განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002843475
საქმე №1/ბ-301-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ--–- თ----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ზ------ ქ------–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), დაუოჯახებლის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ--------–---–-–---–---–-------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის განაჩენით:
ზ------ ქ------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: „---------------” მარკის მოტოციკლი (სახ. ნომერი A------) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო CD დისკი უნდა დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ------ ქ------–--ემ ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ--------–-----------–-----------ის მიმდებარედ, „---------------” მარკის მოტოციკლით (სახ. ნომერი A------) მოძრავმა ზ------ ქ------–--ემ, ვერ უზრუნველყო მოტოციკლის უსაფრთხო მოძრაობა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნები, რის გამოც შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ი-----–- ა-----ეს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორმა გ--–- თ----ემ, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულ ზ------ ქ------–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას სათანადოდ არ იქნა გათვალისწინებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებელი, ზ------ ქ------–--ის მიერ ჩადენილ ქმედებას შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, დაზარალებულ ი-----–- ა-----ეს ანაზღაურებული არ აქვს ზიანი, მას პრეტენზია გააჩნია მსჯავრდებულის მიმართ და ითხოვს მის მკაცრად დასჯას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ--–- თ----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ბრალდებულ ზ------ ქ------–--ის და დაზარალებულ ი-----–- ა-----ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის სქემით და ფოტოცხრილით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის №3---- დასკვნით, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №ს------- დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ზ------ ქ------–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ზ------ ქ------–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია სასჯელის სამართლიანობაზე საუბარი, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ზ------ ქ------–--ე მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, მსჯავრდებულ ზ------ ქ------–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი.
რაც შეეხება აპელანტის არგუმენტს, რომ ზ------ ქ------–--ეს დაზარალებულისათვის არ აუნაზღაურებია ზიანი, პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 7 ივნისის №2კ-1019აპ.-09 გადაწყვეტილებით დადგენილია პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, ზიანის აუნაზღაურებლობა პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა. ამდენად, ამ მიმართებით პროკურორის არგუმენტაცია მცდარია და სააპელაციო პალატა არ იზიარებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ------ ქ------–--ისათვის გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამდენად, აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ--–- თ----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის განაჩენი ზ------ ქ------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ--–- თ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის განაჩენი ზ------ ქ------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ზ------ ქ------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 800 (რვაასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: „---------------” მარკის მოტოციკლი (სახ. ნომერი A------) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო CD დისკი დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/