განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.04.2018
საქმის ნომერი
330210015001122419
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამოქალქო
თარიღი
10.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015001122419

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/6160-16 10 აპრილი, 2018 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე

 

მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი – გ-----------–--ე

 

წარმომადგენელი - კ--------------------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,დ-----------------------------------ი“

 

წარმომადგენელი - მ------ ჯ---–---–-

 

დავის საგანი - გარიგების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გ-----------–--ის სასარჩელო მოთხოვნა 2----–-–----------------ის დებიტორული დავალიანების გადახდის შესახებ შეთანხმების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.3. 2----–-–----------------–- დ--–------------ეს, შპს ,,დ-------------------- ა------------ს“ და გ-----------–--ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის პირობებით მოსარჩელემ შეიძინა თ---–--–---------- ქუჩა №2----------ში მდებარე კორპუსის მეშვიდე სართულზე განთავსებული 104,13 კვ.მ. ფართობის ბინა.

 

უძრავი ქონების ფასი განისაზღვრა 43 735 აშშ დოლარით, რომელიც არ მოიცავს დამატებული ღირებულების გადასახადს.

გარიგების თანახმად, გ-----------–--ე ნასყიდობის საფასურის დარჩენილ ნაწილს _ 1435 აშშ დოლარს, აანაზღაურებს გამყიდველის მიერ მყიდველის მიმართ მშენებლობის განახლების შეტყობინების ჩაბარებიდან 25 დღის გასვლისთანავე, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დამატებული ღირებულების გადასახადს გადაიხდის არაუგვიანეს 2013 წლის აგვისტოს თვისა.

 

2.4. 2----–-–---------------ს შპს ,,დ-------------------- ა------------ს“ და გ-----------–--ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის პირობებით მოსარჩელის ვალდებულება მოპასუხის მიმართ განისაზღვრა 7 000 აშშ დოლარის მოცულობით.

 

როგორც ხელშეკრულებაშია აღნიშნული, მოვალის დავალიანება კრედიტორის მიმართ წარმოიშვა მხარეებს შორის 2----–-–----------------–- დადებული №1---ე ხელშეკრულების საფუძველზე და არსებულ ვალდებულებაში შესულია მოვალის ვალდებულება დღგ-ს ჩათვლით.

 

2.5. თბილისში, ნ---------------------------ში მდებარე ბინა N-- საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ-----------–--ის სახელზე.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2----–-–----------------ის შეთანხმება დებიტორული დავალიანების გადახდის შესახებ, არ შეიცავს შეთანხმებას დამატებული ღირებულების გადასახადის ანაზღაურების თაობაზე. ამავე გარიგებით ფიზიკური პირი გ-----------–--ე ადასტურებს მოპასუხე ორგანიზაციის მიმართ 5 780 აშშ დოლარის აუნაზღაურებელი ვალდებულების არსებობის ფაქტს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, რომ გ-----------–--ის მიერ ვალდებულების სახით აღიარებული 5 780 ლარი წარმოადგენს დამატებული ღირებულების გადასახადს.

 

საქმის მასალებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2----–-–---------------–ის ხელშეკრულების დანართი - ,,განაცხადის ფორმა რეესტრის ამონაწერისთვის”, რომლის მიხედვით, გ-----------–--ის ფულადი ვალდებულება დღგ-ს ჩათვლით განსაზღვრულია 51 607 აშშ დოლარით. დამატებული ღირებულების გარეშე ქონების ღირებულება განსაზღვრულია 43 735 აშშ დოლარით ხოლო დარიცხული დღგ წარმოადგენს 7 872 აშშ დოლარს. გ-----------–--ის მიერ 2013 წლის 07 მარტს გადახდილი თანხა შეადგენს 1435 აშშ დოლარს, რომელიც წარმოადგენდა 2----–-–---------------–ის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნასყიდობის საფასურის ნაწილს. 2015 წლის 16 თებერვალს მოსარჩელის ფინანსური ვალდებულების შესრულების მიზნით გადახდილია 1220 აშშ დოლარი.

 

სასამართლოს შეფასებით, ცალსახაა, რომ 2----–-–----------------ის ხელშეკრულებაში აღნიშნული თანხის მოცულობა არ ემთხვევა ე.წ. ”განაცხადის ფორმა რეესტრის ამონაწერისთვის” დოკუმენტში მითითებულ დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობას - 7872 აშშ დოლარს; მეტიც - სადავო ხელშეკრულებაში მითითებული თანხა ვერ მიიღება იმ ვარაუდის დაშვების შემთხვევაშიც, რომ 7872 აშშ დოლარი გ-----------–--ემ ნაწილობრივ აანაზღაურა 2015 წლის 16 თებერვალს 1220 აშშ დოლარის გადახდის გზით, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში დღგ-ს სახით არსებული ვალდებულება მხარეთა მიერ (7872-1220=6652) 6652 აშშ დოლარით უნდა განსაზღვრულიყო.

 

სასამართლომ აგრეთვე აღნიშნავს, რომ 2----–-–----------------–ს შედგენილი გარიგებით, გ-----------–--ე და შპს ,,დ-------------------- ა------------ს“-ი შეთანხმდნენ 2----–-–---------------ს ვალის აღიარების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

 

ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ 2----–-–----------------ის შეთანხმებაში დასახელებული თანხა არ წარმოადგენდა დამატებული ღირებულების გადასახადს და არ იყო დაკავშირებული 2----–-–---------------ს ვალის აღიარების ხელშეკრულებაში მითითებულ დღგ-ს გადასახადდთან.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სს კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის. ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამასთან, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა.

 

ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედებების შესრულებას და ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა.

 

2.8. აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას გასათვალისწინებელია სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ვალის აღიარება დეკლარაციული (კაუზალური) ხასიათისაა და იგი არსებულ სამართალურთიერთობას ადასტურებს. ვალის აღიარების დოკუმენტად შესაძლებელია განვიხილოთ ურთიერთშედარების აქტი, ბუღალტრული აქტი და ა.შ.

 

2.9. სასამართლოს მოსაზრებით, შპს ,,დ-------------------- ა------------ს“-სა და გ-----------–--ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება დებიტორული დავალიანების გადახდის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებას ვალდებულების აღიარების თაობაზე. სადავო გარიგება, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მასში დასახელებული არაა ვალდებულების წარმოქმნის კონკრეტული საფუძველი, აყალიბებს ახალ დამოუკიდებელ ვალდებულებას, რომლის შესრულებაც მხარეებისთვის სავალდებულოა.

 

2.10. სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ სადავო გარიგებების მართლსაწინააღმდეგო ხასიათის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 72-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსით არსებით შეცდომად ითვლება, როცა: პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა; პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა; არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად.

 

ამავე კოდექსის 81-82-ე მუხლების დანაწესით, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ - მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.

 

გ-----------–--ე მიუთითებს, რომ 2----–-–----------------ის ხელშეკრულება გაფორმებულია არსებითი შეცდომის შედეგად; ამასთან, იგი მოტყუებით დადებული გარიგებაა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 72-ე-73-ე მუხლების მიხედვით, გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე. არსებით შეცდომად ითვლება, როცა: ა) პირს სურდა დაედო სხვა გარიგებადა არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა; ბ ) პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა; გ) არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად.

 

2.11. იმავე კოდექსის 81-ე მუხლის მიხედვით კი, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. სასამართლო განმარტავს, რომ როგორც შეცდომით, ისე მოტყუებით დადებული გარიგებისას ნების ნაკლს მხარის არასწორი წარმოდგენა განაპირობებს დასადები გარიგების არსთან თუ შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, იმ გარემოებების არასწორი აღქმა, რაც გარიგების დადებას საფუძვლად დაედო, მაგრამ მათ შორის არსებობს არსებითი განსხვავება, კერძოდ, მართალია, მოტყუებით დადებული გარიგებებისას, მხარე შეცდომის საფუძველზე შედის სამართალურთიერთობაში, მაგრამ ეს შეცდომა გამოწვეულია მეორე მხარის ქმედებით, ანუ, შეცდომით დადებული გარიგებისას, ხელშეკრულების კონტრაჰენტი კეთილსინდისიერია ნების ნაკლთან მიმართებით და მოდავე მხარის მცდარი წარმოდგენა მის მიერ გარკვეული მონაცემების დამალვით ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებით არ არის განპირობებული.

 

სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, გარიგება მოტყუებით დადებულად ითვლება მაშინ, როცა მოტყუება იწვევს ნების გამოვლენას.

 

სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ნების გამოვლენა მოტყუებას არ გამოუწვევია, მხარეებს სურდათ დებიტორული დავალიანების გადახდის შესახებ ხელშეკრულების შედგენა და სწორედ ეს გარიგება დაიდო მათ შორის; აქედან გამომდინარე სადავო ხელშეკრულება არც შეცდომით დადებული გარიგებაა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებმა წერილობით გამოავლინეს ნება იმ გარიგების დადებისა, რომელიც გ-----------–--ესა და შპს ,,დ-------------------- ა------------ს“-ს შორის რეალურად გაფორმდა. კერძოდ, მხარეთა მიზანს წარმოადგენდა გ-----------–--ის შესასრულებელი ფულადი ვალდებულების დაფიქსირება და მხარეებს სურდათ ვალდებულების აღიარების ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის დადგომა.

 

ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2----–-–----------------ის შეთანხმება კანონიერი გარიგება იყო და შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილებით გ-----------–--ის სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა;

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა დავის ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები; კერძოდ, სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ გ-----------–--ეს სრულად ჰქონდა გადახდილი ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 43 735 აშშ დოლარი და მას სხვა რაიმე ვალდებულება მოპასუხის მიმართ არ გააჩნდა.

 

_ მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შპს ,,დ-------------------- ა------------ს“-ი აპელანტისგან მოითხოვდა დამატებითი ღირებულების გადასახადს და ამ მიზნით 14.11.2014 წელს შედგა ვალის აღიარების ხელშეკრულება; დასახელებული ხელშეკრულება მოგვიანებით გაუქმებული იქნა მხარეების მიერ და 22.09.2015 წ. შედგა სადავო ვალის აღიარების ხელშეკრულება; მასში ვალის წარმოშობის საფუძვლად არ არის მითითებული დამატებითი ღირებულების გადასახადი, თუმცა წინა ხელშკრულებით გადასახდელი თანხის _ 7 000 აშშ დოლარის დაფარვის მიზნით გადახდილი 1 220 აშშ დოლარი გამოაკლდა ამ თანხას და სადაო ხელშეკრულებაში მიეთითა 5 780 აშშ დოლარი. იმ პირობებში, როცა დასახელებული ფულადი ვალდებულების წარმოშობის სხვა რაიმე საფუძველი არ არსებობდა და ეს თანხა ემთხვევა წინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ის თანხის დარჩენილ ოდენობას, ამასთან, მოპასუხე არ უარყოფს მოსარჩელის მიერ დღგ-ს გადახდის ვალდებულებას, ცალსახაა, რომ სადაო გარიგებაში მითითებული თანხა წარმოადგენს დამატებითი ღირებულების გადასახადს; აპელანტი განმარტავს, რომ ამ უკანასკნელის გადახდის აუცილებლობაში იგი მოპასუხემ მოტყუებით დაარწმუნა და სწორედ ამ მიზეზით დაიდო სადავო ხელშეკრულება.

 

შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე, როგორც ამ კატეგორიის ქონების შემძენისათვის მიმწოდებელი, თავისუფლდებოდა დღგ-ს გადასახადისაგან და მან მაინც მოითხოვა შემძენისაგან დღგ-ს თანხის გადახდა, სასამართლოს უნდა დაედგინა გარიგების მოტყუებით დადების გარემოება, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სათანადოდ არ შეაფასა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე და დავის გადაწყვეტის საბოლოო შედეგი სწორია; რაც შეეხება განსახილველი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებათა შესახებ მხარეთა მოსაზრებებს და სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, მათ შესახებ სააპელაციო თავის დასკვნებს და მოსაზრებებს ასახავს მოცემულ განჩინებაში;

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. პირველ ყოვლისა, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2----–-–----------------ის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება _ 5 780 აშშ დოლარის ოდენობით, წარმოადგენდა დამატებითი ღირებულების გადასახადს.

სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, რამდენად არის სადავო ვალის აღიარების თაობაზე შეთანხმება მოტყუებით დადებული გარიგება და იყო თუ არა გათავისუფლებული შპს ,,დ-------------------- ა------------ს“-ი დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდისგან, რაც, თავის მხრივ, გაათავისუფლებს აპელანტს 2----–-–----------------ის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან.

4.2. სამოქალაქო საქმეთა პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა, ე.ი. გარიგების დადების დროს ყველა ან ერთ-ერთი პირობა ცდომილებაში განზრახ შეყვანითაა მიღწეული. ასეთ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მხარემ გარიგების დადების ნება გამოხატა, მაგრამ ნების გამოვლენის ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ მის გამოვლენას მოტყუება უძღვის წინ. შეცილების შემდეგ სასამართლოში დავისას მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მოტყუების ფაქტის არსებობა ისეთი მტკიცებულებების წარდგენით და ისეთ გარემოებებზე მითითებით, რომლებიც დაადასტურებენ მოტყუების ფაქტს. ამდენად, მოტყუება წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. მოტყუების დროს არსებობს ნების გამოვლენის ნაკლი. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას გამოიწვევდა, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად ვერ ექნებოდა თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შექმნილ ვითარებაში „ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.01.2016 წ. გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1117-1051-2015). პალატა მიუთითებს, რომ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ - მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას; ამასთან, თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.

 

განსახილველ შემთხვევაში, გ-----------–--ე მოტყუების ფაქტზე აპელირებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2015 წლის 20 მარტს განხორციელებული ცვლილებებით, ხსენებული კოდექსის 309-ე მუხლში დამატებული 79-81-ე პუნქტების დანაწესით, უძრავი ქონების მიწოდება გათავისუფლდა დღგ-ს გადასახადისგან, რის შედეგადაც, თავის მხრივ, მოწინააღმდეგე მხარე სახელმწიფოს წინაშე გათავისუფლდა მითითებული ვალდებულების შესრულებისგან, თუმცა, მიუხედავად ამისა, სადავო შეთანხმება მაინც იქნა გაფორმებული; აპელანტი გ-----------–--ის შეფასებით, სწორედ ეს გარემოება ადასტურებს შპს ,,დ-------------------- ა------------ს“-ის მხრიდან სადავო შეთანხმების მოტყუებით გზით გაფორმებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1. მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

აღნიშნული დანაწესებით განსაზღვრულია მტკიცების ტვირთის სტანდარტი და მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე (აპელანტი) ვალდებულია დაამტკიცოს 2----–-–----------------ის შეთანხმების გაფორმებისას შპს ,,დ-------------------- ა------------ს“-ის მხრიდან მოტყუების ფაქტის არსებობა.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე პუნქტის თანახმად, დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა; ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტში ან იმ ობიექტში, რომელზედაც 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა; გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი); დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2020 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს; ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი; ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ამ ნორმის მოქმედება ვრცელდება 2015 წლის 01 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და მოცემული ნორმის პირობები კუმულატიური ხასიათისაა; შესაბამისად, კომპანია რომ დღგ-ს გადახდისგან გათავისუფლდეს, ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ზემოთჩამოთვლილ პირობას, რაც მოცემულ შემთხვევაში მხარემ ვერ დაადასტურა (მაგ. მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებით და საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, განსახილველ შემთხვევაში, ქონება ექსპლოატაციაში მიღებული არ არის, მაშასადამე, იგი მხარისათვის მიწოდებულად ვერ ჩაითვლება, აღნიშნულის საპირისპიროდ კი, იმის დასტურად, რომ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დასახელებული შეღავათი შპს ,,დ-------------------- ა------------ს“ შეეხება, გ-----------–--ეს რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებისა, არ წარმოუდგენია). ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება.

 

ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, უდავოა, რომ 2----–-–----------------ის შეთანხმებაში მითითებული თანხა წარმოადგენს დღგ-ს გადასახადს, თუმცა აპელანტი ვერ ადასტურებს, რომ ხსენებული შეთანხმება დაიდო მისი მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის გზით, რამდენადაც არ დასტურდება აღნიშნულის საფუძველი - მოწინააღმდეგე მხარეზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის გავრცელების ფაქტი, ხოლო ამ უკანასკნელის დადასტურების მცდელობა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 25 სექტემბრის N8------- საინფორმაციო ხასიათის წერილზე და საკანონმდებლო ცვლილებაზე მითითებით, არ არის საკმარისი, დაუსაბუთებელი და შესაბამიად, იგი საფუძველს მოკლებულია.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პერეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს; შესაბასამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. გ-----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: /ხათუნა არევაძე /

 

მოსამართლეები: /თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი/

 

/გოგიტა თოთოსაშვილი/