განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
საქმე №100311219002962932 (3/ბ-191-2019 წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ - მოსამართლე ხათუნა ხომერიკი, სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე - 2019 წლის 23 მაისს, ქალაქ ქუთაისში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.11 მუხლის „გ“ ქვეპუნქტითა და VII5 თავით დადგენილი წესით, მხარეთა მონაწილეობით განიხილა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 მაისის ბრძანების ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი.
საქმეში მონაწილე მხარეები:
საჩივრის ავტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ-------- “ (ს/ნ 4--------)
დავის საგანი − ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია
საქმის გარემოებებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება
2019 წლის 23 აპრილს საჩხერის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ შპს „მ--------“-ის (ს/ნ 4--------) მიმართ და მოითხოვა საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად შპს „მ--------“-ის (ს/ნ 4--------) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია.
შუამდგომლობის თანახმად, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 0-----------ის N0------ ბრძანების საფუძველზე შპს „მ--------“-ის (ს/ნ 4--------) ქონებას დაედო ყადაღა. დავალიანება ბიუჯეტის წინაშე შეადგენს სულ 10 216,44 ლარს, მათ შორის ძირითადი 9052,37 ლარი, ჯარიმა 334,28 ლარი, საურავი 829,79 ლარი. საგადასახადო ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის ერთ-ერთ ღონისძიებას წარმოადგენს ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
საგადასახადო ორგანოს მიერ ქონებაზე ყადაღის დადება, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიება, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საგადასახადო დავალიანებაზე, რომელიც პირის მიერ აღიარებულია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად აღიარებულია საგადასახადო დავალიანება, რომლის: ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია; ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა; გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება; დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში; ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გადამხდელს 2018 წლის 0---------ერს ჩაჰბარდა შემოსავლების სამსახურის ბრძანება „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“, რაც არ გასაჩივრებულა საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV თავით დადგენილი წესით, შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გაატაროს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 1---------ერს განხორციელდა ქონებაზე ყადაღის დადება და შედგა ქონების დაყადაღების აქტი, რომელიც ჩაჰბარდა გადასახადის გადამხდელს. მიუხედავად გატარებული ღონისძიებისა გადასახადის გადამხდელის მხრიდან დავალიანების დაფარვა არ მომხდარა, რაც განაპირობებს დაყადაღებული ქონების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლით დადგენილი წესით რეალიზაციას და ამ გზით საგადასახადო დავალიანების გადახდევინების აუცილებლობას.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 მაისის ბრძანებით შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა გადასახადის გადამხდელის - შპს „მ--------“-ის (ს/ნ 4--------, მის: საჩხერის რაიონი, სოფელი ს-----) დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. იძულებითი აუქციონის წესით რეალიზაციას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის – შპს „მ--------“-ის (ს/ნ 4--------, მის: საჩხერის რაიონი, სოფელი ს-----) ყადაღადადებული ქონება: მუხლუხა ტრაქტორი: CHTZ T-171. სახ. ნომრით: NA-------. შუამდგომლობა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საჩხერი რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 მაისის ბრძანებაზე საჩივარი შეიტანა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული ბრძანების გაუქმება მოითხოვა შუამდგომლობის დაკამყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ ბრძანება ნაწილობრივ უსაფუძვლოა, იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
სსიპ შემოსავლების სამსახური უთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
ამავე კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
ვინაიდან შპს „მ---------ს“ გააჩნდა აღიარებული დავალიანება, საგადასახადო ორგანოს მიერ 2018 წლის 05 დეკემბერს მიღებულ იქნა N0------ ბრძანება შპს „მ--------“-ის ქონების დაყადაღების შესახებ. აღნიშნული ბრძანება ჩაჰბარდა გადამხდელს, რაც არ გასაჩივრებულა საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV თავით დადგენილი წესით, შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი იყო გაეტარებინა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის შემდგომი ღონისძიებები.
შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 1---------ერს განხორციელდა ქონებაზე ყადაღის დადება და შედგა ქონების დაყადაღების აქტი, რომელიც ასევე ჩაჰბარდა გადასახადის გადამხდელს. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა გადასახადის გადამხდელის მხრიდან დავალიანების დაფარვა არ მომხდარა, რამაც განაპირობა სასამართლოსთვის დაყადაღებული ქონების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლით დადგენილი წესით რეალიზაციისათვის მიმართვის და ამ გზით საგადასახადო დავალიანების გადახდევინების აუცილებლობა.
სასამართლომ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა, რომ ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება და იძულებითი აუქციონის წესით რეალიზებული უნდა იქნეს შპს „მ--------“-ის ყადაღადადებული ქონებიდან მხოლოდ ერთი მოძრავი ქონება, მუხლუხა ტრაქტორი: CHTZ T-171, სახელმწიფო ნომრით: A-----, რომლის საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნით საორიენტაციოდ შეადგენს 26 000 ლარს, რომელიც სრულად მოიცავს გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების ოდენობას ბიუჯეტის წინაშე.
საჩივრის ავტორს აღნიშნული მსჯელობა უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია და აღნიშნავს, რომ მართალია შპს „მ--------“-ის საკუთრებაში რიცხული მოძრავი ქონების, მუხლუხა ტრაქტორის: CHTZ T-171, სახელმწიფო ნომრით: A-------, ღირებულება ექსპერტიზის დასკვნით შეადგენს 26 000 ლარს, მაგრამ ექსპერტიზა ადგენს საორიენტაციო ოდენობას და არა მკაცრად დადგენილ დანაწესს. სიტყვა „საორიენტაციო“ ხაზგასმით იწერება ექსპერტიზის დასკვნაში, რაც ნიშნავს რომ ეს არის მიახლოებითი ფასი ექსპერტიზის ჩატარების დღისათვის არსებული მდგომარეობით, ხოლო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს შეფასებული ღირებულების 75%-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნივთის ღირებულება შემცირდება და იქნება არა 26 000 ლარი, არამედ 25%-ით ნაკლები. პირველ განმეორებით აუქციონზე ნივთის ღირებულება კვლავ მცირდება 50%-ით, ხოლო მეორე განმეორებით აუქციონზე ფასი იწყება 0 განაკვეთით. სააღსრულებო საკანონმდებლო რეგულაციებით მოვალის ქონება გადის აუქციონზე ეტაპობრივად, თითოეული ნივთი. თუ ერთი ნივთი არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, აღსრულება გაგრძელდება მეორე ნივთზე და ა.შ.
ამასთან აღსანიშნავია, რომ შპს „მ--------“-ის დავალიანება იზრდება ყოველდღიურად 0,05%-ით საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად.
ამდენად, საჩივრის ავტორი თვლის, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ გადამხდელის საკუთრებაში რიცხული მოძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნით საორიენტაციოდ შეადგენს 26 000 ლარს, უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის დავალიანების შესრულებას ბიუჯეტის წინაშე, სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად - სასამართლო აფასებს მკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჩივრის ავტორი ითხოვს ნაწილობრივ (შუამდგომლობის უარყოფის ნაწილში) გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 მაისის ბრძანება და ახალი ბრძანებით სრულად დაკმაყოფილდეს სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა შპს „მ--------“-ის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ.
საქმის წარმოების შეწყვეტის დასაბუთება
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საგადასახდო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 0-----------ის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №0------ ბრძანებით ყადაღა დაედო შპს „მ--------“-ის (ს/ნ 4--------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 05 დეეკმბრის №0------ ბრძანების საფუძველზე 18.12.2018წ. შედგა ყადაღის აქტი, რომლის მიხედვითაც ყადაღა დაედო შპს „მ--------“-ის (ს/ნ 4--------) შემდეგ ქონებას: 1. მუხლუხა ტრაქტორი: CHTZ T-171, სახ. ნომერი: A-----, 2. ექსკავატორი: CATERPILLAR M320, სახელმწიფო ნომრით: AA537D, 3. ბეტონის ქარხანა - 1 კომპლექტი, 4. ქვის სამსხვრევი - 1 კომპლექტი, 5. ლითონის ყალიბები - 10 ცალი, 6. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია N1------, 7. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია N1------, 8. ყვითელი ქვიშა - 250 კუბ.მ, 9. უძრავი ქონება მდებარე საჩხერის რაიონის, სოფ. ჩიხაში, საკადასტრო კოდი: 3-----------.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2019 წლის 23 მაისს წარმოდგენილი იქნა შპს „მ--------“-ის (ს/ნ 4--------) დირექტორის დ----- გ--------ის განცხადება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის, შესაბამისი გადახდის ქვითრებისა და შედარების აქტის წარმოდგენის შესახებ. განცხადებაზე დართული 2019 წლის 20 მაისის N0----------- საგადახდო დავალების მიხედვით შპს „მ--------“-ის (ს/ნ 4--------) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახაზინო კოდზე: 300 223 039 გადახდილ იქნა 3431,02 ლარი. 2019 წლის 01 მაისის N1 საგადახდო დავალების მიხედვით დ----- გ--------ის მიერ შპს „მ--------“-ის სახელით სახელმწიფო ბიუჯეტის სახაზინო კოდზე: 30022 3028, გადახდის დანიშნულება: ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი, გადახდილ იქნა 50 ლარი. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 23.04.2019-დან 23.05.2019-მდე შედარების აქტის მიხედვით შპს „მ--------“-ს (ს/ნ 4--------) ბიუჯეტის წინაშე საგადასაახდო დავალიანება არ გააჩნია. პირიქით, გადასახადის გადამხდელს ერიცხება ზედმეტობა (სალდო საანგარიშო პერიოდის დასასრულისთვის 22.05.2019წ. მდგომარეობით) – 629,59 ლარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის სასამართლო სხდომაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა დავის საგნის არარსებობის გამო იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე შპს „მ--------“-ის (ს/ნ 4--------) მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. შუამდგომლობას წარმომადგენელმა დაურთო შედარების აქტი 01.01.2019-დან 23.05.2019-მდე, რომლის მიხედვით შპს „მ--------“-ს (ს/ნ 4--------) ბიუჯეტის წინაშე დავალიანება არ გააჩნია და ერიცხება ზედმეტობა 629,59 ლარის ოდენობით და ქონებაზე ყადაღის გაუქმების შესახებ შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 2------ის N0------ ბრძანება, რომლის მიხედვითაც გაუქმებულ იქნა შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 0-----------ის N0------ ბრძანება „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ და შპს „მ--------“-ის (ს/ნ 4--------) ქონების მიმართ ყადაღა ჩაითვალა მოხსნილად.
სააპელაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და შუამდგომლობის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება; ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელების რიგითობის არჩევა, ამავე კოდექსით დადგენილი შემთხვევების გარდა, ხსენებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს.
მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ გადაუხდელი გადასახადის ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხის ამოღების უზრუნველსაყოფად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილი საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის პროცესუალური წესი მოცემულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII5 თავში, რომლის მიხედვითაც შუამდგომლობის განხილვისათვის სავალდებულო პირობას წარმოადგენს დავის საგნის არსებობა. კერძოდ, სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად პირის კუთვნილი დაყადაღებული ქონება და საგადასახადო ორგანო უნდა ითხოვდეს ამ ქონების რეალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის არც აღიარებული საგადასახადო ვალდებულება და არც დაყადაღებული ქონება, რომელიც აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად უნდა იქნას რეალიზებული, ამასთან შემოსავლების სამსახური ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა1’’ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის პირის აღიარებული საგადასახადო დავალიანება და ყადაღადადებული ქონება, რომლის რეალიზაციაც უნდა განხორციელეს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად, რაც დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2121-2123 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 284-285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 მაისის ბრძანება;
3. სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობაზე, შპს „მ---------ის“ (ს/ნ 4--------) მიმართ, გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ, _ შეწყდეს საქმის წარმოება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა 1“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრდება.
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე 2019 წლის 23 მაისი