განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002403373
საქმე №1/ბ-422-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
სხდომის მდივნის – თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ ნ---- ზ-------–---–ის
ადვოკატის _ ნ----- ჩ-------ის
გამართლებულის _ ნ--- ა-------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ნ--- ა-------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 6----------), დაუოჯახებლის, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ---------–------–------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ--- ა-------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული _ დაყადაღებული ქონების დამალვა იმის მიერ, ვისაც ეს ქონება მინდობილი ჰქონდა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 27 ივნისს, ქ---------–------------–---------------ში აღიწერა და დაყადაღდა მაცივარი, ხის მაგიდა, ჟურნალის მაგიდა, კედლის კარადა, სკამი, პიანინო და ტელევიზორი. აღნიშნული ნივთები შესანახად ჩაბარდა ნ--- ა-------ეს, რომელმაც დაყადაღებული ნივთები გადამალა.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენით:
ნ--- ა-------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ ნ--- ა-------ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---- ზ-------–---–მა, რომელმაც ითხოვა ნ--- ა-------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
2017 წლის 27 ივნისს ქ---------–------------–------------------5-ში აღიწერა და დაყადაღდა ნ--- ა-------ის კუთვნილი ნივთები: მაცივარი, ხის მაგიდა, ჟურნალის მაგიდა, კედლის კარადა, სკამი, პიან---- და ტელევიზორი. არც ნ--- ა-------ის და არც ნ----- გ------ის მიერ არ გასაჩივრებულა დაყადაღების აქტი. აღნიშნული ნივთები შესანახად მიბარებული ჰქონდა ნ--- ა-------ეს კანონიერ ძალაში შესული ყადაღის აქტით. მას ევალებოდა უზრუნველეყო, რომ არ გასხვისებულიყო და არ დაკარგულიყო ნივთები. თუკი იგი არ ეთანხმებოდა ყადაღის აქტს, შეეძლო მისი გასაჩივრება, რაც არ განუხორციელებია. ასევე, თუკი მან იცოდა, რომ ნ----- გ------ე აპირებდა ნივთების გასხვისებას, ვალდებული იყო ეცნობებინა შესაბამისი უწყებისათვის, რაც ასევე არ განახორციელა.
საქმეზე მოპოვებული ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნ--- ა-------ეს მინდობილი ჰქონდა დაყადაღებული ნივთები, რომლებსაც შეუცვალა ადგილმდებარეობა ისე, რომ ვერ ხერხდება მათი ადგილმდებარეობის დადგენა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის დისპოზიცია არ მოითხოვს, რომ დაყადაღებული ნივთები იყოს იმის საკუთრებაში, ვისაც ბარდება დაყადაღების შემდეგ. აღნიშნული ნივთები ნ----- გ------ის საკუთრებაც რომ ყოფილიყო, დაყადაღების შემდეგ ისინი ჩაბარდა ნ--- ა-------ეს და მას დაეკისრა მათზე ზრუნვის ვალდებულება. იმ შემთხვევაში, თუ მისი ნებით არ ხდებოდა გადამალვა, გასხვისება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა, ნ--- ა-------ე ვალდებული იყო ეცნობებინა შესაბამისი უწყებისათვის. მისი მხრიდან კი მსგავსი შეტყობინება არ დაფიქსირებულა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის მიზნებისათვის მნიშვნელობა არ აქვს პირი საკუთარი ხელით გადამალავს და გაასხვისებს დაყადაღებულ ნივთს, თუ სხვა პირს მისცემს მას გადასამალად ან გასასხვისებლად. ნ--- ა-------ის მიერ ნ----- გ------ისთვის აღნიშნული ნივთების გადაცემის შემთხვევაშიც კი, მისი ქმედება ჩაჯდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის დისპოზიციის ფარგლებში, რაც იქნებოდა დაყადაღებული ნივთის უკანონო გადაცემა სხვა პირისათვის. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნ--- ა-------ემ გადამალა დაყადაღებული ნივთები, რათა თავი აერიდებინა მ--- ა-------ის წინაშე ვალდებულების შესრულებისათვის.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ---- ზ-------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა ნ--- ა-------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ----- ჩ-------მა ითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენი ნ--- ა-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ნ--- ა-------ის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებსაც ეფუძნება ნ--- ა-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ვერ აკმაყოფილებს პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და საკმარისი არ არის დასკვნისათვის, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. კერძოდ:
დაზარალებულ მ--- ა-------ი-ტ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2011 წლის დეკემბრის თვეში მან თავის ნაცნობს, ნ--- ა-------ეს ასესხა ფულადი თანხა დაახლოებით 1900 აშშ დოლარამდე ოდენობით და შეთანხმდნენ, რომ მსესხებელი სამ თვეში დაუბრუნებდა თანხას. როგორც ნ--- ა-------ემ უთხრა, თანხას მასთან ერთად სესხულობდა ნ--- ს------ე, რომელმაც თანხის მიღებაზე დაწერა ხელწერილი, სადაც მითითებული იყო თანხის დაბრუნების ვადა, მაგრამ იგი ატყუებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. ამის გამო იძულებული გახდა საჩივარი შეეტანა სასამართლოში, სადაც მხოლოდ ნ--- ს------ე გამოცხადდა. სასამართლომ მათ დააკისრა მის სასარგებლოდ თანხის გადახდა, რაზეც ისინი ჯიუტად ეუბნებოდნენ უარს, რის გამოც 2016 წლის 25 მაისს განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს, სადაც წარადგინა მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტაცია და ითხოვა თანხის დაბრუნება. აღმასრულებელმა ნ--- ა-------ეს დაუყადაღა საოჯახო ნივთები, თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ შემთხვევით გაიგო, რომ მას დაყადაღებული ნივთები გაყიდული ჰქონდა. აღნიშნულის თაობაზე მაშინვე აცნობა აღმასრულებელს, რომელმაც შეამოწმა და შესაბამის ოქმში დააფიქსირა საცხოვრებელ ბინაში დაყადაღებული ნივთების არარსებობის ფაქტი.
მოწმე ნ--- ს------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან მ--- ა-------ი-ტ-------ისაგან ისესხა 1100 აშშ დოლარი და მისთვის ყოველთვიურად პროცენტის სახით უნდა გადაეხადა 105 აშშ დოლარი. ვინაიდან, ბოლო პერიოდში შეექმნა ფინანსური პრობლემები, ვერ მოახერხა პროცენტის გადახდა. ამის გამო მ--- ტ-------ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში, რაც დაკმაყოფილდა და სასამართლოს მიერ მას და ნ--- ა-------ეს სოლიდარულად დაეკისრათ მის სასარგებლოდ 1886 აშშ დოლარის გადახდა. პირადად მისი გადასახდელი იყო 960 აშშ დოლარი, რომელსაც პირნათლად იხდიდა და გადასახდელად დარჩენილი ჰქონდა 100 აშშ დოლარი და 100 ლარი. რაც შეეხება აღმასრულებლის მიერ დაყადაღებულ ნივთებს, მისთვის უცნობია თუ რა ნივთებს დაედო ყადაღა და სად არის ამჟამად ეს ნივთები.
მოწმე ნ----- გ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი მეგობარი ნ--- ა-------ე დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ცხოვრობდა მასთან სტუმრად ქ---------–------------–---ის ქუჩაზე, სადაც 2016 წლის 23 ივნისს გამოცხადდნენ სააღსრულებო სამსახურის თანამშრომლები. მათ ნ--- ა-------ეს განუცხადეს, რომ რადგან იგი იმყოფებოდა მის სახლში, უნდა მოეხდინათ საოჯახო ნივთების დაყადაღება, რაზედაც ნ--- ა-------ემ უპასუხათ, რომ იქ სტუმრად იმყოფებოდა და მისი არაფერი იყო. მიუხედავად ამისა, სააღსრულებო სამსახურის თანამშრომელმა ყოველგვარი უფლების გარეშე დააყადაღა ნივთები, რომლებიც მისი (ნ----- გ------ის) საკუთრება იყო და მათთან ნ--- ა-------ეს არანაირი კავშირი არ ჰქონდა. შესაბამისად, აღმასრულებლის მიერ ამ ნივთებს უკანონოდ დაედო ყადაღა. მოწმის განმარტებით, დაყადაღებული ნივთები ინახებოდა მის ნათესავთან _ ნ--- ც---–--ესთან, ს--------------------------–-------–-. აღნიშნული სახლის მეპატრონე იმყოფებოდა საზღვარგარეთ და მის ჩამოსვლამდე შეუძლებელი იყო ნივთების ნახვა. მისივე განმარტებით, ნივთები იქ გადაიტანა შესანახად, რადგან თავისი კუთვნილი სახლი ჩ--------–---ის ქუჩაზე გაყიდა და საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნდა.
მოწმე თ-------- ა---–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სააღსრულებო ბიუროში აღმასრულებლად. 2016 წლის 27 ივლისს გამოცხადდა ნ--- ა-------ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ---------–------------–---ის ქუჩა №---–-, სადაც მოხდა ნ--- ა-------ის საოჯახო ნივთების დაყადაღება, რაზედაც შედგა აქტი, რომელსაც გაეცნო ნ--- ა-------ე და ჩაიბარა. იგი გააფრთხილეს, რომ არ მომხდარიყო დაყადაღებული ნივთების გასხვისება და გადამალვა. ამის შემდეგ სააღსრულებო ბიუროში შევიდა მ--- ა-------ი-ტ-------ის განცხადება, რომლის თანახმად, ნ--- ა-------ემ გაასხვისა დაყადაღებული ქონება, რის შესახებაც აცნობა საგამოძიებო ორგანოს.
თავად ნ--- ა-------ემ აჩვენა, რომ 2011 წლის დეკემბრის თვეში, მისმა მეგობარმა ნ--- ს------ემ მ--- ა-------ი-ტ-------ისაგან მისი თავდებობით ისესხა ფულადი თანხა 11000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფად ჩადო საოჯახო ნივთები. ნ--- ს------ე პროცენტს იხდიდა ყოველთვიურად, მაგრამ მ--- ა--------ტ-------ეს დასჭირდა თანხა, რომლის ნაწილიც _ 600 აშშ დოლარი გადაუხადა, ხოლო დარჩენილ თანხაზე შეთანხმდნენ, რომ ეტაპობრივად გადაუხდიდა. გარკვეული პერიოდის შემდგომ ნ--- ს------ემ ვეღარ შეძლო თანხის გადახდა, რის გამოც მ--- ა-------მა-ტ-------ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში და ნ--- ს------ეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 1886 აშშ დოლარის გადახდა, მაგრამ, ვინაიდან, თვითონ იყო თავდები, თანხის გადახდის პასუხისმგებლობა დაეკისრა მასაც. 2016 წლის 23 ივნისს, მისი მეგობრის _ ნ----- გ------ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ---------–-------------–----------------–-, სადაც იგი დროებით იმყოფებოდა საცხოვრებლად, მივიდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროდან და მოითხოვეს ნივთების დაყადაღება. მან აღმასრულებელს განუმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე იმყოფებოდა დროებით, შესაბამისად, ოჯახში არსებული ნივთები არ იყო მისი საკუთრება, არამედ ეკუთვნოდა მის მეგობარს და ვერ დააყადაღებდნენ. ასევე უთხრა თავისი მისამართი, თუ სად იყო მისი საცხოვრებელი სახლი, მისულიყვნენ და თუ რამის დაყადაღება სურდათ, იქ დაეყადაღებინათ, რაზედაც აღმასრულებელმა უპასუხა, რომ რადგან საცხოვრებელი სახლის კარები მან გააღო, ეს ნიშნავდა, რომ იქ ცხოვრობდა და იქ არსებული ნივთები უნდა დაეყადაღებინა. ამის შემდგომ მისი მონაწილეობით მოხდა მაცივრის, ხის მაგიდის, ჟურნალის მაგიდის, კედლის კარადის, რბილი სკამის, პიანინოს და ტელევიზორის დაყადაღება. ბრალდებულ ნ--- ა-------ის განმარტებით, ხსენებული ნივთები ამჟამად რეალურ მეპატრონეს _ ნ----- გ------ეს გადატანილი აქვს სხვა მისამართზე, რადგან სახლი გაყიდა და ნივთები უსაფრთხო ადგილზე შეინახა. ნივთების დაყადაღება მოხდა უკანონოდ, რადგან ქ---------–-------------–----------------–- მდებარე სახლი იყო მისი მეგობრის, სადაც თვითონ სტუმრად იმყოფებოდა.
2016 წლის 27 ივნისს შედგენილი მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტიდან ირკვევა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 03 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (რომლის თანახმად, ნ--- ს------ეს და ნ--- ა-------ეს დაეკისრათ 1886 აშშ დოლარისა და 100 ლარის გადახდა მ--- ა-------ის სასარგებლოდ), აღმასრულებლების მიერ ქ---------–------------–---ის ქუჩა №------–- აღწერილი და დაყადაღებული იქნა მაცივარი, ხის გასაშლელი მაგიდა, ჟურნალის მაგიდა, კედლის კარადა, 6 ცალი რბილი სკამი, პიან---- „---------“ და „--------ის“ ფირმის ტელევიზორი. დაყადაღებული ქონება შესანახად ჩაბარდა ნ--- ა-------ეს, რომელმაც აქტის შედგენის პროცესში განმარტა, რომ დაყადაღებული მოძრავი ქონება ეკუთვნოდა ნ----- გ------ეს.
აღსრულების პოლიციის სამმართველოს ქ--------------------–--ის თანამშრომლის _ გ------- ჭ----–--ის მიერ 2017 წლის 23 მაისს შედგენილი სააღსრულებო მოქმედების შესახებ ოქმით დასტურდება, რომ აღსრულების პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები გამოცხადდნენ ქ---------–------------–---ის №------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში, დაყადაღებული მოძრავი ქონების გამოტანის მიზნით, რა დროსაც სახლში დახვდათ ზ---- ჭ--–--ე, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული სახლი და იქ არსებული მოძრავი ქონება წარმოადგენდა მისი მეუღლის _ მ------ კ-----ის საკუთრებას. მანვე განაცხადა, რომ ის არ იცნობდა ნ--- ა-------ეს და მასთან არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონია. სახლის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ 2016 წლის 17 ივნისის ყადაღის აქტში ასახული არცერთი ნივთი ადგილზე არ იყო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- ზ-------–---–ის შუამდგომლობა და გაიცა საგამოძიებო მოქმედების _ ს--------------------------–-------–- მდებარე ნ--- ც---–--ის სახლიდან დაყადაღებული მაცივრის, ხის მაგიდის, ჟურნალის მაგიდის, კედლის კარადის, რბილი სკამის, პიანინოსა და ტელევიზორის ამოღების ჩატარების ნებართვა, თუმცა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ა---– ბ------ს მიერ ჩატარდა არა ნ--- ც---–--ის, არამედ ს--------------------------–-------–- მდებარე მ--- ც---–--ის სახლში, რომელიც აღმოჩნდა ფიცრული, საცხოვრებლად უვარგისი სახლი, სადაც არანაირი ნივთი არ ინახებოდა.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს _ „ინ დუბიო პრო რეო“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით აღიარებული ზემოაღნიშნული სტანდარტები განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაც. კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯად ქმედებას წარმოადგენს აღწერილი ან დაყადაღებული ქონების გაფლანგვა, გასხვისება, დამალვა ან უკანონოდ გადაცემა იმის მიერ, ვისაც ეს ქონება მინდობილი ჰქონდა, ანდა დაყადაღებული ფულადი საშუალებით (ანაბრით, ანგარიშით) საბანკო ოპერაციის განხორციელება საკრედიტო ორგანიზაციის მოსამსახურის მიერ. განსახილველი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია ის ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ სააღსრულებო დაწესებულებათა მიერ სასამართლო აქტების აღსრულებას. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ისეთ ქმედებებში, როგორიცაა: აღწერილი ან დაყადაღებული ქონების გაფლანგვა, გასხვისება, დამალვა ან უკანონოდ გადაცემა. დანაშაული დამთავრებულად ითვლება ერთ-ერთი ამ მოქმედების განხორციელების მომენტიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ამსრულებელი სპეციალურია _ პირი, ვისაც აღწერილი ან დაყადაღებული ქონება გადაეცა ხელწერილით შესანახად და ის შეიძლება იყოს: მესაკუთრე, მფლობელი, ბრალდებულის (მოვალის) ოჯახის სრულწლოვანი წევრი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი, აგრეთვე საკრედიტო ორგანიზაციის მოსამსახურე. განსახილველი დანაშაული პირდაპირ განზრახვას გულისხმობს. პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა _ უკანონო ქმედება ყადაღადადებულ ქონებასთან დაკავშირებით, ითვალისწინებს მოსალოდნელ საზიანო შედეგს კრედიტორისათვის, რადგან ყადაღადადებული ქონება ვერ იქნება ამოღებული და სურს ეს შედეგი. ქმედების მოტივი შეიძლება იყოს ანგარება, პირადი დაინტერესება და სხვ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ნ--- ა-------ის მიერ დანაშაულის ჩადენას, კერძოდ, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ ნ--- ა-------ემ განახორციელა უკანონო ქმედება დაყადაღებულ ქონებასთან დაკავშირებით და დამალა აღნიშნული ქონება, რათა ვერ მომხდარიყო მისი ამოღება. საქმეში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით _ ნ--- ა-------ისა და ნ----- გ------ის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ ქ---------–------------–---ის ქუჩა №------–- მდებარე საცხოვრებელი ბინა, სადაც აღმასრულებლის მიერ მოხდა მოძრავი ნივთების დაყადაღება, ეკუთვნოდა ნ--- ა-------ის მეგობარს _ ნ----- გ------ეს, ხოლო ნ--- ა-------ე აღნიშნულ ბინაში სტუმრად იმყოფებოდა და მას დაყადაღებულ ნივთებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. აღნიშნული კი იმაზე მიუთითებს, რომ აღმასრულებლის მიერ ნ----- გ------ის საცხოვრებელ ბინაში მოხდა მისივე კუთვნილი ნივთების დაყადაღება, რომლებიც შესანახად ჩაბარდა ამ ნივთებზე უფლების არმქონე პირს _ ნ--- ა-------ეს. ნ----- გ------ის განმარტებით, დაყადაღებული ნივთები მან გადაიტანა შესანახად ნათესავის სახლში, რადგან ქ---------–------------–------------------5-ში მდებარე თავისი კუთვნილი სახლი გაყიდა და საქართველოში სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდა.
აპელანტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ნ----- გ------ისა და ნ--- ა-------ის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია არის სიცრუე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, ნ----- გ------ისა და ნ--- ა-------ის გამოკითხვის ოქმები წარმოადგენენ უდავო მტკიცებულებებს, რომლებიც ბრალდების მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის აზრით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ნ--- ა-------ემ დამალა მასზე მინდობილი დაყადაღებული ქონება, შესაბამისად, მის ქმედებაში სახეზე არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნ--- ა-------ის მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენი ნ--- ა-------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ნ--- ა-------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
4.გამართლებულ ნ--- ა-------ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/