განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 100100117002227797
საქმე №1/ბ-105-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 მარტი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) კ---- ქ---------–--ის მიმართ (პირადი №5----------), დაბადებულის 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის, განქორწინებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ხ-----------–----–----------------–----------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით:
ბრალდებული კ---- ქ---------–--ე ცნობილი იქნა დამნასავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 190 (ას ოთხმოცდაათი) საათის ოდენობით.
კ---- ქ---------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ---- ქ---------–--ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 23 საათიდან 24 საათამდე პერიოდში, ს-------–-----------------------–- მცხოვრებ გ------ი დ---------- სტუმრად ყოფნისას, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კ---- ქ---------–--ემ მოულოდნელად ხელი ჰკრა და სკამიდან იატაკზე გადააგდო გ------- ზ---------ი, ხოლო შემდეგ სახის არეში ხელი დაარტყა იქ მყოფ ვ--–---- ჩ---–--ეს. აღნიშნულის შემდეგ კ---- ქ---------–--ე გამოვიდა სახლიდან, გავიდა ქუჩაში და იგინებოდა მათი მისამართით. გ------- ზ---------ი მოუწოდებდა მას დასალაპარაკებლად სახლში შესულიყვნენ, მაგრამ აგრესიულად განწყობილი კ---- ქ---------–--ე ითხოვდა გ------- ზ---------ი თავად მისულიყო მასთან. გ------- ზ---------ი მივიდა სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მყოფ კ---- ქ---------–--ესთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა თავის არეში გ------- ზ---------ს დაარტყა ხის ბლაგვი საგანი, რის შედეგადაც გ------- ზ---------მა დაკარგა გონება და დავარდა ასფალტზე. კ---- ქ---------–--ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად გ------- ზ---------მა და ვ--–---- ჩ---–--ემ მიიღეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები მის მოუშლელად, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-–-- გ--–------მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ კ---- ქ---------–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, გასათვალისწინებელია მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათი და საშიშროება. მან ძალადობრივი ქმედება ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ჩაიდინა. სრულიად მშვიდ გარემოში დანაშაული მის მიერ იქნა პროვოცირებული. კ---- ქ---------–--ემ დაზიანება მიაყენა ორ პირს, იგი გამოირჩეოდა აგრესიულობით, ვერ აკონტროლებდა საკუთარ ქცევას, რასაც შესაძლოა სხვა უფრო მძიმე შედეგი მოჰყოლოდა. მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ძალადობრივი ქმედების ჩადენა მთვრალ მდგომარეობაში, ორი პირის მიმართ. კ---- ქ---------–--ის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული, მისი პიროვნებიდან, ჩადენილი ქმედების ხასიათიდან და საშიშროებიდან გამომდინარე, ვერ იქნება მსჯავრდებულის მიმართ სასჯელად დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულების – გ------- ზ---------ის და ვ--–---- ჩ---–--ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების – გ------ დ----ის და ნ------- დ---–--ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოტაბულით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით; ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების დასკვნით; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ კ---- ქ---------–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება _ სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, ე.ი. დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულ კ---- ქ---------–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ ამ მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ვინაიდან, თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ის გარემოებები, რომ ბრალდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, კმაყოფაზე ჰყავს მძიმე ავადმყოფი მოხუცი დედა, კონფლიქტის დროს თავადაც მიიღო დაზიანება და ამ ფაქტზე სხვა პირის მიმართ ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე, ასევე მხედველობაში მიიღო, რომ ბრალდებული ადრე ნასამართლევი ან სახდელდადებული არ ყოფილა და მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა გარემოებები გააჩნდა, კ---- ქ---------–--ეს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას. შესაბამისად, არ არსებობს მსჯავრდებულ კ---- ქ---------–--ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკამყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენი კ---- ქ---------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.კ---- ქ---------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 190 (ას ოთხმოცდაათი) საათის ვადით.
4.კ---- ქ---------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.
5.განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულ კ---- ქ---------–--ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/