განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117001981403
საქმე №2ბ/7135-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
5 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ამირან ძაბუნიძე
სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე
აპელანტი - ნ--- ჭ-------–---–ი
წარმომადგენელი - ა--- თ------ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ხ----–--ი“
წარმომადგენელი - ჯ--- მ----–--ე, გ--–- დ--------–---ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ--- ჭ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე სს ,,ხ----–--ს" მოსარჩელე ნ--- ჭ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 5100 ლარისა და პრიგასამტეხლოს 993.72 ლარის ანაზღაურება;
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე სს ,,ხ----–--ში“ 1989 წლის 12 იანვრიდან ბუღალტერიის განყოფილების უფროსად. 2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 25 აგვისტომდე მოსარჩელე ასრულებდა ბუღალტრის და სხვა ადმინისტრაციულ ვალდებულებებს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2011-2013 წლების სახელფასო დავალიანების მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში, ხანდაზმულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა 2011-2013 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების მოპასუხეზე დაკისრება.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოს აღნიშნულ დავის საგანზე სასარჩელო მოთხოვნით მიმართა 2017 წლის 23 ივნისს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისთვის მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება ის დრო, როცა მან ვერ მიიღო სახელფასო ანაზღაურება. ბოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტი მოსარჩელეს დაუდგა 2013 წლის დეკემბერში, როცა მან მისი განმარტებით ვერ მიიღო 2013 წლის დეკემბრის სახელფასო დავალიანება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელემ სარჩელის სასამართლოს მომართა 2017 წლის 23 ივნისს, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2011-2013 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების მოთხოვნებზე გასულია სასარჩელო მოთხოვნის 3 წლიანი ხანდაზმულობა ვადა.
2.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მოპასუხის 2016 წლის თებერვლიდან ივლისის თვის ჩათვლით სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 5100 ლარს.
მოპასუხე მიუთითებს, რომ მას გადახდილი აქვს მოსარჩელისთვის 2016 წლის თებერვლის თვიდან ივლისის ჩათვლით არსებული სახელფასო დავალიანება სრულად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ვერ ადასტურებს წარმოდგენილი მტკიცებულებებით 2016 წლის დავალიანების მოსარჩელისთვის სრულად გადახდის ფაქტს. მოპასუხეს არ წარმოუდგენია აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს გააჩნია სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2016 წლის თებერვლის თვიდან ივლისის თვის ჩათვლით. მოსარჩელის წარმოდგენილი დოკუმენტის, კერძოდ 2017 წლის 30 ივნისამდე მოსარჩელის მიერ მიღებული და მისაღები შემოსავლის თაობაზე ინფორმაციის საფუძველზე ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის ხელზე ასაღები ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება შედგენს 1300 ლარს, დგინდება, რომ 2016 წლის თებერვლიდან ივლისის თვის ჩათვლით, მოსარჩელეს უნდა მიეღო ხელფასი 7800 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ.224-225).
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი თანხის მოძრაობის ანგარიშის საფუძველზე (ი.ხ. ს.ფ.34) დგინდება, რომ 2016 წლის 10 მარტს, მოსარჩელე ნ--- ჭ-------–---–ზე გაიცა 2016 წლის იანვრის ხელფასი 1300 ლარის ოდენობით. ასევე აღნიშნული მტკიცებულებით დგინდება, რომ 2016 წლის 27 აპრილს, მოსარჩელეზე გაიცა სახელფასო დავალიანება 1000 ლარის ოდენობით, 2016 წლის 16 მაისს მოსარჩელეზე გაიცა სახელფასო დავალიანება 500 ლარის ოდენობით, 2016 წლის 31 მაისს მოსარჩელეზე გაიცა სახელფასო დავალიანება 200 ლარის ოდენობით და 2016 წლის 15 აგვისტოს მოსარჩელეზე გაიცა სახელფასო დავალიანება 1000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ჯამში, მოსარჩელეზე გაცემულია სახელფასო დავალიანება 2016 წლის თებერვლის შემდეგ 4000 ლარის ოდენობით, საიდანაც 1300 ლარი არის იანვრის ხელფასი (იხ. ს.ფ.34).
რაც შეეხება დანარჩენ დავალიანებებს, ვინაიდან თანხის მოძრაობის ანგარიშში არ არის დაკონკრეტებული თუ რომელი თვის დავალიანების დასაფარად იქნა აღნიშნული თანხები გაცემული, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხები გაცემულია 2016 წლის თებერვლიდან ივლისამდე პერიოდში არსებული დავალიანების დასაფარად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს 2016 წლის თებერვლის თვიდან ივლისის თვემდე არსებული სახელფასო დავალიანებიდან მიღებული აქვს 2700 ლარი, რაც უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ 2016 წლის მთლიან დავალიანებას 7800 ლარს. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მოპასუხის 2016 წლის თებერვლიდან ივლისის თვის ჩათვლით სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 5100 ლარს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტზე რომლის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეს გააჩნია მოსარჩელის მიმართ 2011-2013 წლების და 2016 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით სახელფასო დავალიანება ჯამში 58895 ლარის ოდენობით, რასაც მოპასუხე სადავოდ ხდის და მიუთითებს, რომ 2016 წლის დავალიანების გარდა, ყველა ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია და ამასთან მოპასუხეს ანაზღაურებული აქვს მოსარჩელისთვის სახელფასო დავალიანება სრულად.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ სასარჩელო მოთხოვნა 2011-2013 წლების სახელფასო დავალიანების მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში, ხანდაზმულია (იხ. 3.1.1.სადავო ფაქტ. გარემოება).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა 2011-2013 წლების სახელფასო დავალიანების მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია და ამასთან, მოპასუხე უარს აცხადებს აღნიშნული დავალიანების გადახდაზე, სასამართლომ მიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკამყოფილდეს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მოპასუხის 2016 წლის თებერვლიდან ივლისის თვის ჩათვლით სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 5100 ლარს (იხ. 3.2.2. სადავო ფაქტ. გარემოება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 2016 წლის თებერვლის თვიდან ივლისის თვემდე არსებული სახელფასო დავალიანების 5100 ლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
2.5. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით 2011 წლისთვის - 21589 ლარის, 2012 წლისთვის - 11957 ლარის, 2013 წლისთვის - 15023 ლარისა და 2016 წლის თებერვლის თვიდან ივლისის თვის ჩათვლით სახელფასო დავალიანებაზე - 993,72 ლარის დაკისრება.
სასამართლომ მიიჩნია, ვინაიდან 2011 წლიდან 2013 წლის ჩათვლით სახელფასო დავალიანების შესახებ მოთხოვნა ხანდაზმულია, ამ მოთხოვნიდან წარმოშობილი სასარჩელო მოთხოვნა - 2011-2013 წლების დავალიანებაზე დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ასევე, ხანდაზმულია, რის გამოც, პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკამაყოფილდეს.
მოპასუხემ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ 2016 წლის თებერვლის თვიდან ივლისის თვის ჩათვლით არსებული სახელფასო დავალიანებისთვის დასარიცხი პირგასამტეხლოს თანხასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს
ოდენობას არ ეთანხმება და იგი არ არის სწორად დაანგარიშებული.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება მოსარჩელის მიმართ და არ უხდიდა მას ხელფასს ხელშეკრულების შესაბამისად იმ პერიოდში, როცა ისინი იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში. შესაბამისად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა 993,72 ლარი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება მოსარჩელის პოზიციის გასაბათილებლად დადასტურებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ 2016 წლის თებერვლის თვიდან 2016 წლის ივლისის თვემდე სახელფასო დავალიანებაზე - 5100 ლარზე, ამ დავალიანების წარმოშობიდან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა, მნიშვნელოვნად აღემატება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობას 993.72 ლარს, თუმცა სასამართლო დისპოზიციურობის პრონციპიდან გამომდინარე ვერ გასცდება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის ფარგლებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის 2016 წლის თებერვლის თვიდან ივლისის თვემდე არსებული სახელფასო დავალიანებაზე - 5100 ლარზე დარიცხული პირგასამტეხლოს 0.07%-ის - 993,72 ლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტი განმარტავს, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის სახელფასო გაანგარიშებები არამართებულია და არ შეესაბამება რეალურ ვითარებას. აღნიშნულს არ ეთანხმება აპელანტი და მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა არის კანონიერი და საფუძლიანი, რომელიც ემყარება წერილობით მტკიცებულებებს. აღნიშნული მტკიცებულებები კი წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით.
აპელანტი მიუთითებს, რომ შესაგებელში მოხდა აპელირება „ინდივიდუალური მეწარმის“ ფორმულირებაზე. შემოსავლების სამინისტროს მიერ გაცემული ცნობიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ი/მ ნ--- ჭ-------–---–ი, ასევე ფ/პ ნ--- ჭ-------–---–ი იდენტურია პ/ნ 01011027234. რაც ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელეს სახელფასო თანხები მიღებული აქვს სააქციო საზოგადოება „ხ----–--ი“-დან ს/კ 204379886.
მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ მოსარჩელე 2004 წლიდან იკავებდა ორ პოზიციას, ფუნქციურად მოსარჩელე ასრულებდა შემდეგ სამუშაოებს: 1. მასალების აღრიცხვა და ჩამოწერა; 2.ხელფასების დარიცხვა; აღნიშნულ ვალდებულებებს მოსარჩელე ასრულებდა კეთილსინდისიერად და ჯეროვნად.
აპელანტი განმარტავს, რომ (2007 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით) შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ ცნობაში დაფიქსირებულია წლების მიხედვით მოსარჩელის მიერ მიღებული ანაზღაურება, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ძველი პერიოდის ბრძანება ხელფასის განაკვეთის თაობაზე არ შეესაბამება დაფიქსირებული ხელფასის ოდენობას. ასევე აპელანტი აღნიშნავს, რომ ხელფასების გაცემა ხდებოდა არასრულად ე.ი. წინა პერიოდის რამოდენიმე თვის ხელფასის გაცემა ხდებოდა მომავალი წლის დასაწყისში.
აპელანტის მითითებით, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება საბუღალტრო ამონაწერების შესახებ, რომელიც მოიცავს 2008-2010 წლის ბოლოს მოსარჩელე სრულიად იზიარებს. აღნიშნული მტკიცებულებით ცალსახად ირკვევა, რომ მოპასუხის მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანება 2008-2010 წლის ბოლოსათვის შეადგენს 26 405 ლარი 30 თეთრი. ხელფასების დარიცხვის პროცესი მიმდინარეობდა რეგულარულად ყოველთვე კომპლექსური საბუთებით, რომელიც იქმნებოდა კადრების განყოფილების მიერ და ხელს აწერდა გენერალური დირექტორი გ.ჩიქოვანი, ასევე აღმასრულებელი დირექტორი ჯ.მ----–--ე. სამუშაო განრიგის (ტაბელი) საფუძველზე ხდებოდა სახელფასო დარიცხვა თითოეულ თანამშრომელზე. იქმნებოდა საბუთი დარიცხვის უწყისი ე.წ. საკრედიტო, რომლის საფუძველზეც ხდებოდა ხელფასების გაცემა სალაროს გასავლის უწყისით.
მოპასუხის მოსაზრება თითქოსდა, მოსარჩელე არამართლზომიერად მოქმედებდა და სახელფასო უწყისებს თვითნებურად ადგენდა არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან აღნიშნული საკითხები ხელფასის განაკვეთები და სახელფასო უწყისების საკითხები თანხმდებოდა საწარმოს ხელმძღვანელობასთან და კიდევ უფრო მეტი ხელფასის გაცემაც კი თანხმდებოდა მენეჯმენტთნ.
აპელანტი მიუთითებს, რომ მენეჯმენტის შეხვედრებს ყოველთვის ესწრებოდნენ გადაწყვეტილების მიმღები პირები, კერძოდ: გენერალური დირექტორი გ.ჩიქოვანი, აღმასრულებელი დირექტორი ჯ.მ----–--ე, ფინანსური დირექტორი ზ.დოდაშვილი და მთავარი ბუღალტერი ნ.ლაბაური. აქედან გამომდინარე, აპელანტი განმარტავს, რომ რაიმე უკანონო ქმედების აღმოჩენის შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ უნდა გატარებულიყო შესაბამისი კანონით განსაზღვრული ზომები.
აპელანტი განმარტავს, რომ მოპასუხის მხრიდან შერჩევითად მოხდა საბუთების წარმოდგენა, მათ არ გააჩნდათ დამადასტურებელი საბუთები ძველი პერიოდის 2004-დან 2013 წლის ჩათვლით, რადგან მათი ლიკვიდაცია მოხდა 2016 წლის აგვისტოს თვეში, რადგან შეიცვალეს ფაქტიური მისამართი ლესელიძის 15-დან გადავიდნენ ბაზალეთის 10-ში და ვერ შეძლებენ დამამტკიცებელი საბუთების წარმოდგენას. აპელანტს აქვს გონივრული ეჭვი, რომ მოპასუხე ცდილობს სასამართლო პროცესის გაჭიანურებას.
სს „ხ----–--ში“ 2011 წლიდან გაიზარდა სამუშაოს მოცულობა რკინიგზის შემოვლითი გზის მშენებლობის დაწყებით-პროექტი გრძელდებოდა 2013 წლის ჩათვლით, სადაც მოსარჩელე იკავებდა ორ პოზიციას, მათ შორის მასალების აღრიცხვის და ხელფასების დარიცხვის, რომელსაც კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა.
„ხელფასის განაკვეთი თუ რას იღებდა ყოველთვიურად მოსარჩელე ზუსტად გაწერილია ჩვენს მიერ წარმოადგენილ მტკიცებულებებში, კერძოდ შემოსავლების სამსახურის ამონაწერში და ასევე სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ სახელფასო ამონაწერებში. მითითებულ ბანკში მოსარჩელს წლების განმავლობაში ერიცხებოდა ხელფასი.
უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წელს შემოსავლების სამინისტროს მიერ ჩატარებულია 2011-დან 2014 წ პირველი კვარტალის ჩათვლით ბუღალტრული დოკუმენტაციის რევიზია ყველანაირი დოკუმენტის შესწავლით, მათ შორის მასალების აღრიცხვის და ხელფასების დარიცხვის ორივე პოზიციის შემსრულებელი გახლდათ მოსარჩელე.
2014 წელს აუდიტის მიერ შემოწმდა ს/ს „ხ----–--ი“ 2011-2014 პირველი კვარტალი. აუდიტის ჯგუფი ლელა ჯანელიძე; ვლადიმერ ქავთარაძე; ლელა კინწურაშვილი იმ პერიოდში წარმოადგენდნენ ხელშეკრულებით ს/ს „ხ----–--ი“-ს თანამშრომლებს და აქვთ დოკუმენტები შესწავლილი. ვინაიდან, მთავარი ბუღალტერი ქ-ნ ნუნუ ლაბაური 2014 წლის თებერვლის თვეში გაშვებულ იქნა ჯერ ფასიან შვებულებაში და შემდეგ კი უხელფასო შვებულებაში, რომელშიდაც იმყოფება დღემდე. ზეპირი შეთანხმებით მოსარჩელე დარჩა ზემოთ აღნიშნულ პოზიციებზე შემცირებული ხელფასით თვეში 1625 ლარის ოდენობით იმ პირობით,რომ ყოველ თვე დამატებით მიიღებდა ძველი სახელფასო დავალიანებიდან გარკვეულ თანხებს.
ვინაიდან, 2014 წელში უკვე დაირღვა პირობა ძველი სახელფასო დავალიანების გადახდის შესახებ მოსარჩელემ მიიღო მხოლოდ 1300 ლარი.
2014 წლის ოქტომბერში, მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს უშუალოდ სს „ხ----–--ის“ გენერალურ დირექტორს გრიგოლ ჩიქოვანს დარჩენილი სახელფასო დავალინების განწილვადების შესახებ, რაზეც მოპასუხე მხარემ უარი განაცხადა.
აპელანტის მტკიცებით, მოპასუხე მხარის სს „ხ----–--ის“ მმართველობის არაკეთილსინდისიერებას ადასტურებს ქვემოთ მოყვანილი გარემოებები და შესაბამისი წერილობითი მტკიცებულებები:
სახელფასო დავალიანებების გადახდის თავიდან არიდების მიზნით სს „ხ----–--ის„ მმართველობა იყენებს სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო მეთოდებს და მუდმივად ცდილობს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას.
აღნიშნულის ცალსახა მაგალითია ახალი სამეწარმეო სუბიექტების რეგისტრაცია და ვალდებულებების მათზე გადანაწილება, რასაც მოპასუხე მხარე აქტიურად მიმართავს. 2014 წლის 26 ნოემბერს მოპასუხემ დაარეგისტრირა შპს „ხ----–--ი-პლიუსი“ დირექტორი ბ.ჭიღვარია.
აპელანტი განმარტავს, რომ შპს „ხ----–--ი-პლიუსში“ 51% წილის მესაკუთრეა მოპასუხე სს „ხ----–--ი. ახალი შპს-ის რეგისტრაცია განპირობებული იყო მოპასუხის ვალდებულებების გადანაწილებისათვის. მაგრამ არცერთი სუბიექტის მიერ სრულად ვალდებულებები არ შესრულდა.
სს „ხ----–--ს“ ჰქონდა მსხვილი შეკვეთა უნდა შეესრულებინა სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოს შესრულების დროისათვის მოპასუხეს სს „ხ----–--ს“ და შპს „ხ----–---პლიუსს“ არაერთი ფინანსური ვალდებებულები გააჩნდა, როგორც ფიზიკური პირების ასევე იურიდიული პირების მიმართ.
2014 წლის 18 დეკემბერს სს „ხ----–--მა“ დაარეგისტრირა ახალი შპს „საქხ----–--ი“ დირექტორი გ.ჩიქოვანი პ/ნ 01008003477, აღნიშნულ შპს-ში 49% წილის მესაკუთრეა სს „ხ----–--ი“.
2015 წლის 31 აგვისტოს სს „ხ----–--ის“ გენერალურმა დირექტორმა გრიგოლ ჩიქოვანმა გადაიხადა სს „ხ----–--ის“ საშემოსავლო გადასახადი (დანართი #13).
აპელანტი განმარტავს, რომ აღნიშნული პირები გრიგოლ ჩიქოვანი პ/ნ 0108003477 და ბორის ჭიღვარია პ/ნ 01009009683 სამივე სამეწარმეო სუბიექტში წარმოადგენენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.
2015 წლის აგვისტოს თვეში გაფორმდა სამხრივი შეთანხმება, რომლითაც მხარეებმა იკისრეს ფულადი ვალდებულებები, რომ შპს „ხ----–---პლიუსს“ აენაზღაურებინა დავალიანება (დანართი #16).
მოპასუხე მხარე პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ახდენდა დავალიანებების წერილობითი ფორმით აღიარებას.
2015 წლის აპრილში მოპასუხე სს „ხ----–--მა“ მიკერძოებულად გააფორმა ურთერთშედარების აქტი, რითაც მოახდინა ვალის აღიარება.
აპელნტის აზრით, მოპასუხე მხარე მიზანმიმართულად ახდენს მოვალეთა რეესტრში სამეწარმო სუბიექტების რეგისტრაციას და კიდევ უფრო მეტიც დავალიანების დაფარვის შემთხვევაშიც კი არ ახდენს მოთხოვნის გაკეთებას მოვალეთა რეესტრიდან მათი ამორიცხვის თაობაზე. განჩინება #2/6268-15. 06/04/2015 წელი.
3.2. აპელანტი განმარტავს, რომ მოსარჩელე მიუხედავად არსებული 2016 წლის 14 იანვრის N01-კ ბრძანებისა. როგორც ბუღალტერიის განყოფილების უფროსი ასრულებდა თავის მოვალეობას, რადგან იყო მოთხოვნა ბალანსის ჩაბარებამდე შეესრულებინა თავისი ფუნქცია, რაც დასტურდება როგორც ელფოსტით და ბუღალტრული პროგრამა ინფობუღალტერით, ასევე იმ დოკუმენტებით, რაც დღემდე შეიძლება მოძიებულ იქნეს ორგანიზაციის ოფისში ბაზალეთის 10-ში(მოსარჩელის განმარტებით დოკუმენტები ნ---ხი აქვს 2016 წლის ოქტომბრის თვეში ,როდესაც ადმინისტრაციის თხოვნით იყო მისული და გადაუხადეს ძველი სახელფასო დავალიანებიდან თანხა 1500 ლარის ოდენობით, რაც დაფიქსირებულია შემოსავლებიდან მიღებულ ცნობაში.
აპელანტი მიუთითებს, რომ კომპანიები შპს „ბორი 85“; შპს „ხ----–--ი-პლიუსი“; შპს „საქხ----–--ი“ მჭიდრო კავშირში, რომ არიან დღემდე ს/ს „ხ----–--“-თან ამის დასტურია ბუღალტრული კავშირები, რომელიც შეიძლება მოპოვებულ იქნეს, როგორც ელფოსტით, ასევე ინფობუღალტერით და კიდევ ლელა ჯანელიძე დღემდე ითვლება ს/ს „ხ----–--ი“-ს მთ.ბუღალტრად, ასევე, შპს „ბორი 85“-ში ლელა კინწურაშვილი, ვლადიმერ ქავთარაძე შპს „ხ----–--ი-პლიუსი“ პარალელურად ს/ს „ხ----–--ი“-ს ბუღალტერიაში.
იმის დასადასტურებლად, რომ სს „ხ----–--ი“ არის არაკეთილსინდისიერი სამეწარმოე სუბიექტი, რომელიც სახელფასო დავალიანებების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ქმნიდა ახალ შპს-ს, შემდეგ ახლად შექმნილი შპს-დან შერჩევითად ხდებოდა სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე დავალიანების დაფარვა, ეს უკანასკნელი განხორცელდა 2016 წლის დეკემბერში და 2017 წლის 13/04 შპს „ბორი 85“ ბუღალტერმა ლელა კინწურაშვილმა, მოსარჩელეს ჩაურიცხა ძველი სახელფასო დავალიანებები.
კიდევ ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით გ.ჩიქოვანმა გახსნა პირადი ანგარიში TBC ბანკში, სადაც ხდებოდა ს/ს „ხ----–--ი“-ს ანგარიშზე, ასევე სალაროში არსებული თანხების ჩარიცხვა-გადატანა, რომელსაც ახორციელებდა შპს „ხ----–--ი პლიუსის“ ბუღალტერი ვლადიმერ ქავთარაძე.
3.3. აპელანტი განმარტავს, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა. მოპასუხე სს „ხ----–--ს“ მოსარჩელე ნ--- ჭ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 5100 ლარის და პირგასამტეხლო 993.72 ლარის ოდენობით. სასამართლომ უარი თქვა 2011,2012, 2013 წლების სახელფასო დავალიანების დაკისრებაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.
აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მსჯელობს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლზე, რომელიც განმარტავს, რომ „შრომა თავისუფალია. 2. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. 3. შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ. 4. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.
ასევე, შრომის კოდექსის 2 მუხლით “შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ“. 31-ე მუხლით „1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. 3. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
აპელანტის შეფასებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი, რომელიც განმარტავს შემდეგს „ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოაშობის მოემენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება, ის დრო როცა მან ვერ მიიღო სახელფასო ანაზღაურება. ბოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტი მოსარჩელეს დაუდგა 2013 წლის დეკემბერში, როცა მან ვერ მიიღო დეკემბრის თვის ანაზღაურება. ასევე სასამართლო განმარტავს, რომ ვინადან მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა 2017 წლის 23 ივნისს, სასამართლომ მიიჩნია რომ 2011 2012 2013 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების მოთხოვნაზე გასულია სასარჩელო მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია და წარმოადგენილი მტკიცებულება (იხ. დანართი #2 საკრედიტო ამონაწერი), სადაც ცალსახად დასტურდება რომ მოპასუხე კომპანია სს „ხ----–--ი“ მოსარჩელეს 2015 2016 წლებში მიმდინარე ხელფასთან ერთად ასევე ურიცხავს ძველ დავალიანებას. ძველ დავალიანებაში ბუნებრივია იგულისხმება 2011 2012 2013 წლების დავალიანება, რადგანაც 2010 წლის დავალიანება როგორც მოთხოვნა მოსარჩელეს მხრიდან მოხსნილი იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში, 2014-2015 წლების დავალიანება ფიზიკურად არ არსებობდა.
აპელანტი განმარტავს, რომ მოსარჩელე ნ--- ჭ-------–---–ი, როგორც სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში იყო აღნიშნული მოპასუხე სს „ხ----–--ში“ დასაქმებულია მრავალი წელი და დასაქმებული იყო ასევე 2011, 2012 2013 წლებში ამ პერიდისათვის ის ასრულებდა სამუშაოს კომპანიისათვის და კომპანია ვალდებული იყო გადაეხადა მისთვის შრომითი ანაზღაურება. შრომითი ანაზღაურების გადახდა ბუნებრივია ხებოდა წლების განმავლობაში მაგრამ ეტაპობრივად და ნაწილ ნაწილ ზოგჯერ მიმდინარე ხელფასის და ზოგჯერ არსებული დავალიანების სახით. (იხ დანართი #1. საშემოსავლო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა და საბანკო ამონაწერები).
აპელანტი მიუთითებს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები წარდგენილი იყო პირველ ინსტანციაში რაც სასამართლომ არ გაიზიარა. სასამართლო სადავო გადაწყვეტილებაში საერთოდ არ მსჯელობს თუ რატომ მიაჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად, უბრალოდ მხოლოდ ერთი სიტყვით უთითებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2011 2012 2013 არის ხანდაზმული.
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების 6.1 პუნქტში განმარტავს, რომ მოპასუხე სადავოდ ხდის 2016 წლის დავალიანებასაც და განმარტავს, რომ წინა წლების დავალიანებები 2011, 2012, 2013 წლების არის ხანდაზმულიო, აქვე უთითებს, რომ მოპასუხეს ანაზღაურებული აქვს მოსარჩელისათვის სახელფასო დავალინება სრულად.
აპელანტი აღნიშნავს, რომ საერთოდ გაუგებარია მოპასუხის პოზიცია თუ ხანდაზმულია მოთხოვნა, მაშინ როგორ, მოხდა მისი სრულად ანაზღაურება და საერთოდ ბუნდოვანია სასამართლოს მიდგომა ამ საკითხთან მიმართებაში რატომ ახდენს ამ დებულების გაზიარებას გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
აპელანტი უთითებს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე და განმარტავს:
ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა
შეჩერებისაგან განსხვავებით, „შეწყვეტამდე გასული დრო მხედველობაში არ მიიღება და ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდან იწყება“. ხანდაზმულობის შეწყვეტას სკ ორ გარემოებას უკავშირებს:
ა) ვალდებული პირის მიერ მოთხოვნის აღიარებას.
ბ) უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლოში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში მიმართვას.
აპელანტის განმარტებით, მოთხოვნის არსებობის აღიარება სხვადასხვა მოქმედებაში შეიძლება გამოიხატოს, რომლებიც ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას. ამ მოქმედებებიდან კანონი ასახელებს ავანსის, პროცენტის და კრედიტორისათვის გარანტიის მიცემას. მაგრამ არ გამორიცხავს მოთხოვნის აღიარების სხვა მოქმედებებსაც, რომლებიც მოწმობენ მოთხოვნის აღიარებაზე. მაგ: როცა მოვალე აღიარებს ვალდებულებას არსებობას ან ვალდებულების ნაწილს ასრულებს. იმისათვის, რომ მოვალის მოქმედება გაგებული იქნეს, როგორც მოთხოვნის არსებობის აღიარება, აუცილებელია, რომ აღიარება მოხდეს კრედიტორის და არა სხვა პირის წინაშე. უფლებამოსილი პირის მიერ სარჩელის შეტანა სასამართლოში-სასამართლოში სარჩელის წარდგენის გარდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას გამოიწვევს პირის მიერ მოთხოვნის არსებობის შესახებ განცხადების შეტანა სახელმწიფო ორგანოში ან სასამართლოში. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა გრძელდება სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება. ხანდაზმულობის შეწყვეტა მოთხოვნის არსებობის აღიარება (სუსგ. № ას-599-562-2010).
აპელანტი მიუთითებს, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნის „სხვაგვარ აღიარებად“ მხოლოდ მოვალის ერთმნიშვნელოვანი და ნათლად გამოვლენილი ნება ჩაითვლება, რომლის საფუძველზეც იგი პირდაპირ აღიარებს დავალიანების არსებობას. ნებისმიერი ეჭვი ან უზუსტობა მოვალის სასარგებლოდ უნდა იქნეს განმარტებული.
3.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მოითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ. მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება რომლითც სრულად დაკმაყოფილდება ნ--- ჭ-------–---–ის მოთხოვნა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.- 2.5. პუნქტები).
4.2. სააპელაიო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
4.3. პალატა მიუთითებს, რომ შრომის უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება. შრომა, სოციალური გარემო არის ადამიანის ყოფიერების უმთავრესი ელემენტი, ხოლო ანაზღაურება - ღირსეული არსებობის მთავარი პირობა. შრომის უფლება მხოლოდ საარსებო წყაროს მოპოვების საშუალებად არ მოიაზრება, ის ადამიანის ღირსების დაფიქსირების, პიროვნული დამკვიდრების და განვითარების, თვითრეალიზაციის შესაძლებლობების მთავარი და სასიცოცხლო მიზანიც და საშულებაცაა.
პალატა განმარტავს, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობა. დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც, ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის საფუძველზე, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთრი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება ან განახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების უზრუნველყოფისათვის.
შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით. მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარებაც, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი ნ--- ჭ-------–---–ი მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რომელიც წარმოდგენს 2011, 2012, 2013 წლის დავალიანებებს.
დადგენილია, რომ ნ--- ჭ-------–---–ი დასაქმებული იყო სს ,,ხ----–--ში“ 1989 წლის 12 იანვრიდან ბუღალტერიის განყოფილების უფროსად, ხოლო 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 25 აგვისტომდე ასრულებდა ბუღალტერის და სხვა ადმინისტრაციულ ვალდებულებებს.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2011, 2012, 2013 წლის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე არ არის ხანდაზმული.
უდავოა, რომ აპელანტმა ვერ მიიღო 2013 წლის დეკემბრის სახელფასო დავალიანება. ხოლო სარჩელი წარმოადგენილია 2017 წლის 23 ივნისს, შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ 2011-2013 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების მოთხოვნებზე გასულია სასარჩელო მოთხოვნის 3 წლიანი ხანდაზმულობა ვადა.
ხანდაზმულობის ინსტიტუტის შინაარსი და მისი გამოყენების წინაპირობები მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით, რაც არაერთხელ გამხდარა საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების საგანი. თუმცა, მისი ზოგადი სამართლებრივი არსი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მნიშვნელობით შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმე №3/1/531 (ჯანაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია „....სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას......".
ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართულია ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად: „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს..." (იხ. CASE OF STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM 1996 წლის 22 ოქტომბერი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144.1 მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
პალატა განმარტავს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი ანალიზით ირკვევა, რომ ნ--- ჭ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა, წარდგენილია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 129.2-ე, 130-ე, მუხლებისა, მოკლებულია სამართლებრივ ვარგისიანობას ხანდაზმულობის გამო, რაც გამორიცხავს ხანდაზმული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144.1 მუხლი უფლებას აძლევს მოპასუხეს, უარი თქვას მოთხოვნილი დავალიანების გადახდაზე.
მოცემულ შემთხვევაში პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელისთვის მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება ის დრო, როცა მან ვერ მიიღო სახელფასო ანაზღაურება. ბოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტი მოსარჩელეს დაუდგა 2013 წლის დეკემბერში. შესაბამისად, გასულია სასარჩელო მოთხოვნის 3 წლიანი ხანდაზმულობა ვადა.
4.3. შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა განმარტავს, რომ დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას, ანუ, სახეზეა გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების განუხორციელებლობა, ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი ხანდაზმულია, პალატას მიაჩნია, რომ სს ,,ხ----–--ისთვის“ პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.
4.4. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნის „სხვაგვარ აღიარებად“ მხოლოდ მოვალის ერთმნიშვნელოვანი და ნათლად გამოვლენილი ნება ჩაითვლება, რომლის საფუძველზეც იგი პირდაპირ აღიარებს დავალიანების არსებობას. ნებიმისერი ეჭვი ან უზუსტობა მოვალის სასარგებლოდ უნდა იქნეს განმარტებული.
სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
ვადის დენის შეწყვეტა ნიშნავს, რომ შეწყვეტამდე გავლილი დრო ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება და ვადის ათვლა თავიდან დაიწყება. თუ ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება, როგორც წესი, გამოწვეულია სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტების ნებისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ვადის დენის შეწყვეტას კანონი მოსარჩელის ან მოპასუხის შეგნებულ მოქმედებას უკავშირებს. მოთხოვნის აღიარებად ითვლება მხოლოდ მოვალის აქტიური მოქმედებები, რომლებიც ადასტურებენ მის მიერ ვალის აღიარებას. ყველა სხვა მისი ქმედება, კერძოდ კი უმოქმედობა (მაგალითად, რეაქციის არქონა კრედიტორის მოთხოვნაზე) არ წყვეტს ხანდაზმულობის ვადის დენას. ნაწილი ისეთი მოქმედებებისა, რომლებიც მოთხოვნის აღიარებად ჩაითვლება, მითითებულია 137-ე მუხლში. ესენია: ავანსის, პროცენტის გადახდა ან გარანტიის მიცემა. თუმცა პრაქტიკაში შესაძლებელია ვალის სხვა მოქმედების განხორციელებით აღიარება. ვალის აღიარების აღნიშნული ფორმა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაში განმარტებულია როგორც ვალის დეკლარაციული (კაუზალური) აღიარება. კაუზალურობის განმაპირობებელი ფაქტორი ისაა, რომ აღიარება დამოუკიდებელ თვითმყოფად საფუძველს კი არ ეყრდნობა, არამედ არსებულ საფუძველს (იხ. მესხიშვილი, „ვალის აღიარება (თეორია და სასამართლო პრაქტიკა)“, ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა, V გამოცემა, 2016, 52-66).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვალის დეკლარაციული აღიარება იწვევს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას, მაგრამ გავლენას ვერ იქონიებს უკვე გასულ ხანდაზმულობის ვადაზე და ვერ გამოიწვევს მის აღდგენას. მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან გასული დრო ბევრად აღემატება ხანდაზმულობის სამწლიან ვადას, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალის აღიარება, კრედიტორის ხანდაზმულ მოთხოვნას განხორციელებადად ვერ აქცევს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის’’ შესახებ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ--- ჭ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო იმავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე