განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2018
საქმის ნომერი
020100117002056489
ინსტანცია
თარიღი
30.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100117002056489

საქმე №1/ბ-9-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 იანვარი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ--- ჯ-----ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ვ-–-------- ა---–---ს მიმართ (პირადი №4----------), დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლევის, მცხოვრების ჩ-------–----------------------–-----–---------–---–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ-–-------- ა---–---ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, არაერთგზის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 20 იანვარს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – ოჯახში ძალადობის ჩადენისათვის მსჯავრდებულმა ვ-–-------- ა---–---მ, 2017 წლის 8 აგვისტოს, დილის საათებში, ჩხ------–----------------------–----------------–---–ი, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას – ა------–-- ა---–---ს, კერძოდ, გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა ზურგის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ზემოაღნიშნული ქმედების გამო ვ-–-------- ა---–---ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენით ვ-–-------- ა---–--- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ვ-–-------- ა---–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ჭურჭლის ნამსხვრევები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს, ხოლო ჩაქუჩი და ნაჯახი უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

გამართლებულ ვ-–-------- ა---–---ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ--- ჯ-----მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ვ-–-------- ა---–---ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ვ-–-------- ა---–---ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ--- ჯ-----ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სააპელაციო პალატას ვ-–-------- ა---–---ს მიერ ა------–-- ა---–---ს მიმართ ძალადობის ჩადენაში. კერძოდ:

 

ვ-–-------- ა---–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეყრდნობოდა ორ პირდაპირ მტკიცებულებას _ დაზარალებულ ა------–-- ა---–---ს და ფაქტის შემსწრე ერთადერთი მოწმის, შ------- ლ------ს (დაზარალებულ ა------–-- ა---–---ს მეუღლის) მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებს, რომლებიც ვ-–-------- ა---–---ს ამხელდნენ ა------–-- ა---–---ს მიმართ ჩადენილ ძალადობაში, თუმცა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მათ ისარგებლეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს საკუთარი შვილის _ ვ-–-------- ა---–---ს მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს დაზარალებულ ა------–-- ა---–---ს და მოწმე შ------- ლ------ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის სხვა მოწმეებს _ ბ------ ჟ-----ს, დ----- ფაცაცაიას, შ----- პ-----ს და ა---- დ-------–--ს, ისინი პირადად არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს და გადმოსცემენ მათთვის ა------–-- ა---–---ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რის გამოც მიჩნეული ვერ იქნებიან ფაქტის დამადასტურებელ დამატებით მტკიცებულებებად და, შესაბამისად, მტკიცებულებათა ერთობლიობად. ამასთანავე, აღნიშნული ჩვენებები თავიანთი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს და (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ვ-–-------- ა---–---ს ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს _ „ინ დუბიო პრო რეო“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ვ-–-------- ა---–---ს ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

ამრიგად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენი ვ-–-------- ა---–---ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ--- ჯ-----ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ--- ჯ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენი ვ-–-------- ა---–---ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ვ-–-------- ა---–--- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

4.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდა შემდეგნაირად: ჭურჭლის ნამსხვრევები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს, ხოლო ჩაქუჩი და ნაჯახი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს ა------–-- ა---–---ს.

 

5.ცნობად იქნეს მიღებული, რომ ვ-–-------- ა---–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია და იგი გათავისუფლებულია პატიმრობიდან.

 

6.გამართლებულ ვ-–-------- ა---–---ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაშია და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32) მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/