქტომბრის განცხადება, რომლის თანახმადაც, დაზარალებულ ა----- დ-------ეს არანაირი პრეტენზია არ აქვს ა------ რ-----სთან და თანახმა არის, მის მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ა------ რ-----სათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.

 

ამდენად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი ა------ რ-----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი ა------ რ-----ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ა------ რ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. ცნობად იქნას მიღებული, რომ ა------ რ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

5.ნივთიერი მტკიცებულება _ მობილური ტელეფონი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/