განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080319119002883130
საქმე N3/ბ-184-19წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
13 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მურთაზ მეშველიანი (მომხსენებელი)
ხათუნა ხომერიკი, გოჩა აბუსერიძე,სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
საჩივრის ავტორი _ ნ----------ე
მოწინააღმდეგე მხარე _ მ-------------–--ე
მოპასუხე _ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველო
დავის საგანი _ შემაკავებელი ორდერის კანონიერება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2018 წლის 12 ნოემბერს მ-------------–--ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მის მიმართ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიერ 2018 წლის 09 ნოემბერს გამოცემული შემაკავებელი ორდერის (№0-----) გაუქმება.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2011 წლის 31 იანვრიდან მ-------------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ნ----------ესთან. 2018 წლის 09 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიერ მ-------------–--ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რასაც არ ეთანხმება. მხარე აღნიშნავს, რომ შემკავებელ ორდერში მითითებული გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მისი მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობას ნ----------ის მიმართ ადგილი არ აქვს. სადავო ორდერი ეფუძნება მხოლოდ ნ----------ის განმარტებას, რომელსაც შემაკავებელი ორდერის არსებობა ესაჭიროება სამოქალაქო დავის გადაწყვეტისათვის, რომელიც შეეხება ბავშვთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრას.
მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი გ---------–-----ა არ დაეთანხმა მოსარჩელის ახსნა-განმარტებას და აღნიშნა, რომ შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ნ----------ის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც ქალბატონი დახვდა აღელვებული, იმ მოტივით, რომ მას მ-------------–--ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოპასუხემ მიიჩნია, რომ არ არსებობდა შემკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი და იგი ძალაში უნდა დარჩენილიყო.
ნ----------ე და მისი წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით მ-------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის, გ---------–-----ას მიერ 2018 წლის 09 ნოემბერს მ-------------–--ის სახელზე გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი;
2.1 დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2018 წლის 09 ნოემბერს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის, გ---------–-----ას მიერ გაცემული იქნა №0----- შემაკავებელი ორდერი მ-------------–--ის მიმართ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მ-------------–--ის მხრიდან ნ----------ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, არ დგინდებოდა.
2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქალაქო სასამართლომ განმარტა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, მისი მიზანი, შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება ქმედება განახორციელოს მხოლოდ კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიერ 2018 წლის 19 ნოემბერს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რის გამოც გააუქმა იგი.
3. საჩივრის საფუძვლები:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ნ----------ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ 2018 წლის 19 ნოემბრის № 0----- შემაკავებელი ორდერი გამოცემული იყო საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად, დადასტურდა, რომ მ-------------–--ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ; მ-------------–--ე ამისათვის იყენებდა შანტაჟისა და მუქარის ფორმას, რის გამოც არ არსებობდა შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.
4.გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ნ----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” პუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას _ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების გარეშე, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე.
ფაქტობრივი დასაბუთება:
დადგენილია, რომ 2018 წლის 09 ნოემბერს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის გ---------–-----ას მიერ გამოცემული იქნა №0----- შემაკავებელი ორდერი მოქალაქე მ-------------–--ის მიმართ, მსხვერპლი ნ----------ე. შემაკავებელ ორდერში ძალადობის ფორმად მითითებული იქნა ფსიქოლოგიური ძალადობა. შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე მოძალადისათვის მხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენების აკრძალვა. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 (ოცდაათი) დღით.
სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.
ხსენებული კანონის მე-4 მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. მითითებული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიერ მოსარჩელე მ-------------–--ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის გაუქმება, რომლის მიხედვით, მან ყოფილი მეუღლის ნ----------ის მიმართ განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ძალადობის ფორმების ლეგალურ დეფინიციას შეიცავს მითითებული კანონის მე-4 მუხლი, რომლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სახელმწიფოსთვის, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტური ღონისძიებების გატარებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ძალადობის მავნე შედეგები. საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, სახელმწიფო ნეგატიურადაა ვალდებული თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უგულებელყოფას, ხოლო ამავე დროს პოზიტიურადაა ვალდებული შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის. სწორედ ამ მიზნით 2014 წლის 19 ივნისს ხელი მოეწერა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციას (სტამბოლის კონვენცია), რომელიც მიზნად ისახავს ძალადობის აღკვეთას, მსხვერპლთა დაცვასა და მოძალადეთა პასუხისგებაში მიცემას და უზრუნველყოფს მსხვერპლ ქალთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქალების წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა. ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა ყოველთვის იწვევს საზოგადოების უარყოფით რეაქციას და სახელმწიფოს მხრიდან საჭირო ხდება დაუყოვნებელი მკაცრი რეაგირება ამგვარ ფაქტებზე. სახელმწიფო სისტემატიურად ქმნის ახალ მექანიზმებს და აუმჯობესებს კანონმდებლობას, რომელიც კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს მსხვერპლთა დაცვას, დახმარებასა და რეაბილიტაციას. სწორედ ამ მიზნით ეროვნული კანონმდებლობით, კერძოდ, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამოყალიბდა ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმები და დეტალურად განისაზღვრა მითითებულ ღონისძიებათა განხორციელების სპეციალური წესები. მითითებული კანონი ადგენს რეგულირებას, რაც დამახასიათებელია ოჯახში ძალადობისათვის, ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის, აგრეთვე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვისათვის.
პალატა იზიარებს რა მითითებულ მოსაზრებას და ეთანხმება ეფექტური ღონისძიებების გატარებას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით, თუმცა ამავდროულად მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ სასამართლოს მიერ კონკრეტული კონფლიქტის გადაწყვეტისას სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები, უნდა გამომდინარეობდეს საქმეზე არსებული მტკიცებულებებიდან და შესაბამისად, მათი შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შესრულება განაპირობებს დავის შედეგს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რადგან საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული რა მტკიცებულებებზე მითითებით დაასაბუთებენ მხარეები გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიან მოთხოვნებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთან, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება - მტკიცების ტვირთი, ასეთ დროს, გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა ამგვარი გადანაწილება არ გულისხმობს მხარეთა საერთოდ გათავისუფლებას მათ მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ე.ი. იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რაზეც ამყარებენ თავიანთ მოსაზრებებს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა მ-------------–--ის მხრიდან ნ----------ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის (შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას) განხორციელების ფაქტი, რის გამოც სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო მ-------------–--ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის წინაპირობები, რაც წარმოდგენილი საჩივრის უარყოფის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, სააპელაციო საჩივარში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს საქართველოს სსკ-ის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს და ის უნდა დარჩეს უცვლელი, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 2112-ე და 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ----------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება;
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;
მოსამართლეები: მურთაზ მეშველიანი
ხათუნა ხომერიკი
გოჩა აბუსერიძე