განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100119002844705
საქმე #1ბ/839-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), დ-------------------ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ---------–--------–------–----–---–-------------ში, მიმართ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ-------------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათზე, დ-------------------მა ქ---------–---------–------–----–---–-------------ში მდებარე თავიანთი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებულ საძინებელ ოთახში, თავიანთი არასრულწლოვანი შვილების - ბ--------------------------ის თანდასწრებით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, მ------------–---–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ჯერ მუშტი ორჯერ დაარტყა ტუჩის არეში, ხოლო შემდეგ ხელი წაუჭირა ყელში, თავი ჩაარტყა შუბლის არეში, მარცხენა ხელი გადაუგრიხა, რის გამოც მ------------–---–მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით:
დ-------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
დ-------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 9 თებერვლიდან 2019 წლის 19 მარტის ჩათვლით.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას დ-------------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ ნ---------–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ დ-------------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ-------------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულ მ------------–---–ის და მოწმეების - ვა-------------------------ისა და ს-----–----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ დ-------------------ის გამოკითხვის ოქმის და მის მიერ დანაშაულის აღიარების, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დ-------------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ დ-------------------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი არის იმდენად ჰუმანური, რომ შესაძლოა, ის მსჯავრდებულს ახალი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებდეს, რადგან მას ექნება დაუსჯელობის განცდა მის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის. გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ სასჯელის დროს არ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ხერხი, მოტივი, გარემოებები და ბრალდებულის პიროვნება, ასევე არ გაითვალისწინა, რომ ჩადენილი დანაშაული თავისი ხასიათიდან გამომდინარე, არის მომეტებული საფრთხის შემცველი. საჩივრის ავტორის აზრით, აგრეთვე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა სრულიად უმნიშვნელო მიზეზის გამო მიაყენა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ამასთან არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ დ-------------------ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ დ-------------------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულს, ექნება რა დაუსჯელობის განცდა მის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის, აღნიშნული მას, შესაძლოა, ახალი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებდეს. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ დ-------------------ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ დ-------------------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს დ-------------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. დ-------------------მა გამოძიების ეტაპზე და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. ამასთან, იგი ნასამართლევი არ არის. რაც შეეხება გამოძიებასთან თანამშრომლობას, პალატა მიიჩნევს, რომ დ-------------------მა საგამოძიებო ორგანოში და სასამართლოში დროული გამოცხადებისა და საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. აგრეთვე, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.
პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ მთელ რიგ გარემოებებს, კერძოდ, დ-------------------ი არის ექვსი არასრულწლოვანი შვილის მამა, მისი მხრიდან წარსულში ოჯახის წევრის მიმართ რაიმე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მეზობლების მხრიდან ხასიათდება დადებითად, დაზარალებული შერიგებულია მასთან და რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, აგრეთვე, დ-------------------მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ დ-------------------ისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ დ-------------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული და პირობითად ჩათვლილი სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ-------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ დ-------------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
დ-------------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;
საქართველოს სსკ-ის 66 მუხლისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს ასევე დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;
დ-------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 9 თებერვლიდან 2019 წლის 19 მარტის ჩათვლით;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ დ-------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე