განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180100118002919412
საქმე №1ბ/677-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - დ--------------–---–ის,ადვოკატ - გ-------–------ის,მსჯავრდებულ - ნ---------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ნ---------------ის და მისი ადვოკატის გ-------–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ნ---------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ბ-------------------–---–----------------, ხოლო ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, კ--–---------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და 3 ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენით:
ნ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ---------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა - 2017 წლის 17 იანვრიდან დღემდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2019 წლის 12 მარტიდან.
ნ---------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.
მანვე, ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2016 წლის ზაფხულში ნ---------------ემ და ლ---------–--–-–---–მა განიზრახეს თაღლითურად მიეღოთ ქონებრვი უფლება თბილისში, სოფელ დიღომში, ე.წ სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით ღირებულების მიწის ნაკვეთზე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ამავე პერიოდში ნ---------------ემ, შემდგომი გამოყენების მიზნით დაამზადა 1996 წლის 14 დეკემბრით დათარიღებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების N7-- ატქი. მიწის ნაკვეთზე ქონებრივი უფლების მიღების მიზნით, ლ---------–--–-–---–მა ნ---------------ესთან შეთანხმებით, 2016 წლის 11 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რასაც ერთვოდა 1996 წლის 14 დეკემბრით დათარიღებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების N7-- აქტი და სხვა დოკუმენტები, რაც მოძიებულ იქნა ნ---------------ის მიერ. 2016 წლის 13 ივლისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან განცხადებაზე წარმოდგენილი და საჯარო რეესტრში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ იძლეოდა უძრავი ქონების ადგილმდებარეობის და საზღვრების იდენტიფიკაციის საშუალებას. ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, 2016 წლის 1 აგვისტოს ლ---------–--–-–---–ის სახელით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა 2016 წლის 29 ივლისით დათარიღებული ნ---------------ის, ნ-----–----------–-–--–-------------–-----------ის მიერ დამზადებული ყალბი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმადაც, თითქოსდა ლ---------–--–-–---–ს მიწის რეფორმის შედეგად მიღებული ჰქონდა 950 (ცხრაასორმოცდაათი) კვადრატული მეტრი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი. აღნიშნულით ლ---------–--–-–---–ი ითხოვდა მის სახელზე მომხდარიყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თითქოსდა მიწის რეფორმით მიღებულ, ქ.თბილისში, სოფელი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 950 (ცხრაასორმოცდაათი) კვადრატული მეტრის ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე.
ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, 2016 წლის 2 აგვისტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ლ---------–--–-–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული იქნა სახელმწიფოს კუთვნილი, 80 343 (ოთხმოციათას სამასორმოცდასამი) ლარის ღირებულების, 950 (ცხრაასორმოცდაათი) კვადრატული მეტრი ფართობის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. (საკ.კოდით: 0---------------), რითაც სახელმწიფოს მიერ დიდი ოდენობით (80 343 ლარი) ქონებრივი ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ---------------ემ და მისმა ადვოკატმა გ-------–------ემ.
დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მის მიმართ დანიშნული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ ნ---------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ, აღნიშნული მტკიცებულებებია: გ-------------ს პატაკი N5-----------), გამოკითხვის ოქმი (08.02.17) და წარმოდგენილი დოკუმენტაცია; საჯარო რეესტრის არქივიდან ამოღებული დოკუმენტაცია, მათ შორის ელექტრონული სახით; გ-------------ის გამოკითხვის ოქმები (07.03.2017; 09.03.2017); ჯ----–-----–--–-–---–ის გამოკითხვის ოქმი (10.03.2017); გ-----------–-–---–-ს გამოკითხვის ოქმი (10.03.2017); კ----------–---–ის გამოკითხვის ოქმი (11.03.2017); სასაქონლო ექსპერტიზის N001404317 დასკვნა (14.03.2017); ლ---------–--–-–---–ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი (21.03.2017); თ---------–----ის გამოკითხვის ოქმი (21.03.2017); ნ-----–----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმი (21.03.2017); გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა N3--/გრ 386/დტ (03.04.2017); ლ---------------ის გამოკითხვის ოქმი (04.04.2017); ბ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმი (05.04.2017); თ----------------ის გამოკითხვის ოქმი (05.04.2017); დ---------–-–---–ის გამოკითხვის ოქმი (10.04.2017); გ------------–---–ის გამოკითხვის ოქმი (11.04.2017); მომართვა სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის დუშეთის არქივიდან N-------- (19.04.2017); ნ---------------ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი (01.05.2017); ქ--------–--------ას გამოკითხვის ოქმი (04.05.2017); ზ---–-------–--–---–ის გამოკითხვის ოქმი (11.05.2017); ს-------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმი (15.05.2017); ზ---–---------–---–ის გამოკითხვის ოქმი (23.06.2017); მ-----–-----------ის გამოკითხვის ოქმი (23.06.2017); მომართვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან N2------------ (04.07.2017); 1996 წლის 14 დეკემბრით დათარიღებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების N7-- აქტი; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ლ---------–--–-–---–ის მიერ წარდგენილი განცხადებები, სსიპ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს) ვებ-გვერდის დათვალიერების ოქმი, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად (19.11.2018) და საქმეში არსებული სხვა ინფორმაციათა ერთობლიობა, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალად შერაცხული დანაშაულის ნ---------------ის მიერ ჩადენას.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ---------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ---------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ნ---------------ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთნხმება და მიიჩნევს, რომ მისი შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებას და მონანიებას, ასევე იმ გარემოებას, რომ უდავოდ ცნო ბრალდების მახარის მიერ წარმიდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; თუმცა ჩადენილი დანაშაულის გავრცელებული ხასიათის, ხერხის, მისი საზოგადეობრივი საშიშროების, მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მის მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება და დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა. მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ნ---------------ის მიმართ დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული მინიმალური სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაცო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ---------------ის და მისი ადვოკატის - გ-------–------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენი;
ნ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ნ---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ---------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს - 2017 წლის 17 იანვრიდან, 2019 წლის 12 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 12 მარტიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 2 (ორი) ცალი ლაზერული დისკი, შენახულ იქნეს საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.კაპანაძე