განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2019
საქმის ნომერი
200100118002541385
ინსტანცია
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N200100118002541385, N1/ბ-407-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ნინო სანდოძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - შო--------ია;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ამ----- ჯა–--–---–ი, დაბადებული 19---–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ახ---------------------------;

 

ადვოკატი - ირ--- იჩ------ე.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობის მცდელობა).

 

სასჯელი:

 

8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

მსჯავრდებულ ამ----- ჯა–--–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენის გაუქმება და წარდგენილ ბრალდებაში გამართლება. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:

▪ პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რადგან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მოსამართლემ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებით არ დადასტურებულა, რომ ამ----- ჯა–--–---–ს გააჩნდა არ---– კა---–---–ის მკვლელობის განზრახვა.

▪ სასამართლომ არ გაიზიარა ამ----- ჯა–--–---–ის ჩვენება, რომლის მიხედვითაც მას აქვს ხორხის სიმსივნე და მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, დაზარალებულის მხრიდან კი ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოცირებას. აღნიშნული თანხვედრაშია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ არ---– კა---–---–ის ჩვენების იმ ნაწილთან, სადაც მითითებულია, რომ არ---– კა---–---–ი მასპინძლის და ამ----- ჯა–--–---–ის ნების საწინააღმდეგოდ შევიდა ვა------ ლო----- სახლში, აგინა ამ----- ჯა–--–---–ს და ყელში წაუჭირა ხელი.

▪ ამ----- ჯა–--–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ დანაზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი არ ეკუთვნის არ---– კა---–---–ს. ასევე ამ----- ჯა–--–---–ის ზედატანზე, რომლის ჯიბიდანაც ამოღებულ იქნა დანა, არ აღმოჩნდა სისხლის კვალი.

▪ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა ბრალდების მხარის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა, რომლის საფუძველზეც სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა არ---– კა---–---–ის ჩვენება, ვინაიდან ამ უკანასკნელის სასამართლო სხდომაზე დაკითხვით ნათელი მოეფინებოდა ადგილზე განვითარებულ მოვლენებს.

▪ მამა-შვილ ლო-------- ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო, ვინაიდან ისინი სხვადასხვაგვარად აღწერენ ადგილზე განვითარებულ მოვლენებს. მათი ჩვენებების სარწმუნოდ მიჩნევის შემთხვევაში კი იკვეთება, რომ დაზარალებულის მხრიდან ამ----- ჯა–--–---–ზე ზეწოლა გაგრძელდა საკმაო ხანს და იქ მყოფებმა ვერ შეძლეს მათი გაშველება.

▪ თვითმხილველ მოწმეთა და ამ----- ჯა–--–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც არ---– კა---–---–ი დავარდა კიბეებზე, წამოდგა და დატოვა იქაურობა, ხოლო თავად არ---– კა---–---–ის ჩვენებაში მითითებულია, რომ მან ვერ გაიგო დაჭრის ფაქტი და მხოლოდ სახლში მისულმა შენიშნა მეზობლის მითითებით. აღნიშნული და ის ფაქტი, რომ ამ----- ჯა–--–---–ი დააკავეს ქუჩაში გადაადგილებისას, რა დროსაც მას არ ჰქონდა საშუალება გაერეცხა ან გაეწმინდა დანა, რომელზეც სისხლის კვალი არ აღმოჩნდა, ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა დაზარალებულმა დაზიანება მიიღო კიბეებზე დაგორების შედეგად და არა ამ----- ჯა–--–---–ის მიერ დანის დარტყმით.

▪ ამ----- ჯა–--–---–ს განზრახვის შემთხვევაში ჰქონდა დრო და საშუალება მის სისრულეში მოსაყვანად (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

ბრალდების მხარის პოზიცია - თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენით, ამ----- ჯა–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ.ა-----------------------------ში მდებარე ვა------ ლო----- კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ამ----- ჯა–--–---–ს ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა არ---– კა---–---–თან. ფიზიკური დაპირისპირებისას ამ----- ჯა–--–---–მა ჯიბიდან ამოიღო დანა და მოკვლის განზრახვით მარცხენა ხელით დანა ორჯერ დაარტყა არ---– კა---–---–ს გულმკერდისა და მხრის არეში. აღნიშნულის შედეგად არ---– კა---–---–მა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, ძუძუს დვრილის ზემოთ მიიღო ნაკვეთი ჭრილობა შემავალი გულმკერდის ღრუში, რაც წარმოადგენს სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებას, ასევე, ნაკვეთი ჭრილობა მიიღო მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანების მსუბუქ ხარისხს მისი ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენით, ამ----- ჯა–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, მოწმე ვა--------–------მ განმარტა, რომ 2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით საღამოს ხუთი საათისთვის, მასთან სახლში იმყოფებოდა ამ----- ჯა–--–---–ი, რა დროსაც მათთან მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი არ---– კა---–---–ი. არ---– კა---–---–ს უთხრა წასულიყო, ვინაიდან იყო ნასვამი, რაც ამ უკანასკნელმა არ გააკეთა. სუფრის მსვლელობისას არ---– კა---–---–მა დაიწყო ლანძღვა-გინება, რაზეც ამ----- ჯა–--–---–მა ასევე უთხრა წასულიყო, რის გამოც მათ შორის დაიძაბა სიტუაცია, რაც გადაიზარდა დაპირისპირებაში. მან ხელი მოკიდა არ---– კა---–---–ს და სამზარეულოდან გაიყვანა გარეთ, თუმცა მას უკან გაჰყვა ამ----- ჯა–--–---–იც. არ---– კა---–---–ი ჩადიოდა კიბეზე, ხოლო ამ----- ჯა–--–---–ი იდგა ზემოთ, რა დროსაც ამ უკანასკნელს ყელში წვდა არ---– კა---–---–ი, მიახეთქა მოაჯირს და ახრჩობდა. მოწმის განმარტებით, იგი ამ დროს ხელზე ეჭიდებოდა არ---– კა---–---–ს და ცდილობდა ამ-----ის გათავისუფლებას. იქ ასევე იმყოფებოდა მისი შვილი - ვა------ ლ------- რომელიც ასევე ცდილობდა მოჩხუბრების გაშველებას. ამ დროს ამ----- ჯა–--–---–მა დანით ორი ჭრილობა მიაყენა არ---– კა---–---–ს, ერთი მარჯვენა მკლავის არეში და მეორე მარჯვენა ძუძუს ქვეშ. დაჭრის შემდეგ არ---– კა---–---–მა ხელი გაუშვა ამ----- ჯა–--–---–ს. არ---– კა---–---–ს წამოუვიდა სისხლი, რომელიც დაიღვარა კიბის ამოსასვლელში, რაც მოგვიანებით აიღეს გამომძიებლებმა. დაჭრილი თავისი ფეხით გავიდა კარიდან და წავიდა. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ კი წავიდა ამ----- ჯა–--–---–იც.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მოწმე ვა------ ვა------ი------–------. მოწმის ჩვენებით, 2018 წლის 27 მაისს, იმყოფებოდა მამასთან - ვა--------–------სთან, რომელთანაც სტუმრად იმყოფებოდა ამ----- ჯა–--–---–ი. ვინაიდან მამა და მისი სტუმარი აპირებდნენ სამზარეულოში ქეიფს, თავად ტელევიზორის საყურებლად გავიდა მისაღებ ოთახში, საიდანაც დაინახა, რომ აივანზე ავიდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი არ---– კა---–---–ი, რომელსაც მამამისმა უთხრა, წასულიყო, თუმცა არ---– კა---–---–ი მაინც შევიდა სამზარეულო ოთახში. ცოტა ხანში სამზარეულოდან შემოესმა ხმაური. იგი გავიდა მისაღები ოთახიდან და დაინახა, რომ არ---– კა---–---–ს ამ----- ჯა–--–---–ისათვის ყელში ჰქონდა წაჭერილი ხელი და მიყუდებული ჰყავდა სამზარეულოს მოწყობილობასთან. ის და მამამისი ცდილობდნენ მათ გაშველებას, თუმცა ვერ შეძლეს. თავიდან არ---– კა---–---–ს ამ-----ისთვის ყელში ჰქონდა ხელი წაჭერილი, თუმცა აივანზე გადანაცვლების შემდეგ ორივე მხარემ შეუტია ერთმანეთს. აივანზე არ---– კა---–---–ი აღარ ახრჩობდა ამ----- ჯა–--–---–ს, მაისურში ჰქონდა მისთვის ხელი ჩავლებული და ჩაბღაუჭებული ჰყავდა. ამ----- ჯა–--–---–მა გაითავისუფლა მარცხენა ხელი, ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა და დაარტყა არ---– კა---–---–ს მარჯვენა მხარეს. ეს უკანასკნელი წაბარბაცდა და გადავარდა კიბიდან, შემდეგ წამოდგა და წავიდა. რამდენიმე წუთში მათი სახლიდან წავიდა ამ----- ჯა–--–---–იც. მოწმის განმარტებით, მათ ვერ შეძლეს მოჩხუბრების გაშველება, ვინაიდან ორივე მხარე იწევდა ერთმანეთზე. დამაზუსტებელ კითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ აივანზე ყოფნისას არ---– კა---–---–ს ამ----- ჯა–--–---–ისთვის ხელი ყელში არ ჰქონდა მოჭერილი, ამ დროს ადგილი ჰქონდა ერთმანეთზე დაჭიდებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ არ---– კა---–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 27 მაისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მივიდა ვა--------–------სთან სახლში და დაძახების გარეშე შევიდა სამზარეულოში, სადაც მას დახვდა ვა--------–------ და ამ----- ჯა–--–---–ი. იგი თავადაც შეუერთდა სუფრას და განაგრძეს სასმელის მიღება. მას ვა--------–------მ უთხრა წასულიყო, რადგან იყო ნასვამი, რაზეც მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება. კამათში ასევე ჩაერთო ამ----- ჯა–--–---–ი, რომელსაც ჰკითხა, რატომ ერეოდა სხვის საქმეში და შეაგინა დედის მისამართით, რის გამოც დაიწყეს ძიძგილაობა. ამ დროს მას ამ----- ჯა–--–---–მა გულმკერდის არეში დაარტყა დანა, რის შედეგადაც განიცადა ტკივილი. მან ამ----- ჯა–--–---–ს თავიდან მოშორების მიზნით ხელები მოკიდა ყელში, რადგან სურდა თავი დაეღწია და გაცლოდა მას. მათ გაშველებას ცდილობდნენ ვა--------–------ და მისი შვილი, რა დროსაც ამ----- ჯა–--–---–მა მას განმეორებით დაარტყა დანა მარჯვენა გვერდში. ამის შემდეგ ისინი გააშველეს, მან თავისი ფეხით დატოვა იქაურობა და წავიდა, რათა მიემართა სამედიცინო დაწესებულებისათვის.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20---–-–-----------ის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ:

▪ არ---– კა---–---–ი 2018 წლის 27 მაისს მიღებული ტრავმის გამო მოთავსებული იქნა თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც მკურნალობას გადიოდა 01.06.2018 წლამდე. გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, ძუძუს დვრილის ზემოთ აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა შემავალი გულმკერდის ღრუში, რაც მიყენებულია მჩხვლეტავ მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.

▪ მას ასევე მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა, რაც მიყენებულია რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გუ--------------–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ არ---– კა---–---–ისთვის მიყენებული დაზიანებების წაქცევით მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ამ----- ჯა–--–---–ი დაკავებული იქნა 2018 წლის 27 მაისს, 18:45 საათზე, ქ.ახმეტაში, კვირიკეს სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. პირადი ჩხრეკის შედეგად, სპორტული შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა დაახლოებით 10 სმ. სიგრძის დასაკეცი მოთეთრო ფერის დანა, დაახლოებით 8 სმ. სიგრძის ბასრი პირით, რომელზეც აღინიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 27 მაისს 20:40 საათიდან 21:10 საათამდე პერიოდში დათვალიერდა ქ.ა------–--------------------------ში მდებარე ვა------ ლო----- საცხოვრებელი სახლი. ოქმის მიხედვით, ერთსართულიან სახლს გააჩნია ხის ექვსსაფეხურიანი კიბე. საცხოვრებელი სახლის აივანზე ამოსასვლელი ხის კიბის მიმდებარედ მიწაზე ნანახი იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, რომელიც ამოღებული იქნა ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სხვა ნივთი ამოღებული არ ყოფილა.

 

საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე დაადასტურეს სხდომაზე დაკითხვისას მოწმეებმა: ნი----–-----------–---–მა, აჩ---------------მა, ზუ--------------ემ, ნი----–-------------–---–მა და მი------------------მა, აგრეთვე ექსპერტმა ზა--------–--------–---–მა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20---–-–-----------------ის ექსპერტის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:

▪ პაკეტში, წარწერით: ,,...ა.ჯა–--–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა...“, მოთავსებულ დანაზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N1,22) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და არ ეკუთვნის არ---– კა---–---–ს (ობ. N19; პაკეტი წარწერით: ,,...არ---– კა---–---–ის სისხლის ნიმუში...“).

▪ პაკეტში, წარწერით: ,,...მოწითალო ფერის ლაქები ამოღებული ვა------ ლო----- საცხოვრებელი სახლის ბალკონზე ასასვლელი ხის კიბის წინ მიწის ზედაპირიდან...“, მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის არ---– კა---–---–ს (ობ. N19).

▪ პაკეტში, წარწერით: ,,...ამ----- ჯა–--–---–ის ტანსაცმელი...“, მოთავსებული შარვალზე (ობ. N4-7), ქურთუკზე (ობ. N8-9), მაისურსა (ობ. N12,13) და კეპზე (ობ. N14) არსებული მოყავისფრო, მოყვითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები სისხლი არ აღმოჩნდა. აღნიშნულ მაისურზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N11) გენეტიკური პროფილი და ობ. N4,7,12,13-ზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და იდენტურია ობ. N1,2-ის გენეტიკური პროფილის. ობ. N5-ზე და აღნიშნულ ქურთუკზე არსებული მოთეთრო ფერის ლაქებში (ობ. N10) გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

▪ პაკეტში, წარწერით: ,,...არ---– კა---–---–ის ტანსაცმელი...“, მოთავსებულ ჯინსის შარვალსა (ობ. N15,16) და მაისურზე (ობ. N17,18) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის არ---– კა---–---–ს (ობ. N19). ამ----- ჯა–--–---–ის ტანსაცმელზე სისხლის დანაშრევები არ აღმოჩნდა. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ეკ------------------–-ძემ.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–---------------ის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ:

▪ ,,არ---– კა---–---–ის“ წარმოდგენილი ტანსაცმლიდან (მაისური, შარვალი, ქამარი) მაისურს დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოებში აღენიშნება დაზიანებები: განვითარებული როგორც ჭრით, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, როგორიც შეიძლება იყოს დანის პირიც, ასევე რღვევით, მექანიკური (შესაძლო ფიზიკური)ზემოქმედების შედეგად. შარვალს და ქამარს დაზიანება არ აღენიშნება.

▪ ამ----- ჯა–--–---–ის წარმოდგენილ ტანსაცმელს (ქურთუკი, მაისური, შარვალი, ქუდი) ექსპლუატაციური ხასიათის ცვეთის ნიშნებისა და კვლების გარდა, სხვა რაიმე დაზიანება არ აღენიშნება.

▪ გამოსაკვლევად წარმოდგენილი ქარხნული წესით დამზადებული დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნი---------ემ.

 

ამ----- ჯა–--–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 27 მაისს იგი სტუმრად იმყოფებოდა ვა--------–------სთან და მიირთმევდნენ ალოკოჰოლურ სასმელს. ამ დროს მათთან მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი არ---– კა---–---–ი, რომელსაც ვა--------–------მ უთხრა წასულიყო, რადგან იყო მთვრალი, თუმცა ეს უკანასკნელი არ წავიდა. არ---– კა---–---–ს თავადაც მოუწოდა წასულიყო, რაზეც ეს უკანასკნელი გახდა აგრესიული და მას ყელში წაუჭირა ხელი. აღნიშნულის გამო მან დაკარგა გონება. გონზე მოსვლისას იმყოფებოდა აივანზე, ხოლო არ---– კა---–---–ი ჩავარდნილი იყო აივანსა და კიბეს შორის, რის შემდეგაც არ---– კა---–---–ი წამოდგა და წავიდა. ამ უკანასკნელის წასვლიდან რამდენიმე წუთში თავადაც დატოვა იქაურობა. მანვე განმარტა, რომ სამზარეულოში არ---– კა---–---–ის მიერ ყელში ხელის მოჭერის გამო გონების დაკარგვამდე, მან სამზარეულოს მაგიდიდან აიღო მისივე კუთვნილი დანა, რომელიც შეინახა, რათა არავის გამოეყენებინა, აივანზე გონზე მოსვლისას კი დაინახა, რომ მისი დანა ეგდო ე.წ. „პლოშადზე“. მან აიღო დანა და ჩაიდო ჯიბეში. მას დანა არ გამოუყენებია და არც არ---– კა---–---–ისთვის მიუყენებია დაზიანება.

 

მოწმე ელ------ ჯა–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 27 მაისს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც დაურეკა ამ----- ჯა–--–---–მა და თხოვა დახმარება, ამასთან უთხრა, რომ „მგონი აჩ---- კა---–---–ი დავჭერიო“. ამის შემდეგ იგი ჩავიდა სახლში, თუმცა ამ----- ჯა–--–---–ი უკვე დაკავებული იყო.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატას მიაჩნია, რომ ამ----- ჯა–--–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

მტკიცებულებების შეფასებამდე, პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ ორი სამართლებრივი მოცემულობის გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის ელემენტი, რომლის (ანუ განზრახვის) მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. (იხ. 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენი საქმეზე N227აპ-16).

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატას დადასტურებულად მიაჩნია 2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ.ა------–------------------------ში მდებარე ვა------ ლო----- კუთვნილ საცხოვრებელ სახლში ამ----- ჯა–--–---–ის მიერ არ---– კა---–---–ისთვის დაზიანებების მიყენების ფაქტი. დაცვის მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ ამ----- ჯა–--–---–ს დაზიანება არ მიუყენებია არ---– კა---–---–ისთვის, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან. მიუხედავად იმისა, რომ როგორც დაზარალებული, ისე მამა-შვილი ლო------- განსხვავებულად აღწერენ განვითარებულ გარემოებებს, სამივე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ამ----- ჯა–--–---–მა დაპირისპირებისას ამოიღო დანა და ორჯერ დაარტყა არ---– კა---–---–ს. ფაქტია, რომ არ---– კა---–---–მა მიიღო ორი დაზიანება, მათ შორის ერთი გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, ძუძუს დვრილის ზემოთ ნაკვეთი ჭრილობის სახით, რომელიც იყო შემავალი გულმკერდის ღრუში და მიყენებული მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მეორე მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე ასევე ნაკვეთი ჭრილობის სახით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, აივანზე ამოსასვლელი ხის კიბის მიმდებარედ მიწაზე ნანახი იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, რაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოადგენს არ---– კა---–---–ის სისხლს. დათვალიერების ოქმში არ არის მითითება რაიმე ბასრ საგანზე და არც ოქმზე თანდართულ ფოტოებში ჩანს რაიმე მჭრელი-ბასრი საგანი, რაზეც შესაძლებელი იყო არ---– კა---–---–ს მიეღო დაზიანება. შესაბამისად, დაცვის მხარის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ არ---– კა---–---–მა დაზიანება მიიღო აივნიდან გადავარდნის შედეგად, წინააღმდეგობაშია როგორც მოწმეთა ჩვენებებთან, ისე დათვალიერების ოქმთან, ექსპერტიზის დასკვნასთან, ექსპერტის ჩვენებასთან და ვერ იქნება გაზიარებული.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტებს და მიაჩნია, რომ დაზიანებები არ---– კა---–---–ს დანით მიაყენა ამ----- ჯა–--–---–მა. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების ფონზე პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ამ----- ჯა–--–---–ის ქმედებას.

 

როგორც ვა--------–------მ, ისე მისმა შვილმა ვა------ ვა------ი------–------მ, ჩვენებებში აღნიშნეს, რომ ჩხუბის ინიციატორი იყო არ---– კა---–---–ი. ჩვენებების მიხედვით, სწორედ დაზარალებულმა მიაყენა პირველმა ფიზიკური შეურაცხყოფა ამ----- ჯა–--–---–ს, როცა ყელში უჭერდა ხელს. მიუხედავად ამ გარემოებისა, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობდა აუცილებელი მოგერიების ფარგლები, ან ფარგლების გადაცილების შემთხვევა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 თავით დადგენილია მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები. კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების შესაფასებლად, მოქმედებდა თუ არა პირი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, უნდა დადგინდეს შემდეგი:

1. ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო;

2. ხელყოფა იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს;

3. ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი;

4. თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას (ხელყოფას).

 

ანუ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობისათვის აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი რამდენიმე გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა, როგორც ხელმყოფის საშიშროებასთან, ისე ინტენსივობასთან. ამ გარემოებათა დადგენის გარეშე მდგომარეობა ვერ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად.

 

პალატა ხაზს უსვამს როგორც დაზარალებულის, ისე ბრალდებულის ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან დანაშაულის დამთავრებამდე. აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის განმუხტვა ვერ შეძლეს ადგილზე მყოფმა პირებმა - მამა-შვილმა ლო------მა. მოწმის ჩვენებით, არ---– კა---–---–მა ყელში წაუჭირა ხელი ამ----- ჯა–--–---–ს და მიაყუდა სამზარეულოს მოწყობილობაზე. მას შემდეგ, რაც ვა--------–------მ მოახერხა არ---– კა---–---–ის სამზარეულო ოთახიდან გაყვანა, მას უკან გაჰყვა ამ----- ჯა–--–---–ი და მათ შორის კონფლიქტი გაგრძელდა აივანზე. აღსანიშნავია მოწმე ვა------ ვა------ის ძე ლო----- ჩვენება, რაც თანმიმდევრულია და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი პალატას არ გააჩნია. მოწმემ აღნიშნა, რომ დანის დარტყმის მომენტში არ---– კა---–---–ს ამ----- ჯა–--–---–ისთვის ყელში ხელი წაჭერილი აღარ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ჩაჭიდებული იყო ერთმანეთზე. არც ერთ მოწმეს დაუდასტურებია, რომ დაზარალებულს ჰქონდა ბასრი იარაღი ან რაიმე საგანი. ამ პირობებში, ამ----- ჯა–--–---–ის მიერ დანის ამოღებას და არ---– კა---–---–ისთვის ორჯერ დანის დარტყმას, პალატა ვერ მიიჩნევს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებად და ვერც გადაცილებად, ვერც მსჯავრდებულის იმ პოზიციას გაიზიარებს, რომლის მიხედვითაც მას არ ახსოვს განვითარებული მოვლენები გონების დაკარგვის გამო. სხდომაზე დაკითხულ მოწმეებს არ განუმარტავთ ამ----- ჯა–--–---–ის ასეთი მდგომარეობის შესახებ და ორივე მათგანმა მიუთითა, რომ დანა არ---– კა---–---–ს დაარტყა ამ----- ჯა–--–---–მა, ხოლო დაჭრილი დაზარალებულის წასვლიდან რამდენიმე წუთში ამ----- ჯა–--–---–მაც დატოვა მათი სახლი.

 

პალატა არ უარყოფს ჭრილობის ლოკალიზაციის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჭრილობის მიმართულება, სიღრმე, მდებარეობა მნიშვნელოვანია განზრახვის დასადგენად, თუმცა, მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებების შეფასების საფუძველზე, ამ----- ჯა–--–---–ის ქმედება უნდა იქნეს დაკვალიფიცირებული დამდგარი შედეგის - ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიხედვით.

 

როგორც დაზარალებული, ისე მოწმეები ადასტურებენ, რომ დაჭრის შემდეგ არ---– კა---–---–ი თავისი ფეხით წავიდა სახლში, ხოლო დაახლოებით 5-10 წუთის შემდეგ იქაურობა დატოვა ამ----- ჯა–--–---–მაც. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურებულა, რომ ამ----- ჯა–--–---–ს ვინმემ ან რამემ შეუშალა ხელი, დაუჭირა დანიანი ხელი ან დააშორა არ---– კა---–---–ს.

 

დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია, რომ გინების შემდეგ ამ----- ჯა–--–---–მა გულმკერდის არეში დაარტყა დანა, რის შემდეგაც წაუჭირა მხოლოდ ხელი ყელში ამ----- ჯა–--–---–ს, ვერ იქნება წარდგენილი ბრალდების დადასტურების საფუძველი, ისევე, როგორც ინფორმაცია, რომლის თანახმად, მხოლოდ გაშველების შემდეგ შეძლო ვა------ ლო----- ეზოს დატოვება. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოწმე მამა-შვილს არ განუცხადებიათ მსგავსი ფაქტების თაობაზე, ასევე არ განუცხადებიათ იმის შესახებ, რომ არ---– კა---–---–მა ეზოს დატოვება მოახერხა მხოლოდ გაშველების შედეგად. მოწმეთა განმარტებებით დგინდება, რომ არ---– კა---–---–ი თავისი ფეხით წავიდა და მხოლოდ რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ დატოვა სახლი ამ----- ჯა–--–---–მა. მოწმეებისთვის არც კითხვა ყოფილა დასმული და შესაბამისად არც პასუხი გაცემული, აკავებდნენ თუ არა ამ----- ჯა–--–---–ს და განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ცდილობდა თუ არა ეს უკანასკნელი კიდევ სხვა დარტყმის განხორციელებას დაზარალებულისთვის.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დასტურდება, რომ ამ----- ჯა–--–---–ს ჰქონდა დაზარალებულის მოკვლის გაზრახვა. მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხვევაში დაუსაბუთებელია, თუ რატომ არ მიაყენა ამ----- ჯა–--–---–მა დანით კიდევ სხვა ჭრილობა არ---– კა---–---–ს და შეუშალა თუ არა რამემ ხელი განზრახვა მოეყვანა სისრულეში, მით უფრო იმ პირობებში, როცა დარტყმის შემდეგ დაზარალებულმა დატოვა იქაურობა, რომელსაც ამ----- ჯა–--–---–ი არ გაკიდებია და განზრახვის სისრულეში მოყვანაში მას არაფერი უშლიდა ხელს.

 

უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ განაჩენში აღნიშნა, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (ვრცლად იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე N142აპ-13, 12.02.2014). ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ, იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამნაშავის ქმედებასთან. სუბიექტური მხრივ, ეს დანაშაული განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლს მკვლელობის მცდელობისაგან განზრახვის მიმართულება განასხვავებს, რომლის დასადგენად მნიშვნელოვანია ზოგადად დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულების სწორი შეფასება, დაზიანების მიყენების მომენტში თითოეულის ქმედება და შემდგომი ქცევა, ასევე, თვით საქმეში მონაწილე პირების ჩვენებები, მიყენებული დაზიანების ხასიათი და არაერთგზისობა (ვრცლად იხილეთ 2015 წლის 2 დეკემბრის განაჩენი საქმეზე №322აპ-15).

 

პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალდების პოზიციას და განმარტავს, რომ მხოლოდ დანის დარტყმის ფაქტი და დაზიანების ლოკალიზაცია, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით შეფასდა როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო, უპირობოდ ვერ გახდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით მსჯავრდების საფუძველი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადგინდა თუ რა უშლიდა ხელს ამ----- ჯა–--–---–ს, სისრულეში მოეყვანა თავისი განზრახვა. დარტყმების შემდეგ განვითარებული მოვლენები - დაზარალებულისთვის წასვლის შესაძლებლობის მიცემა, სხვა დარტყმის მიუყენებლობა, პალატის მოსაზრებით გამორიცხავენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით მსჯავრდების საფუძველს.

 

პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ.ა-----------------------------ში მდებარე ვა------ ლო----- კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ამ----- ჯა–--–---–ს ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა არ---– კა---–---–თან. ფიზიკური დაპირისპირებისას ამ----- ჯა–--–---–მა ჯიბიდან ამოიღო დანა და დაზიანების მიყენების მიზნით მარცხენა ხელით დანა ორჯერ დაარტყა არ---– კა---–---–ს გულმკერდისა და მხრის არეში. აღნიშნულის შედეგად არ---– კა---–---–მა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, ძუძუს დვრილის ზემოთ მიიღო ნაკვეთი ჭრილობა შემავალი გულმკერდის ღრუში, რაც წარმოადგენს სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებას, ასევე, ნაკვეთი ჭრილობა მიიღო მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანების მსუბუქ ხარისხს მისი ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ ამ----- ჯა–--–---–მა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უნდა შევიდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენში და ამ----- ჯა–--–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაციაა, ხოლო სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნების განსასაზღვრად, სრულყოფილად უნდა შეფასდეს ყველა ის გარემოება, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არის გასათვალისწინებელი და ასევე ნათლად უნდა იქნეს გაანალიზებული საფრთხე ან საფრთხეები, რაც შექმნა დამნაშავის ქმედებამ თუ ქმედებებმა.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებით გამოწვეული საფრთხეების და სიმძიმის გათვალისწინების შედეგად ადეკვატური, შესაბამისი და თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. რესოციალიზაციის მიზანი მჭიდროდაა დაკავშირებული ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან და სასჯელი მიაღწევს თუ არა მიზანს, უნდა იქნეს შეფასებული მსჯავრდებულის პიროვნებითაც.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ამ----- ჯა–--–---–ი ნასამართლობის მქონეა განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, 2012 წლის 16 იანვრის განაჩენით დამნაშავედაა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია დანაშაულის ჩადენის დროს (აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილის მიხედვით არ არის გადახდილი ჯარიმა). დამამძიმებელი (ნასამართლობა) და შემამსუბუქებელი გარემოებების (ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა) გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა შესაბამისობაშია მსჯავრდებულის პიროვნებასთან, წარდგენილი ბრალდების სიმძიმესთან და ხასიათთან. პალატა იმედოვნებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში გატარებული დრო იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის, უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც ხელს შეუწყობს როგორც ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, ისე სამართლიანობის აღდგენას და მის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ამ----- ჯა–--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ცვლილება შევიდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენში.

 

ამ----- ჯა–--–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ამ----- ჯა–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ამ----- ჯა–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 მაისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

● სისხლის ნიმუში, დანა და მოწითალო ფერის ლაქა - განადგურდეს, ხოლო ტანსაცმელები დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

ნინო სანდოძე