განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002529856
საქმე №1/ბ-626-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ------–-–--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) გ------- კ----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომ---- 6----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ--------–-----------------------–--------------–-----------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს განაჩენით:
გ------- კ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე, 62-ე მუხლების შესაბამისად, გ------- კ----ეს, 2018 წლის 04 ივნისიდან 2018 წლის 08 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 25 საათით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 125 (ას ოცდახუთი) საათის ვადით.
გ------- კ----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის განჩინებით დაყადაღებულ, ე-------------------ის (პ/ნ 6----------,) სულიკო ო-----------ის (პ/ნ 6----------) და ფ------- ო-----------ის (პ/ნ 6----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ------–-----------–----–---------------–-----–-------------------–-----------------------------–---------–------------------–-------------------------------------------------------------) – 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ღირებულების წილს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- კ----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 02 ივნისს, საღამოს საათებში, ქ--------–---–-------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ------- კ----ემ თავისივე ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ფეხის დარტყმით, ასევე აქანდაზის ბეჭის და წელის არეში დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ვ------ მ-----------ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პ------–-–--–--ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ------- კ----ისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს მეტისმეტად მსუბუქ სასჯელს, რომელიც არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
მსჯავრდებულ გ------- კ----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ---- ც-------ემ სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა პროკურორის სააპელაციო საჩივარის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: ბრალდებულ გ------- კ----ის და დაზარალებულ ვ------ მ-----------ს ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ------- კ----ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ განაჩენი გაასაჩივრა სასჯელის ნაწილში და ითხოვა გ------- კ----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რასაც სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ვინაიდან, თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ გ------- კ----ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან პირველივე დაკითხვისთანავე აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი. საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 28 ივნისის ნოტარიალურად დამოწმებული განაცხადება, რომლის თანახმად, დაზარალებული ვ------ მ----------- შერიგებულია გ------- კ----ესთან, მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და არ ითხოვს მის მკაცრად დასჯას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით გ------- კ----ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს განაჩენი გ------- კ----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ------–-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს განაჩენი გ------- კ----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.გ------- კ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ------- კ----ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო (2018 წლის 04 ივნისიდან 2018 წლის 08 ივნისის ჩათვლით) ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 125 (ას ოცდახუთი) საათის ვადით.
5.გ------- კ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსასრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის განჩინებით, ქ------–-----------–----–----------------–-----–-------------------–-----------------------------–---------–------------------–-----------------------------------------------------------) მდებარე ე-------------------ის (პ/ნ 6----------), სულიკო ო-----------ის (პ/ნ 6----------) და ფ------- ო-----------ის (პ/ნ 6----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.
6.მსჯავრდებულ გ------- კ----ისთვის დანიშნული სასჯელის _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/