განაჩენი

სისხლის სამართლის 05.06.2018
საქმის ნომერი
060100118002360357
ინსტანცია
თარიღი
05.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100118002360357

საქმე №1/ბ-290-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 ივნისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- შ---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) რ-------- გ---------ის მიმართ (პირადი №6----------), დაბადებულის 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ვ----------------------–-–---------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით:

 

რ--------ი გ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

რ--------ი გ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა.

 

ნივთიერი მტკიცებულებები _ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხის ჯოხი და ,,საკეცი’’, რომლებიც ინახება შს ვ---- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ--------ი გ---------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ვ----------------------–-–---------ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, რ--------ი გ---------ე სკოლაში ცუდად მოქცევის გამო ეკამათა შვილს _ 10 წლის ს--------------ეს. განაწყენებულმა რ--------ი გ---------ემ ხის ჯოხის მარჯვენა წვივის არეში და რკინის ე.წ. ,,საკეცის’’ საჯდომის არეში დარტყმის გზით სცემა ს--------------ე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----–- შ---------ემ, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულ რ-------- გ---------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: რ-------- გ---------ის მიერ ჩადენილია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძალადობრივი დანაშაული _ ოჯახში ძალადობა, რომლის შედეგად დაზარალდა არასრულწლოვანი. ამასთან, მხედველობაშია მისაღები დანაშაულის ჩადენის იარაღი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება და საჩივრის საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, მათ შორის _ ბრალდებულ რ-------- გ---------ის და დაზარალებულ ს--------------ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა რ-------- გ---------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა _ სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----–- შ---------ემ განაჩენი გაასაჩივრა სასჯელის ნაწილში და ითხოვა მსჯავრდებულ რ-------- გ---------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რასაც სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მსჯავრდებულ რ-------- გ---------ისათვის ბრალად შერაცხული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე. შესაბამისად, სასამართლოს დისკრეციაა სასჯელის რომელ სახეს შეარჩევს და რა ზომით.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: რ-------- გ---------ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება. მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი და მისი წარსული არაფრითაა შებღალული. საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებით _ დაზარალებულ ს--------------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ რ-------- გ---------ის მიერ 2018 წლის 14 თებერვალს ჩადენილი ფიზიკური ძალადობა თავისი შვილის, ს--------------ის მიმართ იყო პირველი შემთხვევა და მანამდე მას ოჯახის წევრებზე ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ იმ გარემოებას, რომ რ-------- გ---------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად დაზარალდა არასრულწლოვანი, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ჩადენა ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს მას და მომეტებულად გასაკიცხია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მას მხედველობაში ვერ მიიღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით რ-------- გ---------ისთვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ამდენად, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენი რ-------- გ---------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- შ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენი რ-------- გ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.რ-------- გ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

4.ნივთიერი მტკიცებულებები – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხის ჯოხი და ე.წ. საკეცი, რომლებიც ინახება შს ვ---- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/