განაჩენი

სისხლის სამართლის 13.06.2019
საქმის ნომერი
330100119002825062
ინსტანცია
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100119002825062, №1/ბ-863-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

გამართლებული - ლი-------–---–ი, დაბადებული 198--–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, მცხოვრები: თბილისი, გო--------–-------------.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასჯელი:

 

ლი-------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თი------ ჭუ-------–-ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ლი-------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ ჯი-------------ის კონფლიქტს ლი-------–---–თან. დადგენილია, რომ დაზარალებულ ნა----–- ქო---–---–ის ტელეფონის ნომერზე შემოსული ნომერი ეკუთვნოდა ლი-------–---–ს და სწორედ ამ უკანასკნელს გააჩნდა მუქარის მოტივი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

დაცვის მხარეს შესაგებელი წარმოდგენილი არ აქვს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლი-------–---–ს ბრალი წარედგინა ქონების განადგურების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 4 ნოემბერს, 1050 საათზე, ლი-------–---–ი სატელეფონო საუბრისას ქონების განადგურებით დაემუქრა თბილისში, გლ----–----------------------–--–------ში მყოფ ნა----–- ქო---–---–ს, რაც ამ უკანასკნელმა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის განაჩენით, ლი-------–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

სასამართლომ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულად არ მიიჩნია წარდგენილი ბრალდებით ლი-------–---–ის ბრალეულობა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

შეტყობინებით დადგენილია, რომ 2018 წლის 04 ნოემბერს 112-ში შევიდა ნა----–- ქო---–---–ის სატელეფონო შეტყობინება, რომლის თანახმად, მისი შვილის ყოფილი მეგობარი გოგოს და დაუკავშირდა და დაემუქრა სახლის გადაწვით. შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ნა----–- ქო---–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 4 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში შვილთან - ჯი-------------თან ერთად. ტელეფონზე დაურეკეს ნაცნობი ნომრიდან, რომელიც ეკუთვნოდა მისი შვილის ყოფილ მეგობარ ქალს ლი-------–---–ს. ამ უკანასკნელს პირადად არ იცნობდა, თუმცა ამ ნომრიდან ჯი-------------ს არაერთხელ დაურეკავს მისთვის. დაზარალებულის განმარტებით, მის შვილს და ლი-------–---–ს ბოლო პერიოდში ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა ლი-------–---–ის მიერ გაჩენილი ბავშვის გამო, რომელზეც ჯი-------------ს სურდა გაერკვია იყო თუ არა მისი შვილი. ნა----–- ქო---–---–ს მოსაუბრემ უთხრა, რომ იყო ლი-------–---–ის და. მისი დის ციხეში მოხვედრის შემთხვევაში ციხეში მოხვდებოდა ჯი-------------იც და სახლ-კარსაც მთლიანად გადაუბუგავდა. მან უთხრა, რომ მისი ტელეფონი იწერდა მიმდინარე საუბრებს, რის შემდეგაც მოსაუბრემ გათიშა ტელეფონი. მან მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების შიში, რის გამოც დარეკა ,,112-ში“. მომხდარის შესახებ მოუყვა ასევე ქალიშვილს - ბე----- ქო---–---–ს. მოწმის განმარტებით, მოსაუბრე გაეცნო როგორც ლი-------–---–ის და და მისთვის უცნობია თუ ვინ ესაუბრა. სავარაუდოდ იცნობდა ლ--- ხმას, ვინაიდან შვილთან საუბრისას ესმოდა მისი მეტყველება, აქცენტი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იყო იდენტური.

 

მოწმე ჯი-------------ის ჩვენებით, 2018 წლის 4 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში დედასთან - ნა----–- ქო---–---–თან ერთად, რა დროსაც დედამისის მობილურ ტელეფონზე შევიდა ზარი ლი-------–---–ის მობილური ტელეფონის ნომრიდან, თუმცა მოსაუბრემ უთხრა, რომ იყო ლ--- და, რომლის დაჭერის შემთხვევაში დაემუქრა სახლის გადაწვით და მისი დაპატიმრებით. მას ლ--- დასთან არასდროს ჰქონია კავშირი. აღნიშნულ მუქარაზე ნა----–- ქო---–---–ს დაეუფლა შიშის გრძნობა, მით უფრო იმ პირობებში, როცა ის სახლში ხშირად იმყოფება მარტო, შესაბამისად მომხდარის შესახებ აცნობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს. მოწმის განმარტებით, მომხდარ ფაქტამდე მას ლი-------–---–თან ჰქონდა ურთიერთობა, რაც ბოლო პერიოდში დაეძაბათ ბავშვის გამო და მიმდინარე მოვლენების გამო ლი-------–---–ი იყო შეშინებული.

 

მოწმე ბე----- ქო---–---–მა, რომელიც არის ნა----–- ქო---–---–ის შვილი, ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ნა----–- ქო---–---–ის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ იცის დედისგან, თუმცა უშუალოდ სატელეფონო საუბრისას მასთან ერთად არ იმყოფებოდა და არ უნახავს დედის რეაქცია მუქარაზე. გადმოცემით იცის, რომ ლი-------–---–ის ტელეფონის ნომრიდან განხორციელდა ზარი, თუმცა მოსაუბრემ, რომლისგანაც მომდინარეობდა მუქარა, უთხრა, რომ იყო ლ--- და. მოწმის განმარტებით, ბავშვის სავარაუდო გაყიდვასთან დაკავშირებით, ჯი-------------სა და ლი-------–---–ს შორის არსებული კონფლიქტის გამო ოჯახის წევრები გამომძიებლისგან გაფრთხილებულები იყვნენ, რომ ლი-------–---–ის მხრიდან კომუნიკაციისა თუ ნებისმიერი ურთიერთობის შესახებ უნდა ეცნობებინათ მათთვის, შესაბამისად ნა----–- ქო---–---–ი დაუკავშირდა პოლიციას.

 

ლი-------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ არ იცნობდა პირადად ნა----–- ქო---–---–ს და არც იცოდა მისი საცხოვრებელი ადგილი. მის ტელეფონის ნომერზე ნა----–- ქო---–---–ი რეკავდა მხოლოდ მაშინ, როცა მისი შვილი ჯი-------------ი რჩებოდა მასთან სახლში და უნდოდა მოკითხვა. მას ჯი-------------თან ხშირად ჰქონდა კამათი, რადგან ეს უკანასკნელი თხოვდა ფულს, ამასთან სესხის სახით მიცემული ჰქონდა 1600 ლარი. მისი შვილის მამა არ არის ჯი-------------ი და ბავშვი იმყოფება ბიოლოგიურ მამასთან. ნა----–- ქო---–---–თან არც მას და არც მის დას არ დაურეკავს. შემთხვევის დროს იმყოფებოდა ცუდად, რადგან გაიგო, რომ ჯი-------------მა პოლიციაში შეიტანა საჩივარი ბავშვთან დაკავშირებით. მასთან სახლში იმყოფებოდნენ მეზობლები, თუმცა მისთვის უცნობია თუ ვინ ისარგებლა მისი ტელეფონით და დარეკა ნა----–- ქო---–---–თან. 2018 წლის 4 ნოემბერს მასთან არ იმყოფებოდა მისი და, რომელსაც 3 წელია არ ელაპარაკება, ხოლო ჯი-------------თან არსებული კონფლიქტის შესახებ არავისთვის მოუყოლია.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 29 დეკემბერს ნა----–- ქო---–---–თან ერთად დათვალიერდა მის მიერ განცხადების საფუძველზე წარდგენილი მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრის 5----------- შემავალ-გამავალი ზარების დეტალური ამონაწერი. ამონაწერის თანახმად, 2018 წლის 4 ნოემბრის 10:50:42 საათზე ტელეფონის ნომერზე 5----------- ფიქსირდება ლი-------–---–ის კუთვნილი ტელეფონის ნომრიდან 5----------- შემავალი ზარი, რომლის ხანგრძლივობაა 37 წამი. დათვალიერებისას ნა----–- ქო---–---–მა განმარტა, რომ მითითებული ნომერი ეკუთვნის ლი-------–---–ს, რომელიც მას დაემუქრა სახლის გადაწვით.

 

2019 წლის 3 იანვრის დათვალიერების ოქმის თანახმად, ლი-------–---–თან ერთად დათვალიერდა მის მიერ განცხადების საფუძველზე წარდგენილი მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრის 5----------- შემავალ-გამავალი ზარების დეტალური ამონაწერი, ანძების მითითებით. ამონაწერის თანახმად, 2018 წლის 4 ნოემბრის 10:50:42 საათზე ტელეფონის ნომრიდან - 5----------- ფიქსირდება გამავალი ზარი ნომერზე - 5-----------, დამაკავშირებელი ანძა მითითებულია თბილისი, ჯა----–---–-------------.

 

სხვა მტკიცებულებები მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდა სამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

 

მტკიცებულებების შეფასებამდე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის განმარტება, რის გარეშეც წარმოუდგენელია სრულყოფილი და ცხადი გადაწყვეტილების მიღება.

 

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. იმისათვის, რომ მუქარა ჩაითვალოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად, აუცილებელია სუბიექტის ქმედებამ დაზარალებულს გაუჩინოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მუქარა წარმოითქვა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმები. მიუხედავად შედეგისა, განახორციელებს თუ არა მუქარას პირი ან აპირებს თუ არა მის განხორციელებას, დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 4 ნოემბერს, 10:50:42 საათზე, ნა----–- ქო---–---–ის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომერზე 5----------- განხორციელდა შემავალი ზარი ლი-------–---–ის კუთვნილი ტელეფონის ნომრიდან - 5-----------, ხანგრძლივობით 37 წამი. ჩვენების მიცემისას, როგორც დაზარალებულმა, ისე ჯი-------------მა, დაადასტურეს მუქარის ფაქტი. ამასთან, ნა----–- ქო---–---–მა განმარტა, რომ მოსაუბრე მას გაეცნო როგორც ლ--- და. შეტყობინებაში ასევე მითითებულია, რომ ნა----–- ქო---–---–ს სახლის გადაწვით დაემუქრა მისი შვილის მეგობრის და. მართალია, ნა----–- ქო---–---–ი პირადად არ იცნობდა ლი-------–---–ს, თუმცა მისი ჩვენების მიხედვით ის სავარაუდოდ იცნობდა ლი-------–---–ის ხმას, ვინაიდან შვილთან საუბრისას ესმოდა მისი მეტყველება, აქცენტი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იყო იდენტური. ლი-------–---–ის ხმა უნდა ეცნო ჯი-------------საც, რომელსაც კატეგორიულად არ მიუთითებია, რომ მოსაუბრე იყო ლი-------–---–ი. ლი-------–---–ის ჩვენებით, მითითებულ დღეს იმყოფებოდა სახლში, იყო შეუძლოდ, რის გამოც სახლში ჰყავდა მეზობლები და მისთვის უცნობია თუ ვინ ისარგებლა მისი ტელეფონით.

 

ის გარემოება, რომ ლი-------–---–ს ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა ჯი-------------თან, უპირობოდ არ ადასტურებს მის მიერ მუქარის განხორციელების ფაქტს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობს ეჭვი, რომ ნა----–- ქო---–---–ს ლი-------–---–ის მობილური ტელეფონით შესაძლოა დაუკავშირდა სხვა პირი. შესაბამისად, წარმოშობილი ეჭვი უნდა გადაწყდეს მის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლეოდა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი ყოფილიყო ზეპირი მოსმენის გარეშე. მტკიცებულებების შეფასების და მხარის პოზიციის გაცნობის შემდეგ სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თი------ ჭუ-------–-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის განაჩენი.

 

ლი-------–---–ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

განემარტოს გამართლებულს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად მიღებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე