განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.04.2019
საქმის ნომერი
190310016001518365
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები , დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №190310016001518365

საქმე №3ბ/1351-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ილონა თოდუა

მოსამართლეები - გიორგი გოგიაშვილი,შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველო;

წარმომადგენელი - ა---- ჩ--------ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს ,,ა-----------------–---------------------ი'';

წარმომადგენელი - ნ---------------–---–ი;

 

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის M------------------, სანომრე ნიშნით S------, საიდენტიფიკაციო კოდით W---------------- რეგისტრაციის მოწმობის აღდგენა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება;

 

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

1.1. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით, შპს ,,ა-----------------–--------------------ის'' წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს შინგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის 2016 წლის 03 ივნისის №----------------- გადაწყვეტილება და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 03 აგვისტოს №----------------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა მოპასუხეს მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის M------------------, სანომრე ნიშნით S------, საიდენტიფიკაციო კოდით W--------- C------ რეგისტრაციის მოწმობის აღგენა.

 

2.2. დასკვნები დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. 2008 წლის 22 დეკემბერის შპს „ა-----------------–-------------------ის“ დირექტორ ს---–--- ს---–----–---–მა, ი-----–ი მ-------–--სგან შეიძინა 1995 წელს გამოშვებული ავტომანქანა ,,მ--------------–-------, ავტომანქანის საიდენტიფიკაციო კოდი W---------------- (ტომი 1, ს.ფ. 12-14; 21-23).

 

2.2.2. 2016 წლის 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა ი-----–ი მ---–---–მა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე ითხოვა ავტომანქანა ,,მ-------------–------, სახელმწიფო ნომრით S------ ავტომანქანის საიდენტიფიკაციო კოდი W--------- C------ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა ავტომანქანის წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ტომი 1, ს. ფ. 1-14; ს.ფ. 49-60).

 

2.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 27 მაისის №---- განჩინებით, ვ-----------------–--ს რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ავტომანქანა M------------------ სახელმწიფო ნომრით S------ საიდენტიფიკაციო კოდით W---------------- დაუბრუნდა მის იმჟამინდელ მფლობელს შპს ,,ა-----------------–-------------------ს''-ს---–--- ს---–----–---–ს (ტომი 1, ს. ფ. 1-14; 49-60).

 

2.2.4. 2016 წლის 31 მაისს, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართა ს---–--- ს---–----–---–მა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განჩინების საფუძველზე ავტომანქანა M----------------- სახელმწიფო ნომრით S------ საიდენტიფიკაციო კოდით W---------------- სარეგისტრაციო მოწმობის აღდგენა (ტომი 1, ს.ფ. 61-64; 72; 76).

 

2.2.5. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს 2016 წლის 03 ივნისის M-------------- გადაწყვეტილებით, ს---–--- ს---–----–---–ს უარი ეთქვა 2016 წლის 31 მაისის №------- განცხადების დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო კოლეგიის 2016 წლის 27 მაისის განჩინებაში მითითებულია, რომ ვერ იქნა დადგენილი ავტომანქანა M----------------- პირვანდელი საიდენტიფიკაციო კოდი, შესაბამისად, ვერ მოხდა ავტომანქანის იდენტიფიცირება და რეკვიზიტების შედარება სარეგისტრაციო მონაცემებს შორის (ტომი 1, ს.ფ. 76).

 

2.2.6. 2016 წლის 04 ივლისს შპს „ა-----------------–--------------------ის’’ დირექტორმა ს---–--- ს---–----–---–მა საჩივრით მიმათა შსს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა ავტომანქანის ტექ - პასპორტის აღდგენა. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 03 აგვისტოს M-------------- გადაწყვეტილებით, შპს ,,ა-----------------–---------------------ის'' დირექტორის ს---–--- ს---–----–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ვერ დგინდება სატრანსპორტო საშულების საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი (ტომი 1, ს. ფ. 1-11; 49-64).

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ'' საქართველოს კანონის 91-ე მუხლი და განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის მიერ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

დასახელებული კანონი განსაზღვრავს საავტომობილო ტრანსპორტის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საქმიანობის საფუძვლებს. კანონი ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ყველა მფლობელზე, საავტომობილო ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული საქმიანობის ყველა მონაწილეზე მიუხედავად მათი ორგანიზაციულ -სამართლებრივი ფორმისა და დაქვემდებარებისა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ''მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ'' ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი რომლის თანახმად, რეგისტრაცია არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია, დროებითი რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება, აღრიცხვიდან მოხსნა, სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება, დადგენილი წესით სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციაში ცვლილებები არის სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას, რეგისტრაციის შედეგად ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით ან მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში ასახული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებში ცვლილების შეტანა.

 

მე-4 პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო ნიშნები არის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, დროებითი მოწმობა, სატრანზიტო სანომრე ნიშანი, შიდა ტრანზიტი, ტექნიკური ტალონი, „TEST“ ნომერი. მითითებული ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ'', ,,ვ'', ,,ვ.დ'' ქვეპუნქტების შესაბამისად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად მონაცემთა ბაზაში აისახება ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის სერია და ნომერი, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ'' ინსტრუქციის 24-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლომ განმარტა, რომ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით, მესაკუთრე ფიზიკური პირის ან მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადების საფუძველზე.

 

ამავე წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე განმარტებულია, როგორც ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლება და გააჩნია შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე ნოტარიულად შედგენილი საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მმართველი პირი. ამავე მუხლის მე-12 ქვეპუნქტის თანახმად კი, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი განმარტებულია, როგორც ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლში მითითებული ორგანიზაცია ან დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლებას. ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის,,ბ.ა'', ,,ბ.ბ'' და „ბ.ზ''ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს მიერ მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაცია განხორციელდება, თუ საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობა დასტურდება: სასამართლო აქტით; გადაწყვეტილებით; სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ გაცემული/გამოცემული დოკუმენტით, რომლითაც დასტურდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირზე დაბრუნება.

 

საქმის განმხილველმა სასამართლომ განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 27 მაისის №---- განჩინებით ვ---------------–--ს რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–ი მ---–---–ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ავტომანქანა M----------------- სახელმწიფო ნომრით S------ საიდენტიფიკაციო კოდით W---------------- დაუბრუნდა მის იმჟამინდელ მფლობელს შპს ,,ა-----------------–-------------------ს''-ს---–--- ს---–----–---–ს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილი იქნა, რომ სიყალბე მოსარჩელეს არ ჩაუდენია, აღნიშნული ავტომანქანა არ ირიცხება ინტერპოლის გენერალური სამდივნოს გატაცებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემთა ბაზაში. სასამართლოზე ასევე დადგინა რომ 2001 წლიდან დღემდე აღნიშული ავტომანქანა რეგისტრირებულია კოდით W---------------- და საიდენტიფიკაციო კოდის შეცვლა არ დაფიქსირებულა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთოთა, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ ავტომანქანა რეგისტრირებული იყო და არაერთი მესაკუთრე ჰყავდა, ამასთან არ დადგინდა შპს ,,ა-----------------–--------------------ის'' მიერ სიყალბის ჩადენა, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებით ავტომანქანა M----------------- დაუბრუნდა მოსარჩელეს, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელისთვის დამატებით, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო (VIN) ნომრის დაუდგენლობის გამო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა არ გამომდინარეობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიზნიდან, უზრუნველყოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტებით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

4.1 სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

წარმომადგენელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განჩინებით, ქ. თბილისის ვ-----------------–--ს რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ავტომანქანა „M-----------------”, სანომრე ნიშანი S------, საიდენტიფიკაციო კოდი W----------------, დაუბრუნდა მის ამჟამინდელ მფლობელს „ა-----------------–-------------------ი“-ს დირექტორს ს---–--- ს---–----–---–ს. ამასთან, განჩინებაში აღნიშნულია, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ არის დადასტურებული ავტომანქანის წარმომავლობა და ისევე როგორც 2016 წლის 21 იანვრის, ისე 2016 წლის 6 აპრილის ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, ავტომანქანის საიდენტიფიკაციო ნომრის პირვანდელი ნიშნები, გარდა ცალკეული ფრაგმენტებისა გამოვლენილი ვერ იქნა.

წარმომადგენელი აკონკრეტებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო იყო ის გარემოება უნდა გაცემულიყო თუ არა მომსახურების სააგენტოდან სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა, სადაც მითითებული იქნებოდა ზემოაღნიშნული საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც არის ყალბი და ბუნებაში არარსებული. მიიჩნევს, რომ სასამართლო თუ აკმაყოფილებდა სარჩელს, უნდა დაესაბუთებინა რატომ უნდა გაიცეს სარეგისტრაციო მოწმობა ყალბი საიდენტიფიკაციო კოდით. მიუთითებს, რომ მოცემული დავის არსთან არ არის კავშირში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონი და ასევე მიუთითებს, რომ იმთავითვე გაუქმებული იყო სასამართლოს მიერ გამოყენებული "საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს რესპუბლიკაში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესი".

წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანებით დამტკიცებული "მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" ინსტრუქციით, რომლის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციას წარმოადგენს ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია, დროებითი რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება, აღრიცხვიდან მოხსნა, სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება, დადგენილი წესით სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა; მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციაში ცვლილებები არის სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას, რეგისტრაციის შედეგად ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით ან მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში ასახული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებში ცვლილების შეტანა; მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენს სარეგისტრაციო ნიშანს; მე-8 მუხლის პირველი პუნქტის "დ" და "ვ" ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად მონაცემთა ბაზაში აისახება ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის სერია და ნომერი საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი; 25-ე მუხლის მეორე პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტებით ან/და მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით ვერ დგინდება ამ წესის მე-8 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით ან მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემები.

აპელანტის განმარტებით, ცხადია, რომ ერთი მხრივ, სარეგისტრაციო ნიშნების (სარეგისტრაციო მოწმობის) გაცემა წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის (რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანის) პროცედურას, რა დროსაც სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერის მითითება არის სავალდებულო, ხოლო მეორე მხრივ, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (რეგისტრაციაში ცვლილების შეტანა) ვერ განხორციელდება თუ რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტებით ან/და მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით ვერ დგინდება რომელიმე სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ ვინაიდან ვერ დგინდება სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი, მომსახურების სააგენტოს უარი რეგისტრაციის მოწმობის გაცემაზე არის კანონიერი.

ამასთან, მიიჩნევს, რომ სამართალწამოებისას არ უნდა ყოფილიყო მითითებული მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეული (მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო სამმართველო), რომლის მიმართაც შეუძლებელია რაიმე სახის გადაწყვეტილების გამოტანა, ვინაიდან არ გააჩნია სამართალსუბიექტობის უნარი გამოვიდეს მხარე სასამართლოში და ასევე არ გააჩნია დამოუკიდებელი ინტერესი. იგი ცალკე აღებული არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და მხოლოდ მომსახურების სააგენტოს სახელით ახორციელებს კანონით გათვალიწინებულ მომსახურებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, აპელირებს "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციას ახორციელებს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის N56 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

პალატა მიუთითებს ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-91 მუხლზე რომლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის მიერ, კერძოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან. დასახელებული კანონი განსაზღვრავს საავტომობილო ტრანსპორტის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საქმიანობის საფუძვლებს. კანონი ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ყველა მფლობელზე, საავტომობილო ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული საქმიანობის ყველა მონაწილეზე მიუხედავად მათი ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმისა და დაქვემდებარებისა.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ავტომანქანა M----------------- სახელმწიფო ნომრით S------ საიდენტიფიკაციო კოდით W---------------- 2001 წლიდან რეგისტრირებული იყო ჯერ თ---–-----ს შემდეგ კი ი-----–ი მ-------–--ს სახელზე, ხოლო 2008 წლის 22 დეკემბრიდან რეგისტრირებულია შპს ,,ა-----------------–-------------------ის'' სახელზე.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ''მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ'' ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტზე რომლის თანახმად, რეგისტრაცია არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია, დროებითი რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება, აღრიცხვიდან მოხსნა, სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება, დადგენილი წესით სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციაში ცვლილებები არის სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას, რეგისტრაციის შედეგად ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით ან მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში ასახული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებში ცვლილების შეტანა.

 

მე-4 პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო ნიშნები არის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, დროებითი მოწმობა, სატრანზიტო სანომრე ნიშანი, შიდა ტრანზიტი, ტექნიკური ტალონი, „TEST“ ნომერი.

 

მითითებული ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ'', ,,ვ'', ,,ვ.დ'' ქვეპუნქტების შესაბამისად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად მონაცემთა ბაზაში აისახება ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის სერია და ნომერი, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელე შპს ,,ა-----------------–--------------------მა'' 2008 წლის 22 დეკემბერის 12000 დოლარად (19800 ლარი) ი-----–ი მ-------–--სგან შეიძინა ავტომანქანა ,,M-----------------, ავტომანქანის საიდენტიფიკაციო კოდი W--------- C------. 2016 წლის 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა ი-----–ი მ---–---–მა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე ითხოვა ავტომანქანა ,,მ-------------–------, სახელმწიფო ნომრით S------ ავტომანქანის საიდენტიფიკაციო კოდი W--------- C------ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა ავტომანქანის წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ყურადსაღებია ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 27 მაისის №---- განჩინებით, ვ---------------–--ს რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–ი მ---–---–ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ავტომანქანა M----------------- სახელმწიფო ნომრით S------ საიდენტიფიკაციო კოდით W---------------- დაუბრუნდა მის იმჟამინდელ მფლობელს შპს ,,ა-----------------–-------------------ს''- ს---–--- ს---–----–---–ს. 2016 წლის 31 მაისს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართა ს---–--- ს---–----–---–მა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 მაისის განჩინების საფუძველზე ავტომანქანა M----------------- სახელმწიფო ნომრით S------ საიდენტიფიკაციო კოდით W---------------- რეგისტრაციის განხორციელება. სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს 2016 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილებით, ს---–--- ს---–----–---–ს უარი ეთქვა 2016 წლის 31 მაისის №------- განცხადების დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო კოლეგიის 2016 წლის 27 მაისის განჩინებაში მითითებულია, რომ ვერ იქნა დადგენილი ავტომანქანა M------------------ პირვანდელი საიდენტიფიკაციო კოდი, შესაბამისად, ვერ მოხდა ავტომანქანის იდენტიფიცირება და რეკვიზიტების შედარება სარეგისტრაციო მონაცემებს შორის. დადგენილია, რომ აღნიშნული გადწყვეტილება მხარის მიერ გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგნოში, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 03 აგვისტოს M-------------- გადაწყვეტილებით, შპს ,,------------------–--------------------ის'' დირექტორის ს---–--- ს---–----–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძვლით, რომ ვერ დგინდება სატრანსპორტო საშულების საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ'' ინსტრუქციის მესამე თავს რომელიც არეგულირებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის და რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების პროცედურებს. უფრო კონკრეტულად კი 24-ე მუხლის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით, მესაკუთრე ფიზიკური პირის ან მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადების საფუძველზე. ამასთან, წარმომამდგენელზე მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს სანოტარო აქტით ან უფლების გადაცემის ბარათით.

 

ზემოთმითითებულ წესში ასევე ცალსახად არის მოცემული მესაკუთრის განმარტება. კერძოდ, ბრძანების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე განმარტებულია, როგორც ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლება და გააჩნია შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე ნოტარიულად შედგენილი საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მმართველი პირი. ამავე მუხლის მე-12 ქვეპუნქტის თანახმად კი, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი განმარტებულია, როგორც ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლში მითითებული ორგანიზაცია ან დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლებას. ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის,,ბ.ა'', ,,ბ.ბ'' და „ბ.ზ''ქვეპუნქტის მიხედვით კი სააგენტოს მიერ მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაცია განხორციელდება, თუ საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობა დასტურდება: სასამართლო აქტით; გადაწყვეტილებით; სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ გაცემული/გამოცემული დოკუმენტით, რომლითაც დასტურდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირზე დაბრუნება.

 

პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 27 მაისის №---- განჩინებაზე რომლითაც ვ---------------–--ს რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–ი მ---–---–ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ავტომანქანა M----------------- სახელმწიფო ნომრით S------ საიდენტიფიკაციო კოდით W---------------- დაუბრუნდა მის იმჟამინდელ მფლობელს შპს ,,ა-----------------–-------------------ს''-ს---–--- ს---–----–---–ს. სასამართლოს აღნიშნული განჩინებით დადგენილია, რომ სიყალბე მოსარჩელეს არ ჩაუდენია, აღნიშნული ავტომანქანა არ ირიცხება ინტერპოლის გენერალური სამდივნოს გატაცებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემთა ბაზაში. დადგინდა, რომ 2001 წლიდან დღემდე აღნიშული ავტომანქანა რეგისტრირებულია კოდით W---------------- და საიდენტიფიკაციო კოდის შეცვლა არ დაფიქსირებულა.

 

პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლი, რომლის შესაბამისად, “სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით”. საკუთრების უფლების კონკრეტული გარანტია განმტკიცებულია კონსტიტუციით, რომლის თანახმადაც, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. აღნიშნული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, არამედ მითითებული მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საკუთრების უფლებაში ნებისმიერი ჩარევა დასაშვებია მხოლოდ მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ფარგლებში. საკუთრების უფლება ასევე აღიარებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლებას უზრუნველყოფს. ამასთან, არ შეიძლება ვინმეს ჩამოერთვას თავისი საკუთრება, გარდა საჯარო ინტერესისათვის და კანონით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებული პირობებით. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, საკუთრების უფლების პატივისცემა, მოიცავს სახელმწიფოს როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ ვალდებულებებს.

 

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე თბილისის ვ----------------–--ს რაიონული პროკურატურიდან გამოთხოვილი იქნა 2016 წლის 21 იანვრისა და 2016 წლის 6 აპრილის ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ასევე წარდგენილი იქნა თბილისის საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიისათვის საქმე N---- განხილვის დროს. ზემოაღნიშნული დასკვნები თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2017 წლის 11 ოქტომბერს.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 21 იანვრის N------- და 2016 წლის 6 აპრილის N------- ექსპერტიზის დასკვნებზე, რომლის თანახმად დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა ავტომანქანა M------------” სარეგისტრაციო ნომრით: S------. დასკვნის თანახმად, ექსპერტის წინაშე გადასაწყვეტად დასმულია შემდეგი კითხვები: რა მარკის, მოდელისა და ტიპისაა ექსპერტიზაზე წარდგენილი სატრანსპორტო საშუალება; ექსპერტიზაზე წარდგენილ სატრანსპორტო საშუალებაზე არსებულ საიდენტიფიკაციო ნომერზე აღენიშნება თუ არა ზემოქმედების კვალი, არის თუ არა შეცვლილი (გადაკეთებული) საიდენტიფიკაციო ნომერი, დადებით შემთხვევაში, რა გზით არის გადაკეთებული და რა იყო თავდაპირველად საიდენტიფიკაციო ნომერი; რამდენი საიდენტიფიკაციო ნომერი აქვს აღნიშნულ ა/მანქანას და კონკრეტულად რომელი საიდენტიფიკაციო ნომერი არის შეცვლილი (გადაკეთებული).

 

დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ავტომობილ M------------------- სარეგისტრაციო ნომრით: S-------ის საიდენტიფიკაციო ნომრის: W---------------- მეცამეტე ნიშნანი „-“, მეთოთხმეტე ნიშანი „-“ და მეთხუთმეტე ნიშანი „-“ შესრულებულია კუსტარული წესით. საიდენტიფიკაციო ნომრის პირვანდელი ნიშნები, გარდა ცალკეული ფრაგმენტებისა გამოვლენილი ვერ იქნა. ექსპერტიზაზე წარდგენილი M------------------ მარკის ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი ქარხნის მიერ დატანილი აქვს ერთ ადგილზე. (ძრავის ნაკვეთურში პანელზე. (ტომი 2, ს.ფ 49-56).

 

პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს, საქმის სააპელაციო პალატაში განხილვის ეტპზე წარმოდგენილ M------------ სს დ----–---ის გენერალური წარმომადგენლობა საქართველოში მ---------------–ის ავტომობილების ნაწილების და აქსესუარების სერვისი და ტექ. მომსახურების შპს „---“-ს სერვისების მენეჯერის დ--------------–---–ის 2018 წლის 16 თებერვლის წერილზე, საიდანაც დგინდება, რომ ავტომანაქანა M------------ საიდენტიფიკაციო ნომრით W---------------- არ არის D-------ის ბაზაში წარმოებულად დაფიქსირებული. მიწოდებული ავტომანქანის გადაცემათა კოლოფის ნომერი: 7------------- და ძრავის ნომერი: 1------------- ეკუთვნის ავტომანქანას საიდენტიფიკაციო ნომრით: W---------------- აღნიშნული ავტომანქანა D-------ის ბაზაში არის წარმოებულად დაფიქსირებული და ძებნაში არ არის გამოცხადებული (ტომი 2, ს.ფ 96).

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტის იმ განმარტებაზე, რომ ერთი მხრივ, სარეგისტრაციო ნიშნების (სარეგისტრაციო მოწმობის) გაცემა წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის (რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანის) პროცედურას, რა დროსაც სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერის მითითება არის სავალდებულო, ხოლო მეორე მხრივ, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (რეგისტრაციაში ცვლილების შეტანა) ვერ განხორციელდება თუ რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტებით ან/და მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით ვერ დგინდება რომელიმე სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემი. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ვინაიდან ვერ დგინდება სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი, მომსახურების სააგენტოს უარი რეგისტრაციის მოწმობის გაცემაზე არის კანონიერი.

 

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით, პალატას დადგენილად მიაჩნია და ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ავტომანქანა M----------------- სახელმწიფო ნომრით S------ საიდენტიფიკაციო კოდით W---------------- 2001 წლიდან რეგისტრირებული იყო თ---–-----ს და ი-----–ი მ-------–--ს სახელზე, მითითებული დროიდან საიდენტიფიკაციო კოდი არ გადაკეთებულა, ხოლო მოსარჩელის მხრიდან სიყალბე არ დგინდება. პალატა მიიჩნევს, რომ უგულებელყოფილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი პრინციპი კანონის წინაშე თანასწორობის თაობაზე, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში არ დაუშვას სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. იმ პირობებში, როდესაც დგინდება, რომ ავტომანქანა რეგისტრირებული იყო და არაერთი მესაკუთრე ჰყავდა, ამასთან არ დადგინდა შპს ,,ა-----------------–--------------------ის'' მიერ სიყალბის ჩადენა, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებით ავტომანქანა M----------------- დაუბრუნდა მოსარჩელეს პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელისთვის დამატებით, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო (VIN) ნომრის დაუდგენლობის გამო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ გამომდინარეობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიზნიდან, უზრუნველყოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა.

 

პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლზე რომლითაც აღიარებული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით აღიარებული ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან. კანონის წინაშე თანასწორობა, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით აღიარებული კონკრეტული უფლებაა, ხოლო მეორე მხრივ, ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპია, რომელიც განსაზღვრავს ძირითადი უფლებებით სარგებლობის ზოგად წესს, უზრუნველყოფს უფლება - თავისუფლებათა განხორციელებას დისკრიმინაციის გარეშე და იცავს ადამიანს უთანასწორო მოპყრობისაგან. კანონის წინაშე თანასწორობის ეს ზოგადი დებულება გულისხმობს სახელმწიფო აპარატის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას, დაუშვებელია ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე პირთა, იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ასევე ადმინისტრაციული ორგანოსათვის, კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას. პალატა განმარტავს, რომ ავტომანქანა M----------------- სახელმწიფო ნომრით S------ საიდენტიფიკაციო კოდით W---------------- 2001 წლიდან რეგისტრირებული იყო თ---–-----ს და ი-----–ი მ-------–--ს სახელზე. ხოლო 2008 წლის 22 დეკემბრიდან, მსუბუქი ავტომანაქანის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა და რეგისტრირებულია შპს ,,ა-----------------–-------------------ის'' სახელზე. ცალსახაა, რომ აღნიშნული რეგისტრაცია ძალაშია არ გაუქმებულა.

 

ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად, ამ მოთხოვნის დარღვევა სახეზეა მაშინ, როდესაც იკვეთება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი ურთიერთობის ერთ - ერთი მხარის შეზღუდვის ან მისთვის უპირატესობის მინიჭების გონივრული, საქმის არსიდან გამომდინარე საფუძველი. ამასთან აშკარაა შეუსაბამობა განხორციელებულ ღონისძიებასა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს შორის. პალატის მოსაზრებით, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-1635-1589(კ-08), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათშეფარდება.“

 

პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-463-451(კ-13), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტებით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია საკუთრების უფლება. ,,იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრების გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება N512 საქმეზე დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელი იქნება, პირველი ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად იმ ჩარევის გამო, რომელიც გავლენას ახდენს საკუთრების ეკონომიკურ ღირებულებაზე (Krick v Austria no 21752/93 1997).

 

,,საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. პალატამ აღნიშნა, რომ ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება ტექნიკური საკითხია, და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები (სუსგ 28.02.2013წ. #ბს-367-363(კ-12)).

 

რაც შეეხება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ იმ გარემოებას, რომ სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერის დაუდგენლობის გამო სააგენტო მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს დააკმაყოფილოს შპს ,,ა-----------------–----------------------ის'' წარმომადგენლის მოთხოვნა, პალატა განმარტავს, რომ დასახელებული ავტომანქანის შემოყვანის საკითხი შესწავლილი იქნა არაერთი ადმინისტრაციული ორგანოსა თუ სასამართლოს მიერ და თავად მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში რეგისტრირებული იყო არაერთხელ. პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა - დადგენა - შეფასება უმნიშვნელოვანეს პროცედურულ სტადიას წარმოადგენს და სწორედ მასზეა დამოკიდებული გამოცემული აქტით წარმოშობილი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრა. რამდენადაც სწორედ დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს მოწესრიგებისთვის სამართლის ნორმის შეფარდება.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, სადავო აქტების კანონიერების თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებაზე და მსჯელობაზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მომსახურების სააგენტო საკითხს ფორმალურად მიუდგა. ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს იმ მოსაზრებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის №---- განჩინება არ შეიცავს რაიმე სახის მითითებას მომსახურების სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო განხორციელების თაობაზე პალატა მიიჩნევს, რომ არც აღნიშნული წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობის აღდგენაზე უარის თქმის საფუძვლები, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები, ასევე მართებულად გადაწყვიტა პირველი ინსტანციის სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის M------------------, სანომრე ნიშნით S------, საიდენტიფიკაციო კოდით W--------- C------ რეგისტრაციის მოწმობის აღგენის დავალების საკითხი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრევით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ - სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცველელად უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (სორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე ილონა თოდუა

 

მოსამართლეები გიორგი გოგიაშვილი

 

შოთა გეწაძე