განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №340210117001812340
საქმე №2ბ/1725-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი - თ----- ნ----–---–ი (მოსარჩელე; შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ---- ნ----–---–ი (მოპასუხე; შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების ღირებულების ½-ის დაკისრება (სარჩელში); განქორწინება (შეგებებულ სარჩელში)
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ----- ნ----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ლ---- ნ----–---–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა მოსარჩელე ლ---- ნ----–---–სა და მოპასუხე თ----- ნ----–---–ს შორის 2011 წლის 13 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერი №6----------) და მეუღლეები განქორწინდნენ;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. თ----- ნ----–---–ი და ლ---- ნ----–---–ი 2011 წლის 13 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ლ---- ნ----–---–ი, დაბადებული 2012 წლის 30 ნოემბერს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 17);
- აიდი ბარათი (ს.ფ. 16)
2.2. მხარეები ერთმანეთს დაშორდნენ და ცალ-ცალკე ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ლ---- ნ----–---–ი დედასთან - თ----- ნ----–---–თან ერთად ცხოვრობს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 1-14; 55-63);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 20.11.2017 წლის სხდომის ოქმი)
2.3. ლ---- ნ----–---–ის სახელზე 2016 წლის 20 აპრილიდან ირიცხება ავტომანქანა MERCEDES-BENZ-180 სახ. ნომრით S------.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ. 18);
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.4. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე თ----- ნ----–---–ის განმარტება, რომ სადავო ავტომანქანა MERCEDES-BENZ-180 სახ. ნომრით S------ წარმომადგენს თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებას.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მტკიცების ტვირთი, მხარეებს შორის, თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102- ე მუხლმა დაადგინა, რომ თითოეულმა მხარემ თვითონ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მხარის მიერ მითითებული გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მოსარჩელე თ----- ნ----–---–ის განმარტებით თანაცხოვრების პერიოდში სხვადასხვა დროს სხვადასხვა მარკის ავტომანქანები შეიძინეს, რომლებიც შემდგომ მოპასუხემ გაასხვისა და ამჟამად, მოპასუხის სახელზე თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი მხოლოდ ერთი ავტომანქანა MEღჩEDEშ-BENძ-180 სახ. ნომრით შშ206შB ირიცხება. მხარემ მიუთითა, რომ სადავო ავტომანქანის შეძენა თანაცხოვრების პერიოდში მოხდა და ამიტომ მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს. მოპასუხე ლ---- ნ----–---–მა სადავო გახადა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება და განმარტა, რომ ავტომანქანის შეძენის დროს მათ შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო და ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, ამიტომ მოსარჩელის პრეტენზია თანასაკუთრების თაობაზე უსაფუძვლოა.
ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარემ ამ ნაწილში ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები მისცეს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ კი გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს და სასამართლოსთვის უფრო სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.
სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი, რომლის მიხედვით, როგორც წესი მტკიცების ტვირთი იმ მხარეს ეკისრება, რომელიც ფაქტის არსებობაზე მიუთითებს და არა მას, ვინც უარყოფს. თ----- ნ----–---–მა მიუთითა, რომ თანაცხოვრების პერიოდში სხვადასხვა მარკის ავტომანქანები შეიძინეს, რომლებიც შემდგომ მოპასუხემ გაყიდა. მანვე მიუთითა, რომ სადავო ავტომანქანის შეძენაც თანაცხოვრების პერიოდში მოხდა, თუმცა მოსარჩელე მხარეს ახსნა-განმარტების გარდა სხვა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ 2016 წლის 20 აპრილის მდგომარეობით მეუღლეები ისევ ერთად ცხოვრობდნენ, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. უფრო მეტიც, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ თანაცხოვრების პერიოდში სხვა ავტომანქანებიც ჰყავდათ და მათი რეალიზაციის შედეგად მოხდა სადავო ავტომანქანის შეძენა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სადავო გარემოების დადგენის მიზნით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ 2017 წლის 20 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიცემულ განმარტებაზე, კერძოდ, სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ მეუღლეს 2016 წლის სექტემბერში დაშორდა. მანვე განმარტა, რომ მოპასუხესთან დაშორების შემდგომ დაახლოებით ერთ წლამდე პერიოდი დედასთან ერთად იცხოვრა ქალაქ გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ხოლო როდესაც მუშაობა დაიწყო საცხოვრებლად ქირით გადავიდა (იხ. 20.11.2017 წლის სხდომის ოქმი18:23:23-18:30:18 სთ). სარჩელზე თანდართულია მ------ ჯ--–----ის ახსნა-განმარტება, სადაც მითითებულია, რომ თ----- ნ----–---–ს ბინა 2016 წლის ოქტომბრის თვიდან აქვს ნაქირავები. თავად მოსარჩელემაც მიუთითა, რომ ქირით ოქტომბრის დასაწყისში გადავიდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის აღნიშნული განმარტება წინააღმდეგობაშია მის მიერ მითითებულ გარემოებასთან, რომლის მიხედვით იგი მოპასუხეს 2016 წლის სექტემბერში დაშორდა, ვინაიდან, თუ მოსარჩელე 2016 წლის ოქტომბრის თვიდან ცხოვრობს ქირით და მისივე განმარტებით მეუღლესთან დაშორებიდან და ქირით გადასვლამდე დაახლოებით ერთ წლამდე პერიოდი დედასთა იცხოვრა, მაშინ მხარეები ერთმანეთს 2016 წლის სექტემბერში ვერ დაშორდებოდნენ და მათი დაშორება დაახლოებით 2015 წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო. მოსარჩელის განმარტება, რომ ქირით გადასვლამდე ერთ წლამდე პერიოდი მან დედასთან ერთად იცხოვრა მიუთითებს მოპასუხის განმარტების სისწორეზე, რომლის მიხედვით მეუღლეები ერთმანეთს 2015 წლის ოქტომბერში დაშორდნენ. შესაბამისად, სადავო ავტომანქანის შეძენის დროს მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო.
გამომდინარე აქედან, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის განმარტება სადავო ავტომანქანის თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებად მიჩნევის თაობაზე არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 1-14);
- შესაგებელი, შეგებებული სარჩელი (ს.ფ. 55-63; 71-82);
- მ------ ჯ--–----ის ახსნა-განმარტება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 26; 27)
- თ----- ნ----–---–ის განმარტება (სასამართლოს 20.11.2017 წლის სხდომის ოქმი
18:23:23-18:30:18 სთ).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიუთითა, რომ შეგებებული სარჩელით მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით, აგრეთვე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მიცემული განმარტებით შეგებებული სარჩელი ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე სცნო, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე ლ---- ნ----–---–ის მოთხოვნა, რომ შეწყდეს მასა და თ----- ნ----–---–ს შორის 2011 წლის 13 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება და მეუღლეები განქორწინდნენ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სამართლებრივი შეფასება ძირითადი სარჩელის ნაწილში:
2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლზე რომლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ამავე კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
სასამართლომ განმარტა, რომ ქონება, რომელსაც ერთ-ერთი მეუღლე ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ შეიძენს, მიიჩნევა ორივე მეუღლის თანასაკუთრებად, მიუხედავად იმისა, თუ ვის სახელზე აღირიცხება საკუთრების უფლება. ამავდროულად, მნიშვნელობა არ აქვს შეძენილი ქონება უძრავია თუ მოძრავი და ექვემდებარება იგი სავალდებულო რეგისტრაციას თუ არა. ყველა შემთხვევაში, ქონებას, რომელსაც მხარეები თანაცხოვრების პერიოდში შეიძენენ, წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას, თუ კი ეს ქონება არ არის მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული, ვინაიდან ამ უკანასკნელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლი მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებად მიიჩნევს.
სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის ქორწინების რეგისტრაციის არსებობა ვერ განიხილება რეგისტრაციის განმავლობაში შეძენილი ქონების უპირობოდ მეუღლეთა თანასაკუთრებად ცნობის საფუძველად. რეგისტრირებულ ქორწინებასთან ერთად სახეზე უნდა იყოს ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა და ქონების შეძენა საერთო მიზნებს უნდა უკავშირდებოდეს. იმ პირობებში კი, როდესაც სახეზე მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინებაა და რეალურად მხარეებს შეწყვეტილი აქვთ საქორწინო ურთიერთობა, მათი ცალ-ცალკე ცხოვრების განმავლობაში შეძენილი ქონება საერთო ქონებათა ჩამონათვალში ვერ მოხვდება. დამატებით სასამართლომ მიუთითა, რომ მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფისას დადგენილი უნდა იქნეს გარემოება, რომ ქონება შეძენილია მეუღლეთა მიერ ფაქტობრივად ერთად ცხოვრების პერიოდში საერთო შრომითა და ხარჯებით. ამასთან, ქონებაში იგულისხმება არა მარტო ის ქონება, რომელიც შეძენილია ქორწინების დროს, არამედ ის სახსრებიც რომლითაც შეძენილია ეს ქონება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება სადავო ქონების ფაქტობრივად ერთად ცხოვრების განმავლობაში შეძენასთან დაკავშირებით, რადგან თავად მოსარჩელე მხარის განმარტებით მეუღლესთან დაშორების შემდგომ დაახლოებით ერთი წელი დედასთან იცხოვრა, ხოლო შემდეგ ქირით გადავიდა. ქირით გადასვლა კი 2016 წლის ოქტომბრის თვეში მოხდა. ამდენად, მხარეთა დაშორება მოხდა მანამ, სანამ სადავო ავტომანქანის შეძენა მოხდებოდა. ამავდროულად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხემ სადავო ქონების შეძენა მანამდე შეძენილი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით (საერთო სახსრებით) განახორციელა.
ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად ვერ შეძლო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ მხარეები 2016 წლის 20 აპრილს, სადავო ავტომანქანის შეძენის დროისათვის ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ და საერთო მეურნეობას ეწეოდნენ. მხარემ ვერც ის დაადასტურა, რომ სადავო ავტომანქანა მოპასუხემ საერთო სახსრების გამოყენებით შეიძინა. მხოლოდ ის, რომ თ----- ნ----–---–ი ლ---- ნ----–---–თან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, არ წარმოშობს ქონების თანამესაკუთრედ ცნობის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ თ----- ნ----–---–ის სარჩელი დაუსაბუთებელია და ამდენად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობაა ის, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი სადავო ქონება სასამართლომ არ ჩათვალა თანასაკუთრებით შეძენილ საერთო ქონებად და ჩათვალა მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებად, რაც აპელანტს მიაჩნია, რომ არასწორია და არასწორია ასევე, სასამართლოს მიერ სსკ-ს 102-ე და 103-ე მუხლების მითითება.
აპელანტი აღნიშნავს, ის გარემოება, რომ სასამართლომ უარყო შეძენილი ქონების შესახებ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და ამასთან სასამართლომ სწორი შეფასებაც არ მისცა ააღნიშნულს, კერძოდ, გურჯაანის სასამართლომ აღნიშნული სადავო ქონება უსაფუძვლოდ ჩათვალა მოპასუხე მხარის ინდივიდუალურ საკუთრებად და ამასთან დადგენილად მიიჩნია სასამართლომ აპელანტის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობის შეწყვეტის თარიღად 2015 წლის ბოლო, რა არასწორია 2015 წლის ბოლოდან აპელანტი მოპასუხე მათ მცირეწლოვან შვილთან ლ---- ნ----–---–თან ერთად საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში, დაქირვებულ ბინაში. აღნიშნული გარემოებები თვით მოპასუხემაც და მოწმის სახით დაკითხულმა მამამ თამაზ ნ----–---–მაც უტყუარად დაადასტურეს. აპელანტის მითითებით აღნიშნულ პერიოდში შეიძინეს სწორედ ეს მანქანა, რომელიც დაარეგისტრირა თავის საკუთრებად 2016 წლის 20 აპრილს და წარმოადგენმა მათი ოჯახსი ერთიან საკუთრებას და არა მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებას, როგორც სასამართლომ მიიჩნია.
აპელანტის განმარტებით, მან მოპასუხესთან ურთიერთობა შეწყვიტა ზაფხულიდან, როდესაც ბავშვი საბავშვო ბაღიდან დაითხოვეს და ცოტა ხნით ცხოვრობდა დედასთან მრავალსულიან ოჯახში, შემდგომ კი 2016 წლის ოქტომბერში იქირავა ბინა სადაც დღემდე ცხოვრობს მცირეწლოვან შვილთან ერთად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, აპელანტი ითხოვს ნაწილობრივ გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და თ----- ნ----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება წლის არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატას უდვოდ მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. თ----- ნ----–---–ი და ლ---- ნ----–---–ი 2011 წლის 13 სექტემბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრებაში პერიოდში შეეძინათ შვილი: 2012 წლის 30 ნოემბერს დაბადებული ლ---- ნ----–---–ი.
4.1.2. ლ---- ნ----–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით 2016 წლის 20 აპრილიდან ირიცხება ავტომანქანა MERCEDES-BENZ-180 სახ. ნომრით S------.
4.1.3. მოსარჩელე და მოპასუხე დაშორდნენ ერთმანეთს, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და არასრულწლოვანი ლ---- ნ----–---–ი ცხოვრობს დედასთან თ----- ნ----–---–ი ერთად.
4.1.4. სადავო ავტომანქანა MERCEDES-BENZ-180 სახ. ნომრით S------, არ წარმომადგენს მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებას (იხ. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 20.11.2017 წლის სხდომის ოქმი 18:23:23-18:30:18 სთ).
4.2. უპირველეს ყოვლისა სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს განსახილველი დავის მხარეებზე და მათ შორის არსებული ურთიერთობის ფაქტობრივ საფუძვლებზე, რათა მოძიებული იქნეს სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა, ანუ მატერიალური კანონის დისპოზიცია, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილი იურიდიული შედეგის შემცველია.
პალატის მოსაზრებით კონკრეტულ შემთხვევაში თ----- ნ----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა: მოძრავ ნივთზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1160-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარეობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
ამავე კოდექსის 1160-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ იმ პერიოდში, როდესაც ლ---- ნ----–---–ის მიერ განხორციელდა სადავო მოძრავი ნივთის შეძენა, ის თ----- ნ----–---–თან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა, თუმცა მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო და მხარეები ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო უძრავი ნივთები შეძენილია თ----- ნ----–---–ისა და ლ---- ნ----–---–ის რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, თუნცა ვინაიდან მხარეები ფაქტობრივად დაშორებული იყვნენ და მათზე არ უნდა გავრცელდეს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი.
ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო ნივთზე მეუღლეთა საერთო საკუთრების რეჟიმი არ უნდა გავრცელდეს, ეკისრება მოსარჩელეს, რომელმაც განსახილველ შემთხვევაში მის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურება ვერ შეძლო.
სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის დადასტურება, (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობა ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირი აღიარება აღინიშნება სასამართლო სხდომის ოქმში.
ფაქტის აღიარება არის მხარეთა ახსნა-განმარტების ერთ-ერთი სახესხვაობა – მტკიცებულება, რომლითაც ხდება ისეთი ფაქტის დადასტურება, რომელზეც მოწინააღმდეგე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნას ან შესაგებელს ანუ ერთი მხარე ახსნა-განმარტების დროს აღიარებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც უნდა დაედასტურებინა მის მოწინააღმდეგე მხარეს. ამდენად, აღნიშნული ნორმა გამოიყენება ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას და არა სასარჩელო მოთხოვნის უფლების არსებობა ან არარსებობის დადგენისას. როდესაც მხარე აცხადებს, რომ მას არა აქვს მოთხოვნის უფლება, აღნიშნული სარჩელზე უარის თქმის ტოლფასია და, შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტმა მიერ 2017 წლის 20 ნოემბერს გამართულ სხდომაზე სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ მეუღლეს 2016 წლის სექტემბერში დაშორდა. მანვე განმარტა, რომ მოპასუხესთან დაშორების შემდგომ დაახლოებით ერთ წლამდე პერიოდი დედასთან ერთად იცხოვრა ქალაქ გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ხოლო როდესაც მუშაობა დაიწყო საცხოვრებლად ქირით გადავიდა (იხ. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 20.11.2017 წლის სხდომის ოქმი 18:23:23-18:30:18 სთ). ასევე, სარჩელზე თანდართულია მ------ ჯ--–----ის ახსნა-განმარტება, სადაც მითითებულია, რომ თ----- ნ----–---–ს ბინა 2016 წლის ოქტომბრის თვიდან აქვს ნაქირავები. თავად მოსარჩელემაც მიუთითა, რომ ქირით ოქტომბრის დასაწყისში გადავიდა.
შესაბამისად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მტკიცებას, რომ მოსარჩელის აღნიშნული განმარტება წინააღმდეგობაშია მის მიერ მითითებულ გარემოებასთან, რომლის მიხედვით იგი მოპასუხეს 2016 წლის სექტემბერში დაშორდა, ვინაიდან, თუ მოსარჩელე 2016 წლის ოქტომბრის თვიდან ცხოვრობს ქირით და მისივე განმარტებით მეუღლესთან დაშორებიდან და ქირით გადასვლამდე დაახლოებით ერთ წლამდე პერიოდი დედასთა იცხოვრა, მაშინ მხარეები ერთმანეთს 2016 წლის სექტემბერში ვერ დაშორდებოდნენ და მათი დაშორება დაახლოებით 2015 წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო. მოსარჩელის განმარტება, რომ ქირით გადასვლამდე ერთ წლამდე პერიოდი მან დედასთან ერთად იცხოვრა მიუთითებს მოპასუხის განმარტების სისწორეზე, რომლის მიხედვით მეუღლეები ერთმანეთს 2015 წლის ოქტომბერში დაშორდნენ. შესაბამისად, სადავო ავტომანქანის შეძენის დროს მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო. აღნიშნული გარემოება უპირობოდ მიუთითებს მეუღლეთა შორის ქორწინების ფაქტობრივ შეწყვეტაზე (იხ. მხარეთა განმარტებები, სასამართლო სხდომის ოქმები).
სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ აპელანტმა კვალიფიციური შედავების პირობებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, შეძლო დამაჯერებელი არგუმენტებისა და ისეთი დასაშვები მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და დაადგინა, სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად არ დაკმაყოფილდა თ----- ნ----–---–ის სარჩელი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ----- ნ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვა დის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები ოთარ სიჭინავა
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი