განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002558174
საქმე #1ბ/325-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ლ-----–----–---–--ის
ადვოკატის: ლ--–----–--–---–ის
მსჯავრდებულის: ი--------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ი--------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–----–--–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ი--------------ის, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–---------------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი--------------ემ ჩაიდინა სისტემატური ცემა ოჯახის წევრისა და წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
ი--------------ე და ე----------–--ე დაქორწინდნენ 2016 წლის ნოემბერში და 2017 წლის იანვრის ბოლო რიცხვებიდან 2018 წლის 6 მაისის ჩათვლით ი--------------ე ე----------–--ეს ეჭვიანობის ნიადაგზე სისტემატურად სცემდა, ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა. კერძოდ, ქ-------–--–-----------------------ში, მათსავე საცხოვრებელ სახლში, სხვადასხვა დროს მომხდარი კონფლიქტების დროს თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელების დარტყმით სცემდა და თმის მოქაჩვით აყენებდა ფიზიკურ ტკივილს. მათ შორის, ი--------------ე მეუღლის მიმართ სისტემატურ ცემას ახორციელებდა წინასწარი შეცნობით, ე----------–--ის ორსულობის პერიოდშიც - 2017 წლის ივნისის დასაწყისიდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 2018 წლის 6 მაისს განხორციელებული ძალადობის დროს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა კისრის მიდამოში. აღნიშნული ქმედებების შედეგად ე----------–--ე განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენით:
ი--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ი--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 6 მაისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი--------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ--–----–--–---–მა, რომლებმაც სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე მოითხოვეს განაჩენით დადგენილი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება (2018 წლის 6 მაისს განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი). რაც შეეხება სისტემატურ ცემას ოჯახის წევრისა და წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, დაცვის მხარის მოსაზრებით, ი--------------ის მხრიდან ე----------–--ის მიმართ ამგვარი კვალიფიკაციით დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არ არსებობს ამ კვალიფიკაციით დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი--------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–----–--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ი--------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი--------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - ე----------–--ის, ხ----------------–---–ის, მ--------------–--ის, გ-----------------–---–ის, მ-------------–---–ის ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით, ექსპერტების - გ---–--------------–---–ის, მ-------------–---–ის ჩვენებებით, პაციენტ ე----------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციით - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი--------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სასამართლო სხდომაზე და სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის პოზიციას, რომ ი--------------ეს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს. პალატა პირველ რიგში ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულ ე----------–--ის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის დროს მიცემულ ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ ი--------------ესთან ოჯახი შექმნა 2016 წელს და თავდაპირველად ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. 2016 წლის ნოემბერში, როდესაც იგი (ე----------–--ე) მისი ბიძაშვილისგან დაბრუნდა სახლში, ი--------------ე ნასვამი დახვდა და უსაყვედურა, რატომ იყო წასული. ამ ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკების შედეგად, ი--------------ემ ხელი დაარტყა ცხვირში, რა დროსაც ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. 2017 წლის თებერვალში, სამსახურიდან სახლში დაბრუნებულმა, ნასვამმა ი--------------ე კვლავ ცემა იგი (დაზარალებული). როდესაც ი--------------ე ფხიზელი იყო, მისთვის არასოდეს მიუყენებია ზიანი, თუმცა სიმთვრალეში ი----ს ხასიათი იცვლებოდა. ორსულობის პერიოდში იგი (ე----------–--ე) ი--------------ემ დაახლოებით სამჯერ ან ოთხჯერ ცემა. ჩხუბის შემდეგ ის (დაზარალებული) მიდიოდა სახლიდან, მაგრამ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ურიგდებოდა ი--------------ეს. ბოლო პერიოდში, როდესაც ი--------------ე ნასვამი იყო, თითქმის ყოველთვის ცემდა, ურტყამდა სახეში და თავში. ყოველი ცემის შემდეგ იგი (ე----------–--ე) განიცდიდა ტკივილს და ფსიქიკურად დიდ სტრესს იღებდა. ბოლოს, როდესაც პატრული გამოიძახა, ი--------------ე კვლავ ნასვამი იყო და სახეში გაარტყა ხელი, რაც ვეღარ მოითმინა და გამოიძახა საპატრულო პოლიცია. მოწმე ხ----------------–---–ის მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ სახლის ერთი ოთახი 2017 წელს მიაქირავა ე----------–--ესა და ი--------------ეს. ე----------–--ე დღემდე იქ ცხოვრობს. მათი ოთახიდან ხშირად ისმოდა ჩხუბის ხმა, თუმცა იგი (მოწმე) არასდროს ჩარეულა. ი--------------ის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე მან (მოწმემ) ნახა ე----------–--ე, რომელსაც სახეზე სიწითლე ჰქონდა და რომელმაც უთხრა - პოლიცია ჰყავდა გამოძახებული, რადგან მისმა ქმარმა ხელით გაიწია და ცემა.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნას, რომლის თანახმად, ი--------------ის ქმედების შედეგად ე----------–--ემ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ამავე ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ გამოსაკვლევი პირი (ე----------–--ე) მოგვითხრობს ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მეუღლის მიერ მის მიმართ გამოვლენილ დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ამსახველ ეპიზოდებს. თხრობა თანმიმდევრულია, მსჯელობა - არგუმენტირებული. ... აქტიური ყურადღების გადანაცვლების უნარი ნორმის ფარგლებშია, მეხსიერება - ხანგრძლივი მეხსიერების კვლევისთვის გასაუბრებისას ფაქტებს წარსულიდან აღადგენს და ათარიღებს ... ამონაწერი დაკითხვის ოქმიდან: ... დაქორწინებიდან დაახლოებით თვენახევრის შემდგომ 2017 წლის იანვრის ბოლო რიცხვები იქნებოდა, სტუმრად ვიმყოფებოდი ბიძაშვილთან, საღამოს საათებში დავბრუნდი სახლში, ჩემი მეუღლე იმყოფებოდა სახლში, სვამდა არაყს, იცოდა, რომ ვიყავი ბიშაშვილთან და არ ჰქონია არანაირი პრეტენზია. სახლში შესვლისას დამიწყო უმიზეზოდ ჩხუბი, რატომ წახვედიო მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რომ მივდიოდი და წასვლისას პრეტენზია არ ჰქონია ... მომვარდა, ცხვირში ძლიერად ხელი დამარტყა, რა დროსაც განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ცხვირიდან წამომივიდა დიდი რაოდენობით სისხლი. ... 2017 წლის თებერვლის შუა რიცხვები იქნებოდა, სახლში მოვიდა ნასვამ მდგომარეობაში და მცემა, კერძოდ, თმებში მომქაჩა მაგრად ხელი და სახეში გამარტყა, რა დროსაც ვიგრძენი ფიზიკური ტკივილი. ... 2017 წლის მარტში, იქნებოდა მარტის დასაწყისი, რიცხვები არ მახსოვს, სახლში გვიან ღამით მოსულმა ნასვამ მდგომარეობაში მცემა ორჯერ, ანუ მარტის თვის დასაწყისში რომ მცემა, აღნიშნული ცემიდან დაახლოებით ორ კვირაში კიდევ მცემა, სახეში გამარტყა ხელი ორივე ცემის დროს, რა დროსაც ვიგრძენი ფიზიკური ტკივილი. ... იგივე ჩაიდინა 2017 წლის აპრილის თვეში, იქნებოდა 2017 წლის აპრილის თვის ბოლო რიცხვები, სახლში მოვიდა ნასვამ მდგომარეობაში როგორც ჩვევია და უმიზეზოდ მცემა ხელებით, კერძოდ, მომქაჩა თმებში და სახეში გამარტყა ორჯერ ხელი ძლიერად, რა დროსაც ვიგრძენი ფიზიკური ტკივილი. ... 2017 წლის მაისის 10 რიცხვში შევიტყვე, რომ ვიყავი 1 თვის ორსული. ... ერთ დღესაც მახსოვს, ვიყავი 2 თვის ორსული, უკვე 2017 წლის ივნისის თვის დასაწყისი იქნებოდა, თუ არ ვცდები, 3 რიცხვი იყო, სახლში მოვიდა ნასვამ მდგომარეობაში და მცემა ორსული ხელებით, სახეში და თმებში მირტყამდა და მეძახდა - „ბოზოო, ჩემგან არ გყავს ეგ ბავშვიო“. ვტიროდი, ვემუდარებოდი, ორსულად ვარ, ნუ მცემთქო, მაგრამ მაინც მცემდა, რა დროსაც ვიგრძენი ფიზიკური ტკივილი, დაასრულა ცემა, დაწვა და დაიძინა, მე კი თავს შეუძლოდ ვგრძნობდი და გამოვიძახე სასწრაფო დახმარება, რომლებმაც გადამიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში, არ მითქვამს, რომ მეუღლემ მცემა. .... ამის შემდგომ უკვე დაიწყო სისტემატური ცემები, კერძოდ, თითქმის ყოველდღე მცემდა, 2017 წლის ივნისის თვეში დაახლოებით 4-ჯერ მცემა სხვადასხვა დღეს, არ მახსოვს ზუსტი რიცხვები, მაგრამ ვიცი, რომ ივნისის თვე იქნებოდა, 3 რიცხვის შემდეგ საავადმყოფოდან რომ გამომწერეს, დაახლოებით რამდენიმე დღის შემდგომ ყოველ მეორე დღეს 4-ჯერ მცემა, ძირითადად სახეში და თავში მირტყამდა ხელებს, რა დროსაც განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ გამომიძახებია არც სასწრაფო და არც საპატრულო პოლიცია, არ მინდოდა, რომ პოლიციასთან შექმნოდა პრობლემები და ამასთან, მრცხვენოდა, გამემხილა ვინმესთან, რომ ქმარი მცემდა, თან ორსულს. 2017 წლის ივლისის თვეშიც, ბოლო რიცხვები იქნებოდა, სახლში როგორც ყოველთვის მოვიდა ნასვამ მდგომარეობაში და დამიწყო ცემა, სახეში მირტყამდა ხელებს. მიყოლებით რამდენიმე დღის მანძილზე მცემდა ყოველდღე ორსულს, რა დროსაც განვიცადე ფიზიკური ტკივილი. ივლისის თვეში მცემა დღეების მიყოლებით ზედიზედ 3-ჯერ, ანუ 3 დღის განმავლობაში მცემდა. 2017 წლის აგვისტოს თვის შუა რიცხვები იქნებოდა, 4 თვის ორსული ვიყავი, სახლში ნასვამმა ჩემმა მეუღლემ ი--------------ემ მცემა, თავში ძლიერად ჩამარტყა ხელი და სახეში რამდენჯერმე გამარტყა, რა დროსაც განვიცადე ფიზიკური ტკივილი. ... 2017 წლის ოქტომბრის თვე იქნებოდა, არ მახსოვს რიცხვი, თვის დასაწყისი იქნებოდა, სახლში ნასვამმა ჩემმა მეუღლემ მცემა, თავში ჩამარტყა ხელი ძლიერად, რა დროსაც განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი. თავის ტკივილები მქონდა სულ ამის გამო. ოქტომბრის ბოლო რიცხვები იქნებოდა, კიდევ მცემა, სახეში ერთხელ გამარტყა ხელი, რა დროსაც განვიცადე ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ ბევრი სმისგან გახდა უფრო აგრესიული, ეჩვენებოდა თითქოს საყვარელი გყავსო, ჩემგან არ გყავს ბავშვიო და დამიწყო სისტემატური ცემა, მცემდა უკვე თითქმის კვირაში ორჯერ-სამჯერ მაინც, ძირითადად ხელებს მირტყამდა თავისა და სახის არეში, რა დროსაც განვიცდიდი ფიზიკურ ტკივილს. 2017 წლის ნოემბრის თვის დასაწყისიდან დაიწყო გამეტებით აგრესიულად სიტყვიერი შეურაცხყოფების მოყენება, გინება და ცემა, კვირაში, როგორც მოგახსენეთ, ორჯერ-სამჯერ მცემდა ხოლმე. 8 თვის ფეხმძიმე ვიყავი. მახსოვს, 2017 წლის დეკემბრის თვე იქნებოდა, ალბათ თვის ბოლო რიცხვები, ამდენი ცემისგან, როგორც ჩანს, გავხდი შეუძლოდ, გადამიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ჩემი შვილი დაიბადა მკვდრადშობილი. ეს ჩემთვის იყო მძიმე სტრესი. ... 2018 წლის იანვრის თვის დასაწყისიდან რომ დაიწყო სმა, მთვრალ მდგომარეობაში მოდიოდა ხოლმე სახლში და თითქმის ყოველ მეორე დღეს მცემდა, ძირითადად ხელებს მირტყამდა სახის არეში და თმებში ძლიერად მქაჩავდა ხოლმე, თან მაგინებდა. .... ამავე ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ საექსპერტო გამოკვლევის დროს გასაუბრებისას გამოსაკვლევი პირი (ე----------–--ე) გარემოებას აღწერს ჩვენებებში მიცემულის ანალოგიურად. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------–---–მა დაადასტურა მოცემული ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი, გაცემული დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ე----------–--ემ აღწერა მასზე განხორციელებული ძალადობები, შემოწმდა მისი პიროვნული მახასიათებლები - ემოციური დაძაბულობა, დათრგუნულობა, მოწყვლადობა, მას ჰქონდა მუდამ შიშის, ხიფათისა და საფრთხის მოლოდინი, რაც იყო იმის დასტური, რომ ე----------–--ისთვის ქმედებები იყო ტანჯვის გამომწვევი.
ზემოხსენებული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განაჩენს (საქმე №117აპ-18), რომელშიც უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ნებისმიერი სახის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა, როგორც მტკიცებულება, უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მისი ერთი რომელიმე ნაწილის ან რეკვიზიტის მიხედვით, არამედ მთლიანობაში, მისი კვლევითი ნაწილის ჩათვლით, რადგან მის თითოეულ ნაწილს გააჩნია მტკიცებულებითი მნიშვნელობა. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილშია მითითებული ი--------------ის მიერ ორსული მეუღლის მიმართ განხორციელებული სისტემატური ძალადობრივი ქმდებების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატურობა უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული სისტემატურობით, ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ამ თვალსაზრისით, გამეორება, ე.ი. მომდევნო ქმედება, მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა მოხდეს, ანუ მინიმუმ ჯამში სამჯერ მაინც, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი, ანუ მისი გამეორების ალბათობა გარკვეულ „სისტემას“ (განპირობებულია რაიმე ნიშნით, გარემოებით ან ზოგადად, უმიზეზოდ ხდება) უკავშირდება და მუდმივად მოსალოდნელია. ამიტომ წარმოუდგენელია ძალადობა მივიჩნიოთ სისტემატურად, როდესაც ქმედებები დროის ინტერვალით იმდენად დაშორებულია ერთმანეთისგან, რომ მათ შორის აღნიშნული სისტემური ჯაჭვი ქრება, რაც შეფასებითი ცნებაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მას სასამართლო ადგენს. შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, სისტემატურობა სახეზეა მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის გასული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ პირველი ქმედებით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ანდა ფსიქიკური ტანჯვა ჯერაც არ გამქრალა და მას კვლავ განიცდის დაზარალებული, სწორედ ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ინდიკატორი სისტემატურობის შესაფასებლად. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ი--------------ის მიერ ორსული მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებათა ციკლში სახეზეა სისტემატურობის უწყვეტი ჯაჭვი, ანუ მსჯავრდებულის მიერ ორსული მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებათა ინტერვალი იმდენად ახლოს არის ერთმანეთთან, რომ ქმნის სისტემურ ჯაჭვს, რა პერიოდშიც დაზარალებული ე----------–--ე მეუღლის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებათა შედეგად უწყვეტად განიცდიდა ფიზიკური ტკივილს და ფსიქიკურ ტანჯვას.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
ევროპის საბჭოს კონვენციით „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნების უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად, სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს.
აღსანიშნავია, რომ კანონმდებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს სისტემატურ ცემას წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ. პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს ქალის და მოცემულ შემთხვევაში ორსული ქალის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ნიშანდობლივია, რომ ფიზიკურ ძალადობას ოჯახში, ორსული ქალის მიმართ, გააჩნია განსაკუთრებულად მძიმე ხასიათი, აქვს დამანგრეველი გავლენა მსხვერპლზე და საფრთხეს უქმნის ასევე ნაყოფს.
რაც შეეხება სასჯელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ი--------------ისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ი--------------ისთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ორსული მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ ი--------------ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი--------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–----–--–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი--------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი--------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–----–--–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენი ი--------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ი--------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
ი--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 6 მაისიდან;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ი--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
ერთი ცალი კომპიუტერული დისკი - დარჩეს საქმეში, საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. კახეთელიძე