განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.04.2019
საქმის ნომერი
330210117002007191
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამოქალქო
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე N2ბ/1578-18 16 აპრილი, 2019 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ლევან გვარამია

 

სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი – თ----- წ-----;

წარმომადგენელი – გ------- ა-----ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე – დ--------------–---–-;

წარმომადგენელი - მ---------------

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება;

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით, ერთპიროვნულად.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით თ----- წ----ის სასარჩელო მოთხოვნა დ--------------–---–-ს მიმართ 4500 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა სასამართლოს მიერ 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დ----- ჩ-------–---–ს აეკრძალა თბილისში, ფ--–--–---–ის ქუჩა #100 მდებარე #01.14.11.021.014 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ავტოფარეხის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. თბილისში, ფ--–--–---–ის ქუჩა #100 - ში მდებარე 15,7 კვ.მ. ავტოფარეხი საჯარო რეესტრის სამსახურში საკუთრების უფლებით აღრიცხულია დ--------------–---–-ს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 14-16).

 

2.2. 2003 წლის 04 თებერვალს და 08 აპრილს მხარეთა მიერ შედგენილია ორი ხელწერილი, რომელთა შინაარსით თ----- წ-----ს მოპასუხისთვის გადაცემული აქვს 4500 აშშ დოლარი.

 

მოსარჩელემ დ----- ჩ-------–---–ს სადავო თანხა გადასცა ავტოფარეხის შეძენის მიზნით.

 

მხარეები ადასტურებენ, რომ თ----- წ-----სა და დ----- ჩ-------–---–ს შორის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

 

დ----- ჩ-------–---–ს მოსარჩელისთვის 4500 აშშ დოლარი არ დაუბრუნებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2003 წლის 04 თებერვლის და 08 აპრილის ხელწერილები (ს.ფ 17-18)

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 14-16).

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

2.2. პირველი ინსტანციის სასამართლო არ მიუთითებს სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის დანაწესით უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

სამოქალაქო კოდექსის 3111 მუხლის პირველი ნაწილით ნივთის ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებისთვის დადგენილია წერილობითი ფორმა, ამავდროულად გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით, ანუ ნოტარიუსის მიერ. ამავე ნორმის მეორე ნაწილის დეფინიციით თუ გარიგების მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით მაშინ გარიგების ნამდვილობისთვის არ მოითხოვება გარიგების ან მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა მიერ 2003 წლის 08 თებერვალს გაფორმებული ხელწერილი ვერ აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი უძრავი ქონების გადაცემისთვის გათვალისწინებული ხელშეკრულების ფორმას და მის საფუძველზე საკუთრების უფლების გადაცემა ვერ შედგებოდა. ამავე მოტივით, სასამართლომ მხარეთა ურთიერთობის მოწესრიგების მიზნით უნდა გამოიყენოს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები და შეამოწმოს არსებობს თუ არა დ--------------–---–-სგან სამართლებრიივი საფუძვლის გარეშე მიღებული თანხის გამოთხოვის საფუძვლები.

 

სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია ვითომ კრედიტორს მოსთხოვოს მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს.

 

სასამართლომ შენიშნა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადა არა სამოქალაქო კოდექსის 129-ე, არამედ 128-ე მუხლის 3-ე ნაწილით გათვალისწინებული 10 წელია.

 

სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობისაა ის გარემოება, თუ როდის შეიტყო პირმა უფლების დარღვევის შესახებ. მოთხოვნის ხანდაზმულობის ფაქტის დადგენისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა მტკიცებულება, რომელიც წარმოდგენილია საქმეში.

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ყურადღება უნდა მიექცეს ორ ელემენტს, რომლებსაც უკავშირდება მოთხოვნის წარმოშობის დრო: პირმა შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ და/ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

პირველ შემთხვევაში, არსებობს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე, ხოლო, მეორე შემთხვევაში, არ არსებობს ის ფაქტები, რომლებიც პირდაპირ უთითებს მისი უფლების დარღვევის შესახებ ცოდნაზე, მაგრამ არსებობს გარემოებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, მაგრამ, თავისი დაუდევრობის გამო ვერ შეიტყო.

 

სასამართლომ განმარტა, რომ პირველი ელემენტის არსებობა (როდესაც არსებობს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე) გამორიცხავს მეორე ელემენტზე აპელირების საშუალებას (უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ).

 

მოცემულ შემთხვევაში, 2003 წლის 08 აპრილის ხელწერილი შეეხება უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემას, შესაბამისად თ----- წ-----ს დასახელებული ხელწერილის შედგენის მომენტიდან შეეძლო მოწინააღმდეგე მხარისთვის უძრავი ქონების საკუთრებაში სათანადო ფორმით გადაცემის მოთხოვნა. ამ თვალსაზრისით უდავოა, რომ თ----- წ-----ს, ვერ მიიღო რა სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად (იგულისხმება უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ან თანხის დაბრუნების მოთხოვნები) უნდა განესაზღვროს 2003 წლის 09 აპრილი და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დინება სწორედ ამ თარიღიდან უნდა დაიწყოს.

 

თ----- წ-----მ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა 2017 წლის 12 ივლისს სასარჩელო ხანდაზმულობის ათწლიანი ვადის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე თ----- წ----ის სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმულია და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით დ--------------–---–-საგან 2003 წლის 4 თებერვალს შეიძინა ავტოფარეხი მდებარე ქ. თბილისი, ფ--–--–---–ის N100, რაშიც გადაიხადა შეთანხმებული თანხა 4 500 აშშ დოლარის ოდენობით, 2003 წლის 4 თებერვალს და 2003 წლის 4 აპრილს.

 

აპელანტის მითითებით, მოპასუხის ოჯახთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა ენდო მას და შეადგინეს ხელწერილი აღნიშნულის თაობაზე, თუმცა რეესტრში საკუთრების უფლება არ დაურეგისტრირებია, ვინაიდან მოპასუხეს სასწრაფოდ სჭირდებოდა თანხა სთხოვა გადაეცა, ხოლო ავტოფარეხს საჯარო რეესტრში გადაუფორმებდა ნებისმიერ დროს.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ავტოფარეხი მოპასუხემ დატვირთა იპოთეკით 2017 წლის 16 იანვარს. შესაბამისად, მოპასუხემ მიითვისა თანხა და არც ავტოფარეხი გაუფორმა, იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდა, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მის მიერ ხელწერილით გადაცემული თანხა 4 500 აშშ დოლარი.

 

3.3. აპელანტის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

აპელანტის მითტებით, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს მიეცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ხოლო გამოყენებულ კანონს მიეცა არასწორის განმარტება, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელ ად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. განსახილველი სარჩელით, თ----- წ----ის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის 4500 აშშ დოლარის დაკისრება. მოსარჩელის მითთებით, დ--------------–---–-საგან 2003 წლის 4 თებერვალს შეიძინა ავტოფარეხი მდებარე ქ. თბილისი, ფ--–--–---–ის N100, რაშიც გადაიხადა შეთანხმებული თანხა 4 500 აშშ დოლარის ოდენობით. თანხის გადახდის თაობაზე მხარეთა შორის შედგა ხლწერილები. ავტოფარეხზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ მომხდარა. მოპასუხემ 2017 წლის 16 იანვარს ავტოფარეხი დატვირთა იპოთეკით.

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ არ არსებობს თანხის დაკისრების საფუძველი. ვინაიდან, თანხის გადახდის სანაცვლოდ ავტოფარეხი სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული მოსარჩელეს, გარდა ამისა, მოპასუხის განმარტებით, თანხის დაკისრების ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმულია (იხ. შესაგებელი ტ.1, ს.ფ. 58-68).

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4.2. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 323-ე მუხლის მიხედვით კი, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. როგორც ყველა გარიგებისთვის უძრავი ნივთის ნასყიდობისთვისაც გადამწყვეტია ნების გამოვლენის სამართლებრივი ვარგისიანობა. კანონით დადგენილი წესის თანახმად, თუ ნება გამოვლენილია სამართლებრივი ფორმის დაუცველად, სამართლებრივი შედეგი არ მიიღწევა.

 

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს ვალდებულებითი გარიგების საფუძველზე შემძენისათვის გადასაცემი საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, ხოლო რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 3111-ე მუხლი.

 

სამოქალაქო კოდექსის 3111-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე შესაბამისი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით დადებული გარიგება. გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით. თუ გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, მაშინ გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება.

 

ამავე კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო ავტოფარეხი მდებარე - თბილისი, ფ--–--–---–ის ქუჩა N100, 15,7 კვ.მ., საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხე დ--------------–---–-ს სახელზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 14-16).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილები ვერ აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი უძრავი ქონების შეძენისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შესაბამისად, აღნიშნული ხელწერილების საფუძელზე ავტოფარეხზე საკუთრების უფლების გადაცემა ვერ მოხდებოდა.

 

4.3. საქმის მასალებში წარმოადგენილია 4.02.2003წ. და 8.04.2003 წლის ხელწერილები, რომლის თანახმად მოფასუხე დ----- ჩ-------–---–მა ავტოფარეხის სანაცვლოდ მოსარჩელისგან მიიღო თანხა ჯამში 4 500 აშშ დოლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე აღნიშნული თანხის დაბრუნებას მოითხოვს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე.

 

სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ:

ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

 

აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს, ან შემდგომში იშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართულურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 976–ე მუხლი არეგულირებს ისეთ შემთხვევებში, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტიურად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის არგუმენტები სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ დასაბუთებულია და სწორად ეთქვა უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. კერძოდ,სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნა გამომდინარეობს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან, შესაბამისად, მათზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა. რაც შეეხება მოთხოვნის წარმოშობის მომენტს აღნიშნული პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაუკავშირა მხარეთა შორის 2003 წლის 08 აპრილს შედგენილ ხელწერილს და სწორად აღნიშნა, რომ თ----- წ-----ს დასახელებული ხელწერილის შედგენის მომენტიდან შეეძლო მოწინააღმდეგე მხარისთვის მოეთხოვა უძრავი ქონების საკუთრებაში სათანადო ფორმის დაცვით გადაცემა, ან გადაცემული თანხის უკან დაბრუნება, შესაბამისად, ვინაიდან 2003 წლის 9 აპრილიდან სარჩელის წარმოდგენამდე 2017 წლის 12 ივლისამდე გასულია ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე უარს აცხადებს თანხის გადახდაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

4.4. საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი, მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტმა შესთავაზა სასამართლოს არ იძლევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმარის საფუძველს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თ----- წ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლევან გვარამია