განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2ბ/5608-17 27 ნოემბერი, 2018 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ლევან გვარამია
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი, გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი, მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი – შპს „გ-------------------“;
წარმომადგენელი – ა-–---------------–---–-;
მოწინააღმდეგე მხარეები – ა---------------------------–--–----–----------------------------–-------------------–------–-----------------–----------------------–---–------------------------------–-–---–------------------------------------–---–---------–----–-------–----------------------------------–----------–---------–------------–---–-–-------------------------–-------------------------–---–-----------------------–----–--–-------------------------–---–------–-----------–---–------------------–-–---–---------------–--–----------------------
წარმომადგენელი – ამ------------------------------------------–------–--–---–---------–----------–------–--------------–---------------–------–----------------–-------–----------------------------------–---–---------------–--;
დავის საგანი - შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა შპს „გ-------------------ს“ სარჩელი მოპასუხეების ამხანაგობა „რ-------ს“ წევრების მიმართ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების შესახებ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2007 წლის 10 ივლისს ამხანაგობა „რ--------“ და შპს „გ------------------ს“ შორის გაფორმდა სამშენებლო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შემსრულებელმა შპს „გ-------------------“ იღებდა ვალდებულებას: აეშენებინა, ქ. თბილისში, ქ----–---–-- ქუჩა №------ში, მრავალფუნქციური სახლი, რკინა-ბეტონის კარკასი (საძირკველი რკინა- ბეტონის მონოლითურ ფილაზე, სარდაფი რკინა-ბეტონის კედლები, რკინა-ბეტონის გადახურვები, პადსის მოწყობა, 0.08 ნიშნულამდე). უზრუნველეყო სამშენებლო- სამონტაჟო სამუშაოების წარმოება ნორმებისა და წესების დაცვით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ტომი 1, ს.ფ. 5).
2007 წლის 10 ივლისის ხელშეკრულება.
2.2. სამშენებლო ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 969 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით ან 1000 მ2 საცხოვრებელ ფართს.
ამავე მუხლის 2.1.1. ქვეპუნქტის მიხედვით, სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეიძლება შეიცვალოს ფაქტიური სამუშაოს მოცულობების შეცვლასთან დაკავშირებით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ტომი 1, ს.ფ. 5). სამშენებლო ხელშეკრულება (ტომი II).
2.3. ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.3. პუნქტის მიხედვით, მხარეებს შორის ანგარიშსწორება ხდება ყოველთვიურად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით სახელშეკრულებო ფასების საფუძველზე დამთავრებული სართულის შესაბამისად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სამშენებლო ხელშეკრულება.
2.3. სამშენებლო ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დაწყების ვადად მიღებულია 2007 წლის 10 ივლისი, დამთავრების ვადად 2008 წლის დეკემბერი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: სამშენებლო ხელშეკრულება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.4. 2008 წლის 05 დეკემბერს მხარეებმა ცვლილება შეიტანეს 2007 წლის 10 ივლისის სამშენებლო ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დაწყების ვადად მიღებულია 2007 წლის 10 ივლისი, ხოლო დამთავრების ვადად 2011 წლის 31 დეკემბერი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ტომი 1, ს.ფ. 5).
2008 წლის 05 დეკემბრის ცვლილება.
2.5. შპს „გ-------------------ს“ მოთხოვნა ამხანაგობა „რ-------სა“ და მისი წევრების მიმართ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების შესახებ ხანდაზმულია.
სასამართლომ მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან და გამოყენებული უნდა იქნეს სახელშეკრულებო მოთხოვნებისთვის დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისთვის მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის ზუსტად დადგენა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ნორმის მითითება - „როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო“, არ შეიძლება გაგებულ იქნა იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს. კანონის მითითებული დანაწესი ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - „უნდა შეეტყო“, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა.
საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.3. პუნქტის მიხედვით, მხარეებს შორის ანგარიშსწორება ხდებოდა ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება 2007 წლის 10 ივლისიდან ყოველთვიურად რა მოცულობისა და ღირებულების სამუშაოები შესრულდა შპს „გ-------------------ს“ მიერ. 2011 წლის 03 ოქტომბერს ამხანაგობა „რ-------სა“ და შპს „გ-------------------ს“ უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების №01 აქტიდან დგინდება, რომ თბილისში, ქ----–---–-- ქუჩაზე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობას შპს „გ-------------------“ აწარმოებდა 2007 წლის 10 ივლისიდან 2009 წლის 1 მარტამდე პერიოდში (ტომი 1, ს.ფ. 58-61).
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებიდან ცალსახად დგინდება, რომ შპს „გ------------------მა“ სამშენებლო სამუშაოები დაასრულა 2009 წლის 01 მარტს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება შპს ”გ--------------------ს” წარმოეშვა 2009 წლის 02 მარტიდან, სამშენებლო სამუშაოების დასრულების მომდევნო დღიდან.
სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეებს შორის იმავე 2011 წლის 03 ოქტომბერს გაფორმებული ურთიერთშედარების აქტით მათ დაადასტურეს, რომ ამხანაგობა „რ------ს“ შპს „გ-------------------ს“ წინაშე 2011 წლის 03 ოქტომბრის მდგომარეობით აქვს დავალიანება 1 559 000 ლარის ოდენობით.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სასამართლომ აღნიშნავს, რომ ვალის არსებობის აღიარება არის სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულების ერთ-ერთი სახე, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის პირობებს, კერძოდ, იგი ჩამოყალიბებული უნდა იყოს წერილობითი ფორმით და მასში მითითებული უნდა იყოს აღნიშნული ხელშეკრულებისათვის აუცილებელი ყველა არსებითი პირობა - კრედიტორისა და მოვალის მონაცემები, კონკრეტული ვალდებულება, რომელიც მოვალეს გააჩნია კრედიტორის წინაშე და ასევე ამ ვალდებულების მომავალში შესრულების განზრახვა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმებით შემკვეთის მიერ მხოლოდ დადასტურებულია შპს „გ----------------------ის“ წინაშე არსებული დავალიანების მოცულობა. ამ შეთანხმების შინაარსიდან არ გამომდინარეობს ამხანაგობა „რ-------ს“ ნება 1 559 000 ლარის გადახდის ვალდებულების შესრულების შესახებ. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს შეთანხმება ვერ განიხილება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლების წარმოშობის დღიდან სამი წლის ვადაში, სარჩელი შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით არ აღუძრავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს გარემოებები: მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სარჩელის წარდგენა ანდა სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ქმედების განხორციელება, რაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას გამოიწვევდა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ამავე კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც ფაქტობრივ გარემოებებში მიეთითა, მოთხოვნის უფლება კრედიტორ შპს „გ------------------ს” ამხანაგობა „რ-------სა“ და მისი წევრების მიმართ, შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების შესახებ წარმოეშვა 2009 წლის 01 მარტიდან, რადგან ამ დროს დასრულდა სამშენებელო სამუშაოები. ასევე არ დგინდება ხანდაზმულობის ვადის დენის შესაწყვეტად, კრედიტორის შპს ”გ-------------------ს” ქმედება, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 137-138-ე მუხლებით.
სასამართლომ მიუთითა, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რა დროშიც პირს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს შესრულება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ობიექტურად არსებობს, მაგრამ მისი შესრულება მხოლოდ მხარის ნებაზეა დამოკიდებული. მოთხოვნის ხანდაზმულობა გამორიცხავს მისი იძულების წესით დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი).
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „გ-------------------“ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი თანხის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ვერ განახორციელებს ამ მოთხოვნის უფლებას, რაც მას გააჩნია ამხანაგობა „რ-------ს“ მიმართ.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, 2011 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ აპელანტის მიერ სრულად შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და განხორციელებული იქნა დაკვეთილი სამუშაოები, მიუხედავად ამისა, ამხანაგობა უარს ამბობს შესაბამისი თანხის ანაზღაურებაზე. ის რომ აპელანტის მიერ რეალურად იქნა შესრულებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალსიწინებული სამუშაოები უდავოდ დასტურდება 2011 წლის 3 ოქტომბერს გაწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ბბ-05 N-------, რომლითაც ამხანაგობა რ-------ს მიერ შეძენილი იქნა შპს „გ-------------------საგან“ 1 559 000 ლარის სამუშაოები. ის რომ ამხანაგობა რ------მა რეალურად მიიღო აღნიშნული სამუშაოები უდავოდ დასტურდება შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული შედარების აქტით.
3.2. აპელანტის მითითებით, 2011 წლის 3 ოქტომბერს მოხდა ურთიერთშედარების აქტის გაფორმება სადაც მითთებულია, რომ ამხანაგობა რ-------ს დავალიანება შეადგენს 1 559 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით. ამის შემდგომ შპს „გ------------------ს“ წარდგენილი აქვს დღგ-ს დეკლარაცია, რომლის წარდგენა მოხდა მაშინ, როდესაც მოხდა ვალდებულების აღიარება 2011 წლის ოქტომბრის თვის დეკლარაცია სადაც მითითებულია, რომ კომპანიის მიერ გადასახდელია დღგ-ის თანხა, რომელიც ამ შედარების აქტით არის გათვალისწინებული. ამის შემდგომ ასევე გამოწერილი იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურად სადაც მითთებულია, რომ ამხანაგობა რ------მა მიიღო 1 559 000 ლარის ღირებულების სამუშაოები. აპელანტის განმარტებით, შესრულებული სამუშაოების აქტში, ჩაშლილი სახით მითითებულია თითოეული მასალა, თუ რა დაიხარჯა სამშენებლო სამუშაოების დროს, რომლის ჯამური თანხა ემთხვევა მოთხოვნილ თანხას. შესაბამისად, აპელანტის მითითებით ყველა მტკიცებულება არის თანხვედრაში.
3.3. აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 138-ე, 139-ე 140-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის დენის თარიღად არასწორად მიუთითა 2009 წელი, ვინაიდან ვადის დენა იწყება იმ დროიდან როდესაც მხარემ შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეებს შორის ვალდებულების არსებობის ფაქტი დადასტურდა მხოლოდ 2011 წლის წლის 3 ოქტომბერს, შესაბამისად, გაუგებარია როგორ უნდა მოეთხოვა მხარეს აღნიშნული თანხა მაშინ როდესაც იგი მხარეებს შორის ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი და არავინ იცოდა რა იყო სარჩელით მოსათხოვი თანხა, შესაბამისად, უდავოა, რომ ვალდებულების არსებობის ფქტი დადგინდა მხოლოდ 2011 წლის 3 ოქტომბერს და ამ ვადაში 3 წლიანი ხანდაზმულობა არ არის დარღვეული.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. შპს „გ-------------------ს“ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებისათვის 2007 წლის 10 ივლისს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების დაკისრება. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამხანაგობა „რ--------“ და შპს „გ------------------ს“ შორის გაფორმებული სამშენებლო ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელმა შპს „გ------------------მა“ იკისრა ვალდებულება აეშენებინა, მრავალფუნქციური სახლი. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე შესრულდა 1 559 000 ლარის ღირებულების სამუშაოები, რომელიც მოპასუხის მიერ ანაზღაურებული არ არის.
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შეაგებლებით მიუთითეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამხანაგობა „რ-------ს“, მისი წევრების მიმართ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების შესახებ ხანდაზმულია, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.2. დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2007 წლის 10 ივლისს გაფორმდა სამშენებლო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „გ------------------მა“ აიღო ვალდებულება აეშენებინა, ქ. თბილისში, ქ----–---–-- ქუჩა №------ში, მრავალფუნქციური სახლი.
ხელშეკრულების თანახმად, ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 969 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით ან 1000 მ2 საცხოვრებელ ფართს; ხელშეკრულების 2.1.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეიძლება შეიცვალოს ფაქტიური სამუშაოს მოცულობების შეცვლასთან დაკავშირებით; ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოს დაწყების ვადად მიღებულია 2007 წლის 10 ივლისი, დამთავრების ვადად 2008 წლის დეკემბერი (იხ. ტ.1, ს.ფ. 5, ტ.2.)
4.3. დადგენილია, რომ მხარეებმა ცვლილება შეიტანეს 2007 წლის 10 ივლისის ხელშეკრუელბაში და სამუშაოს დაწყების ვადად განსაზღვრეს 2007 წლის 10 ივლისი, ხოლო დასრულების ვადად 2011 წლის 31 დეკემბერი.
4.4. საქმის მასალებში წარმოდგენილი, 2011 წლის 03 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების №01 აქტით დგინდება, რომ თბილისში, ქ----–---–-- ქუჩაზე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობას შპს „გ-------------------“ აწარმოებდა 2007 წლის 10 ივლისიდან - 2009 წლის 1 მარტამდე პერიოდში. აქტი ხელმოწერილია ამხანაგობა „რ-------სა“ და შპს „გ-------------------ს“ უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 58-61).
4.5. სააპელაციო პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან, შესაბამისად, უნდა გავრცელდეს სახელშეკრულებო მოთხოვნებისთვის დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
პალატა მიუთითებს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ხანდაზმულობის ვადაში მოიზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რელიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.
სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონით დადგენილი დანაწესი - ხანდაზმულობის ვადა, მიმართულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა წინდახედულობისაკენ, დროულად იზრუნონ თავიანთი უფლების განხორციელებასა და დაცვაზე და მეორეს მხრივ, შეინარჩუნოს ურთიერთობათა სტაბილურობა და სიმყარე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2011 წლის 03 ოქტომბერს ამხანაგობა „რ-------სა“ და შპს „გ-------------------ს“ მიერ ხელმოწერილი იქნა მიღება-ჩაბარების №01 აქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისში, ქ----–---–-- ქუჩაზე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობას შპს „გ-------------------“ აწარმოებდა 2007 წლის 10 ივლისიდან - 2009 წლის 1 მარტამდე პერიოდში. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება შპს „გ--------------------ს“ წარმოეშვა 2009 წლის 02 მარტიდან.
ვინაიდან დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ, სარჩელი აღიძრა 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით - 2015 წლის 3 თებერვალს, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე და 327-ე მუხლების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობდა 2011 წლის 03 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის ვალის აღიარების ხელშეკრულებად მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან, როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიეთითა, აქტში არაფერია ნათქვამი მასში მითითებული თანხის 1 559 000 ლარის გადახდის ვალდებულების შესრულების თაობაზე, რის გამოც მოსარჩელის არგუმენტები, რომ აღნიშნულით მოხდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა, საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის არგუმენტი იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის ვალდებულების არსებობის ფაქტი დადასტურდა მხოლოდ 2011 წლის წლის 3 ოქტომბერს, ხოლო მანამდე უცნობი იყო თუ რისი მოთხოვნის უფლება ჰქონდა წარმოშობილი მოსარჩელეს, რის გამოც აპელანტის მტკიცებით სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა ვერ მიიჩნევა დარღვეულად, მოკლებულია დასაბუთებას და პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
4.6. ვინაიდან დადგენილია, რომ წინამდებარე სარჩელი შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების შესახებ დაინტერესებული პირის მიერ აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ და პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე მხარე მიუთითებდა სარჩელის ხანდაზმულობაზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ ვარგისიანობას ხანდაზმულობის გამო, რაც გამორიცხავს ხანდაზმული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის გამორკვევის წინაპირობები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივრების დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „გ-------------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ლევან გვარამია/
მოსამართლეები: /გოგიტა თოთოსაშვილი/
/გელა ქირია/