განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2019
საქმის ნომერი
330210018002301430
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002301430

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/7297-18 13 მარტი, 2019 წელი

თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე

 

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - პ--------–-----–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - დ------------ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება

 

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

 

1. 2018 წლის 12 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა დ------------ის წარმომადგენელმა, ი----------–---–-ა, მოპასუხე პ--------–-----–ის მიმართ და თანხის დაკისრება მოითხოვა.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე პ--------–-----–ს მოსარჩელე დ------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 (ათი ათასი) ევროს და 65 240 (სამოცდახუთი ათას ორას ორმოცი) აშშ დოლარის გადახდა, ასევე მოპასუხე პ--------–-----–ს მოსარჩელე დ------------ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 3 000 ლარის ანაზღაურება.

 

3. 2018 წლის 30 ივლისს მოპასუხე პ--------–-----–მა საჩივარი წარადგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით პ--------–-----–ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;

 

5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

 

სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

6.1. აპელანტის განმარტებით, იგი არ ცხოვრობს სარჩელში მითითებულ მისამართზე. მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მოპასუხის ელექტრონული ფოსტის მისამართი, თუმცა მან აღნიშნულის თაობაზე წინასწარი შეცნობით არ მიუთითა სარჩელში, რითაც სამოქალაქო კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნა დაარღვია.

 

6.2. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო დაეყრდნო ყალბი მონაცემების ამსახველ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც პ--------–-----–ისაგან ბინა მ--------------- შეიძინა. საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციით ბინა 2--------- წლიდან ეკუთვნის თ------------------- ამასთან, თ------------------ ბინა შეიძინა არა პ--------–-----–ისაგან, არამედ ვ------------–--------–-----–----ან.

 

6.3. აპელანტის განმარტებით, მოპასუხეს კითხვა შეუძლია რუსულად და ინგლისურად, რის გამოც ქართულ ენაზე გამოქვეყნებულ საჯარო შეტყობინებას იგი ვერ გაეცნობოდა.

 

6.4. სასამართლოს მიერ დაუსაბუთებლად არ იქნა გაზიარებული საჩივარში მითითებული ის გარემოება, რომ მოპასუხე უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მას გზავნილი საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმების შესაბამისად უნდა ჩაბარებოდა, რაც არ განხორციელებულა.

 

6.5. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ არანაირი ვალი არ გააჩნია. სარჩელი იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება

 

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

10. მოპასუხემ, რომელსაც სარჩელისა და თანდართული საბუთების შინაარსი ეცნობა შეტყობინების საჯაროდ გავრცელების გზით და ამავე წესით გაფრთხილებულ იქნა შესაგებლის წარმოუდგენლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე, შესაგებელი სასამართლოში დადგენილ ვადაში არ წარადგინა, რის შედეგადაც საქმეზე გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, ამავე კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

12. მოცემულ შემთხვევაში, სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე მხარეს დადგენილი წესით არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები - არ ჩაბარებია სარჩელი, რის გამოც დაუშვებელი იყო დაუსწრებელი გადაწუვეტილების გამოტანა.

 

13. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

 

13.1. დადგენილია, რომ 2018 წლის 15 მარტს, მოსარჩელე დ------------ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და სარჩელზე საჯარო შეტყობინების გაკეთება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები სარჩელში მითითებულ მისამართზე მოპასუხეს რამდენჯერმე გაეგზავნა, მაგრამ ვერ ჩაბარდა.

 

13.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოპასუხე მხარეს სასამართლო კურიერის დახმარებით სარჩელი დამატებით გაეგზავნა მისამართზე - ქ-------–----------------------------------------------. სასამართლოს კურიერის მიერ შედგენილი აქტის თანახმად, მისამართზე ცხოვრობს მ--------------, რომელმაც ბინა იყიდა პ--------–-----–ისგან 8 თვის წინ. სარჩელში და საქმის მასალებში მოპასუხის სხვა მისამართი არ იძებნება.

 

13.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. მითითებული ნორმის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განჩინებით, მოპასუხე პ--------–-----–ს მოსარჩელე დ------------ის სარჩელისა და თანდართული საბუთების შინაარსი ეცნობა შეტყობინების საჯაროდ გავრცელების გზით.

 

13.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განჩინებით, მოპასუხე პ--------–-----–ს მოსარჩელე დ------------ის სარჩელისა და თანდართული საბუთების შინაარსი ეცნობა შეტყობინების საჯაროდ გავრცელების გზით 2018 წლის 10 აპრილს. შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს განსაზღვრული ჰქონდა 10 დღის ვადა. მოპასუხეს აღნიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

13.5. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას, რომ მოპასუხე არ ცხოვრობს სარჩელში მითითებულ მისამართზე. აღნიშნული პრეტენზიის საპირისპიროდ საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2018 წლის 18 ივლისს, სწორედ სარჩელში მითითებულ მისამართზე ჩაბარდა. პალატა აღნიშნავს, რომ კურიერი თავისი საქმიანობის ფარგლებში უფლებამოსილია აქტში დამატებისა და შესწორების გარეშე, სრულყოფილად გადაიტანოს მხარის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია და შემდგომ ხელმოწერით დაადასტუროს იგი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, კურიერმა აქტში მიუთითა და დაადასტურა, რომ სადავო მოსამართზე მას ბინაში დახვდა ფიზიკური პირი მ--------------, რომელმაც განუმარტა, რომ აღნიშნული ბინა პ--------–-----–ისაგან იყიდა, 8 თვის წინ და მას შემდეგ აქ ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ მოპასუხის მიერ 2----–-–------------------- გაცემულ რწმუნებულებაში, პ--------–-----–ის მისამართად მითითებულია, ქ-------–------------------------------------------. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტაცია სწორედ, მითითებულ მისამართზე ეგზავნებოდა.

 

13.6. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიას, რომ მოპასუხეს მხოლოდ რუსულ და ინგლისურ ენებზე შეუძლია კითხვა, რის გამოც ქართულ ენაზე გამოქვეყნებულ საჯარო შეტყობინებას ვერ გაეცნობოდა. აღნიშნულის საპირისპიროდ საქმეში წარმოდგენილი 2----–-–------------------- სანოტარო აქტის მე-9 პუნქტი შემდეგი შინაარსისაა: „წინამდებარე რწმუნებულება მე მარწმუნებელს წამიკითხა ნოტარიუსმა ლ--–---------–---–-ა, შემდეგ მეც პირადად წავიკითხე იგი და მოვიწონე რწმუნებულების შინაარსი, რის შემდეგაც ნოტარიუსის თანდასწრებით პირადად მოვაწერე ხელი“.

 

13.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვენებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარადგინოს დასახელებული ფაქტების დამადასტურებელი, კანონით გათვალისწინებული, მტკიცებულებები. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

13.8. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა საქმის მასალებით პრეზუმირებულ იმ გარემოებებს, რომ მოპასუხე ფლობს ქართულ ენას და ცხოვრობს მისამართზე, ქ-------–----------------------------------------------. (იხ: 2----–-–------------------- რწმუნებულება, კურიერის აქტები), თუმცა ასეთი მტკიცებულებები აპელანტმა ვერ წარმოადგინა, რაც მის სააპელაციო საჩივარს დაუსაბუთებლად აქცევს.

 

14. პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დადასტურებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. კერძოდ:

 

4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

14.2. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, შესაბამისი მტკიცებულების არარსებობის პირობებშიც, დადასტურებულად მიიჩნევა სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

14.2.1. დ------------ს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა პ--------–-----–თან, რომელმაც სთხოვა თანხა. ვინაიდან დ-------------- იმ პერიოდში იმყოფებოდა საზღვარგარეთ, კერძოდ გ-------------–-----------–-, დ------------მა 2----–-–----------------ს მ-------------------------- საშუალებით 10 000 (ათი ათასი) ევრო გადმოურიცხა პ--------–-----–ის მიერ მითითებულ ანგარიშებზე. ასევე, როდესაც მოსარჩელე დაბრუნდა საქართველოში ხელზე გადასცა 65 240 (სამოცდახუთი ათას ორას ორმოცი) აშშ დოლარი, რომელიც შემდგომში უნდა დაებრუნებინა, მაგრამ აღნიშნული თანხა არ დააბრუნა. მოსარჩელემ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს ძ---–-------–-----------------–--ს განცხადებით, რათა განცხადებაში არსებული ფაქტების გამოკვლევის მიზნით დაწყებულიყო გამოძიება, რაზედაც შედგენილ იქნა გასაუბრების ოქმი პ--------–-----–თან, რომელიც მოსარჩელის მიერ გადაცემული 65 240 (სამოცდახუთი ათას ორას ორმოცი) აშშ დოლარი აღიარა და დაადასტურა რომ აღნიშნული თანხები მან მართლაც მიიღო მოსარჩელისგან, რომელსაც უახლოეს მომავალში დააბრუნებდა.

 

14.2.2. 65 240 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტს ასევე ადასტურებს მხარეებს შორის ელ. ფოსტის მიმოწერა, სადაც პ--------–-----–ი თავისი ელ.ფოსტის მისამართიდან წერს დ------------ს რომ ხელზე გადაცემულ 65 240 აშშ დოლარს, რომელიც არის მისი ვალი, გადაიხდის. აღნიშნულზე ჩატარებულია ექსპერტიზა, რითაც დასტურდება მიმოწერის ავთენტურობა.

 

14.2.3. მხარის მითითებით, მოპასუხე დ------------ის მიერ ჩარიცხულ და გადაცემულ თანხებს არ აბრუნებს. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 10 000 (ათი ათასი) ევროსა და 65 240 (სამოცდახუთი ათას ორას ორმოცი) აშშ დოლარის გადახდის დაკისრება დ------------ის სასარგებლოდ.

 

15. პალატა ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასკვნას და მიაჩნია, რომ დადასტურებულად მიჩნეული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) და 624-ე (სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად) მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით იგი მართებულად დაკმაყოფილდა.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

16. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.

 

საპროცესო ხარჯები

 

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ რაც უნდა დარჩეს ბიუჯეტში

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. პ--------–-----–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

3. აპელანტის მიერ წინაწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე