განაჩენი

სისხლის სამართლის 07.06.2018
საქმის ნომერი
080100118002383122
ინსტანცია
თარიღი
07.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002383122

საქმე №1/ბ-288-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

07 ივნისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ რ--------- ლ----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების № 0-----------) ბ---- ო----ის მიმართ (პირადი №6----------), დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ---------–----------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განაჩენით:

 

ბ---- ო----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

ბ---- ო----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 04 მარტიდან 2018 წლის 08 მარტის ჩათვლით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 175 (ას სამოცდათხუთმეტი) საათის ვადით.

 

ბ---- ო----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი თანხა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს შესაბამის ანგარიშზე შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ---- ო----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 04 მარტს, საღამოს საათებში, ქ---------–----------------------------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში ბ---- ო----მა არასრულწლოვანი შვილის, ნ---- ო----ის თანდასწრებით, მარცხენა ხელის არეში დაარტყა თავის შვილს ე----- ო----ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა რ--------- ლ----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ბ---- ო----ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით არ შეესაბამება მსჯავრდებულ ბ---- ო----ის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს. ბ---- ო----ს ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, ანუ ძალადობრივი, განზრახი ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს არა მხოლოდ უშუალოდ დაზარალებულს, არამედ ოჯახის წევრ არასრულწლოვანსაც, რომლის ფიზიკური, სულიერი და მორალური განვითარებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახში ჯანსაღი და ყოველგვარი ძალადობისაგან თავისუფალი გარემოს არსებობა. როგორც წესი, განსაკუთრებით სახიფათოა ძალადობა, რომელიც ოჯახში ხდება, ვინაიდან, ამგვარ ქმედებას უმეტეს შემთხვევაში ახასიათებს განმეორებითობა. აქედან გამომდინარე, პრევენციის მიზნით აუცილებელია მკაცრი რეაგირება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება და საჩივრის საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, მათ შორის _ დაზარალებულ ე----- ო----ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ნ---- ო----ის და გ---- მ----–----–--ის გამოკითხვის ოქმები, ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნა, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ბ---- ო----მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა _ ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა რ--------- ლ----ემ განაჩენი გაასაჩივრა სასჯელის ნაწილში და ითხოვა მსჯავრდებულ ბ---- ო----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რასაც სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბ---- ო----ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი და მისი წარსული არაფრითაა შებღალული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ბ---- ო----ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განაჩენი ბ---- ო----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ რ--------- ლ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განაჩენი ბ---- ო----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ბ---- ო----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ბ---- ო----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 04 მარტიდან 2018 წლის 08 მარტის ჩათვლით, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 175 (ას სამოცდათხუთმეტი) საათის ვადით.

 

5.ბ---- ო----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

6.მსჯავრდებულ ბ---- ო----ისათვის დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/