განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2018
საქმის ნომერი
330210115001121298
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/2320-17 13 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ლევან გვარამია

 

მოსამართლეები: ანა გოგიშვილი

 

ქეთევან დუგლაძე

 

სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია

 

აპელანტი – დ----------–--ე;

 

წარმომადგენელი – ლ--–-------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე – ლ--------–--ე;

 

წარმომადგენელი - ნ----------------ა;

 

დავის საგანი _ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით დ----------–--ის სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით დ----------–--ის სარჩელი ლ--------–--ის მიმართ უძრავ ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. მოსარჩელე და მოპასუხე არიან მამა-შვილი. მოსარჩელეს და მოპასუხეს წარსულში ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, ამჟამად მხარეებს შორის არის უთანხმოება.

მოსარჩელესა და მოპასუხის დედას შორის არსებობს კონფლიქტი. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 17 დეკემბერს განიხილა მოპასუხის დედის ქეთევან მთვარელიძის სარჩელი განქორწინების და ქონების გაყოფის შესახებ. 2016 წლის 25 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა დ----------–--ის სარჩელი მოპასუხე ლ--------–--ის მიმართ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით. 2015 წლის აგვისტოს თვეში მოსარჩელესა და მოპასუხის დედას შორის მომხდარი კონფლიქტის გამო დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. მტკიცებულება: მხარეთა ახსნა- განმარტება, 2015 წლის 17 დეკემბრის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, 2016 წლის 25 ივლისის სასამართლო გადაწყვეტილება.

 

2.2. 2015 წლის 5 მაისს დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება დ----------–--ესა და ლ--------–--ეს შორის, რომლის თანახმად დ----------–--ემ ლ--------–--ეს საკუთრებაში გადასცა კუთვნილი უძრავი ქონების ნახევარი, შესაბამისად თბილისში, ა--–--------------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 0------------------------------ ფართობით 132.07 კვ.მ და სარდაფი ფართობით 69.74 კვ.მ, თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია დ----- და ლ--------–--ეების სახელზე, რეგისტრაცია განხორციელდა 2015 წლის 8 მაისს. მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ამონაწერი, უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება.

 

2.3. მოსარჩელე დ----------–--ემ თავისი უძრავი ქონების ლ--------–--ის მიერ თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 2015 წლის აგვისტოს თვეში და მოგვიანებით 2016 წლის 23 დეკემბერს მიმართა საგამოძიებო ორგანოებს. მტკიცებულება: მოსარჩელის წერილობითი განცხადებები სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ, საგამოძიებო ორგანოს პასუხი.

 

2.4. 2015 წლის 27 აგვისტოს თბილისის ვაკის რაიონის პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა ლ--------–--ესთან გასაუბრების ოქმი. ოქმის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს ლ--------–--ე. ოქმი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: „2015 წლის მაისის თვეში მამამისმა დ----------–--ემ მას (ლ--------–--ეს) სთხოვა 4000 ლარი ფულადი თანხა, ლ---- გადაწყვიტა ბანკში გაეკეთებინა სესხი და თანხა გადაეცა მამამისისთვის, ლ---- დ-----ს უთხრა რომ ბანკი სესხის დამტკიცებისთვის ითხოვდა, რომ მის სახელზე ყოფილიყო უძრავი ქონება და სთხოვა რომ ბინის თანამესაკუთრედ ჩაესვა, რეალურად ეს იყო ლ---ს მიერ მოფიქრებული, რათა ბინის თანამესაკუთრე გამხდარიყო რეალურად. ბანკს მისთვის არ მოუთხოვია უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ლ---- აქვე განმარტა, რომ ეს იმიტომ გააკეთა რომ დ-----ს არაერთხელ ჰქონდა იმის მცდელობა, რომ ბინა გაეყიდა და ლ---ს ეშინოდა სახლის გარეშე არ დარჩენილიყო დედამისი. სხვა რაიმე დანაშაულებრივი განზრახვა მას არ ჰქონია. ბინა დ-----მა ლ---ს გადაუფორმა თავისი ნებით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. აქვე დასძინა, რომ დ-----ი და ლ--- წლის დასაწყისში შეთანხმდნენ რომ ლ---ს დ-----ისთვის უნდა ეყიდა კომერციული ფართი, მაგრამ ამისთვის დ-----ს ლ---ს სახელზე უნდა გადმოეფორმებინა მის სახელზე კომერციული ფართი, ეს უნდა მომხდარიყო 2015 წლის სექტემბრის თვეში, მაგრამ განვითარებული მოვლენების შემდეგ ეს შეუძლებელია“.

 

2.5. მოპასუხემ მოსარჩელისთვის გადასაცემად განკუთვნილი თანხა საკრედიტო დაწესებულებიდან გამოიტანა ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე, 2015 წლის აპრილის ბოლოს. მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, ლ--------–--ის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.6. მოპასუხე არც თავის ახსნა-განმარტებაში და არც 2015 წლის 27 აგვისტოს გასაუბრების ოქმში არ ადასტურებს, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადებას წინ უსწრებდა მხარეთა შეთანხმება, რომ მოპასუხე მოსარჩელეს მოგვიანებით უკანვე დაუბრუნებდა ქონებას. თავისთავად მცდარი ინფორმაციის მიწოდება მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის ბანკის მიერ კრედიტის გაცემის წესის თაობაზე არ არის იმ ზეპირი დაპირების დასტური, რომ ქონებას მოპასუხე გარიგების დადების შემდეგ ისევ უკან დაუბრუნებდა მოსარჩელეს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ-მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.

 

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ განზრახვის გარეშე რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული და ვერც სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობების განხორციელება.

 

მოსარჩელე სარჩელის საფუძვლად უთითებდა იმ ფაქტს, რომ მას სადავო ქონების გაჩუქება კი არ სურდა, არამედ მოსარჩელის და მოპასუხის მოქმედება გათვლილი იყო მხოლოდ გარეგნული ჩვენებისთვის, რომ შექმნილიყო წარმოდგენა თითქოს ნივთი მოპასუხეს ეკუთვნოდა, სარჩელის ამგვარ ფაქტებზე აგება საფუძველშივე გამორიცხავს გარიგების მოტყუებითობას, ვინაიდან მოტყუებით დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში ორივე მხარეს სურს ხელშეკრულებით დასახული მიზნის მიღწევა- ერთს გაჩუქება, ხოლო მეორეს ქონების ჩუქებით მიღება, თუმცა შედეგი მოსარჩელის (მოტყუებულის) თავისუფალი გადაწყვეტილებით არ არის განპირობებული, არამედ გამოწვეულია მოტყუებით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ჩუქება იყო მხოლოდ გარეგნული და მოპასუხის მხრიდან არსებობდა ზეპირი დაპირება ქონების უკან დაბრუნების თაობაზე. თავის მხრივ მოპასუხემ უარყო მისი მხრიდან დაპირების განხორციელების ფაქტი, რომ მოსარჩელეს უკანვე დაუბრუნებდა ქონებას, ასეთი არც საქმეში წარმოდგენილი გასაუბრების ოქმით დასტურდება. ამდენად მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები ემყარება გარიგების მოჩვენებითად დადებას და არა მოტყუებით დადებას, თუმცა მხოლოდ მოსარჩელის მიზანი გარიგების დადების დროს საკმარისი არ არის ამ გარიგების მოჩვენბითად დადებისთვის იგივე მიზანი უნდა ამოძრავებდეს მოპასუხესაც. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ვერც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შემადგენლობის განხორცილება, ვინაიდან მხოლოდ მოსარჩელის განზრახვის არსებობა ნების გარეგნულად, მოსაჩვენებლად გამოხატვის თაობაზე საკმარისი არ არის, საქმის მასალებით უნდა დადასტურებულიყო რომ არც გარიგების მეორე მხარეს-მოპასუხეს სურდა გარიგებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გამოწვევა. ასეთი კი საქმის მასალებით არ დასტურდება. მოპასუხემ არც თავის ახსნა-განმარტებაში და არც საქმეში წარმოდგენილ გასაუბრების ოქმში არ დაადასტურა, რომ პირდებოდა მოსარჩელეს ქონების უკან დაბრუნებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილება არა თუ საკმარისად არ არის დასაბუთებებული, არამედ საერთოდ არ არის დასაბუთებული. დავის საგანი არის "მოტყებით დადებული გარიგების ბათილობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა", და არა "ხელშეკრულების დადების დროს ნების გამოვლენის არანამდვილობის ფაქტის აღიარება". ამგვარ საქმეებში კი სარჩელის დაკმაყოფილების ერთად-ერთ საფუძველს _ მოტყუების ფაქტის არსებობის დადასტურება წარმოადგენს, რაც აპელანტის მხრიდან განხორციელდა 100%-ით.

 

მოტყუების საფუძვლით ხელშეკრულების შეცილების შემთხვევაში მთავარია დადგინდეს _ ჰქონდა თუ არა მოტყუების ფაქტს ადგილი მხარის მხრიდან მეორე მხარის მიმართ ხელშეკრულების დადების მიზნით? თუ სასამართლო დაადგენს, რომ ჰქონდა ადგილი _ ის ბათილად სცნობს გარიგებას; თუ არ/ვერ დაადგენს _ უარს ეტყვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3.2. აპელანტი აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ ჰქონდა ადგილი რეალური ჩუქების ფაქტს, განსაზღვრულს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლით. არამედ ადგილი ჰქონდა უ/ქონების საკუთრებაში დროებით გადაცემის ფაქტს, და მხოლოდ იმისთვის, რომ მოპასუხეს შეეძლო აეღო სესხი ბანკიდან. მოპასუხემ მომატყუა უშუალოდ ის - ე.ი. გარიგების მხარე, და არა მესამე პირი - რომ თითქოს მის სახელზე უნდა იყოს გაფორმებული უ/ქონება იმისთვის, რომ მან შეძლოს ბანკში სესხის აღება. აღნიშნული ტყუილი რომ არა, იგი არ აპირებდი მის სახელზე ამ ქონების გადაფორმებას და არც გაყიდვა უცდია არასდროს. მოპასუხისგან მოტყუების ფაქტის არსებობა კი უდავოდ დასტურდება პოლიციაში მისი 27.08.2015 წლის გასაუბრების ოქმით, რაც თავისმხრივ ცალსახად საკმარისია სარჩელის დაკმაყოფილებისთვის.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. 2015 წლის 5 მაისს დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება დ----------–--ესა და ლ--------–--ეს შორის, რომლის თანახმად დ----------–--ემ ლ--------–--ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა კუთვნილი უძრავი ქონების ნახევარი, შესაბამისად თბილისში, ა--–--------------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 0------------------------------ ფართობით 132.07 კვ.მ და სარდაფი ფართობით 69.74 კვ.მ, თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია დ----- და ლ--------–--ეების სახელზე, რეგისტრაცია განხორციელდა 2015 წლის 8 მაისს. (იხ. ტ.1, ს.ფ. 18-19, 31-32).

 

4.2. 2015 წლის 27 აგვისტოს თბილისის ვაკის რაიონის პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა ლ--------–--ესთან გასაუბრების ოქმი. ოქმის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს ლ--------–--ე. ოქმი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: „2015 წლის მაისის თვეში მამამისმა დ----------–--ემ მას (ლ--------–--ეს) სთხოვა 4000 ლარი ფულადი თანხა, ლ---- გადაწყვიტა ბანკში გაეკეთებინა სესხი და თანხა გადაეცა მამამისისთვის, ლ---- დ-----ს უთხრა რომ ბანკი სესხის დამტკიცებისთვის ითხოვდა, რომ მის სახელზე ყოფილიყო უძრავი ქონება და სთხოვა რომ ბინის თანამესაკუთრედ ჩაესვა, რეალურად ეს იყო ლ---ს მიერ მოფიქრებული, რათა ბინის თანამესაკუთრე გამხდარიყო. ბანკს მისთვის არ მოუთხოვია უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ლ---- აქვე განმარტა, რომ ეს იმიტომ გააკეთა რომ დ-----ს არაერთხელ ჰქონდა იმის მცდელობა, რომ ბინა გაეყიდა და ლ---ს ეშინოდა სახლის გარეშე არ დარჩენილიყო დედამისი. სხვა რაიმე დანაშაულებრივი განზრახვა მას არ ჰქონია. ბინა დ-----მა ლ---ს გადაუფორმა თავისი ნებით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. აქვე დასძინა, რომ დ-----ი და ლ--- წლის დასაწყისში შეთანხმდნენ, რომ ლ---ს დ-----ისთვის უნდა ეყიდა კომერციული ფართი, მაგრამ ამისთვის დ-----ს ლ---ს სახელზე უნდა გადაეფორმებინა მის სახელზე არსებული უძრავი ქონება და ბიზნები, რათა ლ---ს აეღო სესხი და დ-----ისთვის შეეძინა კომერციული ფართი, ეს უნდა მომხდარიყო 2015 წლის სექტემბრის თვეში, მაგრამ განვითარებული მოვლენების შემდეგ ეს შეუძლებელია“. (იხ. ტ.1, ს.ფ. 211).

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გარიგების ბათილად ცნობისთვის აუცილებელია მოტყუების ობიექტური ფაქტის არსებობა, რაც გამოიხატება ხელშეკრულების მეორე მხარისთვის არასწორი ან არასრული ფაქტობრივი ინფორმაციის მიწოდებაში. ამასთან, მოტყუებით დადებული გარიგების განსაზღვრისათვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია არამხოლოდ მოტყუების ფაქტს, არამედ იმ გარემოებასაც, თუ რაში გამოიხატა მოტყუება, კერძოდ ჰქონდა თუ არა აღნიშნულს ხელშეკრულების დადებისას არსებითი მნიშვნელობა ე.ი. გამოავლენდა, თუ არა მხარე ნებას მისთვის ცნობილი, რომ ყოფილიყო ის გარემოებები რის თაობაზეც იგი მოატყუეს.

 

მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სსკ-ის 81-ე მუხლის მიხედვით, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ, მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (შდრ. სუსგები: №ას-182-171-2014, 16.06.2014 ; №ას-1117-1051-2015, 20.01.2016). ამდენად, არასწორი ან არასრული ფაქტობრივი ინფორმაციის მიწოდება მხოლოდ იმ შემთხვევაში შესაძლოა მიჩნეულ იქნეს გარიგების საცილოობის საფუძვლად, თუ მხარეს თავად არ შესწევდა უნარი მოეკვლია შესაბამისი ინფორმაცია.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის განმარტებით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ საბანკო კრედიტის მიღების მიზნით ამ უკანასკნელმა მას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, კერძოდ, განუმარტა, რომ ბანკის მოთხოვნით, საბანკო კრედიტის მიღებისათვის, მოპასუხის სახელზე უნდა ყოფილიყო გაფორმებული უძრავი ქონება. ამდენად, ამ განმარტებიდან გამომდინარე, მოტყუების ფაქტი ვლინდება ბანკის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის სახელზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში. მოცემულთან მიმართებაში, პალატა აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ნორმალურ მოაზროვნე ადამიანი სათანადო ყურადღების, წინდახედულობისა და გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში მარტივად დაადგენდა, რომ ბანკის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ისეთი ინსტიტუტის არსებობა, როგორიცაა იპოთეკა გამორიცხავდა ბანკის მხრიდან საბანკო კრეტიდის გაცემის მიზნით მსგავსი პირობის დაყენებას. ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც აპელანტს შეეძლო მოეპოვებინა შესაბამისი ინფორმაცია, მხოლოდ მოპასუხის მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაცია არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სადავო გარიგების, როგორც მოტყუებით დადებულად მიჩნევის საფუძვლად.

 

აღინიშნა, რომ გარიგება მხოლოდ იმ შემთხვევაში შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს მოტყუებით დადებულად, თუ უდავოა, რომ რეალური ვითარების ცოდნის პირობებში პირი არ დადებდა მსგავსი შინაარსის გარიგებას ე.ი. დამდგარი სამართლებრივი შედეგი მისთვის მიუღებელი იქნებოდა. განსახილველ შემთხვევაში, თავად აპელანტის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებიდან დგინდება, რომ სადაო ჩუქების ხელშეკრულებით აპელანტის კუთვნილი უძრავი ნივთის ½ ნაწილის განკარგვა მოპასუხის სასარგებლოდ განხორციელდა, რამდემნადაც მას აღნიშნული ჰქონდა განზრახული, უბრალოდ მოგვიანებით. (იხ. სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის სხდომის ოქმი 12. 00.49. საათი და 12.02.22. საათი). მითითებული განმარტება, კი, მიანიშნებს, რომ მიწოდებული ინფორმაციისაგან დამოუკიდებლად, თავად აპელანტს სურდა სადავო გარიგებით დამდგარი სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რაც ასევე გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლზე მითითებით მის ბათილობის საფუძველს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. დ----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე /ლევან გვარამია/

 

მოსამართლეები: /ანა გოგიშვილი/

 

/ქეთევან დუგლაძე/