განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.06.2019
საქმის ნომერი
330310016001402204
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001402204

საქმე №3ბ/116-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

14 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე

მოსამართლეები - ნინო ქადაგიძე, შორენა ყაველაშვილი

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - გ-----------------ე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - გ-------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ------- გ-----–-ა

წარმომადგენელი - გ----------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება

 

1. სააპელაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით კ------- გ-----–-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება №1--------- საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 26 დეკემბრის №5---- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 20 ნოემბრის №4---- ბრძანება და 2014 წლის 20 ნოემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 19 მაისის №1---- ბრძანება და 2016 წლის 19 მაისის №0------ საგადასახადო მოთხოვნა.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. დადგენილია, რომ 2006 წლის 23 ივნისს კ------- გ-----–-ამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაგან აუქციონის წესით შეიძინა მიწის ნაკვეთი, მდებარე თბილისში, სოფელი ქ-------–--ი.

 

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთის რაიონის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2006 წლის 23 ივნისს გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №179 ოქმის საფუძველზე 2006 წლის 23 ივნისს მიწის ნაკვეთზე (№439) დარეგისტრირდა კ------- გ-----–-ას საკუთრების უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

2.2.2. 2008 წლის 25 მაისს კ------- გ-----–-ასა (გამყიდველი) და შპს ,,ა---–---ს” (მყიდველი) შორის დაიდო თბილისში, სოფელ ქ-------–--ში მდებარე 2,7 ჰა მიწის ნაკვეთის (№439) ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ფასად განისაზღვრა 432 000 ევრო.

 

ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით, მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის ღირებულების გადარიცხვა გამყიდველის საბანკო ანგარიშზე მოხდება არა უგვიანეს ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მყიდველის სახელზე იქნება რეგისტრირებული ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლება ყოველგვარი დატვირთვის გარეშე ან ბ) 2008 წლის 7 ივნისისა.

 

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2008 წლის 24 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა შპს „ა---–---ის” საკუთრების უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2008 წლის 25 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება.

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

2.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 8 სექტემბრის №3---- ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კ------- გ-----–-ას საქმიანობის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება შპს „ა---–---ზე“ მიწის ნაკვეთის რეალიზაციის თაობაზე.

 

შემოწმების შედეგებზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 18 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის შესაბამისად, 2006 წლის 23 ივნისს კ------- გ-----–-ამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაგან აუქციონის წესით შეიძინა მიწის ნაკვეთი 526 ლარად, რომლის რეალიზაციაც განახორციელა შპს „ა---–---ზე“ 2008 წლის 25 მაისს 952 516,5 ლარად. აუქციონის ოქმი შედგენილია 2006 წლის 23 ივნისს, რომლის საფუძველზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი რეესტრში 2006 წლის 23 ივნისს დარეგისტრირდა. ნასყიდობის ხელშეკრულება კ------- გ-----–-ასა და შპს „ა---–---ს“ შორის გაფორმდა 2008 წლის 25 მაისს, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2008 წლის 24 ივნისს. ვინაიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთი ფიზიკური პირის საკუთრებაში იმყოფებოდა 2 წელზე ნაკლები ვადით (2006 წლის 23 ივნისიდან 2008 წლის 25 მაისამდე), მას არ ეკუთვნოდა შეღავათი სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის „ვ“ პუნქტის მიხედვით. აქედან გამომდინარე, ფიზიკურ პირს წარმოეშვა საშემოსავლო გადასახადის დეკლარირებისა და გადახდის ვალდებულება, ორწლიანი ვადა გაანგარიშებულ იქნა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტის შედგენის თარიღებს შორის - გაცემული ოქმი და ნასყიდობის ხელშეკრულება. შედეგად, კ------- გ-----–-ას წარმოეშვა დამატებით საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 18 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი.

 

2.2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 18 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემულ იქნა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 20 ნოემბრის №4---- ბრძანება და კ------- გ-----–-ას წარედგინა 2014 წლის 20 ნოემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა. შედეგად, კ------- გ-----–-ას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის ძირითადი თანხა - 191 210 ლარი, ჯარიმა - 57 363 ლარი, საურავი - 286 157,99 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 20 ნოემბრის №4---- ბრძანება.

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 20 ნოემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა.

 

2.2.5. 2014 წლის 10 დეკემბერს კ------- გ-----–-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, რომლითაც აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 20 ნოემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა მოითხოვა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 26 დეკემბრის №5---- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 26 დეკემბრის №5---- ბრძანება.

 

2.2.6. 2015 წლის 15 მაისს კ------- გ-----–-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 20 ნოემბრის №4---- ბრძანებისა და №0------ საგადასახადო მოთხოვნის, ასევე სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 26 დეკემბრის №5---- ბრძანების გაუქმება მოითხოვა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ დარიცხვა მართლზომიერია, თუმცაღა გაითვალისწინა, რომ მომჩივანმა საგადასახადო კოდექსით დადგენილი ორწლიანი ვადა აითვალა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღამდე, მისი მხრიდან საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი გამოწვეული იქნა გადასახადის გადამხდელის შეცდომით (არცოდნით), რის გამოც საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია მომჩივანის გათავისუფლება დარიცხული ჯარიმისა და საურავისაგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. შედეგად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით №1--------- საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - ნაწილობრივ გაუქმდა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 20 ნოემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 26 დეკემბრის №5---- ბრძანება და გაუქმდა დარიცხული ჯარიმა და საურავი. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება.

 

2.2.7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადებულ იქნა 2016 წლის 16 მაისის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, კ------- გ-----–-ას მოეხსნა საურავი, შეუმცირდა ჯარიმა, სულ 66 059 ლარის ოდენობით. შედეგად, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 19 მაისის №1---- ბრძანებით კ------- გ-----–-ას შეუმცირდა ჯარიმა 57 363 ლარის ოდენობით და გამოცემულ იქნა აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 19 მაისის №0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, კ------- გ-----–-ას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის მხოლოდ ძირითადი თანხა 191 210 ლარის ოდენობით, ხოლო დარიცხული ჯარიმისა და საურავისაგან გათავისუფლდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 16 მაისის დასკვნა.

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 19 მაისის №1---- ბრძანება.

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 19 მაისის №0------ საგადასახადო მოთხოვნა.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 26 დეკემბრის №5---- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 20 ნოემბრის №4---- ბრძანება და №0------ საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 19 მაისის №1---- ბრძანება და №0------ საგადასახადო მოთხოვნა წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა შეამოწმა სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

 

2.3.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

დადგენილი იქნა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 8 სექტემბრის №3---- ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კ------- გ-----–-ას საქმიანობის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება შპს „ა---–---ზე“ მიწის ნაკვეთის რეალიზაციის თაობაზე. შემოწმების შედეგებზე გამოცემული სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 18 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე საწარმოს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 20 ნოემბრის №4---- ბრძანება და №0------ საგადასახადო მოთხოვნა. შედეგად, კ------- გ-----–-ას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის ძირითადი თანხა - 191 210 ლარი, ჯარიმა - 57 363 ლარი, საურავი - 286 158,11 ლარი. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მოსარჩელე, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, გათავისუფლდა დარიცხული ჯარიმისა და საურავისაგან.

 

სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის მეორე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

 

2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილი საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადს მიაკუთვნებს საშემოსავლო გადასახადს. მითითებული კოდექსის 165-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს წარმოადგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი, ხოლო 166-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

 

მითითებულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, ამასთან, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი გადასახადებისაგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანით, ხოლო ადგილობრივი გადასახადების გადახდისათვის საგადასახადო შეღავათების დადგენა – შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს, რომ გადასახადისაგან გათავისუფლებად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა არ გადაიხადონ გადასახადი.

 

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლი აწესრიგებდა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან ფიზიკურ პირთა შემოსავლების ცალკეული სახეების გათავისუფლებას. კერძოდ, 2009 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქციის აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივების რეალიზაციით ან/და საწარმოს ლიკვიდაციის ან საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით ამ საწარმოს პარტნიორ ფიზიკურ პირზე წილის სანაცვლოდ (იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს წილზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების წარმოშობიდან გასულია 2 წელზე მეტი) უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემით მიღებული ნამეტი, გარდა მის მიერ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტისა. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული 2-წლიანი ვადა უძრავი ქონების რეალიზაციის შემთხვევაში იანგარიშება საქართველოს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი (წარსადგენი) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უძრავი ქონება მიღებულია ფიზიკური პირის მიერ საწარმოდან წილის სანაცვლოდ ამ საწარმოს ლიკვიდაციისას ან საწესდებო კაპიტალის შემცირებისას).

 

მოცემული ნორმის განმარტებისას, პირველ ყოვლისა, უნდა განსაზღვრულიყო, თუ რა მოცემულობა წარმოშობდა მითითებული გადასახადის გადახდის ვალდებულებას - აღნიშნული 2 წელზე ნაკლების ვადით საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტია, რაკიღა მითითებული ნორმა საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციას უკავშირებს.

 

უძრავ ქონებაზე საკუთრების მოპოვების წინაპირობები, თავის მხრივ, განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის შინაარსი ცხადყოფდა, რომ უძრავი ნივთი შეძენილად ითვლება გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში. უძრავი ქონების რეალიზაცია ერთი მესაკუთრისგან მეორესთვის საკუთრების უფლების გადაცემას გულისხმობს. შესაბამისად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გააჩნია როგორც გამყიდველს, საგადასახადო მიზნებისთვის გადასახადის გადამხდელს, ასევე საკუთრების უფლების შემძენს, რომელზეც უძრავი ნივთი რეალიზაციის გზით გადადის.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იქნა, რომ კ------- გ-----–-ამ 2006 წლის 23 ივნისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაგან აუქციონის წესით შეიძინა მიწის ნაკვეთი. აუქციონის ოქმი შედგენილია 2006 წლის 23 ივნისს, რომლის საფუძველზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 2006 წლის 23 ივნისს. ამრიგად, 2006 წლის 23 ივნისის აუქციონის ოქმი კ------- გ-----–-ას საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტია.

 

2008 წლის 25 მაისს მოსარჩელესა და შპს „ა---–---ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება კი წარმოადგენს შპს „ა---–---ისთვის“ საკუთრების უფლების წარმომშობ დოკუმენტს, რომელმაც საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით წარმოშვა საწარმოს საკუთრება უძრავ ნივთზე, რაც ნიშნავს, რომ რეგისტრაციამდე მოცემული უძრავი ნივთი მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე. დადგენილია, რომ 2008 წლის 25 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში შპს „ა---–---ის“ საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2008 წლის 24 ივნისს. ამრიგად, შპს ,,ა---–---ი” 2008 წლის 24 ივნისს გახდა უძრავი ქონების მესაკუთრე.

 

სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხეთა განმარტება მასზედ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული 2-წლიანი ვადა გამოთვლილ უნდა იქნეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების თარიღების მიხედვით და განმარტა, რომ პირველ ყოვლისა, უნდა განისაზღვროს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მიზანი - აღნიშნულს უძრავი ნივთის რეალიზაციის განმახორციელებელი პირისთვის დადგენილი საგადასახადო შეღავათის დაწესება წარმოადგენს. კანონმდებელი განსაზღვრავს ორწლიანი ვადის ათვლის წესს, რასაც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი (წარსადგენი) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღს უკავშირებს. მნიშვნელოვანია, განიმარტოს, რომ თავად ნორმა ქცევის წესს ადგენს გადასახადის გადამხდელისთვის და არა ქონების შემძენისთვის, ვინაიდან აზუსტებს, რომ ორწლიანი ვადის ათვლა უკავშირდება საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას და არა უფლების დამდგენ დოკუმენტებს შორის დროის გამოთვლას, რასაც 2008 წლის 26 დეკემბრის №871 ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონით საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებაც ადასტურებს, კერძოდ, ,,ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდა ,,ვ.ა“, ,,ვ.ბ“ და ,,ვ.გ“ ქვეპუნატქებად და ,,ვ.ა“ პუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები: ფიზიკური პირის მიერ: 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი. აღნიშნული 2-წლიანი ვადა აითვლება საქართველოს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი (წარსადგენი) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ 2009 წლიდან მოქმედი რეგულაციით ცალსახად და მკაფიოდ განისაზღვრა, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი (წარსადგენი) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი ორწლიანი ვადის ათვლის დასაწყისს წარმოადგენს. აღნიშნულს კი, თავად ნორმის მიზნიდან გამომდინარე, ის გარემოება განაპირობებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელზეც კანონმდებლობა შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას იძლევა, უფლების დამდგენი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიუხედავად საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეალიზაციამდე 2-წლიან ვადაზე ადრე დარეგისტრირების შემთხვევაშიც აქცევს მოცემული ნორმის დაცვის ქვეშ, რათა არ დამძიმდეს მისი საგადასახადო ტვირთი, არ ზღუდავს ნების თავისუფლებას, სასურველ დროს მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით და ორწლიანი ვადის ათვლის დასაწყისად საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღს მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის რეგულაციას ითვალისწინებს მოქმედი საგადასახო კოდექსის 82-ე მუხლიც.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულია საგადასახადო მიზნებისათვის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მხოლოდ ათვლის მომენტი, რაც განსხვავდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესისგან, ხოლო ვინაიდან საგადასახადო კოდექსის მოცემული ნორმა ცალსახად მხოლოდ 2-წლიანი ვადის ათვლის განსხვავებულ წესს ადგენს, ვადის დასასრული უნდა განისაზღვროს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნორმის შესაბამისად - არა უფლების გადაცემის შესახებ ახალი უფლების დამდგენი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით, არამედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციით.

 

2.3.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო - ბათილად ცნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება №1--------- საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 26 დეკემბრის №5---- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 20 ნოემბრის №4---- ბრძანება და 2014 წლის 20 ნოემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 19 მაისის №1---- ბრძანება და 2016 წლის 19 მაისის №0------ საგადასახადო მოთხოვნა.

 

3. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსი შეღავათს ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ პირი ქონებას ფლობს/სარგებლობს 2 წლის განმავლობაში და არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. საგადასახადო მიზნებისთვის მნიშვნელობა ენიჭება არა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თარიღს, არამედ ქონების რეალურად ფლობას და რეესტრში წარსადგენი დოკუმენტის - უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღს. ამდენად, აპელანტის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, 2 წლიანი ვადის დასასრული სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე დაუკავშირა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციას, რის შედეგადაც მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით კ------- გ-----–-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

3.2. აპელანტი - სსიპ შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად დასაბუთებული. ამასთან, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა სადავო ურთიერთობის მოწესრიგებისთვის, რადგან არსებობდა უფრო სპეციალური ნორმა საგადასახადო კოდექსის სახით.

 

ამდენად, აპელანტი - სსიპ შემოსავლების სამსახური მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით კ------- გ-----–-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას. დამატებით, პალატა აღნიშნავს, რომ:

 

4.1. საგადასახადო კოდექსის მეორე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. სადავო პერიოდში მოქმედი კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს მიეკუთვნება, მათ შორის, საშემოსავლო გადასახადი, რომლის გადამხდელი 165-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არის რეზიდენტი ფიზიკური პირი. ამდენად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, თუმცა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულია ერთგვარი საგადასახადო შეღავათები ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა ის გარემოება, თუ რამდენად ეხებოდა კ------- გ-----–-ას საგადასახადო შეღავათის სახით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლება, კერძოდ, მის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგად - საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი ექვემდებარებოდა თუ არა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

სადავო აქტების გამოცემის დროისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული იყო გადასახადისაგან განთავისუფლების შესაძლებლობა, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ პუნქტის საფუძველზე, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი, გარდა მის მიერ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტისა. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული 2-წლიანი ვადა უძრავი ქონების რეალიზაციის შემთხვევაში იანგარიშება საქართველოს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი (წარსადგენი) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით, ხოლო „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც სხვაობა ქონების რეალიზაციის ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის, გარდა საკუთრების უფლების უსასყიდლოდ (სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას, ქონების ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებისას ან სხვა შემთხვევებში) წარმოშობისას, როდესაც ნამეტი იანგარიშება ამ ქონების რეალიზაციის ფასსა და მიღების მომენტში უსასყიდლოდ მიღებული ქონების საბაზრო ფასს შორის.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კ------- გ-----–-ამ 2006 წლის 23 ივნისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაგან აუქციონის წესით შეიძინა მიწის ნაკვეთი. აუქციონის ოქმი შედგენილია 2006 წლის 23 ივნისს, რომლის საფუძველზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში ამავე დღეს, 2006 წლის 23 ივნისს. ამდენად, კ------- გ-----–-ას საკუთრების უფლება წარმოეშვა 2006 წლის 23 ივნისის აუქციონის ოქმის საფუძველზე. ასევე დადგენილია, რომ 2008 წლის 25 მაისს კ------- გ-----–-ასა და შპს „ა---–---ს“ შორის გაფორმებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე საჯარო რეესტრში შპს „ა---–---ის“ საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2008 წლის 24 ივნისს. ამდენად, შპს ,,ა---–---ი” უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა 2008 წლის 24 ივნისს.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი (წარსადგენი) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი ორწლიანი ვადის ათვლის დასაწყისს წარმოადგენს, რაც განპირობებულია თავად ნორმის მიზნიდან გამომდინარე, ხოლო ვადის დასასრული უნდა განისაზღვროს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნორმის შესაბამისად - არა უფლების გადაცემის შესახებ ახალი უფლების დამდგენი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით, არამედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციით. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან კ------- გ-----–-ას საკუთრებაში ორ წელზე მეტი ვადით იმყოფებოდა მის მიერ 2006 წლის 23 ივნისს შეძენილი უძრავი ქონება, მისი რეალიზაციით მიღებული ნამეტი გათავისუფლებული იყო საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან, რის გამოც არ არსებობდა სადავო აქტების გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე

 

მოსამართლეები ნინო ქადაგიძე

 

შორენა ყაველაშვილი