განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210016001398436
საქმე №2ბ/534-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი - ნ--–- ყ-----–---–ი
წარმომადგენელი: გ------- თ---------ე
მოწინააღმდეგე მხარე - გ------- წ-------ია
წარმომადგენელი - თ----- პ-----ე
მოპასუხე - ნ---- ხ------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ------- წ-------იას სარჩელი დაკმაყოფილდა და ყადაღისაგან გათავისუფლდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 18 მაისის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ N9---- აქტში მითითებული მოძრავი ნივთები:
- ტელევიზორი (“SAMSUNG”-ის პლაზმური, შავი ფერის, საშუალო ზომის);
- ოთხი კარადა (მუქი მოყავისფრო კარადები, ღია და დახურული სათავსოებით, შუშის კარებებით);
-კომპიუტერის კომპლექტი (“LG”-ის, შავი ფერის მონიტორი, ქეისი მონაცრისფრო, კლავიატურა, მაუსი);
- კომპიუტერის მაგიდა (მუქი ყავისფერი, აღენიშნება დაზიანებები);
- სავარძლის სამეული (დივანი, ორი სავარძლით, ხე/ნაჭერი);
- სარეცხი მანქანა (“BEKO”-ს თეთრი ფერის);
- შემოსასვლელის კარადა (თეთრი ფერის, დახურული სათავსოებითა და სარკით);
- როიალი (“J Moritz”, შავი ფერი)
- დესაო (მუქი ყავისფერი, დახურული სათავსოებითა და სარკით);
- სავარძლების კომპლექტი (დივანი ოთხი სავარძლით, ნაჭერი/ხე, ღია ფერის);
- სავარძლების კომპლექტი (დივანი ორი სავარძლით, ხე/ნაჭერი, ღია ფერის);
- ექვსი სკამი (ხე/ნაჭერი, ღია ყავისფერი);
- მაცივარი (“whirlpool”, მოვერცხლისფრო, დიდი ზომის, ზედა საყინულით);
- მაცივრი (“BEKO”, თეთრი ფერის, მომცრო ზომის);
- გაზქურა (“ARDO”, მოვერცხლისფრო, მეორადი)’
- ჭურჭლის სარეცხი მანქანა (“Vestel pearl 6s ”, მონაცრისფრო)
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო სააღსრულებო წარმოებას ახორციელებს ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 24 ივნისს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;
2.2. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოვალე არის მოპასუხე ნ---- ხ------, ხოლო კრედიტორი ნ--–- ყ-----–---–ი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;
2.3. 2016 წლის 18 მაისის აქტით (N9----) დაყადაღდა შემდეგი მოძრავი ნივთები:
- ტელევიზორი (“SAMSUNG”-ის პლაზმური, შავი ფერის, საშუალო ზომის);
- ოთხი კარადა (მუქი მოყავისფრო კარადები, ღია და დახურული სათავსოებით, შუშის კარებებით);
- კომპიუტერის კომპლექტი (“LG”-ის, შავი ფერის მონიტორი, ქეისი მონაცრისფრო, კლავიატურა, მაუსი);
- კომპიუტერის მაგიდა (მუქი ყავისფერი, აღენიშნება დაზიანებები);
- სავარძლის სამეული (დივანი, ორი სავარძლით, ხე/ნაჭერი);
- სარეცხი მანქანა (“BEKO”-ს თეთრი ფერის);
- შემოსასვლელის კარადა (თეთრი ფერის, დახურული სათავსოებითა და სარკით);
- როიალი (“J Moritz”, შავი)
- დესაო (მუქი ყავისფერი, დახურული სათავსოებითა და სარკით);
- სავარძლების კომპლექტი (დივანი ოთხი სავარძლით, ნაჭერი/ხე, ღია ფერის);
- სავარძლების კომპლექტი (დივანი ორი სავარძლით, ხე/ნაჭერი, ღია ფერის);
- ექვსი სკამი (ხე/ნაჭერი, ღია ყავისფერი);
- მაცივარი (“Whirlpool”, მოვერცხლისფრო, დიდი ზომის, ზედა საყინულით);
- მაცივრი (“BEKO”, თეთრი ფერის, მომცრო ზომის);
- გაზქურა (“ARDO”, მოვერცხლისფრო, მეორადი)’
- ჭურჭლის სარეცხი მანქანა (“Vestel pearl 6s”, მონაცრისფრო)
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;
2.4. არსებული მდგომარეობით სადავო ნივთები არ არის რეალიზებული და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ არ არის დანიშნული აუქციონი დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილობითი პასუხი;
2.5. 2016 წლის 18 მაისის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით (N9----) დაყადაღდა ქ. თბილისი, ც-------–ის ქუჩა N38, ბ. N10-ში (ს/კ 0----------------------) მდებარე მოძრავი ნივთები.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმები/სარჩელი/შესაგებლები).
2.6. უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ც-------–ის ქუჩა N38, ბ. N10 (ს/კ 0----------------------) არის მოსარჩელე გ------- წ-------იას საკუთრებაში, რომელიც 2012 წლის 28 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო დეიდა ნ---- ხ------საგან.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
2.7. მოვალე ნ---- ხ------ არის მოსარჩელე გ------- წ-------იას დედა. ამასთან გ------- წ-------ია დაოჯახებულია და გააჩნია დამოუკიდებელი ოჯახი, ჰყავს მეუღლე და შვილი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა;
- ქორწინების მოწმობა;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმები/სარჩელი/შესაგებლები).
სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.8. ნ---- ხ------ს რეგისტრირებულ მისამართს წარმოადგენს გ------- წ-------იას საკუთრებაში არსებული ბინა (ქ. თბილისი, ც-------–ის ქუჩა N38, ბ. N10), თუმცა ფაქტობრივად მითითებულ მისამართზე მუდმივად ცხოვრებას არ ახორციელებს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმები/სარჩელი/შესაგებლები).
- მოწმეთა ჩვენება (იხ. 27.11.2017წ. სხდომის ოქმი)
2.9. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავოდ გამხდარი მოძრავი ნივთები არის გ------- წ-------იას საკუთრება. ხსენებული დასკვნის საფუძველს იძლევა მხარის ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება და საქმეში არსებული მასალები. ამასთან, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს დაყადაღებული ნივთების მოსარჩელის მიერ ფლობის ფაქტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით ........ საქმეზე სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების გაქარწყლების მტკიცება მოდის მოპასუხეებზე (ნ--–- ყ-----–---–ი, ნ---- ხ------), რომლებსაც შედავება ამ ფაქტობრივ გარემოებებზე არ წარმოუდგენიათ. საწინააღმდეგო არ უდასტურებიათ. მოპასუხე ნ--–- ყ-----–---–მა მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტების საფუძველზე გახადა სადავო ნივთების გ------- წ-------იასადმი კუთვნილების ფაქტი, რაც ვერ მიიჩნევა დასაბუთებულ შედავებად და ვერ გააბათილებს გ. წ-------იას მესაკუთრეობას დაყადაღებული ნივთების მიმართ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმები/სარჩელი/შესაგებლები).
- მოწმეთა ჩვენება (იხ. 27.11.2017წ. სხდომის ოქმი)
2.10. საქმის მასალებით არ დადასტურდა ნ---- ხ------ს მიერ სადავო ნივთების ფლობა და შესაბამისად ვერ გაკეთდება დასკვნა, რომ თუნდაც ფლობის ფაქტზე დაყრდნობით ნივთები წარმოადგენს მოვალის საკუთრებას. სახლი სადაც დაყადაღდა მოძრავი ნივთები არ წარმოადგენდა მოვალის საკუთრებას, დაყადაღების პროცესში ნივთები არ იმყოფებოდა მის მფლობელობაში. მოსარჩელემ გარდა იმისა, რომ დაადასტურა უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება, კერძოდ იმ საცხოვრებელი ბინის კუთვნილების ფაქტი, სადაც აღიწერა და დაყადაღდა მოძრავი ნივთები, განმარტა, რომ მოძრავი ნივთები წარმოადგენს მის საკუთრებას, შეძენილია წლების მანძილზე, მოპასუხე ნ---- ხ------ს აღნიშნული ნივთები არ შეუძენია და დაქორწინების შემდგომ თავისი მეუღლისა და მისი ხარჯებით მოხდა მითითებული ნივთების შეძენა. საგულისხმოა, რომ 18.05.2016 წლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში შემნახველ პირად მითითებულია გ------- წ-------ია და არა ნ---- ხ------, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს გ------- წ-------იას საკუთრებას დაყადაღებული მოძრავი ნივთების მიმართ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმები/სარჩელი/შესაგებლები).
2.11. დაყადაღებული მოძრავი ნივთების გ------- წ-------იასადმი კუთვნილების ფაქტი დაადასტურეს ასევე საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა, კერძოდ:
- მოწმე დ----- წ-------იამ განმარტა, რომ როიალი გ------- წ-------იას აჩუქა ბებია- ბაბუამ, ხოლო დესაო და კარადის შეძენისას იგი თან ახლდა მოსარჩელეს, რომელიც გ------- წ-------იამ შეიძინა დაახლოებით 10 წლის წინ, სანამ ოჯახს შექმნიდა. ამასთან მოწმის ჩვენებით კომპიუტერის კომპლექტი და მაგიდაც შეძენილია გ------- წ-------იას მიერ. მოწმის ჩვენებით ნ---- ხ------ არის დედამისი, რომელსაც არ უმუშავია და შესაბამისად მის მიერ არ შეძენილა დაყადაღებული ნივთები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ სახლში ყველა ნივთი შეძენილია გ------- წ-------იას მიერ.
- მოწმე ნ----- გ-----მ აჩვენა, რომ დაახლოებით 8 წლის წინ იგი ახლდა გ------- წ-------იას გაზქურის შესაძენად ელიავას ბაზრობაზე, სადაც გ. წ-------იამ შეიძინა რუხი ფერის მეორადი გაზქურა. ამასთან მოწმის ჩვენებით, იგი შეესწრო გ------- წ-------იას მიერ შეძენილი კარადისა და სკამების გადმოტვირთვის პროცესს. მოწმის განმარტებით, გ------- წ-------იამ დაახლოებით 13-14 წლის წინ ჩაატარა რემონტი კუთვნილ ბინაში.
- მოწმე ბ----- დ-----–---–ის განმარტებით, დაახლოებით 3-4 წლის წინ იგი ახლდა გ------- წ-------იას ტექნიკის შესაძენად. მოწმის განმარტებით, გ------- წ-------იამ „ბეკოში“ შეიძინა თეთრი პატარა მაცივარი. იგი ორჯერ ახლდა გ------- წ-------იას ტექნიკის შესაძენად და მისი თანდასწრებით გ. წ-------იას მიერ შეძენილია „ბეკოს“ მაცივარი, სარეცხის მანქანა, ჭურჭლის სარეცხის მანქანა და საყინულე მაცივარი.
- მოწმე ბ----- მ--–-–--ას განმარტებით, დაახლოებით 10 წლის წინ იგი თან ახლდა გ------- წ-------იას სავარძლების კომპლექტის შესაძენად დ მოსარჩელის მიერ „საგაში“ შეძენილი იქნა მითითებული ნივთები. მოწმის ჩვენებით გ------- წ-------იამ დაოჯახების შემდგომ გამოცვალა სახლში არსებული ავეჯი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმეთა ჩვენება (იხ. 27.11.2017წ. სხდომის ოქმი);
2.12. საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ გ------- წ-------იას მიერ შეძენილია „SAMSUNG”-ის ფირმის ტექნიკა. ასევე წარმოდგენილია სერვისის ქვითარი და საგარანტიო, რომლებითაც დასტურდება „VESTEL”-ისა და „BEKO”-შ ტექნიკის ფლობა გ------- წ-------იას მიერ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ტექნიკის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები;
2.13. დავის ფარგლებში მოპასუხე ნ--–- ყ-----–---–მა ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა დაყადაღებული ნივთების მოვალე ნ---- ხ------ს საკუთრებაში არსებობის ფაქტი, რაც გამორიცხავს მისი ვალდებულების აღსრულების მიზნით სხვა პირის საკუთრებაში არსებული ნივთების დაყადაღებისა და შემდგომში მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მათი სარეალიზაციოდ მიქცევის საფუძვლიანობას.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ტექნიკის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- მოწმეთა ჩვენება (იხ. 27.11.2017წ. სხდომის ოქმი);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმები/სარჩელი/შესაგებლები).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.14. სასამართლომ ყურადღება მიაქცია დავის სამართლებრივ მხარეზე და შეფასებას მისცემს ნ---- ხ------ს პოზიციას სარჩელთან მიმართებაში, რომელმაც წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო სრულად.
ნ---- ხ------ს ამგვარი პოზიცია არ შეიძლება გახდეს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი მიმართული იყო ორი მოპასუხის წინააღმდეგ - ნ---- ხ------სა და ნ--–- ყ-----–---–ის მიმართ. კრედიტორი და მოვალე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, სავალდებულო თანამოპასუხეებს წარმოადგენენ და მათ მიმართ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი. შესაბამისად, ერთ-ერთი მათგანის, განსახილველ შემთხვევაში, ნ---- ხ------ს პოზიციას, სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად ვერ მიიჩნევს. ამასთან, ცნობის მიუხედავად სარჩელში მითითებული ფაქტები (გარემოებები) დამტკიცებულად ვერ ჩაითვლება.
2.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოვალე არის ნ---- ხ------, რის გამოც ყადაღა უნდა დადებოდა მხოლოდ მის კუთვნილ ნივთებს.
2.16. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. ნორმის ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისთვის, რომ კანონმდებლის ნება, რაც დეკლარირებულია ზემოაღნიშნული მუხლით, გულისხმობს იმ პირთა უფლებების დაცვას, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპირობების თანხვედრის შედეგად (მაგ. მესაკუთრესთან ერთად მოვალის დროებითი ცხოვრება და აშ.) მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე, საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. შესაბამისად, იმისათვის რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე არ წამოადგენს მოვალეს და ამასთან, აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში შეტანილი ქონება არის მისი საკუთრება.
დავის ფარგლებში დადგენილია, რომ ქონება სადაც აღიწერა მოძრავი ნივთები არ არის მოვალის ნ---- ხ------ს საკუთრება და ისინი შეძენილია მოსარჩელე გ------- წ-------იას მიერ.
2.17. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. სასამართლო განმარტავს, რომ პრეზუმფცია წარმოადგენს ვარაუდს ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ, იგი შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებიც წინასწარ ცნობილია ან უნდა დადგინდეს. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს კანონით გათვალისწინებული საქმის გარემოებებისათვის დამახასიათებელი ნიშნები ფაქტის პრეზუმფციისათვის, ამიტომ 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ნავარაუდევი ფაქტი - ნივთის ფაქტობრივი მფლობელის მესაკუთრეობის შესახებ მტკიცებას არ საჭიროებს. შესაბამისად, მოსარჩელე დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის გარეშეც მიიჩნევა მესაკუთრედ. ამის საპირისპიროდ მოპასუხე ნ--–- ყ-----–---–ს კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში უნდა ემტკიცებინა საწინააღმდეგო, კერძოდ, მას უნდა ემტკიცებინა, რომ არ არსებობდა ნავარაუდევი ფაქტი მესაკუთრეობის შესახებ. საქმეში წარმოდგენილი შესაგებელი და მოპასუხის პოზიცია კი, ამგვარი სახის მტკიცებას არ შეიცავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლით უზრუნველყოფილია მხარეთა თანაბარი შესაძლებლობები, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, მტკიცებულებები. საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების მითითება, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებთან შედავება და პოზიციების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, მხარის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი ჯეროვნად განუხორციელებლობა იწვევს მოწინააღმდეგე მხარისათვის საპროცესო ვალდებულების შესრულების გამარტივებას. ამასთან, როგორც მოსარჩელეა შეზღუდული სარჩელში მითითებული გარემოებებით და ეკისრება მათი მტკიცების ვალდებულება, მოპასუხეც თავის მხრივ, ვალდებულია შესაგებლით და მტკიცებულებებით საცილოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებით ჩათვალა, რომ მოსარჩელემ დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენით შეძლო დაედასტურებინა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 18 მაისის აქტით დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე მისი საკუთრების უფლების არსებობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტი განმარტავს, რომ ფაქტობრივი უსწორობაა გადაწყვეტილებაში იმის მითითება, რომ ნ---- ხ------ მუდმივად ცხოვრებას არ ახორციელებს მოსარჩელესთან, ამ უკანასკნ--–-ს სახელზე რიცხულ საცხოვრებელ ბინაში.
გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტში მითითებული, ხსენებული გარემოების საწინააღმდეგო გარემოება სასამართლოს არ დაუდგენია. მტკიცების ტვირთი აღნიშნულზე სასამართლომ არასწორად გაანაწილა, რადგანაც ფაქტობრივი გარემოება, რომ ჩემი მარწმუნებლის მოვალე, მოსარჩელე გ------- წ-------იას დედა, არ ცხოვრობს მასთან ერთად, სწორედ გ------- წ-------იას სამტკიცებელი იყო, რომელსაც უტყუარად უნდა დაესაბუთებინა, რომ თუ არა სადავო ბინაში, მაშინ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი სად გააჩნდა დედამისს. ამასთან საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ნ---- ხ------, გ------- წ-------იას დედა, მოცემულ საქმეზე მოპასუხეა და არც მას დაუსაბუთებია, თუ სად გააჩნდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი
აპელანტი მიუთითებს, რომ ასევე, ფაქტობრივი უსწორობაა სადავო მოძრავ ნივთებზე გ------- წ-------იას საკუთრების უფლების არსებობა თითქოსდა მხოლოდ მის მიერ ფლობის ფაქტის გამო და ამ ნივთებით ნ---- ხ------ს მფლობელობის დაუდასტურებლობა. გადაწყვეტილების 3.2.2 და 3.2.3 პუნქტებში სასამართლო ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უარყოფს ნ---- ხ------ს მფლობელობას და გადაწყვეტილების საერთო კონტექსტიდან გამომდინარე, ასეთ დასკვნას აკეთებს იმ მცდარი მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ სადავო ბინა არ წარმოადგენს ნ---- ხ------ს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს და იმ ფონზე, რომ, როგორც აღინიშნა, არც გ------- წ-------იას და არც ნ---- ხ------ს არ დაუსაბუთებიათ, თუ სად იყო ნ---- ხ------ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, თუ გ------- წ-------იას სახელზე რიცხული ბინა არ წარმოადგენდა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს
აპელანტის აზრით, ფაქტობრივი უსწორობაა იმის მითითებაც, რომ აღწერილი ნივთების შეძენა მოხდა გ------- წ-------იას დაქორწინების შემდეგ, ასევე უსწორობაა იმის მითითება, რომ ქონება, სადაც აღიწერა მოძრავი ნივთები არ არის მოვალის ნ---- ხ------ს საკუთრება და ისინი შეძენილია მოსარჩელე გ------- წ-------იას მიერ" (გადაწყვეტილების 6.3 პუნქტის ბოლო აბზაცი). სასამართლო პროცესზე გ------- წ-------იამ თავად დაადასტურა, რომ თუნდაც როიალი არ არის მისი შეძენილი (გთხოვთ იხილოთ სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი). მნიშვნელოვანია აგრეთვე მის მიერ მოწმედ მოწვეული ერთ-ერთი პირის ჩვენებაც
3.2. აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ სრული იგნორირება გაუკეთა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოვალე, მოსარჩელე გ------- წ-------იას დედა, ნ---- ხ------ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის სწორედ ის ბინა, რომელიც ირიცხება გ------- წ-------იას სახელზე. სასამართლომ, ასევე, სრული იგნორირება გაუკეთა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მითითებული ბინა გ------- წ-------იას სახელზე მხოლოდ 2012 წლის ბოლოდან ირიცხება და ამის მიზეზად მთავარ სხდომაზე აპელანტის მიერ მითითებული იყო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ------- წ-------იას დედას, ნ---- ხ------ს და დეიდას, ნ---- ხ------ს აპელანტის წინაშე გააჩნდათ დიდი ოდენობის ვალი, საერთო თანხით 115 ათასი აშშ დოლარი, აქედან 50 ათასი დოლარი იყო ნ---- ხ------ს, ხოლო 65 ათასი აშშ დოლარი ნ---- ხ------ს ვალი და რომ ბინის გადაფორმება მოხდა სწორედ იმიტომ, რომ მითითებულ პიროვნებებს თავიდან აეცილებინათ ფულადი ვალდებულებიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ფაქტია, რომ აღნიშნულის თაობაზე პროცესზე ჩემს მიერ რამდენჯერმე იქნა გაცხადებული და მითითებული იქნა დამატებით წარდგენილ მტკიცებულებაზე - საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომელშიც ფიქსირდება ბინის გ------- წ-------იას სახელზე გადაფორმების თარიღი, მაგრამ სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს ამ მიმართებით.
აპელანტის აზრით, სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მტკიცების ტვირთი გადაწყვეტილების 3.2.6 პუნქტის მიხედვით და ნ--–- ყ-----–---–ი უსაფუძვლოდ დაადანაშაულა მტკიცებულების წარმოუდგენლობაში, მაშინ როდესაც ეს გარემოება არ იყო მისი სამტკიცებელი.
აპელანტის მითითებით, ფაქტობრივ გარემოებებში მითითებული მცდარი მოსაზრება, რომ გ------- წ-------იას სახელზე რიცხული ბინა არ წარმოადგენდა ნ---- ხ------ს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, სასამართლომ მიუსადაგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის ნორმას და ნ---- ხ------ გამოთიშა მფლობელთა რიცხვიდან. შესაბამისად, ნ---- ხ------ არ ჩათვალა მფლობელობიდან გამომდინარე მესაკუთრედ.
აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ ყოველგვარი შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოებაც, რომ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებულია აღმასრულებლის მიერ განხორციელებული ქმედების საფუძველი და მიუხედავად ამისა, გ------- წ-------იას, რომელსაც ჩაბარდა აღწერილი ნივთები, არაფერი განუცხადებია ნივთებზე მისი საკუთრების უფლების თაობაზე. შესაბამისად, კონტექსტიდან არის ამოვარდნილი სასამართლოს მსჯელობა, რომ ყადაღა უნდა დადებოდა მხოლოდ მოვალის, ნ---- ხ------ს კუთვნილ ნივთებს (გთხოვთ იხილოთ გადაწყვეტილების 6.2 პუნქტის ბოლო აბზაცი). ქალბატონი ნ---- ხ------ ისეთივე მფლობელია ამ ნივთების, როგორც მისი ვაჟი, გ------- წ-------ია, რადგანაც მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი სწორედ ის ბინაა, სადაც აღიწერა სარჩელში მითითებული ნივთები. შესაბამისად, მასზე, ნ---- ხ------ზეც სრულად ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი.
აპელანტს მიაჩნია, რომ ყოველივე აღნიშნული მიუთითებს, რომ სასამართლოს არ გააჩნდა საკმარისი საფუძველი გ------- წ-------იას სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. 2016 წლის 18 მაისის აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტით, დაყადაღდა ქ. თბილისში, ც-------–ის ქუჩა N38, ბ. N10-ში არსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: - ტელევიზორი (“SAMSUNG”-ის პლაზმური, შავი ფერის, საშუალო ზომის); - ოთხი კარადა (მუქი მოყავისფრო კარადები, ღია და დახურული სათავსოებით, შუშის კარებებით); - კომპიუტერის კომპლექტი (“LG”-ის, შავი ფერის მონიტორი, ქეისი მონაცრისფრო, კლავიატურა, მაუსი); კომპიუტერის მაგიდა (მუქი ყავისფერი, აღენიშნება დაზიანებები); სავარძლის სამეული (დივანი, ორი სავარძლით, ხე/ნაჭერი); სარეცხი მანქანა (“BEKO”-ს თეთრი ფერის); შემოსასვლელის კარადა (თეთრი ფერის, დახურული სათავსოებითა და სარკით); როიალი (“J Moritz”, შავი); დესაო (მუქი ყავისფერი, დახურული სათავსოებითა და სარკით); სავარძლების კომპლექტი (დივანი ოთხი სავარძლით, ნაჭერი/ხე, ღია ფერის); სავარძლების კომპლექტი (დივანი ორი სავარძლით, ხე/ნაჭერი, ღია ფერის); ექვსი სკამი (ხე/ნაჭერი, ღია ყავისფერი); მაცივარი (“Whirlpool”, მოვერცხლისფრო, დიდი ზომის, ზედა საყინულით); მაცივრი (“BEKO”, თეთრი ფერის, მომცრო ზომის); გაზქურა (“Ardo”, მოვერცხლისფრო, მეორადი); ჭურჭლის სარეცხი მანქანა (“Vestel pearl 6s”, მონაცრისფრო)
2016 წლის 2 მარტის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის საფუძველზე დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, ც-------–ის ქუჩა N38, ბ. N10 (ს/კ 0----------------------) რომელში არსებულ მოძრავ ნივთებსაც თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2016 წლის 18 მაისის აქტით დაედო ყადაღა, მოსარჩელე გ------- წ-------იას საკუთრებას წარმოადგენს (ტ. 1, ს.ფ. 121).
ნ---- ხ------ს რეგისტრირებულ მისამართს წარმოადგენს გიორგი წიფურიას საკუთრებაში არსებული ბინა (ქ. თბილისი, ც-------–ის ქუჩა N38, ბ. N10).
მოპასუხე ნ---- ხ------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო სრულად. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოვალე არის ნ---- ხ------, რის გამოც ყადაღა უნდა დადებოდა მხოლოდ მის კუთვნილ ნივთებს.
4.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს, ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება #ას-777-1755-2011).
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ------- წ-------ია არის იმ საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე, რომელში არსებულ მოძრავ ნივთებსაც აღსრულების ეროვნული ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცრების 2016 წლის 18 მაისის აქტით დაედო ყადაღა და ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში. შესაბამისად, ყადაღადადებული ნივთები წარმოადგენს გ------- წ-------იას კუთვნილი უძრავი ქონების - საცხოვრებელი სახლის საკუთვნებელს საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე.
უდავოდ დადგენილია, რომ სადავო მოძრავი ნივთები განთავსებულია მესაკუთრე მოსარჩელის კუთვნილ ბინაში.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობა ვერ გახდება მოწინაღმდეგე მხარის მითითება, რომ დაყადაღებული ნივთები იმ უძრავი ნივთის საკუთვნებელს წარმოადგენს, რომლის მესაკუთრეც მოსარჩელეა. ამასთან, ნ---- ხ------ს რეგისტრირებულ მისამართს წარმოადგენს გ------- წ-------იას საკუთრებაში არსებული ბინა (ქ. თბილისი, ც-------–ის ქუჩა N38, ბ. N10), და ივარაუდება, რომ ფაქტობრივად მითითებულ მისამართზე მუდმივად ცხოვრებს. 2012 წლის 19/09 ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ასევე, დასტურდება, რომ ნ---- ხ------ წარმოადგენდა უძრავი ქონებას მესაკუთრეს ქ. თბილისი, ც-------–ის ქუჩა N38, ბ. N10, საკადასტრო კოდი 0----------------------.
უპირველესად, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის საგანია ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება და არა მხარეთა შორის სადავო უძრავ ნივთებზე ინდივიდუალური საკუთრების განაწილება. შესაბამისად, ქონებაზე ყადაღის მოსახსნელად საკმარისია იმ ფაქტის დადგენა, რომ მოძრავი ნივთები ეკუთვნის მოსარჩელეს და არა მოვალე მოპასუხეს.
განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია: სსკ-ის 158.1 (ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე) მუხლი და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 (თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს) პუნქტები.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ერთგვაროვანი პრაქტიკისკენ, რომელიც დადგენილია მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე. ამ კატეგორიის დავების მიმართ სასამართლოს დამოკიდებულება შემდეგნაირია: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ, მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში - მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ (შდრ. სუსგ-ები №ას-1777-1755-2011, 04.06.2012; №ას-1107-1027-2017, 23.02.2018).
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილია მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, რომლებითაც ცალსახად არ დასტურდება დაყადაღებული ყველა მოძრავი ნივთის მოსარჩელისათვის კუთვნილება, ამ გარემოების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები მოპასუხეს უნდა წარედგინა. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მან შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, ხოლო მხოლოდ მითითება, რომ ნივთები, რომელსაც უძრავი ნივთის მესაკუთრესთან პოულობენ, მას ეკუთვნის, არ არის საკმარისი ამ სადავო გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის.
- მოწმე დ----- წ-------იამ განმარტა, რომ როიალი გ------- წ-------იას აჩუქა ბებია- ბაბუამ, ხოლო დესაო და კარადის შეძენისას იგი თან ახლდა მოსარჩელეს, რომელიც გ------- წ-------იამ შეიძინა დაახლოებით 10 წლის წინ, სანამ ოჯახს შექმნიდა. ამასთან მოწმის ჩვენებით კომპიუტერის კომპლექტი და მაგიდაც შეძენილია გ------- წ-------იას მიერ. მოწმის ჩვენებით ნ---- ხ------ არის დედამისი, რომელსაც არ უმუშავია და შესაბამისად მის მიერ არ შეძენილა დაყადაღებული ნივთები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ სახლში ყველა ნივთი შეძენილია გ------- წ-------იას მიერ.
- მოწმე ნ----- გ-----მ მიუთითა, რომ დაახლოებით 8 წლის წინ იგი ახლდა გ------- წ-------იას გაზქურის შესაძენად ელიავას ბაზრობაზე, სადაც გ. წ-------იამ შეიძინა რუხი ფერის მეორადი გაზქურა. ამასთან მოწმის ჩვენებით, იგი შეესწრო გ------- წ-------იას მიერ შეძენილი კარადისა და სკამების გადმოტვირთვის პროცესს. მოწმის განმარტებით, გ------- წ-------იამ დაახლოებით 13-14 წლის წინ ჩაატარა რემონტი კუთვნილ ბინაში.
- მოწმე ბ----- დ-----–---–ის განმარტებით, დაახლოებით 3-4 წლის წინ იგი ახლდა გ------- წ-------იას ტექნიკის შესაძენად. მოწმის განმარტებით, გ------- წიფურიამ „ბეკოში“ შეიძინა თეთრი პატარა მაცივარი. იგი ორჯერ ახლდა გ------- წ-------იას ტექნიკის შესაძენად და მისი თანდასწრებით გ. წ-------იას მიერ შეძენილია „ბეკოს“ მაცივარი, სარეცხის მანქანა, ჭურჭლის სარეცხის მანქანა და საყინულე მაცივარი.
- მოწმე ბ----- მ--–-–--ას განმარტებით, დაახლოებით 10 წლის წინ იგი თან ახლდა გ------- წ-------იას სავარძლების კომპლექტის შესაძენად დ მოსარჩელის მიერ „საგაში“ შეძენილი იქნა მითითებული ნივთები. მოწმის ჩვენებით გ------- წ-------იამ დაოჯახების შემდგომ გამოცვალა სახლში არსებული ავეჯი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დ----- წ-------იას ჩვენება სადავო გარემოების, კერძოდ, სადავო მოძრავ ნივთების გ------- წ-------იასადმი კუთვნილების ფაქტის ობიექტურად ამსახველ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა სხვა მოწმეებისგან განსხვავებით, რადგან იგი არის გ------- წ-------იას ძმა, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული მოწმე წარმოადგენს საქმის შედეგით პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაინტერესებულ პირს, რამეთუ სარჩელის დაკმაყოფილებით სადავო მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას დაკარგავს მოწმის ძმა.
შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ მოძრავი ნივთები: ოთხი კარადა (მუქი მოყავისფრო კარადები, ღია და დახურული სათავსოებით, შუშის კარებებით); კომპიუტერის კომპლექტი (“LG”-ის, შავი ფერის მონიტორი, ქეისი მონაცრისფრო, კლავიატურა, მაუსი); კომპიუტერის მაგიდა (მუქი ყავისფერი, აღენიშნება დაზიანებები); როიალი (“J Moritz”, შავი ფერი); დესაო (მუქი ყავისფერი, დახურული სათავსოებითა და სარკით) არ წარმოადგენს გ------- წ-------იას საკუთრებას. (იხ: 2017 წლის 27 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონით დადგენილი არ არის მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენის რაიმე სპეციალური წესი, შესაბამისად, მოძრავ ნივთზე პირის უფლების შესახებ დავაში მოპასუხის ახსნა-განმარტება მტკიცებულებად დასაშვებია და მისი შეფასება ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით.
სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აწევს (იხ. სუსგ 6.02.2015წ. საქმე №ას-1202-1144-2014, 25.06.2012წ. ას-262-253-2012).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2016 წლის 18 მაისს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთები, კერძოდ, ოთხი კარადა (მუქი მოყავისფრო კარადები, ღია და დახურული სათავსოებით, შუშის კარებებით); კომპიუტერის კომპლექტი (“LG”-ის, შავი ფერის მონიტორი, ქეისი მონაცრისფრო, კლავიატურა, მაუსი); კომპიუტერის მაგიდა (მუქი ყავისფერი, აღენიშნება დაზიანებები); როიალი (“J Moritz”, შავი ფერი); დესაო (მუქი ყავისფერი, დახურული სათავსოებითა და სარკით); არ წარმოადგენს გ------- წ-------იას საკუთრებას.
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დასაბუთებულია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ--–- ყ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, როლითაც გ------- წ-------იას სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით „თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის ხარჯების განაწილებასაც“.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა არა სრულად არამედ ნაწილობრივ, კერძოდ, 53,98%–ით. გათვალისწინებით იმისა, რომ გიორგი წიფურიამ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას უარი განაცხადა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის მის სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის დაკისრების თაობაზე, რის გამოც სააპელაციო პალატა არ იმსჯელებს სახელმწიფო ბაჟის ნაწილობრივ ანაზღაურებაზე მოპასუხის მხრიდან, მოსარჩელის სასარგებლოდ
რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციას, აქ აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის სახით გაიღო 150 ლარი. ვინაიდან მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, 46,02%–ით, სახელმწიფო ბაჟის 46,02%–ი უნდა დაეკისროთ სოლიდარულად გ------- წ-------იას და ნ---- ხ------ს, აპელანტის სასარგებლოდ, რაც შეადგენს 69,03 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ--–- ყ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ყადაღისაგან გათავისუფლდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 18 მაისის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ N9---- აქტში მითითებული მოძრავი ნივთები:
- ოთხი კარადა (მუქი მოყავისფრო კარადები, ღია და დახურული სათავსოებით, შუშის კარებებით);
-კომპიუტერის კომპლექტი (“LG”-ის, შავი ფერის მონიტორი, ქეისი მონაცრისფრო, კლავიატურა, მაუსი);
- კომპიუტერის მაგიდა (მუქი ყავისფერი, აღენიშნება დაზიანებები);
- როიალი (“J Moritz”, შავი ფერი);
- დესაო (მუქი ყავისფერი, დახურული სათავსოებითა და სარკით);
3. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
4. გ------- წ-------იას და ნ---- ხ------ს სოლიდარულად დაეკისროთ ნელი ყურაშვილის სასარაგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო ინსტანციაში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი 69,03 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის
გზით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილება გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი