განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100117002208010
საქმე №1/ბ-135-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 აპრილი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი----- მ–----ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ნ------- მ--------ის მიმართ (პირადი №5----------), დაბადებულის 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ-–---–-------–---------------------------–--–------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენით:
ნ------- მ--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.
ნ------- მ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 22 ნოემბრიდან 2017 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 185 (ას ოთხმოცდახუთი) საათის ოდენობით.
გაუქმდა ნ------- მ--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს თანხა – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
● ნ------- მ--------ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
● ე-–---- გ-----ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
● ე-–---- გ-----ის ნერწყვის ნიმუში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვაზის ნამსხვრევები, დანა, მოწითალო ფერის ლაქა და ანაწმენდი, რომლებიც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში, უნდა განადგურდეს.
● ნ------- მ--------ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
● შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ორ ცალ CD-R დისკზე, რომლებიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ------- მ--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ.წყალტუბოში 26 მაისის ქუჩა პირველი შესახვევის №4-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ------- მ--------ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით იძალადა ყოფილ მეუღლეზე – ე-–---- გ-----ეზე, კერძოდ, რამდენჯერმე მუშტი დაარტყა მას სახის არეში და დანის გამოყენებით დაზიანება მიაყენა მარჯვენა მკლავზე, რის შედეგადაც ე-–---- გ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი----- მ–----მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ნ------- მ--------ისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ნაცვლად უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ ნ------- მ--------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის პროპორციული მის მიერ ჩადენილი ქმედებისა; ასევე, პრევენციის მიზნით აუცილებელია აღნიშნულ ძალადობრივ დანაშაულზე მკაცრი რეაგირება და შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ ე-–---- გ-----ის დაკითხვის ოქმით; მოწმეების – ტ------– ტ----–--ის, ც-–---- მ--------ის და ა---------– ჩ-------ის დაკითხვის ოქმებით; ნ---- მ--------ის და მ------ მ--------ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ამოღების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ნ------- მ--------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება _ ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება მსჯავრდებულ სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას ნ------- მ--------ისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამ მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ვინაიდან, თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მხედველობაში მიიღო რა ის გარემოებები, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნდა, ნ------- მ--------ეს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად, არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენი ნ------- მ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი----- მ–----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენი ნ------- მ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ნ------- მ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ნ------- მ--------ეს 2017 წლის 22 ნოემბრიდან 2017 წლის 24 ნოემბრამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 185 (ას ოთხმოცდახუთი) საათის ვადით.
5.გაუქმდეს ნ------- მ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება –გირაო და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და განაჩენის აღსრულება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
● ნ------- მ--------ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
● ე-–---- გ-----ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
● ნ------- მ--------ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
● ე-–---- გ-----ის ნერწყვის ნიმუში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვაზის ნამსხვრევები, დანა, მოწითალო ფერის ლაქა და ანაწმენდი, რომლებიც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
●შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ორ ცალ CD-R დისკზე, რომლებიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/