განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100117002210817
საქმე №1/ბ-111-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ა---- ჟ------ის მიმართ (პირადი №3----------), დაბადებულის 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქის, განქორწინებულის, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ო------------------------------–-–----–------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით:
ა---- ჟ------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით. მსჯავრდებულ ა---- ჟ------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო (2017 წლის 09 ნოემბრიდან 2018 წლის 16 იანვრამდე) ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში და გათავისუფლდა დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.
გაუქმდა მსჯავრდებულ ა---- ჟ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები _ გადატეხილი სკამი და გატეხილი ხელის ფანარი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---- ჟ------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში: ა---- ჟ------ი, 2017 წლის მაისის თვიდან სისტემატურად შეურაცხყოფდა, ამცირებდა და ძალადობდა ოჯახში მამის – მ-----– ჟ------ის მზრუნველობის ქვეშ მყოფ დაზე – ნ---- ჟ------ზე, რითაც აყენებდა მას ფიზიკურ ტკივილსა და სულიერ ტანჯვას. ა---- ჟ------ი, აღნიშნული პერიოდიდან ასევე სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მამას – მ-----– ჟ------ს, რითაც ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე და სულიერ ტანჯვას აყენებდა მას. 2017 წლის 08 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა---- ჟ------მა განაწყენებულმა იმით, რომ ნ---- ჟ------მა გადააადგილა მისი წვერის საპარსი, ისევ იძალადა მასზე, კერძოდ, საცხოვრებელ სახლში შეურაცხყო და დაამცირა ნ---- ჟ------ი, რის შემდეგაც სახის და თავის არეში დაუწყო ხელებით ცემა, რითაც ნ---- ჟ------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ამასთან, სახეზე განუვითარდა დაზიანებები, ხოლო მ-----– ჟ------ს კი, რომელიც შეეცადა კონფლიქტის განმუხტვას, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაამცირა იგი, რის შემდეგაც ესროლა ხის სკამი და ხელის ფანარი. აღნიშნული ქმედებით მ-----– ჟ------მა განიცადა სულიერი ტანჯვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ----- ჩ----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ა---- ჟ------ისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სასამართლომ განაჩენის გამოტანისას სწორად არ შეაფასა ბრალდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, კერძოდ, ის გარემოებები, რომ ა---- ჟ------ს ბრალდება წარდგენილი აქვს ოჯახში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ორი პირის მიმართ, რაც ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, იგი არის ალკოჰოლური სასმელის აქტიური მომხმარებელი, რომლის მიღების შემდეგაც ხდება აგრესიული ოჯახის წევრების მიმართ. განსაკუთრებულ აგრესიას კი გამოხატავს დის – ნ---- ჟ------ის მიმართ, ძალადობს მასზე როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად და არ აძლევს უფლებას იზრუნოს ასაკოვან მამაზე. ყოველივე ზემოაღნიშნული ბრალდებულის პიროვნების უარყოფით მახასიათებლებზე და იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ ა---- ჟ------ი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი პირია, ასეთი პიროვნების მიმართ კი ძირითადი სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ბრალდებულ ა---- ჟ------ის ჩვენებით; დაზარალებულების – ნ---- ჟ------ისა და მ-----– ჟ------ის დაკითხვის ოქმებით; მოწმეების – ი----- კ----------ის, ვ--–------ ჟ------ის, მ--–---- კ----------ის, ნ-----–-- ჟ------ის, გ------- მ-------ის და მ------ გ----–--ს ჩვენებებით, ა---- ჟ------ის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოილუსტრაციით, ამოღებული ნივთმტკიცებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა---- ჟ------მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება აპელანტის უშუალო მოთხოვნას მსჯავრდებულ ა---- ჟ------ისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ვინაიდან, თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ხასიათი, ასევე ის გარემოებები, რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ აქვთ და შერიგებული არიან მასთან, ა---- ჟ------ს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, პალატა მიზანშეუწონლად მიიჩნევს ა---- ჟ------ისთვის სასჯელის გამკაცრებას და მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3.ა---- ჟ------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ა---- ჟ------ს, სასამართლო განხილვამდე – 2017 წლის 09 ნოემბრიდან 2018 წლის 16 იანვრამდე – პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე –საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი და იგი ჩაითვალოს სასჯელმოხდილად.
5.ცნობად იქნეს მიღებული, რომ ა---- ჟ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
6.ნივთიერი მტკიცებულებები: გატეხილი სკამი და ხელის ფანარი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/