განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2019
საქმის ნომერი
010100115793291
ინსტანცია
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100115793291

საქმე №1/ბ-337-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

6 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე - მარინა სირაძე

მოსამართლეები - მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე

 

პროკურორის - დ----- კ-------–ის,ადვოკატის - ბ----- ბ-----ის მონაწილეობით,გამართლებულის - ა---- ბ---------ის მონაწილეობის გარეშე,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---- ბ---------ის მიმართ (დაბადებული 0---------წ. ნასამართლობის არმქონე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, საშუალო განათლებით, მცხოვრები: სომხეთის რესპუბლიკა, ქ------------–------–----------–-------------- ).

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. ბრალდების არსი:

 

საბრალდებო დასკვნის თანახმად ა---- ბ---------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ვ---– მ---------------ს განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ა---- ბ---------ი, ქ. ბათუმში, ზ--------------------–----------------ში დროებით ცხოვრობდა მეგობარ ვ---– მ--------------თან ერთად. 1995 წლის 08 ივლისს, წინა დღეებში მათ შორის მომხდარი უთანხმოების საფუძველზე მძინარე ვ---– მ--------------ს თავის არეში მიაყენა რამდენიმე დაზიანება მკვრივი ბლაგვი საგნის გამოყენებით, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა---- ბ---------ს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია).

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განაჩენით ა---- ბ---------ი საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ----- კ-------–ი ითხოვს გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გამამართლებელი განაჩენი ა---- ბ---------ის მიმართ და მის ნაცვლად დადგენილი იქნას გამამტყუნებელი განაჩენი, კერძოდ, ა---- ბ-----------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1995 წლის რედაქცია), შემდეგ მოტივებზე მითითებით: ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ა---- ბ---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლო გამოძიების დროს დაკითხული დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. ამდენად, საქმეზე არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს ა---- ბ---------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

დაცვის მხარეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----- კ-------–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

გამართლებულ ა---- ბ---------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს, ბ----- ბ-----ეს, რომელიც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და ა---- ბ---------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ა---- ბ---------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ა------ გ-----------მა აჩვენა, რომ შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ქ. ბათუმში, ზ-------------------------–----------------ში. პირველ სართულზე ბინა N3-ში ცხოვრობდა ნ--- ნ--–-----ა, რომელიც თურქეთში წავიდა სამუშაოდ და ბინის გასაღები დაუტოვა მათ. მოწმის განმარტებით, მისი შვილი იყო მოტომსროლელი პოლკის აღსაზრდელი, სადაც გაიცნო ა---- ბ---------ი და ვ---– მ---------------, ერთად მსახურობდნენ. 1995 წელს, როდესაც დაბრუნდნენ ბათუმში, მან და მისმა ცოლმა მისი შვილის მეგობრებს ა---- ბ---------ს და ვ---– მ--------------ს შეთავაზეს ეცხოვრათ ნ--- ნ--–-----ას ცარიელ ბინაში. ახალგაზრდებთან ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, ხშირად მისი მეუღლე უმზადებდა სადილებს და ბინის ქირასაც არ ართმევდნენ. 1995 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 11 საათზე, მისი მეუღლე ჩავიდა ბიჭების ბინაში, დიდი ხანი რეკავდა ზარს, მაგრამ კარი არავინ არ გაუღო. დღის პირველი საათისთვის კვლავ დარეკეს ზარი და ვინაიდან არავინ გამოეხმაურა ავიდა აივანზე და აივნიდან შევიდა ბინაში. იგრძნო უსიამოვნო სუნი, გამოიღო ფანჯრის მინა და გადაძვრა ოთახში. დაინახა, რომ დივანზე ვიღაც იწვა, იყო სისხლის ლაქები და უსიამოვნო სუნი. გარდაცვლილი აღმოჩნდა ვ---– მ---------------, მისთვის უცნობია თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა იგი. მოწმის განმარტებით, ვ---– მ--------------ს და ა---- ბ---------ს, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ ბინაში ცუდი ურთიერთობა არ ჰქონიათ და არასდროს არ უჩხუბიათ.

 

საქმეში წარმოდგენილი 1995 წლის 9 ივლისის შეტყობინებით ირკვევა, რომ ქ. ბათუმის პროკურატუტაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 105-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე.

 

საქმეში მოთავსებული 1995 წლის 9 ივლისის ზეპირი შეტყობინების ოქმის თანახმად, ზ-------------------------–----------------ში აღმოჩენილი არის მოქალაქე ვ---– რ------ის ძე მ---------------ს გვამი, თავის არეში მიყენებული დაზიანებებით.

 

საქმეში წარმოდგენილი 1995 წლის 9 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბათუმში, ზ------------------------–---------------ში. ბინა მდებარეობს საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, პირველ სადარბაზოსთან მარცხენა მხარეს. აქვს ხის კარები, რომელიც დათვალიერების დროს იყო გატეხილი. შესასვლელიდან მარჯვნივ მდებარეობს საძინებელი ოთახი, ოთახში არის დივანი გაშლილ მდგომარეობაში, დივანზე გადაფარებულია თეთრი ზეწარი, რომელიც დასვრილი იყო მუქი მოწითალო ფერის ლაქებით (სისხლით). ადიალის გადახსნის შემდგომ გამოჩნდა მამაკაცის გვამი, სახით კედლისაკენ, წევს მარცხენა მხარზე, გვამის თავი იდო ბალიშზე, რომელიც გაჟღენთილი იყო სისხლით, ასევე სისხლით იყო გაჟღენთილი მატრასიც. კედლებზე შხეფების სახით იყო სისხლის ლაქები. ოთახში იყო წიგნების კარადა, რომელზეც ნანახია წერილი, შედგენილი რუსულ ენაზე, რომელშიც გახვეულია დანა, ზომით 20 სმ, ქარხნული წესით დამზადებული ძველი ხის ტარით.

 

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი წერილი შედგენილია ა---- ბ--------ის მიერ.

 

საქმეზე დართული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №-- დასკვნის თანახმად, ვ---– რ------ის ძე მ---------------ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა აწარმოა ექსპერტმა მ------- კ-----ემ. გვამის სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევის მონაცემებისა და კვლევის დამატებითი მეთოდების საფუძველზე ითვლება, რომ 24 წლის მოქალაქე ვ---– მ---------------ს სიკვდილის მიზეზი არის ქალასარქველის ძვლების ღია შეჭეჭყილი მოტეხილობა თავის ტვინის ნივთიერებებისა და მისი გარსის დაზიანებით. გარდაცვალების მომენტიდან გაკვეთის მომენტამდე გავიდა დაახლოებით 50-58 საათი. გვამზე არის მრავალრიცხოვანი დაჟეჟილი ჭრილობები თავის თმიან ნაწილზე ქალასარქველის ძვლების შეჭეჭყილი მოტეხილობით/ აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია ბლაგვი მყარი საგნით და განეკუთვნება სიცოცხლისთვის მძიმე-საშიშ კატეგორიას/ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნულმა მოტეხილობებმა თავის ტვინის ნივთიერების დაზიანებით გამოიწვიეს სიკვდილი. ყველა დაზიანება არის მიყენებული სიცოცხლეში ერთსა და იმავე დროს. სიკვდილის დადგომისას დაზარალებული იმყოფებოდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობის ქვეშ.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმების და ა---- ბ---------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის თაობაზე და რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, აღნიშნულ სასამართლო არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის რედაქცია) მე-10 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

საქათველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის რედაქცია) 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე და სასამართლო ვალდებულნი არიან უტყუარად დაადგინონ, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი, და გაარკვიონ მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.

ამავე კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 496-ე მუხლის თანახმად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმად, ”სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი”.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1995 წელს მოქმედი რედაქცია) განზრახ მკვლელობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა. განზრახ მკვლელობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.

 

სააპელაციო პალატა შემთხვევის ადგილზე ამოღებულ წერილთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მართალია, საქმის მასალებით დადგენილია, წერილის ა---- ბ---------ის მიერ შედგენის ფაქტი, თუმცა პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნული წერილი ვერ გამოდგება მის მიერ მკვლელობის ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც ა---- ბ---------ის მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენის ფაქტს დაადასტურებდა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი სრულად გამორიცხავს ბრალდების მხარის მოსაზრებათა საფუძვლიანობას ა---- ბ---------ის დამნაშავედ ცნობის თაობაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ა---- ბ---------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1995 წლის რედაქცია) წარდგენილი ბრალდება არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ა---- ბ---------ის მიმართ კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე, 535-ე, 536-ე მუხლით, 546-ე, 547-ე, 550-ე მუხლებით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----- კ-------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განაჩენი ა---- ბ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

ა---- ბ---------ი საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1995 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ა---- ბ---------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

გამართლებულს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მარინა სირაძე

 

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

 

მაკა გორგოძე