განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100118002329807
№1/ბ-370-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ივლისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-–- ა-----ის ძე კ-------ას მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ--------ში.
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ი-–- კ-------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა, ი-–- კ-------ამ პირობით გამოსაცდელი ვადაში ყოფნის პერიოდში, 2018 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 2300 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ გ--------ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ეჭვიანობის ნიადაგზე, ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის ლ------ ბ-–----ის მიმართ, კერძოდ ი-–- კ-------ამ სამჯერ ძლიერად ჩაარტყა მუცელში ხელი და ძალის გამოყენებით ათრია იატაკზე. განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად ლ------ ბ-–----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განაჩენით ი-–- კ-------ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ა---- მ-------ას მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ი-–- კ-------ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების მხარის მიერ სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნებული იქნა გამოძიების ეტაპზე შედგენილი ლ------ ბ-–----ის გამოკითხვის ოქმი, რაც დაზარალებულმა ლ------ ბ-–----ემ მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურა და განმარტა, რომ 2018 წლის 28 იანვარს ი-–- კ-------ა სახლში მივიდა ნასვამი, ტანსაცმლის წასაღებად. ამავე დროს სახლში იმყოფებოდა მისი და ე---- ბ-–----ე. მათ შორის მოხდა კამათი და ხმამაღალი ლაპარაკი ოთახების განაწილებასთან დაკავშირებით, რაიმე ჩხუბი და შეხლა-შემოხლა არ ყოფილა, რის შემდეგაც მისი და წავიდა. პოლიციაში მას მუქარით და დაშინებით დააწერინეს განცხადება და ჩვენება, სათვალეებიც არ ჰქონდა, რომ წაეკითხა ჩვენება და ისე მოაწერინეს ხელი. მისივე განმარტებით ი-–- კ-------ას მხრიდან მუცელში ხელის ჩარტყმა, ძალადობა და ცემა არ მომხდარა. ხელი კი მოკიდა ი-–- კ-------ამ, მაგრამ, გაშავებული და გასივებული არ ჰქონია. ი-–- კ-------ას მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნებული იქნა ე--- ბ-–----ის გამოძიების ეტაპზე შედგენილი გამოკითხვის ოქმი, რაც მოწმის სახით დაკითხვისას მან არ დაადასტურა ვინაიდან მას ოქმი არ წაუკითხავს ეს ოქმი და განმარტა, რომ 2018 წლის 28 იანვარს იმყოფებოდა მის დასთან - ლ------ ბ-------ესთან სახლში, სადაც მივიდა ი-–- კ------ია, რომელიც მის დას ბრალს სდებდა, რომ იყო მისი ბიძის საყვარელი, ცემა და შეურაცხყოფა იქ არ ყოფილა, არც დამუქრებია, იყო ცოტა ხმამაღალი ლაპარაკი, რის შემდეგაც წამოვიდა. მეორე დღეს შეხვდა მის დას, თუმცა მას არაფერი არ უთქვამს აღნიშნულტან დაკავშირებით.
მოწმის სახით დაკითხვისას დ----- ბ-–----ემ აჩვენა, რომ 2018 წლის 29 იანვარს მასთან მივიდა მისი მამიდა - ლ------ ბ-–----ე, რომელიც იყო აღელვებული და უთხრა, რომ გუშინ ღამით მას და მის მეუღლეს მოუვიდათ ჩხუბი.
მოწმის სახით დაკითხვისას ჯ------– ჩ------ის განმარტებით ლ------ ბ-–----ისგან მისთვის ცნობილი გახდა 2018 წლის 29 იანვარს მომხდარი ჩხუბისა და კამათის შესახებ, რასაც თავად არ შესწრებია.
მოწმის სახით დაკითხვისას გ---–---- კ-------ამ განმარტა, რომ 2018 წლის 30 იანვარს ლ------ ბ-–----ისაგან გაიგო, რომ მისმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ხელი მოუჭირა, თან აჩვენა გაშავებული ხელი.
ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მახინჯაურის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელმა ო----- მ---------–აძემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის იანვარში ი-–- კ-------ამ მის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რაც მან დაარღვია. ლ------ ბ-–----ემ განცხადებით მიმართა პოლიციას, რომ ი-–- კ-------ამ კვლავ ჩაიდინა ძალადობა და ცემა იგი, კერძოდ, მუცელში ჩაარტყა და მოუჭირა ხელი.
ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მახინჯაურის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა---------– ბ-----ემ ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმის სახით დაკითხვისას.
ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მახინჯაურის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა-----– გ-----ემ მოწმის სახით დაკითხვისას აჩვენა, რომ 2018 წლის 29 იანვარს ლ------ ბ-–----ემ განცხადებით მიმართა პოლიციას, რომ ი-–- კ-------ამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ცემა იგი, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. გამოკითხა ლ------ ბ-–----ე, რომელმაც დაადასტურა, რომ 29 იანვარს ღამით მივიდა ი-–- კ-------ა, რომელმაც გალანძღა, ხელი და ფეხი ჩაარტყა მუცელში, მაჯებზე მოკიდა ხელი და ათრია, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ი-–- კ-------ა. ლ------ ბ-–----ის მიმართ არ ყოფილა მათი მხრიდან მუქარა, იძულება და დაშინება, მან თავისი ხელით დაწერა განცხადება და ჩვენება მისი ნაკარნახევი სიტყვებით დაიწერა, რაც წაიკითხა მოწმემ და მოაწერა ხელი.
ექსპერტ მ------ მ---------–ის მიერ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ლ------ ბ-–----ის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები არაა სადაო.
სააპელაციო პალატას, მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ი-–- კ-------ას მიმართ წარდგენილ ბრალდებას, არსებობს ეჭვი, რომლის გაქარწყლებაც ვერ შეძლეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებმა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის არსებობა არ გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ საჭიროა არსებობდეს ერთობლიობა წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებისა, რომელთა ურთიერთ შეჯერება და არა მათი განყენებულად შეფასება გონიერ და ობიექტურ ადამიანს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა გამართლებულ ი-–- კ-------ას მიერ დანაშაულის ჩადენას.
აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლო აკეთებს დასკვნებს, რომლებიც გამყარებულია არსებული მტკიცებულებების თავისუფალი შეფასებით და გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებიდან. ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების არსებობისას წარმოუდგენელია ესა თუ ის მტკიცებულება სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნეს შემაჯამებელი დასკვნის გამოტანისას. ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებები, რომელთა მოპოვების შესახებაც გაუქარწყლებელი ეჭვი არსებობს, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მახინჯაურის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლები ო----- მ---------–აძე, ა---------– ბ-----ე, ა-----– გ-----ე და მოწმე გ---–---- კ-------ა განმარტავენ ლ------ ბ-–----ის მონათხრობს მისი მეუღლის - ი-–- კ-------ას მიერ ძალადობის ჩადენის შესახებ, რომ ლ------ ბ-–----ისაგან გაიგეს, მისი მეუღლის მიერ მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. მაშინ როცა, დაზარალებულმა ლ------ ბ-–----ემ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მასსა და მის მეუღლეს - ი-–- კ-------ას შორის მოხდა კამათი და ხმამაღალი ლაპარაკი, რაიმე ჩხუბი და შეხლა-შემოხლა არ ყოფილა. ასევე აღნიშნული ფაქტის შემსწრე, თვითმხილველი მოწმის, ლ------ ბ-–----ის დის, ე--- ბ-–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 28 იანვარს როდესაც იმყოფებოდა მის დასთან, ლ------სთან იქ მივიდა ი-–- კ------ია და ლ------სთან გამართა ცოტა ხმამაღალი ლაპარაკი, თუმცა არ უცემია, შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც დამუქრებია. პირდაპირი მოწმები უარყოფენ ძალადობის ფაქტს, რის გამოც გ---–---- კ-------ას და პოლიციელთა ჩვენებები თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი.
ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ მოწმეებს საკუთარი თვალით არ დაუნახავად ან სხვაგვარად არ აღუქვიათ (არ მოუსმენიათ) ი-–- კ-------ას მიერ განხორციელებული რაიმე ქმედება. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ ირიბი მოწმეების ჩვენებების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სხვა ჩვენება, რომლის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იქნებოდა ღირებული. იმ შემთხვევაშიც კი თუ პოლიციელთა ჩვენებები არ იქნებოდა ირიბი სახის მტკიცებულება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით პოლიციის მუშაკთა ჩვენებებს გააჩნიათ მცირე მტკიცებულებითი ძალა თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია“. კოდექსი ადგენს წყაროს დასახელების ვალდებულებას, მაგრამ არ ადგენს ირიბი ჩვენების სარწმუნოობის გადამოწმებისათვის დასახელებული პირველწყაროს გამოკვლევის ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები დასაშვებია, მიუხედავად იმისა, რომ ლ------ ბ-–----ემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა ი-–- კ-------ასთან მომხდარი კამათისა და ხმამაღალი ლაპარაკის არსებობის შესახებ, თუმცა ჩხუბისა და შეხლა-შემოხლის ფაქტი არ დაადასტურა. ასევე ე--- ბ-–----ემ განაცხადა, რომ როდესაც იმყოფებოდა მის დასთან, იქ მივიდა, მისი დის მეუღლე - ი-–- კ------ია და ლ------სთან გამართა ხმამაღალი ლაპარაკი, თუმცა არ უცემია, შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც დამუქრებია მას. აღსანიშნავია, რომ ირიბი ჩვენების სხვა მტკიცებულებით დადასტურებით არ იცვლება ამ მტკიცებულების ბუნება, იცვლება მხოლოდ ამ სახის მტკიცებულებით დარწმუნების შესაძლებლობის ხარისხი.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.
საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე მტკიცებულებით სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia №39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
პალატა მიუთითებს, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას სასამართლო ეყრდნობა იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეების მიერ იქნა კანონით დადგენილი წესით მოპოვებული, სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი, რომ დაზარალებულ ლ------ ბ-–----ის მიმართ ი-–- კ-------ამ განახორციელა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
რაც შეეხება საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვით ლ------ ბ-–----ეს აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით ორივე წინამხრის მიდამოში, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ ბრალდების მიხედვით ი-–- კ-------ას ქმედება გამოიხატა მის მიერ ლ------ ბ-–----ისათვის მუცელში ხელის სამჯერ, ძლიერად ჩარტყმაში და ძალის გამოყენებით იატაკზე თრევაში, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ლ------ ბ-–----ეს გარდა წინამხრის მიდამოში არსებული დაზიანებისა სხვა რაიმე დაზიანება, მათ შორის მუცელზე, ან სხეულის სხვა ნაწილებზე, რაც შეიძლება მიეღო მუცელში ჩარტყმით და იატაკზე თრევით - არ აღენიშნებოდა. ამასთან დაზარალებულმა ლ------ ბ-–----ემ მართალია აღნიშნა, რომ ი-–- კ-------ამ მოკიდა ხელებზე ხელი, მაგრამ დაზარალებულს არ უთქვამს, რომ ხელის მოკიდებით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით ი-–- კ-------ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ი-–- კ-------ას ბრალეულობაში, რის გამოც იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ა---- მ-------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ა---- მ-------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად:
ი-–- კ-------ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ი-–- კ-------ას მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
გამართლებულს - ი-–- კ-------ას განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე