განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/743-19
№ 330310018002694538
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - თამარ ონიანი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- დ-----------------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით დ-----------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 15 აგვისტოს №60470-18/01 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე დ----------------------ს 2018 წლის 01 სექტემბრიდან დაენიშნება სახელმწიფო პენსია და ამავე პერიოდიდან აუნაზღაურდება მიუღებელი სახელმწიფო პენსიის სახით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1 დ----------------------- დაიბადა 1--- წლის 2-----–--ს.
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ს“ მიერ 2018 წლის 24 ოქტომბერს გაცემული №2278 ცნობით დასტურდება, რომ დ----------------------- მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ში“ საამწყობო, სარემონტო და საფრენ-საგამოცდო საწარმოში (585), ძირითადი მუშის პოზიციაზე.
დ----------------------მა 2018 წლის 12 ოქტომბერს №79167 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქალაქო ცენტრს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 17 ოქტომბერს გაცემული №04-00-ი/42360 წერილით დ----------------------ს ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრი „დ--–---“ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქედან გამომდინარე სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის უფლებას დ----------------------- ვერ მოიპოვებდა.
დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 15 აგვისტოს №60470-18/01 გადაწყვეტილებით დ----------------------ს 2018 წლის 10 აგვისტოს განცხადებაზე უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. გადაწყვეტილების თანახმად, დ----------------------ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას (დასაქმებული იყო სახელწმიფო სამხედრო სამეცნიერო- ტექნიკურ ცენტრ ,,დ--–---ში“).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.2. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლით სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლომ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
2.2. სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის ამ კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის სახელმწიფო კონტროლს, წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნასა და დებულების დამტკიცებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
2.3. სასამართლომ მოიხმო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია - „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება.
სასამართლომ მიუთითა, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.
მითითებული საკანონდებლო აქტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.
მოსარჩელე დ----------------------- დაიბადა 1--- წლის 2-----–--ს. შესაბამისად, ის წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტს.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.
2.4. სასამართლომ მიუთითა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო- კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო საქმიანობას, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
დ-----------------------ს მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ში“ მთავარი საამწყობო, სარემონტო და საფრენ- საგამოცდო საწარმოში (585), ძირითადი მუშის პოზიციაზე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-77-75 (კ-15)), სადაც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ს საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“, სადაც მოსარჩელე - დ----------------------- მუშაობს, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს.
2.5. სასამართლომ განმარტა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანომდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას.
გამომდინარე იქედან, რომ დ----------------------- საქმიანობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---ში“, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად. შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს.
2.5. სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.
სასამართლომ ბათილად ცნო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 15 აგვისტოს №60470-18/01 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დ----------------------ს 2018 წლის 1 სექტემრბიდან თვიდან დაენიშნება სახელმწიფო პენსია კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით და ამავე პერიოდიდან აუნაზღაურდება მიუღებელი სახელმწიფო პენსიის სახით.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე და 44-ე მუხლების დანაწესებზე, საკონსტიტუციო სასამართლოს 12.09.2014წ. №2/3/540 გადაწყვეტილებაზე, ევროპის ქარტიის მიზნებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტსა და 266-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს 02.07.2015წ. Nბს-77-75(კ-15) გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს პრეიუდიციული ძალა არ აქვთ განსახილველ შემთხვევაში. სახეზე არ არის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასება, რომელსაც სავალდებულო ძალა აქვს ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოსთვის.
სააპელაციო საჩივრის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის 30.05.2005 წ. N394 ბრძანებულების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ს“ და მის შემადგენლობაში მყოფ ავტომატური სისტემების სამეცნიერო-კველვით ინსტიტუტ „სხივის“ ბაზაზე, პროფილის შენარჩუნებით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ--–---“. აღნიშნულ ბრძანებულებაში არ არის ჩანაწერი უშუალოდ „დ--–---ს“, როგორც მაკოორდინირებელი ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ბუნების შესახებ. ასევე, საქართველოს მთავრობის 08.04.2015 წ. N264 დადგენილების მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---ს“ უფლებამოსილება განისაზღვრება ცენტრის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი და იგი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 25.08.2015 წ. N25 ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ--–---ს“ დებულება. არც აღნიშნულ მინისტრის ბრძანებაში, ასევე, საქართველოს არცერთ საკანონმდებლო აქტში არ არსებობს მითითება ან სამართლებრივი განმარტება იმის შესახებ, რომ სსიპ „დ--–---“ წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, სამეცნიერო-კვლევით ადმინისტრაციულ ორგანოს.
აპელანტი მიუთითებს, რომ საჯარო სამართალში მოქმედებს პრინციპი - ყველაფერი აკრძალულია, რაც კანონით ნებადართული არ არის, შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს მინიჭებული გარკვეული უფლებამოსილება, მისი მხრიდან საქმიანობის განხორციელება ჩაითვლება უფლებამოსილების გადამეტებად. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, აპელანტის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია და უსაფუძვლოა სსიპ სსსტ ცენტრ „დ--–---ს“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიჩნევა.
სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, სააგენტომ 09.02.2017წ. N04/8010 წერილით მიმართა „დ--–---ს“ და 27.02.2017წ. N338 წერილობითი პასუხით ადმინისტრაციულმა ორგანომ მკაფიოდ უარყო სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულების ბუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი თვლის, რომ დაუშვებელია სასამართლოს შეფასება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს მიენიჭა ის უფლებამოსილება, რასაც თავად ეს პირი უარყოფს, რადგანაც აღნიშნული სცილდება ადმინისტრაციული უფლებამოსილების ფარგლებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა მოსარჩელისთვის პენსიის დანიშვნის საფუძვლები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4..1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 15 აგვისტოს №60470-18/01 გადაწყვეტილების შესაბამისობის დადგენა კანონმდებლობასთან. აღნიშნული გადაწყვეტილებებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. შესაბამისად, მოცემული აქტის კანონიერებაზე არის დამოკიდებული სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილის დაკმაყოფილების საკითხიც, რომლითაც ს---------------–-------–---–--------------------------------ს უნდა დაევალოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ----------------------ისათვის სახელმწიფო გასაცემელის (პენსია) 2018 წლის 01 სექტემბრიდან დანიშვნა.
4.2.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პენსიის მიღება, საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლის თანახმად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა, შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე და მიიღონ ზომები სოციალური სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. დადგენილია, რომ მოსარჩელე - დ----------------------ი დაიბადა 1--- წლის 2-----–--ს. შესაბამისად, ის წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტს.
4.2.3. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.
მოსარჩელემ დადგენილი წესით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ განმცხადებელი ეწეოდა საჯარო საქმიანობას (დასაქმებული იყო სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დ--–---ში“, რომელიც, აპელანტის მოსაზრებით, წარმოადგენდა საჯარო სამართის იურიდიულ პირს და იქ მუშაობა ითვლებოდა საჯარო საქმიანობად).
4.2.4. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო საქმიანობას, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
4.2.5. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-77-75 (კ-15)), რომელშიც საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ს“ შექმნის შესახებ საქართევლოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 მაისის №394 ბრძანებულებაზე, რომლის თანახმად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფაში სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების სპეციფიკურობისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ს“ და მის შემადგენლობაში მყოფ ავტომატური სისტემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „სხივის“ ბაზაზე, პროფილის შენარჩუნებით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ--–---“, რომლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს განახორციელებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ს“ დებულების შემუშავება და დამტკიცება დაევალა. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „აღნიშნული ბრძანებულება ხაზს უსვამს „დ--–---ს“ შექმნის მიზნებსა და საფუძვლებს, რომელიც სწორედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფაში სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტურუქტორო სამუშაოების სპეციფიკურობისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით შეიქმნა. ამასთან, აღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 სექტემბრის №1120 ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ--–---ს“ დებულება (თ. ლ-ისთვის კომპენსაციის შეწყვეტის დროს მოქმედი), რომლითაც განსაზღვრულია ცენტრის მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი. დებულების მიხედვით, ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას სხვადასხვა იარაღისა და მასალების შექმნა და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება წარმოადგენს. მაგალითისათვის, მითითებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრის ძირითადი მიზნები, ამოცანები და ფუნქციებია საბრძოლო იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო დანიშნულების ტექნიკისა და აღჭურვილობის შექმნა, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯავშნე მასალების შექმნა, ცოცხალი ძალის უსაფრთხოებისა და სპეციალური ობიექტების დაცვითი სისტემების სამეცნიერო-ტექნიკური უზრუნველყოფა; ასევე, „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეყანაში სეტყვასაწინააღმდეგო და ზვავსაწინააღმდეგო საქმიანობასთან დაკავშირებული სისტემების დამუშავება, მოდერნიზება, შექმნა, დანერგვა და მომსახურება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ცენტრი თავისი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკურ საწარმოებსა და ორგანიზაციებში ახალი ტექნიკის შექმნის საკითხებში შეიმუშავებს პრიორიტეტულ მიმართულებებს და შესაბამის სახელმწიფო პროგრამებს სათანადო უწყებებთან ერთად; „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ცენტრი ამტკიცებს და გასცემს ტექნიკურ დავალებებს, გეგმებს სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულებაზე; „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრი ატარებს ცენტრში შექმნილი და დამზადებული შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის საცდელი ნიმუშების (კომპლექსების, სისტემების), სერიული პროდუქციის, აგრეთვე მაკომპლექტებელი ნაკეთობებისა და მასალების გამოცდებს, მონაწილეობს მათ სახელმწიფო გამოცდებში, ამზადებს ტექნიკურ დოკუმენტაციას მათ მისაღებად შეიარაღებაზე და ახორციელებს სერიულ წარმოებაში დანერგვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ხოლო „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ცენტრი ორგანიზებას უწევს და მონაწილეობას იღებს სამეცნიერო ფორუმებში (კონფერენცია, სემინარი, კონგრესი, ყრილობა), მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი ცენტრთან სათათბირო ორგანოს სტატუსით, მოქმედებს სამეცნიერო-ტექნიკური საბჭო, რომლის წევრები არიან ცენტრის წამყვანი სპეციალისტები. ამდენად, „დ--–---ს“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი. ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ--–---“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას. საყურადღებოა, რომ „დ--–---ს“ იგივე მიზნებს, ამოცანებსა და ფუნქციებს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 10 სექტემბრის №1-1/247 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ს“ დებულებები. შესაბამისად, დაფუძნების დღიდან დღემდე (როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში ყოფნის დროს) „დ--–---“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმის ნომერი: ბს-77-75 (კ-15)) ასევე განმარტა, „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილი ვერ შეცვლის პრეზიდენტის ბრძანებულებითა და თავად „დ--–---ს“ დებულებით განსაზღვრულ „დ--–---ს“ მიზნებსა და საქმიანობის მიმართულებას, საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2014 წლის 20 თებერვლის წერილის (რომელიც თ. ლ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად იქცა) შინაარსზე, რომლითაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ეცნობა, რომ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ--–---“ არ წარმოადგენს „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაფუძნებულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას. თუმცა, ამავე წერილში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიუთითა, რომ მის კომპეტენციას სცილდება სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სტატუსის განსაზღვრა (ს.ფ. 151). შესაბამისად, არც თავდაცვის სამინისტროს წერილი გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ „დ--–---“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს.“
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს შეფასების გათვალისწინებით სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა წაეხალისებინა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე საქმიანობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრ „დ--–---ში“, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მას კანონის შესაბამისად არ შეუწყდება უფლება მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს.
4.2.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ კანონშეუსაბამოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 15 აგვისტოს №60470-18/01 გადაწყვეტილება და ამავე სააგენტოს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დ----------------------ს 2018 წლის სექტემბრის თვიდან დაენიშნება სახელმწიფო პენსია კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები:
აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე თამარ ონიანი