განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №060310019002959953 (3/ბ-176-19წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 მაისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)
გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
საჩივრის ავტორი - საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველო (მოპასუხე, შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ----- დ---–---–--ე
მესამე პირი - ლ---- პ-------------
გასაჩივრებული სასამართლო აქტი - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება
1. საჩივრის ავტორის, საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს (მოპასუხე, შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანოს) მოთხოვნა - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2019 წლის 22 აპრილს რ----- დ---–---–--ემ სარჩელი შეიტანა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს მიმართ და მოითხოვა სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის მიერ 2019 წლის 1--------–ს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
მოსარჩელის მითითებით, 2019 წლის 1--------–ს დაახლოებით 16 სთ-ზე რ----- დ---–---–--ე ქალაქ სამტრედიაში, რ-------–------------ში მცხოვრებ დასთან, ლ---- პ-------------სთან მივიდა და მას მეგობარ მამაკაცთან ურთიერთობის შეწყვეტა მოსთხოვა. ამ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას ლ---- პ-------------მ გამოიძახა პოლიცია და განუცხადა, რომ რ----- დ---–---–--ემ მას მიაყენა სიტვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა,. აღნიშნული საფუძვლით რ----- დ---–---–--ე გადაიყვანეს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, სადაც უბნის ინსპექტორ გამომძიებლის მიერ მის მიმართ გამოცემული იქნა N0----- შემაკავებელი ორდერი, რომელიც რ----- დ---–---–--ეს ჩაჰბარდა 2019 წლის 2--------–ს. აღნიშნული შემაკავებელი ორდერი არის უკანონო და უნდა გაუქმდეს, რადგან რ----- დ---–---–--ეს ლ---- პ-------------ს მიმართ რაიმე სახის ძალადობა არ განუხორციელებია და აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე მტკიცებულება არ არსებობს.
მოპასუხე საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მიუთითა, რომ 2019 წლის 1--------–ს, სამტრედიის შს რაიონულ სამმართველოში მიღებული N1------ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. გამოძიების პროცესში გამოიკითხა ლ---- პ------------- (პ/ნ 6----------) და რ----- დ---–---–--ე (პ/ნ 6----------). ლ---- პ-------------მ გამოკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 1--------–ს, დაახლოებით 16 საათზე, მის საცხოვრებელ სახლში ქ. სამტრედიაში, რ-------–----------6-ში მივიდა მისი ძმა - რ----- დ---–---–--ე, რომელმაც ყელში ხელის წაჭერით, სახეში ხელის გარტყმით და სიტყიერი შეურაცხყოფის მიყენებით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას. რ----- დ---–---–--ემ გამოკითხვისას განმარტა, რომ იგი 2019 წლის 1--------–ს მივიდა თავისი დის, ლ---- პ-------------ს საცხოვრებელ სახლში და ურთიერშელაპარაკებისას ყელში წაუჭირა ხელი, რა დროსაც ტუჩზეც მოუხვდა ხელი და დააგდო იგი დივანზე. 2014 წლის 09 დეკემბრის N45 მითითების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, 2019 წლის 1--------–ს, სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ, პოლიციის მაიორ როგნედა ნადარეიშვილი მიერ, ქ. სამტრედიაში, დ-----------–-----–-----------------ში მცხოვრები რ----- დ---–---–--ის მიმართ, მის დაზე, ლ---- პ-------------ზე განხოციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოცემულ იქნა N0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც რ----- დარცმელიძეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა მსხვერპლის - ლ---- პ-------------ს საცხოვრებელ სახლთან, მის სამსახურთან და მის ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ასევე იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონია ძალაში დარჩეს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ რ----- დ---–---–--ის მიმართ 2019 წლის 1--------–ს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერი, მასში მითითებული პირობებით, რადგან იგი კანონიერადაა გამოცემული და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ლ---- პ------------- არ დაეთანხმა შემაკავებელი ორდერის გამოცემას და განმარტა, რომ ძმას მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით რ----- დ---–---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ 2019 წლის 1--------–ს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი, სადაც მსხვერპლის სახით წარმოდგენილია ლ---- პ------------- (დაბადების თარიღი -1--------- წელი; პირადი №6----------), ხოლო მოძალადის სახით - რ----- დ---–---–--ე (დაბადების თარიღი: 3--------- წელი, პირადი №6----------).
დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ:
2019 წლის 1--------–ს ლ---- პ-------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაიწყო N0----------- სისხლის სამართლის საქმის გამოძიება.
2019 წლის 1--------–ს N0----------- სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა რ----- დ---–---–--ე.
N0----------- სისხლის სამართლის საქმის მასალები ლ---- პ-------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ 1261 მუხლის პირველი ნაწილით, შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით 2019 წლის 1--------–ს გადაეცა სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილებას.
2019 წლის 1--------–ს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ როგნედა ნადარეიშვილის მიერ გამოცემული იქნა №0----- შემაკავებელი ორდერი მოქალაქე რ----- დ---–---–--ის მიმართ, მსხვერპლი ლ---- პ------------- (დაბადების თარიღი - 1--------- წელი; პირადი №6----------). შემაკავებელ ორდერში ძალადობის ფორმად მითითებული იქნა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.
შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მოძალადის იმ სახლისაგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 (ოცდაათი) დღით.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
სასამართლო მიუთითებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ა) პუნქტის თანახმად ამ კანონის მიზანია ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. კანონის განმარტება უნდა ემყარებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას, კანონის ნორმები წაკითხული უნდა იქნეს სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად: 1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. 2. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 3. სამოქალაქოსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით ასანაზღაურებლად. 4. ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევის ხასიათი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული რ----- დ---–---–--ის მხრიდან ოჯახური ძალადობის ფაქტი ლ---- პ-------------ს მიმართ. ასეთის სარწმუნოდ მიჩნევის შემთხვევაშიც, იმ პირობებში, როცა ლ---- პ-------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება (N0----------- სისხლის სამართლის საქმეზე), ზემოთ მოხმობილი ნორმის ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ შემაკავებელი ორდერის გამოცემით დარღვეულ იქნა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნები.
სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან პირის მოძალადედ ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული ამ პირის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასთან, აუცილებელია, რომ აღნიშნული ფაქტი დადგინდეს კანონით დადგენილი ყველა დანაწესის სრული დაცვით და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებლის მიერ 2019 წლის 1--------–ს №0----- შემაკავებელი ორდერის გამოცემისას დარღვეულია ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ორდერი არ არის გამოცემული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც წარმოადგენს მისი გაუქმების სამართლებრივ საფუძველს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონულმა სამმართველომ.
საჩივრის ავტორის განმარტებით, 2019 წლის 1--------–ს სამტრედიის რაიონული სამმართველოს მიერ მიღებულ იქნა N1------ შეტყობინება, რომლის საფუძველზეც სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. გამოძიების პროცესში გამოკითხული იქნა ლ---- პ------------- (პ/ნ 6----------) და რ----- დ---–---–--ე (პ/ნ 6----------). ლ---- პ-------------მ გამოკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 1--------–ს დაახლოებით 16 საათზე, მის საცხოვრებელ სახლში ქ. სამტრედიაში, რ-------–------------ში მივიდა მისი ძმა რ----- დ---–---–--ე, რომელმაც ყელში ხელის წაჭერით, სახეში ხელის გარტყმით და სიტყვიერი შეურაცხყობის მიყენებით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყობა მიაყენა მას. რ----- დ---–---–--ემ გამოკითხვისას განმარტა, რომ იგი 2019 წლის 1--------–ს მივიდა თავისი დის ლ---- პ-------------ს საცხოვრებელ სახლში და ურთიერთშელაპარაკებისას ყელში წაუჭირა ხელი, რა დროსაც ტუჩზეც მოუხვდა ხელი და დააგდო იგი დივანზე. საქართველოს შს მინისტრის 2014 წლის 09 დეკემბრის 45-ე მითითების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, 2019 წლის 1--------–ს, სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ 2019 წლის 1--------–ს სამტრედიაში, დ-----------–-----–--------------ში მცხოვრებ რ----- დ---–---–--ის მიმართ, მის დაზე, ლ---- პ-------------ზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოცემულ იქნა N0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც რ----- დ---–---–--ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა მსხვერპლის ლ---- პ-------------ს საცხოვრებელ სახლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ასევე იარაღის შეძენის ნებართვის და ლიცენზიის მოპოვება. მხარეებმა შემაკავებელ ორდერზე ხელი მოაწერეს.
საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეები გამოირჩევა მტკიცებულებათა სიმწირით, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, ძალადობა ხდება ერთმანეთთან დაკავშირებულ პირებს შორის ან/და ლოკალურ, ჩაკეტილ წრეში. ამიტომ, ასეთი ძალადობის ფაქტებს, მისი ბუნებიდან გამომდინარე, არ ჰყავს ბევრი მოწმე, რომლებიც იქნებიან ინციდენტის თვითმხილველები. აგრეთვე, ხშირია შემთხვევები, როდესაც მოძალადე ცდილობს ძალადობა განახორციელოს არა ხალხმრავალ ადგილას, რომელსაც ბევრი მოწმე ეყოლება, არამედ ისეთ ადგილას, სადაც მსხვერპლი და მოძალადე მარტონი იქნებიან. ამდენად, მოძალადე განსაზღვრული ადამიანების მიმართ განსაზღვრულ დროსა და ადგილას ძალადობს გარკვეული სიფრთხილით. ის საკუთარი „ძალადობრივი საქციელის შესახებ წესებისა და კანონების“ მიხედვით მოქმედებს. ვინაიდან, შემაკავებელი ორდერი არის ოპერატიული ინსტრუმენტი, ხშირ შემთხვევაში, მსხვერპლის დაცვის მიზნით, პოლიციელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, დროულად იმოქმედოს, რაც ართულებს მოწმეთა ბაზის შექმნას. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მოქმედი კანონმდებლობის ზრუნვისა და დაცვის მთავარი ობიექტია მსხვერპლი. მსხვერპლის სტატუსი განსაზღვრა და მისი დაცვის სამართლებრივი და სოციალური გარემოს შექმნა კანონმდებლის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ძალადობის მსხვერპლის გარშემო არსებული სოციალური გარემო უმეტეს შემთხვევაში ართულებს მისდამი გულწრფელი თანაგრძნობის გამოხატვას და საკითხის გადაჭრას. ქალი, რომელიც მამაკაცის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა და ცდილობს, თავისი პრობლემები სხვას გაანდოს, ხშირად მწარედ იმედგაცრუებული რჩება.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია, დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის, მე-3 ნაწილის მიხედვით, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ქალთა მიმართ ძაალდობის ან/და ოჯახში ძალადობის ფორმებს განსაზღვრავს კანონი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის N81 ბრძანებით, რომელიც 2018 წლის სექტემბერში ამოქმედდა, დამტკიცდა ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე, მოძალადის მხრიდან მომდინარე რისკების შეფასების სტანდარტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიქმნა შემაკავებელი ორდერის ოქმის ახალი ფორმა, სადაც ინტეგრირებულია შესაბამისი სტრუქტურირებული კითხვარი, რომელიც დაეხმარება პოლიციელს არსებული სიტუაციისა და ინციდენტში მონაწილე პირების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვებაში. ძალადობის გარემოების რისკების განსაზღვრისათვის რელევანტური კითხვების ჩამონათვალი შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტების/გამოცდილებისა და ქართული პრაქტიკის გათვალისწინებით, რაც მაქსიმალური სიზუსტით კონფლიქტის შეფასებისა და მომავალში ძალადობის გამეორების განჭვრეტის შესაძლებლობას იძლება. განმეორებითი ძალადობის რისკის სიმძიმე შეიძლება იყოს დაბალი, საშუალო და მაღალი, რომლის განსაზღვრა ხდება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებული კითხვებისათვის მინიჭებული ქულების საფუძველზე. შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის ოქმში, ძალადობის სიმძიმისა და შინაარსის მიხედვით, თითოეულ კითხვას მინიჭებული აქვს შესაბამისი ქულა. ერთქულიანი კითხვა ძალადობის განმეორების დაბალ რისკზე მიუთითებს, სამქულიანი შეკითხვები ძალადობის გამეორების საშუალო რისკს განსაზღვრავს, ხოლო ხუთქულიანი შეკითხვები - ძალადობის გამეორების მაღალი რისკის მაჩვენებელია. შემაკავებელი ორდერის ოქმს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ავსებს მსხვერპლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, პირადი დაკვირვებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე. აღნიშნული წესის გათვალისწინებით, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული ქმედებების შეზღუდვის მიზნით, შემაკავებელი ორდერის ოქმში მინიმუმ 3 (სამი) ქულის მოგროვების შემთხვევაში, აუცილებელია შემაკავებელი ორდერის გამოცემა. შემაკავებელი ორდერის ოქმის შევსების შედეგად დადგინდა, რომ სახეზე იყო შემაკავებელი ორდერის გამოცემისთვის საკმარის ინფორმაციათა ერთობლიობა. არსებული კანონმდებლობის და პრაქტიკის გათვალისწინებით, ძირითადად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხი სავარაუდო მსხვერპლთან გასაუბრებისა და შემაკავებელი ორდერის შევსების შემდეგ წყდება, ზემოსხენებული ძალადობის გამეორების რისკების შეფასების სისტემის გათვალისწინებით.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 2019 წლის 1--------–ს სამტრედიის შს რაიიონულ სამმართველოში მიღებულ იქნა N1------ შეტყობინება, რომლის საფუძველზეც სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. გამოძიების პროცესში გამოკითხული იქნენ ლ---- პ------------- (პ/ნ 6----------) და რ----- დ---–---–--ე (პ/ნ 6----------). ლ---- პ-------------მ გამოკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 1--------–ს დაახლოებით 16 საათზე, მის საცხოვრებელ სახლში ქ. სამტრედიაში, რ-------–------------ში მივიდა მისი ძმა - რ----- დ---–---–--ე, რომელმაც ყელში ხელის წაჭერით, სახეში ხელის გარტყმით და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას. რ----- დ---–---–--ემ გამოკითხვისას განმარტა, რომ იგი 2019 წლის 1--------–ს მივიდა თავისი დის - ლ---- პ-------------ს საცხოვრებელ სახლში და ურთიერთშელაპარაკებისას ყელში წაუჭირა ხელი, რა დროსაც ტუჩზე მოუხვდა ხელი და დააგდო იგი დივანზე.
2017 წლის 05 აპრილს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ“. ევროპის საბჭოს (სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირების შემდეგ, სახელმწიფოს მხრიდან ქალი გახდა განსაკუთრებული დაცვის ობიექტი როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აღნიშნული კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევად და კონვენციის მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, მიიღონ აუცილებელი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რათა ხელი შეუწყონს და დაიცვან ყველას უფლება, განსაკუთრებით კი, ქალების უფლებები. სტამბოლის კონვენცია მიუთითებს, რომ ქალები ხშირად ხდებიან შემდეგი დანაშაულების მსხვერპლი: ოჯახში ძალადობა, ადევნება, გაუპატიურება, იძულებითი ქორწინება, ე.წ. ღირსების სახელით ჩადენილი დანაშაული და სასქესო ორგანოების დასახიჩრება, რაც წარმოადგენს ქალებისა და გოგონების უფლლებათა სერიოზულ დარღვევას. ევროპის საბჭოს კონვენციის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (სტამბოლის კონვენცია), „ქალებზე ძალადობა არის ქალებსა და მამაკაცებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული არათანასწორი ძალაუფლებრივი ურთიერთობის გამოვლინება, რამაც გამოიწვია კაცების მიერ ქალების დისკრიმინაცია, მათზე დომინირება და ქალების სრული თვითრეალიზაციისათვის ხელის შეშლა. გენდერული ძალადობა არის ქალებზე ძალადობის სტრუქტურული ფორმა და ერთ-ერთი მთავარი სოციალური მექანიზმი, რომელიც ქალებს კაცებთან მიმართებით დაქვემდებარებულ მდგომარეობაში აყენებს“.
კანონმდებლობასთან ერთად, პრაქტიკაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოში ოჯახში ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური ღონისძიების განსაზღვრა არის ამ პრობლემის აღმოფხვრისა და ძალადობის პრევენციის ერთ-ერთი გზა. ქალთა მიმართ ძალადობის 2017 წლის ეროვნული კვლევის თანახმად, საქართველოში არაპარტნიორის მიერ განხორციელებული ძალადობაც ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. ამასთან, არაპარტნიორთა მიერ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედარებით გავრცელებულ პრობლემად დასახელდა თვისობრივი კვლევის ინტერვიუებში.
ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის საქმეების ბუნებიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, ობიექტურად შეუძლებელია რამდენიმე მტკიცებლების მოპოვება, ამიტომ ასეთ საქმეებზე, განსაკუთრებული დატვირთვა უნდა მიენიჭოს მსხვერპლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ამასთან, შემაკავებელი ორდერის მიზნებისათვის, სრულიად საკმარისია ის სტანდარტი, რაც მოცემულ საქმეში მტკიცებულებების სახით არის წარმოდგენილი. გავრცელებული პრაქტიკის თანახმად, როგორც წესი, მოძალადე უარყოფს ხოლმე მისი მხრიდან რაიმე სახის ძალადობის ჩადენის ფაქტს, რადგან ვერ აცნობიერებს, რომ შესაძლოა, მისი ქმედება ძალადობად იქნეს შეფასებული. ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მოძიებულ იქნა ყველა შესაძლო მტკიცებულება, ძალადობის სპეციფიკის გათავლისწინებით, რაც ძალადობის განხორცილებას ადასტურებს.
სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ლ---- პ------------- არ დაეთანხმა შემაკავებელი ორდერის გამოცემას და განმარტა, რომ ძმას მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მაშინ როდესაც ლ---- პ------------- გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში დეტალურად აღწერს მომხდარი ძალადობის გარემოებებს, მის მიერ შემდგომში, სასამართლოში გამოძიების ეტაპზე მითითებული ინფორმაციის უარყოფა ცალსახად მიუთითებს იმ სპეციფიურობაზე, რაც ახასიათებს ოჯახში ძალადობას, კერძოდ იმ გარემოებას, რომ ოჯახის წევრები ხშირად ცვლიან ჩვენებას და მალავენ მომხდარი ძალადობის ფაქტებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორი ითხოვს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ. ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება რა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, დამატებით საჩივრის პასუხად აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის კანონიერება.
საქმეში წარმოდგენილია 1-----2019წ. N0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის მოქმედების ვადაა 30 დღე, მსხვეპლი - ლ---- პ------------- (დაბ. 1---------წ. პ/ნ 6----------), მოძალადე: რ----- დ---–---–--ე (პ/ნ 6----------), ძალადობის ფორმად ხაზგასმულია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. ორდერით მოძალადეს აკერძალა:
- იმ სახლთან მიახლოევება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს;
- მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებტან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება;
- მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
- იარაღის შეძენის ნებარვის ან ლიცენზიის მოპოვება (ს.ფ. 13)
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, ფიზიკური ძალადობაა - ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს. ფსიქოლოგიური ძალადობაა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. სამოქალაქოსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით ასანაზღაურებლად. ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევის ხასიათი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით (მუხლი 9).
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 10.5 მუხლით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების (სისხლისსამართლებრივი მექანიზმების) გამოყენება არ აფერხებს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემას. 10. 6 მუხლის მიხედვით, თუ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან/და ოჯახური დანაშაულის ბრალდებით და გამოყენებულია არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება, უფლებამოსილი სასამართლო სისხლის სამართალწარმოების წესით იხილავს და წყვეტს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად მოძალადის მიმართ შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების საკითხს.
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანლიზების შედეგად სასამართლო თვლის, რომ იმ პირობებში, როცა რ----- დ---–---–--ის მიმართ დაწყებულია გამოძიება (N0----------- სისხლის სამართლის საქმეზე _ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა)), ლ---- პ-------------ს, როგორც ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის, დაცვის დამატებითი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს.
ოჯახური ცხოვრება ერთ-ერთია იმ ინტერესებს შორის, რომლებიც დაცულია ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით. ოჯახური ცხოვრების კონცეფცია, რომლის განვითარება განაპირობა ცნობიერებითმა და სოციალურმა ცვლილებებმა ევროპაში, მოიცავს საკითხთა ფართო წრეს. ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, ოჯახური ცხოვრება არ მოიცავს ურთიერთობას მხოლოდ მეუღლეებს შორის ან მეუღლეებსა და შვილს (შვილებს) შორის, არამედ ვრცელდება სხვა ურთიერთობებზეც: ბავშვსა და ბებია- ბაბუას შორის, და-ძმას შორის.... (ოლსონი შვედეთის წინააღმდეგ (Olsson v. Sweden), (№ 1), 24 მარტი, 1988, § 59, Series A no. 130).
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ფაქტს, რომლის გამოც გამოცემულია შემაკავებელი ორდერი ესწრებოდნენ მხოლოდ მოძალადე რ----- დ---–---–--ე და მსხვერპლი ლ---- პ-------------. 1-----2019წ. და 2----.2019წ. შედგენილი დაზარალებულის/მოწმის და ბრალდებულების გამოკითხვის ოქმები შეიცავს ურთიერთბრალდებებს და უტყუარად არ ამტკიცებს შემაკავებელი ორდერის გამოცემის აუცილებლობის ფაქტს. ამასთან, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მსხვერპლი ლ---- პ-------------, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე საქმის სააპელაციო განხილვისას არ ეთანხმება შემაკავებელი ორდერის გამოცემას ძმის მიმართ.
სააპელაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, და აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას გამოსაყენებელი ზოგადი პრინციპია ,,გონივრულ ეჭვს მიღმა” მტკიცების სტანდარტი. ასეთი მტკიცება შესაძლებელია, თუ ერთდროულად არსებობს საკმარისად მყარი, მკაფიო და თანმხვედრი ვარაუდები ან მსგავსი გაუბათილებელი პრეზუმფციები ფაქტთან დაკავშირებით. (Aktaş v. Turkey, 24351/94, პუნქტი 272, ECHR 2003-V).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შესრულება განაპირობებს დავის შედეგს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რადგან საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული რა მტკიცებულებებზე მითითებით დაასაბუთებენ მხარეები გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიან მოთხოვნებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას.
წარმოდგენილი საჩივრების და საქმის განხილვისას გამოკვლეული გარემოებების შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატა მიინევს, რომ არ არსებობს არცერთი საკმარისად მყარი და მკაფიო მტკიცებულება, რომლითაც გაქარწყლდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობა და საჩივრის ავტორს არ მიუთითებიათ არცერთი კონკრეტული გარემოება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მის პოზიციას.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონულმა სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება;
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი
გოჩა აბუსერიძე
მურთაზ მეშველიანი