განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100118002583974
საქმე №1/ბ-592-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- შ----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) თ---------- ჩ----ის მიმართ (პირადი №3----------), დაბადებულის 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქის, დაუოჯახებლის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ-------------–-----------------–---–--------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით:
თ---------- ჩ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
თ---------- ჩ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ნოუთბუქი, რომელიც ინახება დაზარალებულ ზ------- ხ---–--ესთან, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დარჩეს მის მფლობელობაში, ხოლო თ---------- ჩ----ის სათვალე, რომელიც ინახება ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს თ---------- ჩ----ეს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ---------- ჩ----ემ ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 5 ივნისს, ზ------- ხ---–--ე იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც დაახლოებით 19:30 საათზე, მის მეზობლად მცხოვრები თ---------- ჩ----ე, ზ------- ხ---–--ის და მისი ოჯახის წევრების ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდა საცხოვრებელ ბინაში, კერძოდ, ზ------- ხ---–--ის საძინებელ ოთახში, მდებარე ქ-------------–----------------------------ში, რა დროსაც დაარღვია ბინის ხელშეუხებლობა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ----- შ----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ თ---------- ჩ----ისათვის სასჯელის სახით ჯარიმის ნაცვლად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით, თ---------- ჩ----ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ თ---------- ჩ----ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ განაჩენი გაასაჩივრა სასჯელის ნაწილში და ითხოვა თ---------- ჩ----ისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, რასაც სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ვინაიდან, თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ თ---------- ჩ----ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან აღიარა ჩადენილი ქმედება და ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით თ---------- ჩ----ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი თ---------- ჩ----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი თ---------- ჩ----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.თ---------- ჩ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4.თ---------- ჩ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
5.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: ნოუთბუქი, რომელიც ინახება დაზარალებულ ზ------- ხ---–--ესთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დარჩეს მის მფლობელობაში, ხოლო თ---------- ჩ----ის სათვალე, რომელიც ინახება ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს თ---------- ჩ----ეს.
6.განაჩენი ჯარიმის ნაწილში აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/