განაჩენი

სისხლის სამართლის 09.07.2018
საქმის ნომერი
010100117002229183
ინსტანცია
თარიღი
09.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117002229183

საქმე №1/ბ-129-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 ივლისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ თ-------- გ----–---–ის,ადვოკატის – ე--- ნ-------ას

მონაწილეობით,მსჯავრდებულის _ თ------ ვ----ის მონაწილეობის გარეშე

 

ღია სასამართლო სხდომაზე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–---------- ძ-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) თ------ ვ----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 6----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების წ--–---------------------------–---ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განაჩენით:

 

თ------ ვ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ თ------ ვ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა.

 

განაჩენის მიხედვით, თ------ ვ----ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 19 დეკემბერს, შ------------ და თ------ ვ----ეს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შ----------მ“ თ------ ვ----ისათვის 6 826 ლარად შეიძინა ლიზინგის საგანი _ "M-----------------"-ის მარკის ავტომანქანა. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის დაფარვის ვადად განისაზღვრა 2021 წლის 19 დეკემბერი, ხოლო ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიური 320.83 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ლიზინგის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული თანხის გადახდამდე შეძენილი ავტომანქანა გადავიდა შ------------ საკუთრებაში, ხოლო სარგებლობის, ფლობისა და შემდგომში გამოსყიდვის უფლებით გადაეცა თ------ ვ----ეს. ამ უკანასკნელმა ნაცვლად იმისა, რომ დაეფარა ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ავტომანქანა, შ------------ უფლებამოსილ პირებთან შეუთანხმებლად, 2016 წლის თებერვლის თვეში გაასხვისა გამოძიებით დაუდგენელ პირზე, რითაც შ------------- მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-–---------- ძ-------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ თ------ ვ----ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა დაზარალებულის პოზიცია და მსჯავრდებულის პიროვნება, არასწორად შეაფასა თ------ ვ----ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, მოტივი და მიზანი, ასევე ის გარემოება, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული, რამაც გამოიწვია ისეთი სასჯელის დანიშვნა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე, საქმის განხილვაში მონაწილე პროკურორმა თ-------- გ----–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო მსჯავრდებულ თ------ ვ----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე--- ნ-------ამ ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, მათ შორის: დაზარალებულის წარმომადგენლის _ ლ---–- მ----–----–--ის ჩვენები; მოწმეების _ ვ------- ვ----ის და თ----- ბ--------ის ჩვენებებით; მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერებით ; შ------------- და თ------ ვ----ეს შორის გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულებით და თანდართული გრაფიკით; დავალიანების ფურცლით; ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობით; ავტომობილის შეფასების ფურცლით; ,--------------ს“ სალაროს შემოსავლის ორდერებით; სააღსრულებო წარმოების მასალებით; საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წერილით და ავტომანქანა "M-----------------"-ის ისტორიის ამონაწერით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ თ------ ვ----ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა _ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-–---------- ძ-------ემ განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ თ------ ვ----ისთვის სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნის ნაწილში და ითხოვა მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის _ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, რასაც სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამ მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ, ვინაიდან, თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.

 

მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება და ქმედების შემდეგ ყოფაქცევა, მხედველობაში მიიღო რა ის გარემოებები, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ჰყავს ოჯახი, წარსულში ნასამართლევი არ არის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, თ------ ვ----ეს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც, პალატის აზრით, სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნის განხორციელებას. შესაბამისად, არ არსებობს თ------ ვ----ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი თ------ ვ----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–---------- ძ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი თ------ ვ----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.თ------ ვ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4.ცნობად იქნეს მიღებული, რომ თ------ ვ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი გამოცხადებისთანავე.

 

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვ.დოლიძე