განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002189624
საქმე №1/ბ-88-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 მარტი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ----- ი-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) გ--–- ჩ------–---–ის მიმართ (პირადი №6----------), დაბადებულის 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის, დაუოჯახებლის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ--------–------–--------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენით:
გ--–- ჩ------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ გ--–- ჩ------–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2017 წლის 30 ოქტომბრიდან 2017 წლის 02 ნოემბრამდე.
გ--–- ჩ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს – დ----- მ-------ეს.
მსჯავრდებულ გ--–- ჩ------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა პრობაციის ბიუროს, მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ, ფ------ ბ---------ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების შედეგად ამოღებული სათვალე დამტვრეულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--–- ჩ------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 30 ოქტომბერს, ქალაქ ბ------–--------–---–-------------–- მდებარე ფ------ ბ----------ის დროებით საცხოვრებელ სახლში, გ--–- ჩ------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს _ ფ------ ბ---------ეს, რომელთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ, რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი თავის არეში, რის შედეგად დაუზიანდა თავი და წამოუვიდა სისხლი. გ--–- ჩ------–---–ის ქმედებების შედეგად ფ------ ბ----------ემ მიიღო დაზიანებები, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ----- ი-------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ--–- ჩ------–---–ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სასამართლომ გამოიყენა სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება გ--–- ჩ------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას. ამდენად, აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ლმობიერი და დამნაშავის პიროვნებასთან შეუსაბამო, რომელიც ამასთანავე ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, მათ შორის, დანაშაულის პრევენციას. გ--–- ჩ------–---–ის მხრიდან არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე, შესაბამისად, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი სასჯელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ ფ------ ბ---------ის ჩვენებით; მოწმეების _ თ----- ა--–--ის, ნ--- კ--–------ის, ლ--–- ჯ--------ის, ქ--------- კ---------ს და ნ---- ი-----ის ჩვენებებით; საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმით; სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ--–- ჩ------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება _ ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ--–- ჩ------–---–ისათვის დანიშნულ სასჯელს, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ქმედების შემდეგ ყოფაქცევა, მხედველობაში მიიღო რა ის გარემოებები, რომ ბრალდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია, გ--–- ჩ------–---–ს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამასთან, სააპელაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, გ--–- ჩ------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, იგი აღიარებს დანაშაულს და არის ნასამართლობის არმქონე პირი. აქედან გამომდინარე, დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, პალატა მართებულად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გ--–- ჩ------–---–ის მიმართ გამოიყენა სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც არ შეესაბამებოდა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ვინაიდან, გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულს განსაზღვრული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის _ თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ზომა, შესაბამისად, არ არსებობს მისი კიდევ უფრო გამკაცრების სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ----- ი-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენი გ--–- ჩ------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.გ--–- ჩ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
4.მსჯავრდებულ გ--–- ჩ------–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2017 წლის 30 ოქტომბრიდან 2017 წლის 02 ნოემბრამდე.
5.პირობით მსჯავრდებულ გ--–- ჩ------–---–ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6.მსჯავრდებულ გ--–- ჩ------–---–ს დაევალოს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
7.გ--–- ჩ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს შემტანს – დ----- მ-------ეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის მიერ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
8.ნივთიერი მტკიცებულება – ფ------ ბ---------ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების შედეგად ამოღებული დამტვრეული სათვალე, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/