განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100117002071296
საქმე №1/ბ-396-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ივლისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორ დ----- ც-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ო---- ჩ----ის მიმართ (პირადი №3----------), საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 19---–-–-----------, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ს------------------------------–----–-----–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განაჩენით:
ბრალდებული ო---- ჩ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 (სამას ორმოცდაათი) საათის ვადით.
ვინაიდან, ო---- ჩ----ე სასამართლო განხილვამდე იმყოფებოდა პატიმრობაში, 2017 წლის 04 ივლისიდან 2017 წლის 07 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ო---- ჩ----ეს ამ დანაშაულისთვის ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეუმცირდა 20 საათით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 330 (სამას ოცდაათი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ო---- ჩ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს, ი----- პ-----–---ს (პირადი ნომერი 3----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო---- ჩ----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 28 თებერვალს, ო----ი ჩ----ე და დაზარალებული მ------- ს--–----- დაქორწინდნენ. მალევე მათთვის ცნობილი გახდა, რომ მ------- ს--–----- დაორსულდა. თანაცხოვრების პერიოდში ბრალდებულ ო---- ჩ----ეს გაუჩნდა ეჭვი, რომ ნაყოფი ჩასახული იყო მისი და მ------- ს--–----ის შეუღლებამდე, რის გამოც 2017 წლის 3 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ს------------------------------–----–---------ში მისივე საცხოვრებელ სახლში, ო---- ჩ----ემ მასთან მცხოვრები არასრულწლოვანი ძმის, ი-–-- კ----ის თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე იძალადა ორსულ მეუღლეზე _ მ------- ს--–-----ზე, რომელსაც ხელი ჩაარტყა კეფის არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დარტყმის შედეგად მ------- ს--–----- წაიქცა და მარცხენა თვალბუდის არეში, ქვედა ქუთუთოზე სისხლნაჟღენთის სახით მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორმა დ----- ც-------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ო---- ჩ----ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: საქმის მასალებით დადგენილია, რომ ო---- ჩ----ე არის შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომელი, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც ვალდებულია საზოგადოება დაიცვას დანაშაულისაგან. მოცემულ შემთხვევაში კი თავად ჩაიდინა განზრახი დანაშაული, ძალადობა ორსული მეუღლის მიმართ. უფრო მეტიც, მან არ აღიარა ჩადენილი დანაშაული და ხელი არ შეუწყო საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ------- ს--–----ის ჩვენებით, მოწმების _ ფ------ ჯ----–--ის, მ---- ს--–----ის, ბ--–- ო-----–--ის, ნ-----–- ჯ--–--–--–---–ის, მ----–--- ჯ----–--ის, ს------- ჩ--------ის, გ------- ს--–----ის, ე-–------- ჯ----–--ის, რ-–---- ნ-------ის, ვ------ ვ---------ის, დ----- ძ----------–---–ის, უ-- ნ-------ის, კ------------- ნ--------ს, თ---------- ლ-------ის და გ-- გ----------ის ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ო---- ჩ----ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულ ო---- ჩ----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის _ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამ მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ, ვინაიდან, თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს, ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ არის და მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა რაიმე გარემოება გააჩნია, თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენით ო---- ჩ----ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად, არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტს, რომ ო---- ჩ----ემ არ აღიარა ჩადენილი დანაშაული და ხელი არ შეუწყო საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ დანაშაულის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულის საუარესო ცვლილების შეტანა და მისთვის უფრო მკაცრი სახის სასჯელის _ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განაჩენი ო---- ჩ----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.დასავლეთ საქართველოს საოქლო პროკურატურის პროკურორ დ----- ც-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განაჩენი ო---- ჩ----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ო---- ჩ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 (სამას ორმოცდაათი) საათის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ო---- ჩ----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე _ 2017 წლის 04 ივლისიდან 2017 წლის 07 ივლისის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის დრო, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 330 (სამას ოცდაათი) საათის ვადით.
5.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6.მსჯავრდებულ ო---- ჩ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს შემტანს _ ი----- პ-----–---ს (პირადი ნომერი 3----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/