განაჩენი

სისხლის სამართლის 19.10.2018
საქმის ნომერი
060100118002514046
ინსტანცია
თარიღი
19.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100118002514046

საქმე №1/ბ-612-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ------- გ-------ის მიმართ (პირადი ნომერი 5----------), საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების ხ-----------------------–----------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განაჩენით:

 

გ------- გ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ გ------- გ-------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალა პრობაციის ბიუროს, მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

გ------- გ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანს, დ-------- გ-------ეს (პ/ნ 5----------) განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ გ------- გ-------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 17 მაისიდან 2018 წლის 19 მაისის ჩათვლით.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ხ----------------–-------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- გ-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 12 მაისს, გ------- გ-------ეს ტელეფონით საუბრისას მეუღლესთან _ ლ---- გ--–-----ესთან, ყოფით საკითხებზე მოუვიდა კონფლიქტი. იმავე დღეს, დაახლოებით 23:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ------- გ-------ემ, ქ-----–-----------–---–------------ში მდებარე მეუღლის დედის, ხ------- გ--–-----ის საცხოვრებელი ბინის შესასვლელ კართან, ხ------- გ--–-----ეს, რომელიც მთვრალ მდგომარეობაში ყოფნის და აგრესიული ქმედებების გამო მას არ უშვებდა სახლში, მარცხენა ხელის არეში დაარტყა დანა. გ------- გ-------ის ქმედების შედეგად ხ------- გ--–-----ემ მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ------ მ--–--ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ------- გ-------ისათვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას არ იქნა გათვალისწინებული მსჯავრდებულის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, მოცემული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ------- გ-------ემ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ჩაიდინა ძალადობრივი დანაშაული, კერძოდ, მან დანის გამოყენებით იძალადა მეუღლის დედაზე, ასევე იყო აგრესიული და ითხოვდა სახლში შესვლას, მაშინ როდესაც იქ ეძინათ მცირეწლოვან ბავშვებს. აღნიშნული ქმედება კი არის მომეტებული საშიშროების შემცველი და ქმნის მსჯავრდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული პირობითი მსჯავრი და მან სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეაფასა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულად ხ------- გ--–-----ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - ლ---- გ--–-----ის, გ----–---------ის და კ-------------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ------- გ-------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა _ სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ------ მ--–--ემ განაჩენი გაასაჩივრა სასჯელის ნაწილში და ითხოვა გ------- გ-------ისთვის სასჯელის სახით რეალური თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, ნაცვლად პირობითი მჯავრისა, რასაც სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე, ის გარემოება, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ გ------- გ-------ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება. მსჯავრდებული გ------- გ-------ე წინათ ნასამართლევი არ არის და მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა რაიმე გარემოება გააჩნია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ------- გ-------ისთვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული (რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი) და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილი იყო მსჯავრდებულ გ------- გ-------ის მიმართ გამოეყენებინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლი და მისთვის დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, სათანადო გამოსაცდელი ვადის დაწესებით.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განაჩენი გ------- გ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განაჩენი გ------- გ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.გ------- გ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

4.მსჯავრდებულ გ------- გ-------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 17 მაისიდან 2018 წლის 19 მაისის ჩათვლით.

 

5.პირობით მსჯავრდებულ გ------- გ-------ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6.მსჯავრდებულ გ------- გ-------ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი და არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

 

7.გ------- გ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანს -დ-------- გ-------ეს (პ/ნ 5----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის მიერ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

8.ნივთიერი მტკიცებულება _ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ხ----------------–-------------–--ში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

 

9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/