განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
160100118002683427
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100118002683427

საქმე №1ბ/699-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 ივნისი, 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ზ-----–----------ს

ადვოკატის: ნ------------–ის

მსჯავრდებულის: რ--------------ის

თარჯიმნის: ა---------–--------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ რ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ--------------ის მიმართ, დაბადებულის 19---–-–------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: მ--------–--------------------–-----–------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენით, რ--------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

რ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა;

 

რ--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2----–-–-----------------იდან;

 

რ--------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

 

რ--------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 1---------------, დაახლოებით 18:00 საათზე, მ--------–--------------------–----–------–-- პირადი უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით რ--------------მა ფ------–-----------ვს სანადირო თოფიდან გასროლით განზრახ მიაყენა მარცხენა ბარძაყის წინა ზედაპირის ცეცლხნასროლი ჭრილობა ბარძაყის კუნთების, დიდი საჩინო ვენისა და ბარძაყის ვენის დაზიანებით, რასაც შედეგად მოჰყვა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ--------------მა. სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს მსჯავრდებულ რ--------------ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, იმგვარად, რომ მას დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით.

 

დაცვის მხარე აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ რ--------------ი აღიარებს დანაშაულის ჩადენას, ჰყავს ავადმყოფი დედა და ორი არასრულწლოვანი შვილი, რომელთა მარჩენალიც თვითონ არის.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა რ--------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. რ--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი გარდა მის მიერ დანაშაულის ჩადენის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეების: ს---------------------------–----------------ს გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 15 ოქტომბრის ამოღების ოქმით, 2018 წლის 15 ოქტომბრის დათვალიერების ოქმით, 2----–-–-----------------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ფიზული მამედოვის სამედიცინო დოკუმენტაციით, ფიზიკო-ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის N------------------- დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის N-------- დასკვნით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის შესახებ, - ასეთს პალატა არ იზიარებს, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლი ადგენს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილი სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას, გარკვეული წინაპირობების არსებობისას დანიშნული სასჯელი ჩათვალოს პირობითად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დამნაშავის მიერ ჩადენილია განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი იმპერატიულად აცხადებს, რომ თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონმდებელმა სანქციის სახით უალტერნატივოდ დაადგინა თავისუფლების აღკვეთა სამიდან ექვს წლამდე ვადით, რაც ნიშნავს იმას, რომ მოცემული დანაშაული საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად წარმოადგენს მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შესაბამისად, სააპელაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლაბლობას მსჯავრდებულ რ--------------ს დანიშნული სასჯელი ჩაუთვალოს პირობით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ რ--------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ რ---------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ--------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ რ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენი რ--------------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

რ--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

რ--------------ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან

2----–-–-----------------იდან.

 

მხედველობაში იქნას მიღბული, რომ რ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ფ------–-----------ვის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ფიზული მამედოვს.

 

რ--------------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს რ--------------ის ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

სანადირო თოფი და ორი ცალი ვაზნა მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში და გადაეცეს შსს შესაბამის სამსახურს.

 

სიგარეტის კოლოფი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი