განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.06.2019
საქმის ნომერი
231210019002683976
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 231210019002683976

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-355-2019 11 ივნისი, 2019 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - დ-------- თ---------ე

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შ--------------–----–----------------–---------------–----–--------–ა

წარმომადგენელი - შ--–-- თ---------ე, გ----------–--ე

მესამე პირი - ე------------ე

დავის საგანი - განაკვეთის შევსება და ხელფასის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დ-------- თ---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. მოსარჩელე დ-------- თ---------ე 2007 წლიდან მუშაობს შ--------------–----–------ის ს------–----------ის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მასწავლებლად. 2.2. დ-------- თ---------ეს 2012 წლის 26 ოქტომბერს მიღებული აქვს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომი, რომლის მიხედვითაც განათლების ფაკულტეტის 2009 წლის 29 ივლისის N-- გადაწყვეტილებით დ-------- თ---------ეს მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი დაწყებით განათლების სპეციალობით. 2.3. 2018 წლის 01 სექტემბერს სსიპ შ--------------–----–------ის ს------–----------ის საჯარო სკოლასა (დირექტორის შ--–-- თ---------ის სახით) და დ-------- თ---------ეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც დ-------- თ---------ე მიღებული იქნა სსიპ. შ--------------–----–------ის ს------–----------ის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლად. ხელშეკრულება დადებულია ერთი წლის ვადით, ხელშეკრულების მიხედვით მხარეები გაეცნენ ყველა პირობებს, განაცხადეს თანხმობა და დაადასტურეს ხელმოწერით. დასაქმებული გაეცნო შრომის შინაგანაწესს და დაადასტურა ხელმოწერით. 2.4. მხარეთა შორის ძირითად სადავო გარემოებას წარმოადგენს დაწყებითი კლასის სადამრიგებლოდ მასწავლებლ ე------------ეზე გადაცემის და მოსარჩელეზე სასწავლო განაკვეთის 18 საათამდე შეუვსებლობის კანონიერება, რაც მოსარჩელის მტკიცებით, გამოწვეულია მის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომით. 2.5. თავის არგუმენტების დასადასტურებლად მოსარჩელე დ-------- თ---------ე განმარტავს შემდეგს: 2007 წლიდან მუშაობს გ--------ის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად და 2012 წლამდე არცერთი შენიშვნა არ ჰქონია. აღნიშნული პერიოდიდან მის მიმართ დაიწყო საყვედურების გამოცხადება იმ მიზნით, რომ მისთვის წაერთმიათ საათები და გადაეცათ არასპეციალისტისათვის. აღნიშნულზე მიმართა პროკურატურას, თუმცა არ დაიწყეს გამოძიება. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მისი დიპლომი საკმარისია, რომ ჰქონდეს პრიორიტეტი სხვა პედაგოგებთან შედარებით და სერთიფიკატები, რომლებიც წარმოდგენილია მოწინააღმდეგე მხარის მიერ, არ უნდა იყოს სხვა სპეციალობის მასწავლებლის - ე------------ის მასთან გათანაბრების საფუძველი. მისი დიპლომი საკმარისია იმისათვის რომ არ გაიაროს ტრენინგები. რაც შეეხება მეორე სამსახურისა და დაგვიანების საკითხს, მიდგომა აქაც დისკრიმინაციულია, რადგან მასწავლებელი ი-----–-----------ე, რომელიც არის სხვა სკოლიდან, არის მე-12 კლასის დამრიგებელი გაკვეთილები აქვს მხოლოდ ორშაბათს და სამშაბათს, სამი დღე კი საერთოდ არ არის სკოლაში. ასევე შ-----------–--ე არის მასწავლებელი 80 წელს გადაცილებული და 26 საათი დატვირთვა აქვს ქართულ ენაში, მათ შორის მეხუთე-მეექვსე კლასებში, რომლებიც გადის დაწყებით კლასებში და დირექტორს შეეძლო მასზე საათების გადანაწილება, რაც არ გააკეთა. 2012 წლიდან 2016 წლამდე ჰქონდა სადამრიგებლო კლასიც, მაღალი განაკვეთიც, რაც უკანონოდ იქნა შემცირებული. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დირექციისა და პედაგოგთა მხრიდან მის მიმართ მიდგომა იმდენად დისკრიმინაციულია, რომ პედაგოგიური კოლექტივის მიერ მოწყობილ ექსკურსიაზეც კი არ იწვევენ. 2.6. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოსარჩელის ზემო დასახელებულ მტკიცებას. მოპასუხე გ--------ის საჯარო სკოლის წარმომადგენელი თ---------ე განმარტავს, რომ შ--------------–----–------ის გ--------ის საჯარო სკოლაში დაწყებით კლასებში სამი პედაგოგი მუშაობს, საათების განაწილება მოხდა სასწავლო წლის დასაწყისში და დ-------- თ---------ეს არ გამოუხატავს არავითარი პრეტენზია, რაც დადასტურებულია პედაგოგიურ საბჭოს ოქმების წიგნში. რაც შეეხება საათების განაწილებას და დაწყებით კლასის დამრიგებლობას, კანონი არ ზღუდავს რომ სადამრიგებლო კლასი გადაეცეს სკოლის ნებისმიერ მასწავლებელს. ე------------ე, ვის მიმართაც მოსარჩელეს აქვს პრეტენზია, წლებია არის დაწყებითი კლასის დამრიგებელი, რომელიც პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას, აქვს მაღალი განათლება და გამოცდილება, გავლილი აქვს მრავალი ტრენინგი კვალიფიკაციის ასამაღლებლად და აქვს სათანადო სერთიფიკატები. სკოლა არის მცირე კონტიგენტიანი, 4 საფინანსო კლასია და 3 სადამრიგებლო, 12 მასწავლებელია და არცერთს არ გააჩნია 10 საათზე მეტი დატვირთვა. არცერთი სამართლებრივი აქტი არ ზღუდავს მასწავლებელს რომ იყოს დაწყებითი კლასის დამრიგებელი, მითუმეტეს ე------------ე დაწყებით კლასებს ასწავლის 2003 წლიდან. მას 2016 წლამდე უფრო ნაკლები საათები ჰქონდა ვიდრე დ-------- თ---------ეს. დ-------- თ---------ის მრავალი დარღვევების და საყვედურების მიუხედავად ჰქონოდა შესაძლებლობა გამოსწორებულიყო და სკოლაში კადრი რომ არ შემცირებულიყო თავი შეიკავეს მის გათავისუფლებაზე, მისი ხასიათიდან გამომდინარე მის მიმართ ხორციელდება გარკვეული დათმობები, არ დადის ტრენინგებზე, თუმცა ამის მიუხედავად აქვს თანამშრომლებთან კონფლიქტები და უსაფუძვლო დავები სხვადასხვა ინსტანციებში. 2.7. მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა და მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა მის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომისა და ამ საფუძვლით მასზე სხვებთან შედარებით, ნაკლები საათების გადანაწილება, ან ამ საფუძვლით კლასის მასზე სადამრიგებლოდ გადაცემაზე უარი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.8. საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის" მე-2 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომის კოდექსი ემსახურება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობის მოწესრიგებას და მისი უმთავრესი მიზანია დასაქმებულს, როგორც დამსაქმებლისადმი დაქვემდებარებულ და მასზე ერთგვარად დამოკიდებულ სუბიექტს შეუქმნას სამართლებრივი გარანტიები უფლებათა დაცვის კუთხით, რაც საჭიროა იმის გამო, რომ ხშირად დამსაქმებელი აშკარად უპირატეს მდგომარეობაშია დასაქმებულთან მიმართებაში და მის ნებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობა. 2.9. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის ღ1 პუნქტის მიხედვით, მასწავლებელი არის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთ საგანს მაინც ასწავლის; მასწავლებლის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია აღნიშნული კანონის 21- მუხლით, რომლის მიხედვით 1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელს უფლება აქვს: ა) მოსთხოვოს დაწესებულებას მუშაობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა; ბ) მიიღოს შრომის ანაზღაურება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმატივების მიხედვით; გ) აიმაღლოს კვალიფიკაცია, რისთვისაც 6 წელიწადში ერთხელ უფლებამოსილია მოითხოვოს ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით; დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. მასწავლებელი ვალდებულია: ა) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება; ა1) უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინება სასწავლო პროცესში; ბ) იზრუნოს მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე; გ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე; დ) ჩაერთოს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ე) დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი; ვ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები; დასახელებული მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს შორის შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. 2.10. დადგენილია და უდავო, რომ 2018 წლის 01 სექტემბერს სსიპ შ--------------–----–------ის ს------–----------ის საჯარო სკოლასა (დირექტორის შ--–-- თ---------ის სახით) და დ-------- თ---------ეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც დ-------- თ---------ე მიღებული იქნა სსიპ შ--------------–----–------ის ს------–----------ის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლად. ხელშეკრულება დადებულია ერთი წლის ვადით, ხელშეკრულების მიხედვით მხარეები გაეცნენ ყველა პირობებს, განაცხადეს თანხმობა და დაადასტურეს ხელმოწერით. დასაქმებული გაეცნო შრომის შინაგანაწესს და დაადასტურა ხელმოწერით. კათედრის სხდომის ოქმით, საათობრივი ბადის დამტკიცებისა და ვაკანტური საათების გადანაწილების შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანებებით გადანაწილებული იქნა სასწავლო განაკვეთები და განისაზღვრა საათების ოდენობა. 2.11. სკოლის დირექტორის ფუნქციები განსაზღვრულია ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 43.-ე მუხლით, რომლის თანახმად, 1. სკოლის დირექტორი: ა) ახორციელებს სკოლის მართვას; ბ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში, გარდა ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის შინაგანაწესს და სკოლის ბიუჯეტს; დ) შეიმუშავებს საშტატო განრიგს; დ1) უფლებამოსილია მოწვეული მასწავლებლისა და შემცვლელი მასწავლებლისათვის დაადგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნები; ე) მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში; ვ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს მასწავლებლებთან და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას; ზ) უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში; 2.12. სასამართლომ მიიჩნია, რომ სკოლის დირექციამ კანონით დადგენილ ფარგლებში სწორად განსაზღვრა მასწავლებელთა შორის საათების გადანაწილების საკითხი, შედგა შესაბამისი ოქმები და მასწავლებლებთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულებები. მოსარჩელე დაეთანხმა შრომის ხელშეკრულებაში ასახულ პირობებს, პრეტენზია არ განუცხადებია და ხელი მოაწერა ხელშეკრულებასა და ოქმებს. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცება დირექციის მიერ დ-------- თ---------ეზე დისკრიმინაციული მიდგომაზე. 2.13. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრს შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ამავე კანონის მეორე მუხლის მიხედვით, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. მეორე და მესამე ნაწილებით დადგენილია პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციის შემადგენლობა. პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. 2.14. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებით ვერ იქნა დადგენილი დ-------- თ---------ის მიმართ რაიმე სახის დისკრიმინაციული მიდგომის ფაქტი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა დ-------- თ---------ემ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობა მოცემულ სასამართლო გადაწყვეტილებაში მდგომარეობს შემდეგში, რომ სასამართლომ დადგენილად და უდავოდ, მიიჩნია რომ სკოლის დირექციამ კანონით დადგენილ ფარგლებში სწორად განსაზღვრა მასწავლებელთა შორის საათების გადანაწილების საკითხი, შედგა შესაბამისი ოქმები და მასწავლებლებთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულებები. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მიერ წარმომადგენელი მტკიცება დირექციის მიერ აპელანტის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომაზე, რაც თუნდაც იმით გამოიხატა, რომ მოპასუხემ შესაგებელში წარმოადგინა სხვა პედაგოგის მხოლოდ სერთიფიკატები და სიგელები, მისი დადებითი პოზიციის დასაფიქსირებლად, ხოლო აპელანტის მიმართ წარმოადგინა ბრძანებები დისციპლინარული სახდელების დადების შესახებ, რითაც წარმოაჩინა მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება. 3.2. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სასამართლომ განმარტა, როგორც აპელანტის სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება. განვლილ პერიოდში სამსახურის არაჯეროვანი შესრულებისათვის დაკისრებული აქვს დისციპლინარული სახდელები, ხოლო მასწავლებელ ე------------ეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად განვლილი აქვს ტრენინგ-სემინარები. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დ-------- თ---------ე ეთანხმებოდა და არცერთხელ არ გაუსაჩივრებია მის მიმართ მიღებული ბრძანება დისციპლინარული სახდელის დადების შესახებ. ერთობ მნიშვნელოვანია აღნიშნული ფაქტორივი გარემოების ცალ მხრივ, არასწორი შეფასება და მეორე მხრივ, საქმისათვისათვის, კერძოდ სასარჩელო მოთხოვნისათვის უმნიშვნელო ფაქტობრივი გარემოება, ვინაიდან, სასამართლოს უნდა დაედგინა მხოლოდ ერთი ფაქტობრივი გარემოება, რამდენად სამართლიანად მოხდა აპელანტისათვის საათების გადაუცემლობა და რამდენად სამართლიანად გადაეცა მესამე პირს, ე------------ეს აღნიშნული საათები. ამისათვის უნდა დაინტერესებული ისეთი ფაქტობრივი გარემოებებით, როგორიცაა 1. დაწყებითების მასწავლებლისათვის საჭირო კვალიფიკაცია, რაც აპელანტს უდავოა რომ გააჩნია. ამასთან მნისვნელოვანია, საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მესამე პუნქტი, რომლის მიხედვითაც დაწყებითი განათლების საფეხურის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 3.3. პირველი ფაქტობრივი გარემოების სწორად შეფასების შემთხვევაში სასამართლო დაადგენდა, რომ აპელანტი უპირატეს მდგომარეობაში არის ე------------ესთან მიმართებაში, ვინიადან აქვს დაწყებითების მასწავლებლის ხარისხი, ხოლო ე------------ეს - არა. 3.4. სასამართლომ არასწორად შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ე------------ეს აქვს სერთფიკატები, ვინაიდან ჩათვალა რომ ის სერთიფიცირებულია, რაც რასაკვრველია არ შეესაბამება სიმართლეს ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აპელანტი ვესწრებოდი ყველა იმ ტრენინგს, რომლის შესახებაც იყო ინფორმირებული, თუმცა სკოლის დირექტორი ისევ და ისევ დისკრიმინაციული მიდგომიდან გამომდინარე არ ატყობინებდა ტრენინგების შესახებ. 3.5. სასამართლომ ასევე არასწორად შეფასა ის ფაქტობივი გარემოება და ამასთან საქმისათვის მნიშვნელოვნად ჩათვალა, რომ აპელანტს არ გაუსაჩივრებია მის მიმართ განხორცილებული საყვედურები, ვინაიდან აღნიშნულ გარემოებას არ აქვს მნიშვნელობა და სასამართლოსათვისაც ცნობილი იყო რომ საჩივრები გაასაჩივრა პროკურორთან, თუმცა გამოძიება არ დაიწყო.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ დ-------- თ---------ე (აპელანტი) დასაქმებული არის სსიპ შ--------------–----–------ის ს------–----------ის საჯარო სკოლაში (სკოლა) დაწყებითი კლასის მასწავლებლად. 4.2. სკოლის პედაგოგიური საბჭოს 2018 წლის N01 სხდომის ოქმით მისი ყოველკვირეული საათობრივი დატვირთვა 9 საათით განისაზღვრა. 4.2.1. ამავე სხდომის ოქმით სკოლის I-III კლასების დამრიგებლად ე------------ე დაინიშნა. 4.3. დ-------- თ---------ის გარდა, სკოლის დაწყებით კლასებს სამი სხვა პედაგოგიც ასწავლის. 4.3.1. მათგან, ე------------ის ყოველკვირეული საათობრივი დატვირთვაც, ასევე 9 საათს შეადგენს, ხოლო თ----------------ისა და ი-----–-----------ის დატვირთვა დაწყებით კლასებში 3-3 საათია. 4.4. არსებითად, აპელანტი, იმ მოტივით, რომ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლად მუშაობის უპირატესი უფლება გააჩნია, ე------------ისათვის როგორც კლასის დამრიგებლის სტატუსის, ასევე სამუშაო საათების ჩამორთმევასა და მისთვის გადაცემას ითხოვს. სამართლებრივი დასაბუთება 4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.5.1. პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლო იყო. 4.6. პალატა აღნიშნავს, რომ არც ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონი და არც საქართველოს შრომის კოდექსი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლად დასაქმების უპირატეს უფლებას არ ითვალისწინებს. 4.6.2. როგორც აპელანტს, ისე მესამე პირს უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული და პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი გააჩნიათ. 4.6.3. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის 1 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნტების თანახმად, სკოლას მართავს დირექტორი და საშტატო განრიგსაც ის შეიმუშავებს, ამავე კანონის 46-ე მუხლის მიხედვით, სასკოლო სასწავლო გეგმას დირექტორის მონაწილეობით პედაგოგიური საბჭო შეიმუშავებს. 4.6.4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კი სკოლა ვალდებულია შეიმუშაოს საკუთარი სასკოლო სასწავლო გეგმა ყოველი ახალი სასწავლო წლისათვის და იგი უნდა შეიცავდეს სასკოლო საათობრივ ბადეს. 4.7. ეს ნიშნავს, რომ სკოლა უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება, როგორც საათობრივი ბადის განაწილების, ისე კლასის დამრიგებლად ერთ-ერთი პედაგოგის დანიშვნის თაობაზე. 4.7.1. მითუმეტეს, რომ როგორც სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმიდან ჩანს, სკოლა არის მცირეკონტიგენტიანი. 4.7.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი მცირეკონტინგენტიან სკოლაში რეკომენდებულია, რომ ერთ დამრიგებელს ჰყავდეს არანაკლებ 10 მოსწავლისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სკოლაში მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა 10 მოსწავლეზე ნაკლებია. დაუშვებელია ერთი კლასის/კლას-კომპლექტის მოსწავლეებს ჰყავდეთ სხვადასხვა დამრიგებელი. 4.8. პალატა აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. 4.8.1. ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. 4.9. პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტს არ მიუთითებია არც-ერთი ფაქტი, რომელიც რომელიმე ნიშნით ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით მის არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებას ასახავდა. 4.9.1. მხოლოდ ის, რომ სხვა მასწავლებელი კლასის დამრიგებლად დაინიშნა, აპელანტის დისკრიმინაციად ვერ ჩაითვლება. 4.9.2. მითუმეტეს, რომ როგორც აპელანტს, ისე ე------------ეს თანაბარი სამუშაო საათები აქვთ. 4.10. აღსანიშნავია, რომ სამუშაოს გაცდენისა და არაეთიკური საქციელის გამო, აპელანტს დისციპლინური სახდელი არაერთჯერ დაეკისრა. 4.10.1. მათ შორის, საყურადღებოა, რომ მან რამდენჯერმე შეურაცხყოფა მიაყენა სკოლის თანამშრომლებს და ქართული ენის გაკვეთილის ჩატარების ნაცვლად, მოსწავლეებს თემასთან კავშირში არ მყოფი უცხოური სიმღერა მოასმენინა. 4.10.2. ამ ვითარებაში, პალატას სავსებით დასაბუთებულად მიაჩნია სკოლის პოზიცია იმის თაობაზე, რომ აპელანტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ დამრიგებლის ფუნქციებს ჯეროვნად ვერ შეასრულებდა. 4.12. ამიტომ, კლასის დამრიგებლად ე------------ის დანიშვნა აპელანტთან არათანაბარ მოპყრობად რომც ჩათვლილიყო, ამას ობიექტური და გონივრული გამართლება ექნებოდა. 4.13. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა

 

1. დ-------- თ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე