განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.01.2018
საქმის ნომერი
190210115754767
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190210115754767

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/4988-15 30 იანვარი, 20158 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე

მოსამართლეები: ბესარიონ ტაბაღუა

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი – ი-----------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ,,ს-----------–---–-----------–---------------------------------------------------------“

 

წარმომადგენელი - ზ------------–--ე

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ ს-----------–---–-----------–---------------------------------------------------------ს” წარმომადგენლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე იმ ,,გ-------------ეს”, მოსარჩელე ს---------------------------------------------------------------------------------------------”, სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 37 000 ლარის გადახდა.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2.1. სსიპ ს-----------–---–-----------–---------------------------------------------------------სა” და ი.მ ,,გ-------------ეს” შორის 2014 წლის 21 აგვისტოს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1--------- ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, მოპასუხე მხარეს დაევალა გ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----------ის №1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. სამუშაოების დამთავრების ვადა, ხელშეკრულების 1.6. პუნქტის თანახმად, განისაზღვრა 50 კალედარული დღით, 09 ოქტომბრის ჩათვლით. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2 პროცენტი.

 

2.2.2. 2014 წლის 06 და 09 ოქტომბერს, 11 და 21 ნოემბერს მოპასუხე მხარემ წერილით მიმართა მოსარჩელეს, სასწავლო პროცესის დაწყების გამო სარეაბილიტაციო სამუშაოების შეფერხებით მიმდინარეობის გამო, სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

 

2.2.3. 2014 წლის 03 ნოემბრის №1----------2, 14 ნოემბრის №1----------3, 28 ნოემბრის №1----------- შეთანხმებების თანახმად, ი-----------------ეს განესაზღვრა დამატებითი ვადა 2014 წლის 09 დეკემბრის ჩათვლით ხელშეკრულების 12.3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებით.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი.მ. ,,გ-------------ის” მიერ 2014 წლის 21 აგვისტოს №1--------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება შესრულებულია არაჯეროვნად, ვადაგადაცილებით. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენდა.

 

აღნიშნულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენელი პირგასამტეხლოს დაკისრებას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მიერ გ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----------ის №1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება უნდა დასრულებულიყო 2014 წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით, თუმცა მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა 61 დღის ვადაგადაცილებით და არაჯეროვნად. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად საქმეს ერთვოდა 2015 წლის 26 თებერვლის ლ------------------------------------------------------------–------------------------ის №0-------- დასკვნა, ხოლო მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ სცნო; ამავდროულად, ი-----------------ის მითითებით, ვადის დარღვევა ობიექტური მიზეზით იყო განპირობებული, რის გამოც მოპასუხე არ დაეთანხმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას; სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, მხარეს არ წარუდგენია და იგი მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 319-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 2014 წლის 21 აგვისტოს №1--------- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს დაკისრების წესი, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.

 

დადგენილ იქნა ის გარემოებაც, რომ 2014 წლის 03 ნოემბრის №1----------2, 14 ნოემბრის №1----------3, 28 ნოემბრის №1----------- შეთანხმებებით, ი.მ გ-------------ეს განესაზღვრა დამატებითი ვადა 2014 წლის 09 დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულების 12.3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება; ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და არც მოპასუხე უარყოფდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ი-----------------ის მიერ გ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----------ის №1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება უნდა დასრულებულიყო 2014 წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით, თუმცა მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა ვადაგადაცილებით და არაჯეროვნად. აღნიშნული გარემოება სასამართლომ დაადგინა სსიპ ,,ლ------------------------------------------------------------–----------ს“ 2015 წლის 26 თებერვლის №0-------- საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით; დასახელებული დასკვნის მიხედვით, ,,ი.მ ,,გ-------------ის” მიერ შესრულებული გ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----------ის №1 საჯარო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება, წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით შეადგენს 342 205,51 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 318 913,24 ლარი, რაც 23 292,27 ლარით ნაკლებია ხარჯთაღრიცხვაში მოცემულ ღირებულებაზე, ხოლო შესრულებული სამუშაოების ღირებულება საექსპერტიზო მომსახურების ჩათვლით შეადგენს 324 730,73 ლარს“. ამდენად, მოცემულ სადავო ურთიერთობაში სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ვალდებულების არსებითი დარღვევა.

 

მოპასუხის იმ პოზიციაზე, რომ ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულება გამოიწვია ქვეყანაში არსებულმა მინის დეფიციტმა, ასევე იმ გარემოებაზე, რომ ხარჯთაღრიცხვის შეუსაბამობა შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან არ წარმოადგენს ხარვეზს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ი-----------------ეს აღნიშნული გარემოებების თაობაზე წერილობით შესაგებელში არ მიუთითებია, იგი შესაგებელში დაეთანხმა ყველა ფაქტობრივ გარემოებას და მიუთითა მხოლოდ პირგასამტეხლოს უსაფუძვლობაზე; აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ მოკლებულია დასახელებულ გარემოებებზე მსჯელობის შესაძლებლობას; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, თუ მოპასუხე არ ეთანხმებოდა სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებული იყო მიეთითებინა ამის მიზეზი და დაესაბუთებინა აღნიშნული შესაბამისი არგუმენტაციით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას; სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია, მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, თუმცა ეს თავისუფლება გარკვეული ფასეულობებითაა შეზღუდული, რომლის მიზანიცაა სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფა.

პირგასამტეხლოს მიზანს არ წარმოადგენს კრედიტორის გამდიდრება, მისი ოდენობა ადეკვატური უნდა იყოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობის. აღნიშნულის მიუხედავად, შესაძლებელია მხარეები იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. ამიტომ კანონი განსაზღვრავს სასამართლოს უფლებამოსილებას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა ეს შემცირება სამართლიანი და ადეკვატური უნდა იყოს და არსებითად არ უნდა ლახავდეს კრედიტორის ინტერესებს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოს დაგვიანებითა და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობის გათვალისწინებით, ს---------------------------------------------------------------------------------------------“ მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მიერ თავადვე განხორციელდა ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელება, რის გამოც მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირებულიყო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ ი-----------------ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არაჯეროვნად და ვადის დარღვევით იქნა შესრულებული. აპელანტის განმარტებით, მან წარდგენილ შესაგებელსა და ახსნა-განმარტებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევა გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზებით; კერძოდ, სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ 2014 წლის 06 და 09 ოქტომბერსა და 11 და 21 ნოემბერს, ი-----------------ემ წერილობით მიმართა ს---------------------------------------------------------------------------------------------“ და სასწავლო პროცესის დაწყებიდან გამომდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შეფერხების მიმდინარეობის გამო, მოითხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება. ამავდროულად, აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლოსადმი მიცემულ ახსნა-განმარტებაში მან გააჟღერა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების კიდევ ერთი მიზეზი - ქვეყანაში არსებული მინის დეფიციტი. ი-----------------ე წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხარჯთაღირცხვა შეუსაბამოა შესრულებულ სამუშაოსთან, რამდენადაც რეალობა სხვაგვარია; აპელანტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს ხარვეზს და იგი ვერ ჩაითვლება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად; აპელანტი აღნიშნავს, რომ ხსენებული გარემოებები რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გაზიარებული არ ყოფილა და მათზე არც კი უმსჯელია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა, სააპელაციო საჩივრის პრეტენზიის და მოთხოვნის ფარგლებში მსჯელობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე; კერძოდ, პალატა აღნიშნვას, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების მიმართ ი-----------------ის პრეტენზიას წარმოადგენს ის, რომ სასამართლომ 2014 წლის 21 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმებული N1--------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისა და ვადის გადაცილების ფაქტების დადგენისას არ გაითვალისწინა მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

4.2 მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს ი-----------------ის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2014 წლის 21 აგვისტოს N1--------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ცნების შემადგენელი ელემენტებია: მისი დანიშნულება - კრედიტორის ინტერესის უზრუნველყოფის ეფექტური საშუალება და მიმდინარე ვალდებულების მორიგი დარღვევის აცილებისათვის პრევეცნიული ხასიათი, პირგასამტეხლოს ძირითად ვალდებულებასთან ერთად აუცილებელი შეთანხმებითი და აქცესორული ბუნება (იგი ძირითადი ვალდებულების დარღვევის საფუძველია და მის გარეშე არ არსებობს, ამასთან არის მხარეთა თანმხვედრი ნების შედეგი), პირგასამტეხლოს ფულადი გამოხატულება და ზიანის არ არსებობის მიუხედავად უპირობო პასუხისმგებლობის გავრცელება პირგამსატეხლოს გადახდაზე. იქედან გამომდინარე, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობა ვალდებულების დარღვევაა, სასამართლომ უნდა გამოავლინოს ხელშეკრულების პირობების დარღვევის ფაქტები და შეაფასოს ამ ფაქტებთან მოვალის ბრალეულობის საკითხი.

 

4.3. უდავოდ დადგენილია, რომ სსიპ ს-----------–---–-----------–---------------------------------------------------------სა” და ი.მ ,,გ-------------ეს” შორის 2014 წლის 21 აგვისტოს გაფორმდა №1--------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოპასუხე მხარეს დაევალა გ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----------ის №1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. სამუშაოების დამთავრების ვადა, ხელშეკრულების 1.6. პუნქტის თანახმად, განისაზღვრა 50 კალენდარული დღით, 09 ოქტომბრის ჩათვლით. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე, ხელშეკრულების თანახმად, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%.

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 06 და 09 ოქტომბერსა და 11 და 21 ნოემბერს მოპასუხე მხარემ წერილით მიმართა მოსარჩელეს, სასწავლო პროცესის დაწყების გამო სარეაბილიტაციო სამუშაოების შეფერხებით მიმდინარეობის გამო, სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

 

უდავოდ დგინდება ის გარემოებაც, რომ 2014 წლის 03 ნოემბრის №1----------2, 14 ნოემბრის №1----------3, 28 ნოემბრის №1----------- შეთანხმებების თანახმად, ი-----------------ეს განესაზღვრა დამატებითი ვადა 2014 წლის 09 დეკემბრის ჩათვლით ხელშეკრულების 12.3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებით.

 

4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს. ამავდროულად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს 2014 წლის 21 აგვისტოს ხელშეკრულების თავდაპირველი ვადის დარღვევით შესრულების ფაქტი, აპელანტი სადავოდ ხდის მხოლოდ მისი მხრიდან ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტს და ვადაგადაცილებას მისივე შეფასებით ობიექტური მიზეზებით ხსნის.

 

4.5. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას და განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა საქართველოში მინა-პაკეტის დეფიციტისა და მისი იმპორტის გართულების ფაქტს, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მინა-პაკეტის შემოტანას ახორციელებდა მხოლოდ ერთი კომპანია და პროდუქციის სხვა გზით შეძენა და ს---------------------------------------------------------------------------------------------თვის“ მისი დროული მიწოდება შეუძლებელი იყო. სასამართლო აგრეთვე ვერ გაიზიარებს ი-----------------ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2014 წლის 03 ნოემბრის №1----------2, 14 ნოემბრის №1----------3, 28 ნოემბრის №1----------- შეთანხმებების შედეგად მისთვის დაწესებული დამატებითი ვადა არ მოიაზრებდა საჯარიმო სანქციებს, მეტიც - ხსენებულ შეთანხმებებში პირდაპირაა მითითებული, რომ ი-----------------ეს განესაზღვრა დამატებითი ვადა, 2014 წლის 09 დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულების 12.3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებით.

 

4.6. დაუსაბუთებელია აპელანტის პოზიცია შესრულებული სამუშაოების მოცულობასა და ღირებულებასთან დაკავშირებითაც, კერძოდ, პალატა ეყრდნობა და იზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილ გარემოებას იმის შესახებ, რომ ი-----------------ის მიერ 2014 წლის 21 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც დგინდება სსიპ ,,ლ------------------------------------------------------------–----------ს“ 2015 წლის 26 თებერვლის №0-------- საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით; დასახელებული დასვნის შესაბამისად, ,,ი/მ ,,გ-------------ის” მიერ შესრულებული, გ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----------ის №1 საჯარო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება, წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით შეადგენს 342 205,51 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 318913,24 ლარი, რაც 23 292,27 ლარით ნაკლებია ხარჯთაღრიცხვაში მოცემულ ღირებულებაზე, ხოლო შესრულებული სამუშაოების ღირებულება საექსპერტიზო მომსახურების ჩათვლით შეადგენს 324 730,73 ლარს“. ამასთან, საფუძველს მოკლებულია ი-----------------ის მსჯელობა იმის თაობაზეც, რომ თავდაპირველი ხარჯთაღრიცხვა რეალობას არ შეესაბამება და სამუშაო სრული მოცულობით იქნა შესრულებული. სსიპ ,,ლ------------------------------------------------------------–----------ს“ 2015 წლის 26 თებერვლის №0-------- საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დასტურდება, რომ ობიექტის ადგილზე შესწავლის და შესაბამისი კვლევის შედეგად გამოიკვეთა აპელანტის მიერ სამუშაოების არაჯეროვანი შესარულება (მგ. ,,გარე სან-კვანძის მოწყობის სამუშაოების დროს დაშორებები შეადგენს 2,25 მ-ს 2,18 მ-ს, ნაცვლად 2,15 მ-ისა, რის გამოც შემცირებულია საერთო საერთო სარგებლობის სველი წერტილების ღერძებს შორის დაშორებები“). დადგენილია ის გარემოებაც, რომ მიუხედავად სამუშაოების დასასრულებლად შეთანხმებული ვადის არაერთგზის გაგრძელებისა, ი-----------------ის მიერ ვერც დამატებით ვადაში განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება და მისივე 2014 წლის 25 ნოემბრის წერილით შემსყიდველს ეცნობა, რომ შესრულებული ჰქონდა სამუშაოების 74%, რაც ასევე დასტურდება ს---------------------------------------------------------------------------------------------“ სამშენებლო სამსახურის 2014 წლის 26 ნოემბრის წერილით; აღნიშნულის გათვალისწინებით, შემსყიდველმა 2014 წლის 12 დეკემბრის წერილით მიმწოდებელს ი/მ (გ-------------ეს) დააკისრა პირგასამტეხლო და ცალმხრივად შეწვიტა მასთან ხელშეკრულება; ასევე საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი-----------------ის მიერ დადგენილ ვადაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნი შესრულების გამო, ს----–-–------–--------------------ოს თავმჯდომარის 2015 წლის 06 თებერვლის განკარგულებით (ს.ფ. 179-180) იგი გაფრთხილებული იქნა; ამრიგად, პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება ი-----------------ის მიერ, ს---------------------------------------------------------------------------------------------ა” მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება. ამდენად, პალატის შეფასებით, მოცემულ სადავო ურთიერთობაში სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სახეზე იყო ვალდებულების არსებითი დარღვევა.

 

4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. პალატა განმარტავს, რომ სადავო გარემოებების მტკიცებათა დასაბუთება, შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციის ისეთი სამართალწარმოებითი მდგომარეობაა, სადაც მტკიცების ტვირთი, კონკრეტული დავის და შესაფასებელი გარემოებების მიხედვით, მხარეთა მიმართ განსხვავებული ხარისხის ვალდებულებით ნაწილდება. ამდენად, გადანაწილებული მტკიცების ტვირთის გამო, იმ პირობებში, როცა კანონი ვალდებულების ჯეროვნად და დროულად შესრულების დადასტურების ზეპირ განმარტებას საკმარისად არ მიიჩნევს, მოწინააღმდეგე მხარის შედავება, აპელანტის ზეპირ მტკიცებას - 2014 წლის 21 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების თაობაზე, უეფექტოს ხდის.

 

4.8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა შენიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში იმსჯელა ი-----------------ის მიერ სადავოდ გამხდარ გარემოებებზე, კერძოდ - სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის განხილვის დროს ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისა ვადის გადაცილების ობიექტურ მიზეზებზე მოპასუხეს ყურადღება არ გაუმახვილებია, მეტიც - შესაგებელში იგი დაეთანხმა ყველა ფაქტობრივ გარემოებას და მიუთითა მხოლოდ პირგასამტეხლოს უსაფუძვლობაზე; თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებისა. პალატა ეთანხმება რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მსჯელობას და თვლის, რომ, თუკი მოპასუხე არ ეთანხმებოდა სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებული იყო მიეთითებინა ამის მიზეზი და დაესაბუთებინა აღნიშნული შესაბამისი არგუმენტაციით.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს; შესაბამისად, არ არსებობს აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ი-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ხათუნა არევაძე /

 

მოსამართლეები: /ბესარიონ ტაბაღუა/

 

/გოგიტა თოთოსაშვილი/