განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.05.2019
საქმის ნომერი
060310019002959255
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა საქმეები
თარიღი
10.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 060310019002959255

საქმე N3/ბ-175-19წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

10 მაისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის

შემადგენლობა

მოსამართლეები: მურთაზ მეშველიანი (მომხსენებელი)

ხათუნა ხომერიკი, გოჩა აბუსერიძე

სხდომის მდივანი – ონისე გურეშიძე

საჩივრის ავტორი _ შსს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველო

წარმომადგენელი _ თ-------------

მოწინააღმდეგე მხარე _ გ--------–----ე

წარმომადგენელი _ თ---------------ი

მესამე პირი _ ნ----------–----ი

წარმომადგენელი _ რ---------------–--–--ა

დავის საგანი _ შემაკავებელი ორდერის გაუქმება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2019 წლის 22 აპრილს გ--------–----ემ სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მის მიმართ 2019 წლის 19 აპრილს შს სამტრედიის რაიონული სამმართველოს მიერ შედგენილი №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 20 აპრილს ჩაბარდა შსს სამტრედიის რაიონული პოლიციის სამმართველოს მიერ 2019 წლის 19 აპრილს გამოცემული შემაკავებელი N0----- ორდერი, რომლის მიხედვითაც ირკვეოდა, რომ მისი მხრიდან მოქალაქე ნ----------–----ის მიმართ ჩადენილი იქნა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა (თუ როდის და სად არ იყო მითითებული) რის გამოც მას როგორც მოძალადეს 30 დღით აეკრძალა ,,მსხვერპლის’’ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა.

 

მოსარჩელის განმარტებით აღნიშნულ სამართლებრივ აქტს არ ეთანხმება, ვინაიდან ე.წ. ,,მსხვერპლის" მხრიდან განხორციელებულ განაცხადს, თითქოსდა ადგილი ჰქონდა ძალადობას არ შეესაბამება სიმართლეს. უფრო მეტიც - ის მოგონილია, რათა მოპასუხე მხარემ როგორმე გადაფაროს მისი მხრიდან არაერთგზის ჩადენილი სამსახურებრივი გადაცდომა და ამით ის (და არა მარტი ის) ცდილობს ცილი დასწამოს მას, როგორც სკოლის დირექტორს, ვითომდა იგი არ შეეფერება მოცემულ პოზიციას და უკანონოდ ავიწროებს სკოლაში დასაქმებულ პირებს. იგი მუშაობს სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------- საჯარო სკოლის დირექტორად, სადაც პედაგოგის პოზიციაზე ასევე დასაქმებულია მოპასუხე ნ----------–----ი. ის დაახლოებით ერთ წელზე მეტია ცდილობს მოშალოს სკოლაში არსებული დისციპლინა, ჩაშალოს სასწავლო პროგრამა და საამისოდ მიმართავს უკანონო მოქმედებებს და ამით უხეშად არღვევს სკოლის შინაგანაწესს და განათლების შესახებ საქართველოს კანონს. ბუნებრივია იგი როგორც დირექტორი ვალდებულია მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება უკანონო მოქმედებაზე, კერძოდ; მის ნ----------–----ის მიმართ არაერთხელ იქნა გამოცემული დისციპლინური ხასიათის დასჯადი ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტები, რამაც ნ----------–----ის უკმაყოფილება გამოიწვია და იმის ნაცვალად, რომ სამართლებრივი გზით მოეხდინა რეაგირება მის მიმართ გამოცემული აქტების ნაწილში, ის უკანონო მოქმედებით, შანტაჟის და ცილისწამების გზით ცდილობს შეულახოს რეპუტაცია. უკანონოდ მიაჩნია სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან შემაკავებელი ორდერის გაცემა, ისე, რომ არც კი გამოკვლეულა და გაზიარებული არ იქნა მისი პოზიცია და ამ პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მითუმეტეს, რომ პირველი შეტყობინება მოპასუხე მხარის უკანონო მოქმედებაზე განახორციელა თავად მან სამართალდამცავ ორგანოში.

 

მოპასუხე - საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს წარმომადგენილი არ დაეთანხმა გ--------–----ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ 2018 წლის 16 აპრილს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში მიღებული იქნა N9----- შეტყობინება, რომლის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0------------ საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. გამოძიების პროცესში გამოკითხული იქნენ გ--------–----ე, ხ---------------–---–ი, ნ----------–----ი, ე-–-------------ე და ს--------–----ე. გ--------–----ემ გამოკითხვისას მასა და სკოლის პედაგოგებს, მათ შორის ნ----------–----ს შორის არსებული კონფლიქტი დაადასტურა. ნ----------–----მა განმარტა, რომ სკოლის დირექტორს გ--------–----ესა და სხვა პედაგოგებს შორის არის კონფლიქტი და 2019 წლის 16 აპრილს დილით დაახლოებით 09 საათზე, სამტრედიის რაიონის სოფელ ქ--------- საჯარო სკოლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, მკლავებზე ხელის ძლიერად მოჭერით განაცდევინა ფიზიკური ტკივილი, რითაც იძალადა მასზე. აღნიშნული გამოკითხვისას დაადასტურეს, ხ---------------–---–მა, ე-–-------------ემ და ს--------–----ე. შესაბამისად გამოკითხვების თანახმად გამოიკვეთა ნ----------–----ის მიმართ, სკოლის დირექტორის გ--------–----ის მიერ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველო შს მინისტრის 2014 წლის 09 დეკემბრის N45-ე მითითების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, 2019 წლის 19 აპრილს, სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ, პოლიციის მაიორ თ------------ის მიერ, სამტრედიის რაიონის სოფელ გ----------––ი მცხოვრები გ--------–----ის მიმართ, თანამშრომელ - ნ----------–----ის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოცემული იქნა N0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც გ--------–----ეს, პ/ნ 3---------- აეკრაძალა მსხვერპლის ნ----------–----ისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მხარეებმა შემაკავებელ ორდერზე ხელი მოაწერეს. შესაბამისად მიაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერი კანონიერადაა გამოცემული და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

მესამე პირის წარმომადგენლის განმარტებით გ--------–----ეს პრეტენზია გააჩნია იმასთან დაკავშირებით, თითქოსდა მის მიერ არ განხორციელებულა არც ფსიქოლოგიური და არც ფიზიკური ძალადობა სკოლის მასწავლებლების, მათ შორის ნ----------–----ის მიმართ, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. პოლიციის წარმომადგენელმა დაადასტურა რომ სკოლის დირექტორი არის მოძალადე პიროვნება, რომლის მიმართ 2018 წლის დეკემბერში ერთხელ უკვე გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი რაც არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში. თუმცა აღნიშნული შემაკავებელი ორდერის ვადის გასვლის შემდგომ კვლავ გახდა სკოლის დირექტორი კონფლიქტური და კვლავ ახორციელებდა ძალადობას სკოლის მასწავლებლების მიმართ. სკოლაში არის 13 მასწავლებელი, ამ ცამეტი მასწავლებლიდან ერთი არის ბატონი გ--------–----ის მეუღლე, ხოლო დარჩენილი ყველა პედაგოგი წინააღმდეგი არის ბატონი გ------ის. მიაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერი არის დასაბუთებული და მითითებულია თუ რა გახდა შემაკავებელი ორდერის გაცემის საფუძველი. მხარეებს შორის კონფლიქტის არსებობა არის უდავო გარემოება თავად მოწინააღმდეგე მხარემ არ დაადასტურა ეს ფაქტი. მესამე პირის წარმომადგენლის განმარტებით მნიშვნელოვანია დირექტორის დამოკიდებულება მასწავლებლების მიმართ, როგორი განწყობაა, როგორი მიდგომაა და ზოგადად როგორ ესაუბრება სკოლის მასწავლებლებს. 2019 წლის 16 აპრილს, მათ მიერ განხორციელდა სკოლის კარების ჩაკეტვა, რაც იყო პროტესტი დირექტორის მიმართ. ეს ინციდენტი მოხდა გაკვეთილების დაწყებამდე. სკოლის დირექტორის ყვირილზე თუ როგორ ბედავდნენ ისინი აღნიშნულის გაკეთებას მან შეაბრუნა ზურგი, რის შემდეგაც გ--------–----ე ხელით წვდა მკლავში და სცადა მისი იძულებით გაწევა, გაყვანა, რაზედაც მან მიიღო ძლიერი ტკივილი და იკივლა მომაცილეთ ეს კაცი აქედანო. შემაკავებელი ორდერი არის დასაბუთებული, ორდერის შედგენის საფუძველში პირდაპირაა მითითებული ორდერის შედგენის საფუძველი, როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით გ--------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ თ------------ის მიერ 2019 წლის 19 აპრილს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი.

 

2.1 დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ--------–----ე არის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------- საჯარო სკოლის დირექტორი, ნ----------–----ი კი ამავე საჯარო სკოლის პედაგოგი, მხარეებს შორის არსებობს კონფლიქტური დამოკიდებულება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო აღნიშნავს, რომ 2019 წლის 19 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ თ------------ის მიერ გამოცემული იქნა №0----- შემაკავებელი ორდერი მოქალაქე გ--------–----ის (დაბადების თარიღი - 20.09.1964 წელი; პირადი №3----------). მიმართ, მსხვერპლი ნ----------–----ი (დაბადების თარიღი - 21.06.1977 წელი; პირადი №3----------). შემაკავებელ ორდერში ძალადობის ფორმად მითითებული იქნა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 (ოცდაათი) დღით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენდა გ--------–----ის მიმართ სამტრედიის შს რაიონული სამმართველოს მიერ 2019 წლის 19 აპრილს გამოცემული შემაკავებელი ორდერის - N0----- მსხვერპლის ნ----------–----ის გენდერული ნიშნით ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტის შეფასება და ორდერის გამოცემის კანონიერების დადგენა. შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს, ამ შემთხვევაში ნ----------–----ის უფლებებს.

 

„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია („სტამბოლის კონვენცია“) უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სფეროში.

 

გენდერზე დაფუძნებული ძალადობა ქალთა მიმართ არის ისეთი ძალადობა, რომელიც მიმართულია ქალის წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალია (როგორიცაა იძულებითი აბორტი, ქალის გენიტალიების დასახიჩრება) ან ისეთი ძალადობა, რომელსაც ქალი ბევრად უფრო ხშირად განიცდის, ვიდრე მამაკაცი (როგორიცაა სქესობრივი ძალადობა, გაუპატიურება, დევნა, სქესობრივი შევიწროება, იძულებითი სტერილიზაცია);

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ძალადობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც გულისხმობს მსხვერპლთან მუდმივად, მიზანმიმართულად ისეთი ურთიერთობის ფორმების გამოყენებას, რომელიც იწვევს ემოციურ ტკივილს, შიშს, დათრგუნულობას, დეპრესიას. ასეთი ურთიერთობის ფორმებში შეიძლება შედიოდეს: კრიტიკა, აგრესიული და შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება ან ასეთი მიმართვა, დაშინება, ,,მსხვერპლის“ აუცილებელი მოთხოვნილებების უგულებელყოფა, სითბოსა და მზრუნველობის მოკლება, უსამართლო ბრალდებების წაყენება, ემოციური მანიპულაცია, გადამეტებული კონტროლი, საზოგადოებისგან იზოლირება, დაცინვა, სიტყვიერი შეურაცხოფა, – ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტებია. ფსიქოლოგიური ძალადობის მიზანია - მსხვერპლს დაეკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დააეჭვოს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში და რეალობის ადეკვატურ აღქმაში, პრობლემა შეექმნას სოციუმში სრულფასოვან პიროვნებად გამოვლენაში და შესაძლებლობების რეალიზებაში. ამდენად, მოძალადის მიზანია პიროვნების იდენტობის შელახვა, მასზე კონტროლის დამყარება და გარკვეული სახის სარგებელის (ემოციური, მენტალური, მატერიალური და სხვა) მიღება. მოძალადეს ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტების გამოყენების შემდეგ უმარტივდება მსხვერპლით მანიპულირება, რაც შედეგად მის პიროვნებაზე დომინირებას იწვევს. მოძალადე მიიჩნევს, რომ მისი (ძალადობრივი) ქმედება მსხვერპლთან ურთიერთობაში მეტად ეფექტურია მასთან ურთიერთობის „გასარკვევად“, რადგან სხვა არაძალადობრივი ქმედებებით ვერ ღებულობს იმ ,,შედეგს“ რაც მას ამ ურთიერთობიდან სურს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოა ის გარემოება, რომ გ--------–----ე და ნ----------–----ი დასაქმებული არიან ერთსა და იმავე საჯარო სკოლაში, შესაბამისად ისინი სამსახურებივად ურთიერთობენ, აღნიშნულიდან გამომდინარე შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიზანშეწონილობა განხილული უნდა იქნეს ქალთა მიმართ ძალადობის გენდერული ნიშნით განხორციელების თვალსაზრისით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მესამე პირის ნ----------–----ის და მისი შუამდგომლობით მოწვეული მოწმეთა განმარტებით გ--------–----ის მხრიდან ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით ძალადობას, კერძოდ, ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც ვერბალურად გამოიხატა მასში, რომ იგი მისი პროტესტის საპასუხოდ მიმართავდა მათ: ,,რომ ის არის კაცი და ქალები როგორ უშლიდნენ პროტესტის სახით დირექტორს სკოლის შენობაში შესვლას, თუ შესაძლებლობა აქვთ თვითონ მოიძიონ სხვაგან სამუშაო ადგილი, იგი დირექტორია და არსად წასვლას არ აპირებს’’. რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობას გამოიხატა მასში, რომ დირექტორის მიმართ პროტესტის გამოხატვისას, სკოლის შესასვლელ კარებში მდგარ ნ----------–----ზე მკლავებში ხელისმოკიდებით გ--------–----ე ცდილობდა გვერდზე გაეწია იგი, რასაც წინააღმდეგობის გაწევის გარეშე მიჰყვა ნ----------–----იც, რომელმაც ამ მოქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოადგენდა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ („სტამბოლის კონვენცია“) ევროპის საბჭოს კონვენციით გათვალისწინებულ ქალთა წინააღმდეგ მიმართულ გენდერზე დაფუძნებულ ძალადობას.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ასევე საგულისხმო იყო ის გარემოებაც, რომ მოპასუხისა და მესამე პირის მიერ მითითებული ფაქტები არ არის დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით, მხოლოდ მხარის ახსნა განმარტება სასამართლოსთვის არ არის სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულება რაიმე ფაქტის დასადასტურებლად, ხოლო მესამე პირის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეების ე-–-------------ის და ხ---------------–---–ისთვის პირადად ცნობილი გარემოებების შესახებ მიცემული ჩვენებით სასამართლომ ვერ გამოიტანა დასკვნა საქმისათვის ისეთი მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობაზე, როგორიცაა ნ----------–----ის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, მითუმეტეს გენდერული ნიშნით.

 

სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ გ--------–----ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

რაიონულმა სასამართლომ განმარტა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, მისი მიზანი, შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება ქმედება განახორციელოს მხოლოდ კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ თ------------ის მიერ 2019 წლის 19 აპრილს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რის გამოც გააუქმა იგი.

 

3. საჩივრის საფუძვლები:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა შსს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ 2019 წლის 19 აპრილის №0----- შემაკავებელი ორდერი გამოცემული იყო საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ გ--------–----ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ნ----------–----ის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით განხორციელებულ ფიზიკური და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის გამოც არ არსებობდა შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.

 

4.გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შსს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” პუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას _ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების გარეშე, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

დადგენილია, რომ 2019 წლის 19 აპრილს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში შესული N1------ წერილის საფუძველზე შსს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ თ------------ის მიერ გამოცემული იქნა №0----- შემაკავებელი ორდერი მოქალაქე გ--------–----ის მიმართ, მსხვერპლი ნ----------–----ი. შემაკავებელ ორდერში ძალადობის ფორმად მითითებული იქნა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 (ოცდაათი) დღით.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

ხსენებული კანონის მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად ფიზიკური ძალადობაა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობას, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს, ხოლო ამავე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. მითითებული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს შსს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს მიერ მოსარჩელე გ--------–----ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის გაუქმება, რომლის მიხედვით, მან სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------- საჯარო სკოლის პედაგოგ ნ----------–----ის მიმართ განახორციელა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ძალადობის ფორმების ლეგალურ დეფინიციას შეიცავს მითითებული კანონის მე-4 მუხლი, რომლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სახელმწიფოსთვის, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტური ღონისძიებების გატარებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ძალადობის მავნე შედეგები. საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, სახელმწიფო ნეგატიურადაა ვალდებული თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უგულებელყოფას, ხოლო ამავე დროს პოზიტიურადაა ვალდებული შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის. სწორედ ამ მიზნით 2014 წლის 19 ივნისს ხელი მოეწერა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციას (სტამბოლის კონვენცია), რომელიც მიზნად ისახავს ძალადობის აღკვეთას, მსხვერპლთა დაცვასა და მოძალადეთა პასუხისგებაში მიცემას და უზრუნველყოფს მსხვერპლ ქალთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქალების წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა. ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა ყოველთვის იწვევს საზოგადოების უარყოფით რეაქციას და სახელმწიფოს მხრიდან საჭირო ხდება დაუყოვნებელი მკაცრი რეაგირება ამგვარ ფაქტებზე. სახელმწიფო სისტემატიურად ქმნის ახალ მექანიზმებს და აუმჯობესებს კანონმდებლობას, რომელიც კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს მსხვერპლთა დაცვას, დახმარებასა და რეაბილიტაციას. სწორედ ამ მიზნით ეროვნული კანონმდებლობით, კერძოდ, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამოყალიბდა ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმები და დეტალურად განისაზღვრა მითითებულ ღონისძიებათა განხორციელების სპეციალური წესები. მითითებული კანონი ადგენს რეგულირებას, რაც დამახასიათებელია ოჯახში ძალადობისათვის, ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის, აგრეთვე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვისათვის.

 

პალატა იზიარებს რა მითითებულ მოსაზრებას და ეთანხმება ეფექტური ღონისძიებების გატარებას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით, თუმცა ამავდროულად მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ სასამართლოს მიერ კონკრეტული კონფლიქტის გადაწყვეტისას სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები, უნდა გამომდინარეობდეს საქმეზე არსებული მტკიცებულებებიდან და შესაბამისად, მათი შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შესრულება განაპირობებს დავის შედეგს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რადგან საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული რა მტკიცებულებებზე მითითებით დაასაბუთებენ მხარეები გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიან მოთხოვნებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთან, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება - მტკიცების ტვირთი, ასეთ დროს, გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა ამგვარი გადანაწილება არ გულისხმობს მხარეთა საერთოდ გათავისუფლებას მათ მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ე.ი. იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რაზეც ამყარებენ თავიანთ მოსაზრებებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა გ--------–----ის მხრიდან ნ----------–----ის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის (შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას) განხორციელების ფაქტი გენდერული ნიშნით, რის გამოც სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო გ--------–----ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის წინაპირობები, რაც წარმოდგენილი საჩივრის უარყოფის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, სააპელაციო საჩივარში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს საქართველოს სსკ-ის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს და ის უნდა დარჩეს უცვლელი, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 2112-ე და 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შსს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლეები: მურთაზ მეშველიანი

 

ხათუნა ხომერიკი

 

გოჩა აბუსერიძე