განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.06.2019
საქმის ნომერი
611210118002684664
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 611210118002684664

საქმე №2ბ/1899-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

27 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - ირაკლი ბონდარენკო

მოსამართლეები: ნატალია ნაზღაიძე

მაია სულხანიშვილი

 

სხდომის მდივანი - მედეა წიკლაური

 

აპელანტები - ზ--–----- გ----------, ე------ გ----------

წარმომადგენელი - გ------- ო-----

 

მოწინააღმდეგე მხარე - ვ----- ა-–----------, თ----–- გ----------

წარმომადგენელი (ვ----- ა-–----------ს) - ნ--- ა------–---–-

 

დავის საგანი - ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს მარნეულის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით 1. ზ--–----- გ----------ს სარჩელი თ----–- გ----------ს და ვ----- ა-–----------ს მიმართ ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 2. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული #--------- სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში აღმასრულებელ დ----- გ------–---–ის მიერ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს №-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაყადაღებული ნივთების: 1. ,,ტოშიბას" ფირმის ორგანყოფილებიანი მაცივარი, 2. დიდი ზომის ,,ჰისენსის" ფირმის ტელევიზორი (ვერცხლისფერი შავი კანტით), 3. ტელევიზორის დასადგამი მაგიდა დინამიკებით, ½ წილი გათავისუფლდეს ყადაღისაგან. 3. ე------ გ----------ს სარჩელი თ----–- გ----------ს და ვ----- ა-–----------ს მიმართ ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 4. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული #--------- სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში აღმასრულებელ დ----- გ------–---–ის მიერ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს №-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაყადაღებული ნივთები: 1. რბილი სამეული (ბორდოსფერი) და 2. საძინებელი კომპლექტი (საწოლი, ტანსაცმელის კარადა, ორი ტუმბო, ტრილიაჟი სარკით) გათავისუფლდეს ყადაღისაგან. 5. ე------ გ----------ს უარი ეთქვა სამზარეულოს კომპლექტის (კაკაოსფერი, 10 ნაჭრად) და ,,ბეკო"-ს ფირმის სარეცხი მანქანის ყადაღისაგან გათავისუფლებაზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ----–- გ----------ს ვ----- ა-–----------ს სასარგებლოდ დაეკისრა 5500 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განჩინებით. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მისი იძულებითი აღსრულების მიზნით 2018 წლის 23 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება (ს. ფ. 134-143);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განჩინება (ს. ფ. 144-155);

- სააღსრულებო ფურცელი (ს. ფ. 24).

 

2.2. ვინაიდან თ-----------ვამ ნებაყოფლობით არ შეასრულა გადაწყვეტილება, 2018 წლის 18 სექტემბერს შედგა აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ. ყადაღა დაედო შემდეგ მოძრავ ნივთებს: 1. სამზარეულოს კომპლექტს (კაკაოსფერი, 10 ნაჭრად), 2. ,,ტოშიბას" ფირმის ორგანყოფილებიანი მაცივარს (ვერცხლისფერი შავი კანტით), 3. ,,ბეკო"-ს ფირმის სარეცხ მანქანას, 4. დიდი ზომის ,,ჰისენსის" ფირმის ტელევიზორს (ვერცხლისფერი შავი კანტით), 5. ტელევიზორის დასადგამ მაგიდას დინამიკებით, 6. რბილ სამეულს (ბორდოსფერი) და 7. საძინებლის კომპლექტს (საწოლი, ტანსაცმელის კარადა, ორი ტუმბო, ტრილიაჟი სარკით), მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. აღნიშნულ ნივთებზე აუქციონი დანიშნული არ არის.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (ს. ფ. 20-21);

- წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ (ს. ფ. 25-29);

- აღმასრულებლის 2018 წლის 12 ოქტომბრის წერილი (ს. ფ. 38).

 

2.3. ზ--–----- გ---------- და თ----–- გ---------- 1987 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის 25 სექტემბერს მათი ქორწინება შეწყდა განქორწინებით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3, 5; 2019 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:21:42-12:21:47);

- განქორწინების მოწმობა (ს. ფ. 128).

 

2.4. ზ--–----- გ---------- და თ----–- გ---------- თავდაპირველად ცხოვრობდნენ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ---–---ში, ხოლო შემდეგ საცხოვრებლად გადავიდნენ ქ. მარნეულში. უძრავ ქონებაზე, რომელშიც განთავსებულია სადავო ნივთები, ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 2011 წლის 28 იანვარს. როგორც ზ--–----- გ----------, ისე თ----–- გ---------- დღემდე რეგისტრირებული არიან წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ---–---ში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3, 5; 2019 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:22:35-12:23:15; 12:23:17-12:23:26);

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს. ფ. 22-23);

- ზ. გ----------ს პირადობის მოწმობის ასლი (ს. ფ. 47);

- საინფორმაციო ბარათები (ს. ფ. 129-132).

 

2.5. 2014 წლის 16 აპრილს ზ--–----- გ---------მა ი-----–--- ა----------გან განვადებით შეიძინა ტელევიზორი, ხოლო 2015 წლის პირველ აპრილს, ასევე განვადებით შეიძინა ,,ტოშიბას" ფირმის ორგანყოფილებიანი მაცივარი შპს ,,ე-–-----------"-ში. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ტელევიზორის დასადგამი მაგიდა დინამიკებით შეძენილია ზ. გ----------ს მიერ რეგისტრირებული ქორწინების დროს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- განვადების განაცხადი, თანხმობა მონაცემთა გადამოწმებაზე, საკრედიტო ხელშეკრულება (ს. ფ. 39-45);

- შპს ,,ე-–-----------"-ს ცნობა (ს. ფ. 46-48);

- განვადების განაცხადი, თანხმობა მონაცემთა გადამოწმებაზე, საკრედიტო ხელშეკრულება (ს. ფ. 49-55);

- ი-----–--- ა---------- ცნობა (ს. ფ. 56-58).

 

2.6. ზ--–----- გ----------სა და თ----–- გ----------ს შვილმა და ე------ გ----------მ ოჯახი შექმნეს 2010 წელს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4, 2019 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი 12:26:00- 12:26:21);

- კომპაქტ-დისკი (ს. ფ. 133).

 

2.7. მოპასუხე თ----–- გ----------მ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:54:12-13:54:16 სთ.).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

რბილი სამეული (ბორდოსფერი) და საძინებელი კომპლექტი (საწოლი, ტანსაცმელის კარადა, ორი ტუმბო, ტრილიაჟი სარკით) წარმოადგენს ე------ გ----------ს მშობლების საჩუქარს მის მიმართ დაქორწინებასთან დაკავშირებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მითითებული გარემოება დადგენილად მიიჩნია მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებით, მოპასუხე თ----–- გ----------ს ახსნა-განმარტებით, მოწმეების - ი-----– გ---------ს, ს----- ა--------ს და ს-----–--- ა--------ს ჩვენებების, ასევე წარმოდგენილ სიდი დისკზე ასახული ინფორმაციის საფუძველზე.

 

სასამართლომ მიუთითა მოწმე ი-----–ი გ---------ს ჩვენებაზე, რომელიც არის მოსარჩელე ე------ გ----------ს მამა, რომელმაც მიიტანა მისი და დედის ნაჩუქარი ზემოთ მითითებული ნივთები ზ. გ----------ს სახლში. როგორც მოწმე ი. გ---------ს, ისე ზ. გ----------ს განმარტებით, აღნიშნული ნივთები მოიტანეს ერთად, ქორწილამდე დაახლოებით 10-15 დღით ადრე, როგორც ეს ტრადიციით არის მიღებული.

 

ხოლო მოწმეებმა ს-----–--- და ს----- ა---------მა, რომლებიც დედა-შვილი და მოსარჩელეთა მეზობლები არიან, ჩვენებაში მიუთითეს, რომ ქორწილის შემდეგ, მათი ტრადიციისამებრ, იკრიბებიან მეზობელი ქალები, მათ უმასპინძლდებიან ახლად დაოჯახებულების ოჯახში და ათვალიერებენ რძლის მიერ ,,მზითვის" სახით მოტანილ ნივთებს. ასე მოხდა ს----- გ----------ს დაქორწინების შემთხვევაშიც. მათთვის მზითვის სახით ნაჩვენებ ნივთებს შორის ორივე მოწმემ დაასახელა რბილი სამეული და საძინებელი კომპლექტი. ასევე მხარეთა და მოწმეთა განმარტებით, როდესაც ქალიშვილი თხოვდება, მიღებულია, რომ მისმა მშობლებმა ავეჯით უნდა მოუწყონ ერთი ოთახი. ამ ნაწილში მოწმეთა ჩვენებები თანამიმდევრული და ურთიერთშესაბამისია.

 

სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სიდი დისკზე არსებულ ქორწილის ვიდეო-ჩანაწერს. მასზე აღბეჭდილია ორი მონაკვეთი. პირველი გადაღებულია 2010 წლის 13 ოქტომბერს და მასზე აღბეჭდილია ავტომანქანის საზეიმოდ მორთვის პროცესი. აქვე უწყვეტ კადრად საგანგებოდ და დეტალურად აღბეჭდილია საზეიმოდ მორთული და შემკული საძინებლის ავეჯი და რბილი სამეული. შემდგომი კადრები უკვე დღეისათვის არსებულ ვითარებას ასახავს, კერძოდ, იმავე ნივთებს, განთავსებულს ჯ. გ----------ს სახლში. მეორე მონაკვეთში ასახულია 2010 წლის 15 ოქტომბრის მოვლენები, კერძოდ, ნეფე-პატარძალი შედის გ---------ების საცხოვრებელ სახლში, სადაც მათ ლოცავენ ოჯახის წევრები. ისინი სხდებიან ბორდოსფერ რბილ სამეულზე, რომელიც წინა ჩანაწერში ასახულის ანალოგიურია.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ჩანაწერები ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას ამ ნივთებთან დაკავშირებით, სხვაგვარად არავითარი ახსნა მათ საქორწინო ვიდეოზე საგანგებოდ აღბეჭდვას, არ აქვს და ასეთი არც მოპასუხეს შემოუთავაზებია.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე ე------ გ----------ს ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-5);

- მოსარჩელე ზ--–----- გ----------ს ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-5, 2019 წლის 17 იანვრის

სასამართლო სხდომის ოქმი 12:26:32-12:27:27 ; 12:27:30-12:28:04, 13:41-11-13:42:42);

- მოწმე ი-----–ი გ---------ს ჩვენება (2019 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი

12:57:02-13:11:02);

- მოწმე ს----- ა--------ს ჩვენება (2019 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი 13:27:49-13:40:07);

- მოწმე ს-----–--- ა--------ს ჩვენება (2019 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი

13:13:24-13:24:35);

- სიდი დისკი (ს. ფ. 133).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ სამზარეულოს კომპლექტი (კაკაოსფერი, 10 ნაჭრად) და ,,ბეკო"-ს ფირმის სარეცხი მანქანა ასევე ე------ გ----------ს საკუთრებაა.

 

აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელეებმა იგივე მტკიცებულებები წარმოადგინეს, რაც მითითებულია გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში. თუმცა ამ შემთხვევაში მოწმეთა და მოსარჩელე ზ--–----- გ----------ს ჩვენებებში ასახული ინფორმაცია განსხვავდება. კერძოდ, ზ--–----- გ---------მა და ი-----–ი გ--------მა სხვადასხვა ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს იმის თაობაზე, თუ როგორ დამზადდა სამზარეულო, როდის და ვინ აიღო მისი ზომები, როდის და ვინ მოიტანა ეს ნივთები. ასევე შეუსაბამოა ამ ნივთების მოტანასთან დაკავშირებული მოწმე ს----- ა--------ს განმარტებები. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებები სარწმუნოდ ვერ ადასტურებს მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას. რაც შეეხება ვიდეო-ჩანაწერს, მასზე სამზარეულოს ავეჯი და სარეცხი მანქანა ასახულია მხოლოდ საქმის განხილვის პერიოდში არსებული მდგომარეობით. შესაბამისად, ვერც აღნიშნული მტკიცებულება ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ეს ნივთები ე------ გ----------ს 2010 წელს აჩუქეს მისმა მშობლებმა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე ე------ გ----------ს ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-5);

- მოსარჩელე ზ--–----- გ----------ს ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-5, 2019 წლის 17 იანვრის

სასამართლო სხდომის ოქმი 12:31:00-12:31:55 სთ.);

- მოწმე ი-----–ი გ---------ს ჩვენება (2019 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი

12:57:02-13:11:02);

- მოწმე ს----- ა--------ს ჩვენება (2019 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი 13:27:49-13:40:07);

- მოწმე ს-----–--- ა--------ს ჩვენება (2019 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი

13:13:24-13:24:35)

- სიდი დისკი (ს. ფ. 133).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

 

სარჩელის ცნობა მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტია, რაც მის მიერ მოსარჩელის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოვლენილ ნებაში გამოიხატება. შესაბამისად, ეს ერთგვარი გარიგებაა, ვინაიდან მიმართულია სამართლებრივი შედეგის წარმოშობისაკენ (საქართველოს სკ-ის 50-ე მუხლი).

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი მიმართულია ორი მოპასუხის წინააღმდეგ, რომლებიც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, სავალდებულო თანამოპასუხეებს წარმოადგენენ და მათ მიმართ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი. შესაბამისად, ერთ-ერთი მათგანის, განსახილველ შემთხვევაში, თ----–- გ----------ს მიერ სარჩელის ცნობას, იმის გათვალისწინებით, რომ მეორე მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს, სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად ვერ მიიჩნევს.

 

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო მოძრავი ნივთები - ,,ტოშიბას" ფირმის ორგანყოფილებიანი მაცივარი (ვერცხლისფერი შავი კანტით), დიდი ზომის ,,ჰისენსის" ფირმის ტელევიზორი (ვერცხლისფერი შავი კანტით) და ტელევიზორის დასადგამი მაგიდა დინამიკებით წარმოადგენს მოსარჩელე ზ--–----- გ----------სა და მოპასუხე თ----–- გ----------ს თანასაკუთრებას.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

 

სასამართლომ აღინიშნა, რომ მოსარჩელემ რამდენჯერმე შეცვალა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ წარმოადგენს ზ--–----- გ----------ს მიერ შეძენილი ნივთების მესაკუთრეს, თუმცა საბოლოოდ მიუთითა, რომ ვინაიდან ისინი შეიძინა ზ--–----- გ---------მა, ის არის მესაკუთრეც, თუმცა ნივთებით ასევე სარგებლობენ მისი შვილი და რძალი. შესაბამისად, სასამართლო აღარ ამოწმებს ზ--–----- გ----------ს, როგორც მოსარჩელის სათანადოობას, საქართველოს სკ-ის 349-ე მუხლის შესაბამისად, მესამე პირების სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების კონტექსტში.

 

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელეებზე საკუთრების უფლების განკარგვა არ დასტურდება საქმის მასალებითაც ამასთან, უდავოდ არის დადგენილი, რომ ეს ნივთები შეძენილია ზ--–----- გ----------სა და თ----–- გ----------ს რეგისტრირებული ქორწინების და თანაცხოვრების დროს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

ამგვარად, კანონი ადგენს ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენის პრეზუმფციას, კერძოდ, რომ თუ ქონება შეძენილია მეუღლეთა მიერ რეგისტრირებული ქორწინების დროს, მასზე ორივეს თანაბარი უფლება აქვს, ანუ ორივე თანამესაკუთრედ მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, თუ ვისი სახსრებით მოხდა ამ ქონების შეძენა და ვის სახელზეა ის საკუთრების უფლებით აღრიცხული.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საგამონაკლისო შემთხვევები მოცემულია ამავე კოდექსის 1161-ე მუხლსა და 1168-ე მუხლის მე-2–3 ნაწილებში. კერძოდ, ეს შემთხვევებია: ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით (1161–ე მუხლი); სასამართლოს ასევე შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით, კერძოდ, თუ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ (1168-ე მუხლის მე-2–3 ნაწილები).

 

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ--–----- გ---------- და თ----–- გ---------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ 1987 წლიდან 2018 წლის 25 სექტემბრამდე. დადგენილია ასევე, რომ სადავო მოძრავი ნივთები შეძენილ იქნა რეგისტრირებული ქორწინების დროს. ამასთან, არ დასტურდება 1161-ე მუხლსა და 1168-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა და ამაზე არც მხარეები მიუთითებენ.

 

რაც შეეხება მითითებას იმის თაობაზე, რომ დღეისათვის ქორწინება შეწყვეტილია და ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ, აღნიშნული არ წარმოადგენს ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დაკარგვის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო მოძრავი ნივთები - ,,ტოშიბას" ფირმის ორგანყოფილებიანი მაცივარი (ვერცხლისფერი შავი კანტით), დიდი ზომის ,,ჰისენსის" ფირმის ტელევიზორი (ვერცხლისფერი შავი კანტით) და ტელევიზორის დასადგამი მაგიდა დინამიკებით, წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, შესაბამისად, მოპასუხე თ----–- გ----------ს კუთვნილი წილი შეადგენს 1/2-ს, მოსარჩელეს კი ეკუთვნის აღნიშნული ნივთების 1/2 იდეალური წილი.

 

რაც შეეხება მხარეთა მიერ სადავოდ გამხდარ იმ ფაქტობრივ გარემოებას, აგრძელებენ თუ არა ზ--–----- გ---------- და თ----–- გ---------- თანაცხოვრებას და ხომ არ არის განქორწინება ფიქციური, სასამართლომ განმარტა, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნულ გარემოებაზე არ მსჯელობს, ვინაიდან იგი საქმის განხილვის შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულება ხდება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღმასრულებელი სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა მოვალეს უგზავნის წინადადებას სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოთხოვნის 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. თანხის გადახდევინებისას ან ქონების გადაცემისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.

 

ამდენად, აღმასრულებელი, რომელსაც კრედიტორი მიმართავს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით და წარუდგენს სააღსრულებო ფურცელს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მოიძიოს მოვალის – მოპასუხის ქონება და ყადაღა დაადოს მას. ამასთან, შესაძლოა აღმასრულებლის მიერ მოვალის საკუთრებად მიჩნეულ ქონებაზე პრეტენზია განაცხადონ მესამე პირებმა, მაგრამ ეს არ აბრკოლებს აღმასრულებელს. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ქონებას ყადაღა მაინც ედება. თუმცა კანონმდებლობით მესამე პირთა მიერ თავისი უფლებების დაცვის საშუალებაც არის გათვალისწინებული, კერძოდ, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სადავო ნივთები ყადაღისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ მოსარჩელე, ანუ მესამე პირი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს დაყადაღებულ ნივთებზე, დაამტკიცებს, რომ ის ამ ნივთების მესაკუთრეა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზ--–----- გ---------მა დაამტკიცა თავისი საკუთრების უფლება მის მიერ სადავოდ გამხდარი ნივთების მხოლოდ 1/2 წილზე, ხოლო მოსარჩელე ე------ გ----------მ - სადავო ნივთების ნაწილზე: რბილი სამეულსა (ბორდოსფერი) და საძინებელ კომპლექტზე (საწოლი, ტანსაცმელის კარადა, ორი ტუმბო, ტრილიაჟი სარკით). გადაწყვეტილების აღსრულება კი მხოლოდ მოვალის ქონების რეალიზაციით არის დასაშვები, რაც წარმოადგენს ამ ქონების დაყადაღების მიზანს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ყადაღისაგან გათავისუფლდა ნივთების ის ნაწილი, რომლებზეც დადასტურდა მოსარჩელეთა საკუთრების უფლება.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივ საფუძვლები:

 

3.1. აპელანტების განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია სასამართლოს მიერ სრულად და სწორად არ იქნა შეფასებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2. აპელანტების მითითებით, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით, ასევე მოსარჩელეების განმარტებით სრულად იქნა დადასტურებული დაყადაღებული ნივთებიდან სამზარეულოს კომპლექტის (კაკაოსფერი, 10 ნაჭრად) და „ბეკოს“ ფირმის სარეცხი მანქანის ე------ გ----------სთვის კუთვნილების ფაქტი, კერძოდ აღნიშნული ნივთები მზითვის სახით აჩუქეს მშობლებმა. ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში არ არის საკმარისად დასაბუთებული.

 

3.3. აპელანტების აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 186-ე და 1158-ე მუხლები, რითაც რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების ½ წილის მფლობელად ჩათვალა მოპასუხე თ----–- გ----------. აპელანტების მითითებით, განქორწინების შემდგომ არ იყო დადგენილი განქორწინებულ მეუღლეთა რეალური წილები. ამის გარდა, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მეუღლეების საცხოვრებელი იურდიული მისამართი იყო წალკის მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, არსებობს სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართებულობა უნდა შემოწმდეს, ზ--–----- გ----------ს და ე------ გ----------ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, კერძოდ, უნდა გავრცელდეს თუ არა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული #--------- სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში აღმასრულებელის მიერ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს №-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაყადაღებულ ნივთებზე: 1. ,,ტოშიბას" ფირმის ორგანყოფილებიანი მაცივარი, 2. დიდი ზომის ,,ჰისენსის" ფირმის ტელევიზორი (ვერცხლისფერი შავი კანტით), 3. ტელევიზორის დასადგამი მაგიდა დინამიკებით მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი და არსებობს თუ არა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული #--------- სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს №-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაყადაღებული ნივთების: სამზარეულოს კომპლექტის (კაკაოსფერი, 10 ნაჭრად) და ,,ბეკო"-ს ფირმის სარეცხი მანქანის ე------ გ----------ს საკუთრებად მიჩნევის წინაპირობები.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და სადავოდ არ ხდება რომ:

 

- ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ----–- გ----------ს ვ----- ა-–----------ს სასარგებლოდ დაეკისრა 5500 ლარის გადახდა. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2018 წლის 23 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

- 2018 წლის 18 სექტემბერს შედგა აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ, რომლითაც ყადაღა დაედო შემდეგ მოძრავ ნივთებს: 1. სამზარეულოს კომპლექტს (კაკაოსფერი, 10 ნაჭრად), 2. ,,ტოშიბას" ფირმის ორგანყოფილებიანი მაცივარს (ვერცხლისფერი შავი კანტით), 3. ,,ბეკო"-ს ფირმის სარეცხ მანქანას, 4. დიდი ზომის ,,ჰისენსის" ფირმის ტელევიზორს (ვერცხლისფერი შავი კანტით), 5. ტელევიზორის დასადგამ მაგიდას დინამიკებით, 6. რბილ სამეულს (ბორდოსფერი) და 7. საძინებლის კომპლექტს (საწოლი, ტანსაცმელის კარადა, ორი ტუმბო, ტრილიაჟი სარკით), მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

 

- ზ--–----- გ---------- და თ----–- გ---------- 1987 წლიდან 2018 წლის 25 სექტემბრამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

- 2014 წლის 16 აპრილს ზ--–----- გ---------მა ი-----–--- ა----------გან განვადებით შეიძინა ტელევიზორი, ხოლო 2015 წლის პირველ აპრილს, ასევე განვადებით შეიძინა ,,ტოშიბას" ფირმის ორგანყოფილებიანი მაცივარი შპს ,,ე-–-----------"-ში. უდავოა, რომ ტელევიზორის დასადგამი მაგიდა დინამიკებით შეძენილია ზ. გ----------ს მიერ რეგისტრირებული ქორწინების დროს.

- ზ--–----- გ----------სა და თ----–- გ----------ს შვილმა და ე------ გ----------მ ოჯახი შექმნეს 2010 წელს.

 

4.1.1. სააპელაციო პალატა არ იზიარებს ზ--–----- გ----------ს პოზიციას მასზედ, რომ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2018 წლის 18 სექტემბრის აქტით დაყადაღებული მოძრავ ნივთებზე არ უნდა გავრცელდეს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მეუღლეთა საერთო ქონება არის ქონება, რომელიც მეუღლეებმა ერთობლივად შეიძინეს. შეძენაში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ფულადი თანხის გადახდა (რაზეც მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მე-2 ნაწილი), არამედ ორივე მეუღლის ნება მიმართულია ქონების მათ საკუთრებაში გადასვლაზე. ნორმა განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მიმართ და ემსახურება ოჯახის ინტერესების დაცვის მიზანს, კერძოდ, ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის, საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამდენად, დავის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის (შდრ: სუსგ №ას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი). პალატა ასევე განმარტავს, რომ სსკ-ის 1158-ე მუხლი „წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით, თუკი ქონება მეორე მეუღლის მიერაა შეძენილი და ქონებრივი ნამატი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდს ემთხვევა, რადგანაც სწორედ ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს ქონებრივ უფლებებს (სკ-ის 1151-ე მუხლი).

 

ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (მეუღლეების საერთო ქონებას) მიეკუთვნება, როგორც შრომის საქმიანობით მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება არ აქვთ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში მიუხედავად იმისა, ვის სახელზეა იგი შეძენილი, ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ზ--–----- გ---------- და თ----–- გ---------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1987 წლიდან 2018 წლის 25 სექტემბრამდე, დადგენილია ასევე, რომ სადავო ნივთები: ,,ჰისენსის“ ფირმის ტელევიზორი ვერცხლისფერი შავი კანტით, ,,ტოშიბას“ ფირმის ორგანყოფილებიანი მაცივარი და ტელევიზორის დასადგამი მაგიდა დინამიკებით შეძენილია ზ--–----- გ----------ს მიერ თ----–- გ---------თან რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს არც საქორწინო ხელშეკრულება და სახეზეა არ არის არც სამოქალაქო კოდექსის 1161-ე და 1168-ე მუხლების საფუძველზე სადავო ნივთებზე თანასაკუთრებისგან განსხვავებული რეჟიმის გავრცელების საფუძველი. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მოძრავი ნივთების: ,,ტოშიბას“ ფირმის ორგანყოფილებიანი მაცივრის, დიდი ზომის ,,ჰისენსის“ ფირმის ტელევიზორის და ტელევიზორის დასადგამი მაგიდის დინამიკებით მეუღლეთა - ზ--–----- გ----------სა და თ----–- გ----------ს თანასაკუთრებად მიჩნევის შესახებ, რაც თავის მხრივ საფუძველს აცლის ზ--–----- გ----------ს მოთხოვნას ზემოაღნიშნული მოძრავი ნივთების ყადაღისგან სრულად გათავისულების შესახებ.

 

4.1.2. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოძრავ ნივთებზე: ,,ბეკოს“ ფირმის სარეცხი მანქანაზრ და სამზარეულოს კომპლექტზე არ დასტურდება ე------ გ----------ს საკუთრების უფლება.

სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, აღმასრულებლის მიერ თ----–- გ----------ს ვადებულების დაფარვის მიზნით დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების ქონა იმ პირმა უნდა ამტკოცოს, ვინც ამ ქონების ყადაღისგან გათავისულებას მოითხოვს.

განსახილველ შემთხვევაში, სწორედ ე------ გ----------ს მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იყო ისეთი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარდგენა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ფაქტს მასზედ, რომ ის სადავო მოძრავი ნივთების: სამზარეულოს კომპლექტის (კაკაოსფერი, 10 ნაჭრად) და ,,ბეკო"-ს ფირმის სარეცხი მანქანის მესაკუთრეა.

 

საგულისხმოა აღინიშნოს, რომ მოსარჩელემ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების სამტკიცებლად მოწმეთა ჩვენებზე და ვიდეო ჩანაწერზე მიუთითა. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ ნივთებთან დაკავშირებით, კერძოდ, როგორ დამზადდა სამზარეულო, როდის და ვინ აიღო მისი ზომები, როდის და ვინ მიიტანა ეს ნივთები, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა ს----- ა--------მ, ზ. გ---------მა და ი. გ--------მა სხვადასხვა ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს. სადავო გარემოების დადასტურების მიზნებისთვის სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული ვერც ვიდეო ჩანაწერი, რადგან როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული ჩანაწერი მხოლოდ საქმის განხილვის პერიოდში არსებულ მოცემულობას ასახავს, შესაბამისად, არც მოწმეთა ჩვენები და არც დასახელებული ჩანაწერი არ იძლევა მოსარჩელის სასარგებლოდ დასკვნის საფუძველს, რომ სამზარეულოს კომპლექტი (კაკაოსფერი, 10 ნაჭრად) და ,,ბეკო"-ს ფირმის სარეცხი მანქანა მისი საკუთრებაა.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, ე------ გ----------ს სააპელაციო საჩივარი სამზარეულოს კომპლექტის (კაკაოსფერი, 10 ნაჭრად) და ,,ბეკო"-ს ფირმის სარეცხი მანქანს ყადაღისგან გათავისუფლების ნაწილში არ კმაყოფილდება იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც მან ვერ გასწია.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ--–----- გ----------ს და ე------ გ----------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს მარნეულის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა აუდრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო

 

მოსამართლეები: ნატალია ნაზღაიძე

 

მაია სულხანიშვილი