განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002269918
საქმე №1/ბ-141-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 აპრილი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, დ----- ც-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) შ--–-- თ----ის მიმართ (პირადი №3----------), დაბადებულის 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ს-----------–----------–----------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 თებერვლის განაჩენით:
შ--–-- თ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.
გაუქმდა შ--–-- თ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა, აღნიშნული სასჯელის აღსრულება და მასზე კონტროლი დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ლ-------- ს------ის კაბა და საოჯახო სკამი, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს, ხოლო ლ-------- ს------ის სისხლის ნიმუში უნდა განადგურდეს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ--–-- თ----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 14 მაისს, დაახლოებით 23:45 საათზე, ს-----------------ს საავტომობილო გზაზე, სოფელ დ-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ”მერსედესის” მარკის ავტომობილში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა შს ს-----------------------–--------------–ოს თანამშრომელმა შ--–-- თ----ემ შელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს – ლ-------- ს------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახისა და თავის არეში ურტყამდა მუშტებს და ფეხებს, ქაჩავდა თმებს და თავი დაარტყმევინა ე.წ. „ტორპედოზე“, თან აგინებდა და აყენებდა სიტყვიერი შეურაცხყოფას. შ--–-- თ----ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად ლ-------- ს------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანებები, რომლებიც ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ს------------------------------–-----–-, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მისვლისას შ--–-- თ----ემ კვლავ განაგრძო დანაშაულებრივი ქმედება. მან ლ-------- ს------ე თმით შეათრია ოთახში, სადაც იმყოფებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი – გ------- თ----ე, რომელსაც ხმაურზე გაეღვიძა. შ--–-- თ----ემ გ------- თ----ის თანდასწრებით განაგრძო ლ-------- ს------ისათვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რის შემდგომაც ოთახში მალევე შევიდა შ--–-- თ----ის და ლ-------- ს------ის ქალიშვილი – ა----------, რომელმაც სცადა შ--–-- თ----ის დაწყნარება და ლ-------- ს------ის დაცვა, თუმცა შ--–-- თ----ემ ა----------საც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სკამი ესროლა მას, რომელიც ა----------ს თავის არეში მოხვდა, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა დ----- ც-------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ შ--–-- თ----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მიუხედავად იმისა, რომ შ--–-- თ----ემ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის განზრახი დანაშაული, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლის და შვილის მიმართ, სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისთვის ყველაზე მსუბუქი სასჯელის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ, რაც მსჯავრდებულის პიროვნების, წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, სახის, ხასიათის მხედველობაში მიღებით, შეუსაბამოა სასჯელის მიზნებთან. ამასთან, ოჯახში ძალადობა არის გახშირებული და ხშირად ხდება სხვადასხვა შემზარავი ფაქტები ოჯახის წევრებს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე. შესაბამისად, პრევენციის მიზნით, აუცილებელია აღნიშნულ ძალადობრივ დანაშაულზე მკაცრი რეაგირება. მსჯავრდებულ შ--–-- თ----ის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელით შეუძლებელია მიღწეული იქნეს სასჯელის მიზანი და უფრო მეტიც, ის შესაძლოა წახალისდეს დაუსჯელობის სინდრომით, რადგან სასამართლომ მის მიმართ გამოიყენა ყველაზე მსუბუქი სასჯელი, რაც საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მსჯავრდებულის პიროვნებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებიდან გამომდინარე, უსამართლო და მიზანშეუწონელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: ბრალდებულ შ--–-- თ----ის ჩვენებით; დაზარალებულების – ლ-------- ს------ის და ა--- თ----ის ჩვენებებით; მოწმეების – თ----- თ----ის, გ--- ს---–------ის და ს------ შ-----–--ს ჩვენებებით; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; ა--- თ----ის ტელეფონის, საოჯახო სკამის და ლ-------- ს------ის კაბის დათვალიერების ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ შ--–-- თ----ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება _ ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას მსჯავრდებულ შ--–-- თ----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამ მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ვინაიდან, თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მხედველობაში მიიღო რა ის გარემოება, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნდა, შ--–-- თ----ეს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულმა ლ-------- ს------ემ გამოძიების ეტაპზე განცხადებით მიმართა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორს, რომელშიც მიუთითა, რომ ის და მისი შვილები შეურიგდნენ მის მეუღლეს _ შ--–-- თ----ეს, მის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნიათ და სურთ, რომ მან იცხოვროს მათთან ერთად ოჯახში, რაც ლ-------- ს------ემ დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვის დროსაც (ტ.1. გვ. 124; 130). იგივე დაადასტურა თავის ჩვენებაში დაზარალებულმა ა--- თ----ემ (ტ.1. გვ. 126).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება და თვლის, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 თებერვლის განაჩენი შ--–-- თ----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, დ----- ც-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 თებერვლის განაჩენი შ--–-- თ----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.შ--–-- თ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
4.შ--–-- თ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6.ნივთიერი მტკიცებულებები – ლ-------- ს------ის კაბა და საოჯახო სკამი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო ლ-------- ს------ის სისხლის ნიმუში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/