განაჩენი

სისხლის სამართლის 29.01.2018
საქმის ნომერი
060100117002208854
ინსტანცია
თარიღი
29.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100117002208854

საქმე №1/ბ-6-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ლ-–- შ---------ის მიმართ (პირადი №5----------), დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო-ტექნიკური განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების ქ-----–--------------–--------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ-–- შ---------ეს ბრალი ედებოდა მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 01 ივლისს, დაახლოებით 21 საათზე, ლ-–- შ---------ემ ქალაქ ხ---–--------------–--------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს – მ------ ბ---–--ს სახის არეში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ზემოაღნიშნული ქმედების გამო ლ-–- შ---------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 დეკემბრის განაჩენით:

 

ლ-–- შ---------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.

 

ლ-–- შ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა.

 

გამართლებულ ლ-–- შ---------ეს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ------ მ--–--ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა _ ლ-–- შ---------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული, მოწმე რ---- ბ---–--ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 01 ივლისს, ლ-–- შ---------ემ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკების ნიადაგზე ცემა თავისი მეუღლე მ------ ბ---–--, კერძოდ, სახის არეში დაარტყა მას ხელი. შემდგომ მ------ ბ---–-- შეურიგდა მეუღლეს, რის გამოც გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და საქმის არსებითი განხილვის დროს უარი განაცხადა მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. აღნიშნული უფლება პირდაპირ უთითებს პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაზე, ვინაიდან, მოწმე უარს ამბობს თავისი ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილ შემაკავებელ ორდერში, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, პირდაპირ არის მითითებული, რომ ლ-–- შ---------ემ იძალადა მეუღლეზე როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება, ბრალდების მხარემ დოკუმენტებისა და მოწმის გამოკითხვის ოქმის სახით სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დგინდება ლ-–- შ---------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სააპელაციო პალატას ლ-–- შ---------ის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობის ჩადენაში. კერძოდ:

 

ლ-–- შ---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ეყრდნობოდა მხოლოდ ორ მტკიცებულებას, კერძოდ, დაზარალებულმა მ------ ბ---–--მ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 02 ივლისს, მას მეუღლემ _ ლ-–- შ---------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა სახეში, რაც ძალიან ეტკინა. იგივე გარემოებები დაადასტურა გამოძიების ეტაპზე დაზარალებულის დედამ _ მოწმე რ---- ბ---–--მ, რომელმაც მიუთითა, რომ ლ-–- შ---------ემ ურთიერთშელაპარაკების დროს, მისი თანდასწრებით გაშლილი ხელი დაარტყა ერთხელ სახეში მის შვილს _ მ------ ბ---–--ს.

 

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა მ------ ბ---–--მ ისარგებლა მისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.

 

რაც შეეხება მოწმე რ---- ბ---–--ს, იგი საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე არ გამოცხადდა, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნდა მისი გამოკითხვის ოქმი, მაგრამ იმავე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

 

სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ლ-–- შ---------ის ბრალეულობას, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს _ „ინ დუბიო პრო რეო“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ლ-–- შ---------ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

ამრიგად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 დეკემბრის განაჩენი ლ-–- შ---------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 დეკემბრის განაჩენი ლ-–- შ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ლ-–- შ---------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

4.ლ-–- შ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.

 

5.გამართლებულ ლ-–- შ---------ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაშია და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32) მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/