განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100118002519883
საქმე №1/ბ-615-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) დ----- ჭ----–---–ის მიმართ (პირადი ნომერი 3----------), დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ო------------------------------–---------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენით:
დ----- ჭ----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დ----- ჭ----–---–ს 2018 წლის 26 მაისიდან 2018 წლის 27 ივლისამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის ვადაში და იგი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.
გაუქმდა მსჯავრდებულ დ----- ჭ----–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და დ----- ჭ----–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- ჭ----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
დ----- ჭ----–---–ი მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს _ ნ-----–-- პ------–---–-ჭ----–---–ს 2015 წლიდან ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ სრულიად უმიზეზოდ სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, რითაც იგი განიცდიდა სულიერ ტანჯვას. 2018 წლის 26 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დ----- ჭ----–---–მა, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს განაწყენებულმა იმით, რომ მეუღლემ უთხრა მეზობლებს გააფრთხილებდა ალკოჰოლური სასმელი აღარ დაელევინებინათ მისთვის, ისევ შეურაცხყო და დაამცირა იგი, რითაც ნ-----–-- პ------–---–მა განიცადა სულიერი ტანჯვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ----- ჩ----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ დ----- ჭ----–---–ისათვის ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სასამართლომ განაჩენის გამოტანისას სწორად არ შეაფასა ბრალდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, კერძოდ, ის გარემოებები, რომ დ----- ჭ----–---–ს ბრალად ედება ოჯახში განხორციელებული ძალადობის ფაქტი. იგი ოჯახური დანაშაულის ჩადენისაკენ მიდრეკლი პირია და ბოლო პერიოდში ცხოვრების წესად ჰქონდა ქცეული მეუღლეზე ფსიქოლოგიური ძალადობა. დაზარალებულის მითითებით, დ----- ჭ----–---–ი, ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, წარმოადგენს საშიშროებას მისთვის, რის გამოც საჭიროა მისი იზოლორება, რადგან ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ იგი ხდება აგრესიული და ფსიქოლოგიურად ძალადობს მასზე. ამდენად, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ იგი გააგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას, ასეთი პიროვნების მიმართ კი ძირითადი სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას _ სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეაფასა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ ნ-----–-- პ------–---–ის ჩვენებით, მოწმეების - ჯ----– თ----------–--ის, ა-----– მ-----ის და ა------- გ--------–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ----- ჭ----–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ განაჩენი გაასაჩივრა სასჯელის ნაწილში და ითხოვა დ----- ჭ----–---–ისათვის ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, რასაც სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ვინაიდან, თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: დ----- ჭ----–---–ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან პირველივე დაკითხვისთანავე აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება. საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით _ დაზარალებულ ნ-----–-- პ------–---–ი-ჭ----–---–ის (მსჯავრდებულის მეუღლის) ჩვენებებით დადგენილია, რომ მეუღლეს მის მიმართ ფიზიკური ძალადობა არასოდეს განუხორციელებია. მსჯავრდებულ დ----- ჭ----–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი და მისი წარსული არაფრითაა შებღალული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით დ----- ჭ----–---–ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენი დ----- ჭ----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენი დ----- ჭ----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.დ----- ჭ----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ დ----- ჭ----–---–ს, სასამართლო განხილვამდე - 2018 წლის 26 მაისიდან 2018 წლის 27 ივლისამდე, პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი და იგი ჩაითვალოს სასჯელმოხდილად.
5.ცნობად იქნეს მიღებული, რომ დ----- ჭ----–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/