განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100118002375680
საქმე №1/ბ-323-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ---- ა----–--ის მიმართ (პირადი ნომერი 2----------), საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–--------------, არასრული საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლობის არ მქონის, მცხოვრების თ--------–--------------------–------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის განაჩენით:
გ---- ა----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 ( ორი) წელი.
გ---- ა----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს თანხა.
გ---- ა----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 17 თებერვლიდან 2018 წლის 21 თებერვლის ჩათვლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, გ---- ა----–--ეს დაეკისრა მოვალეობა: 1)პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; 2)ასევე, გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი.
საქართველო სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალა პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პოლიეთილენის ბოთლი, რომელიც ინახება თ--------–ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს, ხოლო ა--- ა----–--ის მიერ სსიპ 112-ში განხორციელებული ზარის აუდიოჩანაწერი „CD“ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ---- ა----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 17 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, თ--------–ის რაიონის სოფელ ჩხარში, საკუთარ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფ გ---- ა----–--ეს არასრულწლოვანმა შვილმა _ 17 წლის ა--- ა----–--ემ სთხოვა მობილური ტელეფონის გადაცემა, რის გამოც განაწყენებულმა გ---- ა----–--ემ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს, ა--- ა----–--ეს ორჯერ დაარტყა ხელი სახეში, რის შემდეგაც პოლიეთილენის ბოთლი დაარტყა მარცხენა თვალის არეში. აღნიშნული ქმედებით ა--- ა----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვ------- ნ------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ---- ა----–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: გ---- ა----–--ეს გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა სასჯელის დანიშვნისას. სასამართლომ ასევე ჯეროვნად არ შეაფასა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მისგან გამოწვეული შედეგი, კერძოდ, გ---- ა----–--ემ ძალადობრივი ქმედება განახორციელა არასრულწლოვნის მიმართ. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და საშიშროების გათვალისწინებით, არსებობს დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების მაღალი რისკი, რომლის აღსაკვეთად აუცილებელია მკაცრი სასჯელის გამოყენება, რაც გახდება ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მყარი გარანტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ ა--- ა----–--ის ჩვენებით; მოწმეების _ ზ------ ფ-------ის, ლ--–- მ---------ის, ბ---- ა----–--ის და ვ--–------ დ--------ის ჩვენებებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით; ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნით; სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ---- ა----–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
სახელმწიფო ბრალმდებელმა _ ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვ------- ნ------ემ განაჩენი გაასაჩივრა სასჯელის ნაწილში და ითხოვა გ---- ა----–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, რასაც სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: გ---- ა----–--ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან პირველივე დაკითხვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება და ითანამშრომლა გამოძიებასთან, მსჯავრდებულ გ---- ა----–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი. საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებულ ა--- ა----–--ის და მოწმე ლ--–- მ---------ის (დაზარალებულის დედის) ჩვენებებით დადგენილია, რომ გ---- ა----–--ის მიერ 2018 წლის 17 თებერვალს არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობა იყო პირველი შემთხვევა და მანამდე მას ოჯახის წევრებზე ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ გ---- ა----–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ძალადობრივი ქმედების ჩადენა არასრულწლოვანი შვილის მიმართ, სააპელაციო პალატა, რა თქმა უნდა, იზიარებს ბრალდების მხარის სულისკვეთებას, რომ არასრულწოვანი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ჩადენა მომეტებულად გასაკიცხია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მას მხედველობაში ვერ მიიღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ---- ა----–--ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული (რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი) და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილი იყო მსჯავრდებულ გ---- ა----–--ის მიმართ გამოეყენებინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლი და მისთვის დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, სათანადო გამოსაცდელი ვადის დაწესებით.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის განაჩენი გ---- ა----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის განაჩენი გ---- ა----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.გ---- ა----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე_64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4.გ---- ა----–--ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 17 თებერვლიდან 2018 წლის 21 თებერვლის ჩათვლით.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ---- ა----–--ეს დაევალოს: 1)პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; 2)გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი.
6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, პირობით მსჯავრდებულ გ---- ა----–--ის ყოფაქცევის კონტროლის და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7.ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ---- ა----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა _ 1000 (ათასი) ლარი.
8.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პოლიეთილენის ბოთლი, რომელიც ინახება თ--------–ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ხოლო ა--- ა----–--ის მიერ სსიპ 112-ში განხორციელებული ზარის აუდიოჩანაწერი „CD“ დისკზე, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვ.დოლიძე